,,ოჯახში ძმის გლოვა არ მაცალეს და ქორწილი გადაიხადეს”

,,ოჯახში ძმის გლოვა არ მაცალეს და ქორწილი გადაიხადეს",,სარკე”

ზოგიერთს კი ჰყავს დედმამიშვილი, მაგრამ რად გინდა, სიყვარული არ იციან. ბევრი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული და-ძმა მინახავს და ყოველთვის მიკვირდა. ბევრჯერ მითქვამს, ნეტა, რა დედამ გაზარდათ-მეთქი. თურმე დედის გაზრდაზე არ ყოფილა ეს დამოკიდებული, კიდევ სხვა რაღაც უნდა გქონდეს გულში, რისი ახსნაც არ შემიძლია. მეც კარგად გავზარდე შვილი, დედმამიშვილის სიყვარულსაც ვასწავლიდი, ოჯახისასაც, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, სულ სხვა თვისება გამოამჟღავნა.

სამი თვის წინ მოვიყვანე რძალი, უფრო სწორად, ჩემმა ბიჭმა მოიყვანა ცოლი. მის არჩევანში არასოდეს ჩავრეულვარ. მიუხედავად იმისა, რომ დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩი, ხმა არ ამომიღია. ისე მივიღე რძალი, თითქოს ჩემი საოცნებო გოგო ყოფილიყო.

არ დავიწყებ მის თვისებებზე ლაპარაკს. ჩემი ქმარი სახლს ურემონტებთ და ცალკე გადავლენ. ეტყობა, ჩემს შვილს ასეთი მოსწონს და მე რა უფლება მაქვს, რამე მივუთითო, მაგრამ რაც ახლა მან და ჩემმა შვილმა გამიკეთეს, არასოდეს დამავიწყდება და არც ადამიანებად ჩავთვლი მათ.

ორი თვის წინ ძმა გარდამეცვალა. მართალია, სამი წელი იყო ავად და ველოდით, რომ ეს დღე დადგებოდა, მაგრამ ეს ისეთი ტკივილია, რომელსაც მზად ვერასოდეს დახვდები. მისმა ამქვეყნიდან წასვლამ გამანადგურა. მგონია, რომ მასთან ერთად გარდავიცვალე. ჩვენ საოცარი დედმამიშვილობა გვქონდა. ეს სიყვარული ორმხრივი იყო. მე თუ მისთვის რამეს გავცემდი, ის ორმაგად მიბრუნებდა. ჩემს შვილებზე უდიდესი ამაგი აქვს. რაც გამაჩნია, იმაში დიდი წვლილი ჩემი ძმის არის.

ასეთი ოქროს კაცი გამომეცალა ხელიდან, ამხელა ტრავმა მივიღე და, ვითომც არაფერი, ჩემმა შვილმა და რძალმა ქორწილი გადაიხადეს. როცა გამომიცხადეს, ქორწილი უნდა გადავიხადოთო, გადავირიე, ვიყვირე, ეგ რანაირად, ჩემი ძმა ჯერ გაციებულიც არ არის-მეთქი. შვილმა მითხრა, მერე მარხვა იწყება და ვეღარ გადავიხდითო. ვუთხარი, მარხვა სულ ხომ არ არის, ხომ დამთავრდება-მეთქი და ამ დროს ჩემმა რძალმა წამოყო თავი, მერე დედაჩემი მიდის უცხოეთში და ჩემს ქორწილს ონლაინ ხომ არ დაესწრება, ჩემი ბედნიერებით ხომ უნდა გაიხაროსო.

ტირილი დავიწყე. შვილს ვუთხარი, ანუ შენს სიდედრზე ფიქრობ, რომ დაესწროს და ჩემზე სულ არ იფიქრე, რომ ვერ მოვალ-მეთქი. იცით, როგორ იმართლა თავი? შენი ძმა სამი წელი იყო ცუდად და სიცოცხლეს ხომ ვერ შევწყვეტდითო. არც ჩემი დაიჯერა, არც მამამისის და ქორწილი მაინც გადაიხადა. რა თქმა უნდა, არც მე წავსულვარ, არც ჩემი ქმარი. ქალიშვილს და სიძეს ვთხოვე, სალაპარაკოს ნუ გახდით, თქვენ წადით-მეთქი და ჩემი ხათრით წავიდნენ.

ჩემი ძმის ოჯახი, ძმისშვილები და ახლო ნათესავები, ბუნებრივია, ქორწილში არ წავიდოდნენ. მიხვდნენ, რა დღეშიც ჩავვარდებოდი და რძალმა და ძმისშვილებმა სათითაოდ დამირეკეს, შენ არ ინერვიულო, არც ის გვეწყინება, თუ შენც წახვალო. იქ როგორ წავიდოდი?! ძმის სიკვდილმა ხომ გამანადგურა და შვილმა ზედ დამიმატა!

ქმარმა მთხოვა, ხმა არ ამოიღო, არაფერი აგრძნობინოო. მეც ჩუმად ვარ, არაფერს ვსაყვედურობ. ახლა რძალმა კიდევ ერთხელ მატკინა გული. ჩემმა შვილმა იკითხა, ნაძვის ხე როდის დავდგათო და ცოლმა უპასუხა, ქორწილის გამო ჩამოუშვა დედაშენმა ცხვირი და ახლა ნაძვის ხეზე აჩხუბე კიდევო. გავოგნდი! ვუთხარი, გოგო, ასეთ ტყუილს როგორ კადრულობ, ქორწილზე ვინ რა გითხრა-მეთქი. აი, ასეთი დაუნახავი, გაუზრდელი ქალი შემომივიდა სახლში, მაგრამ მას რა ვუთხრა, როცა ჩემი შვილიც ასეთივე ყოფილა. ის ხომ მაინც მე გავზარდე და ასეთი როგორ გამომივიდა, რომ ბიძა ორმოცი დღეც არ იგლოვა?! კიდევ კარგი, იმის იმედი მაქვს, რომ მალე გადავლენ თავიანთ სახლში, თორემ მთელი ცხოვრება მას ნამდვილად ვერ ვუყურებდი.

სარკის ერთგული მკითხველი