,,სარკე”
შვილი მენატრება! 40 წლის ასაკში გავაჩინე მეორე შვილი. გოგოს შემდეგ ვაჟი რომ შემეძინა, ჩემი ქმარი სიხარულით გადაირია. ბავშვს საწოლში რომ ვაწვენდი, ის აიყვანდა ხოლმე ხელში და გულზე იწვენდა. ახლაც ამბობს, ჩემს მკერდზე მყავს გაზრდილიო და მართლაც ასეა. მერე ისე შეეჩვია მამამისის გულზე წოლას, არც იძინებდა, სანამ არ ჩაეხუტებოდა. ჩვენი სიბერის შვილიო, ასე ვეძახდით.
და-ძმას შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა და ხომ გასაგებია, ისიც როგორი გადაფარებული იქნებოდა ძმაზე. ასე გავზარდე შვილი, რომელიც რძალმა წამართვა და უცხოეთში გადახვეწა! ისე მენატრება, ზოგჯერ მგონია, ამას ვერ გავუძლებ. მირეკავს და მამშვიდებს, ტელეფონით ხომ გელაპარაკები, ხომ მიყურებ, როგორც ვარო. ჯერ არ გამოუცდია შვილის სიყვარული (ჩემი რძალი არ ჩქარობს ბავშვის გაჩენას) და ასე იმიტომ მეუბნება. არ იცის, რომ ეკრანიდან შვილს ვერ მოისიყვარულებ, მისი სხეულის სითბო გენატრება, მისი სურნელი.
ბევრჯერ შევესწარი, ჩემი ქმარი ჩუმ-ჩუმად როგორ ტირის. ეს ყველაფერი კი მატრაკვეცა რძლის გამო ხდება. ისეთი ოჯახი გვაქვს, ვინც იგებს, რომ ჩემი შვილი ემიგრაციაშია, ყველას უკვირს, რა გაგიჭირდათ ისეთი, ერთადერთი ბიჭი ამერიკაში რომ გადახვეწეთ, ალბათ ვალები დაგედოთო. არანაირი ვალი და გაჭირვება! ჩემს შვილს და რძალს შეუძლიათ, ხელი არ გაანძრიონ და მშვიდად იცხოვრონ. ჩემმა ქმარმა იმდენი რამ შეუქმნა, იმდენ რამეს ვუტოვებთ, თავს ბევრზე უკეთ შეინახავენ, მაგრამ ჩემი შვილის ცოლისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
წლებია, რაც დედამისი ამერიკაში ცხოვრობს. ქმარი ჯერ მარტო დატოვა, მერე შვილები რომ დაუზარდა იმ კაცმა, ოფიციალურად გაეყარა. ჩემი რძალი დედამისს სულ ამტყუნებდა, აღარ ჩამოვიდაო, ამიტომაც ვერაფრით ვიფიქრებდი, თვითონაც თუ ემიგრაციის გზას დაადგებოდა და ჩემს შვილსაც გაიყოლებდა.
რძალმა და ჩემმა ბიჭმა ფაქტის წინაშე დაგვაყენეს, ერთ საღამოს გამოგვიცხადეს, ამერიკაში მივდივართ, ფული უკვე გადახდილი გვაქვსო. მეგონა, ჩემი ქმარი მოკვდებოდა, ისეთ დღეში ჩავარდა. ჩემი შვილიც შეშინდა, ვიფიქრე, აღარ წავა-მეთქი, მაგრამ მეორე დღეს იგივე გაგვიმეორა, დიდი ფული გადავიხადეთ და უნდა წავიდე, სხვანაირად ვერ მოვიქცევი, ცოტა ხნით წავალ და მალევე დავბრუნდებიო.
მექსიკის გავლით წავიდნენ. ჯერ სანამ იქამდე ჩააღწიეს, კინაღამ დავიხოცეთ აქ. ღამეები არ გვეძინა, ტელევიზორს ვერ ვრთავდი, მეშინოდა, ჩემს შვილზე რამე ცუდი ინფორმაცია არ გადმოეცათ. ქალისვილს ვურეკავდი, ცუდი რამე ხომ არ არის ჩვენს თავს-მეთქი. იქ რომ ჩავიდა და დაგვირეკა, ამოვისუნთქეთ, მაგრამ ახლა მონატრება გვკლავს.
მამამისი ეუბნება, აიღე ბილეთი და დაბრუნდი, მანდ რატომ უნდა იმუშაო ტანჯვით, როცა აქ შეგიძლია ჩემს საქმეებს მიხედო და ყველაფერს მიეპატრონოო. იქიდან გვპასუხობს, თქვენ არ იცით, რა ქვეყანაში ვარ და ამას ამიტომ მეუბნებითო. ბოლოს დისთვის ისიც კი უთქვამს, ეგოისტებივით იქცევით, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ და არ გინდათ, კარგი მომავალი მქონდესო.
აი, ასე შეუტრიალეს ტვინი ცოლმა და სიდედრმა. ქალიშვილი გვამშვიდებს, თვითონ მიხვდება ყველაფერს და დაბრუნდებაო, მაგრამ მანამდე ვერც მე გავძლებ და ვერც მამამისი. ნუთუ იმისთვის ვიწვალეთ, რომ ასეთი სიბერე გვქონოდა?!
,,სარკის” მკითხველი