ღორმუცელების რეკორდსმენი – კრილოვის საყვარელი კერძების რეცეპტები

ღორმუცელების რეკორდსმენი - კრილოვის საყვარელი კერძების რეცეპტები,,სარკე”, ნინო სულუხია

ცნობილი რუსი მეიგავარაკე, ივან კრილოვი, დიდი გურმანი გახლდათ. მას არა მხოლოდ თავისი იგავ-არაკებით, უჩვეულო მადითაც ჰქონდა სახელი განთქმული. მთელ პეტერბურგში მის ფანტასტიკურ მადაზე ლეგენდები დადიოდა. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, 76 წლის კრილოვმა იმდენად ბევრი ჟრუნი (ფრინველის სახეობა – ავტ.) მიირთვა, რომ ნაწლავები გადაეხლართა და ამის გამო გარდაიცვალა.

კრილოვს ცოლი არასოდეს ჰყოლია. ახალგაზრდობაში უკიდურესად ღარიბი იყო და ვერ შეირთო ის ქალი, რომელზეც ოცნებობდა. მის რჩეულს ანეტი ერქვა. კრილოვმა ხუთი უცხო ენა იცოდა. ბერძნული დამოუკიდებლად შეისწავლა. შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე, ყინვების დადგომამდე არხში ბანაობდა. ისეთი გასტრონომიული მიღწევები ჰქონდა, რომ ვინც გაიგებდა, გაოცებული რჩებოდა.

კრილოვმა ღორმუცელობის ყველა რეკორდი მოხსნა. იმხანად პეტერბურგში წვეულებებზე, როგორც წესი, სტუმრებს ოთხ თავ კერძს მიართმევდნენ. იმ ოჯახში კი, სადაც კრილოვს იწვევდნენ, 5-6 სახის საჭმელს ამზადებდნენ. ერთ სადილზე სამ თეფშ უხას, ოთხ დაბეგვილ კატლეტს, ნახევარ შემწვარ ინდაურს, ათ დამჟავებულ კიტრს, საკმაო რაოდენობის ანტონოვკას, სტრასბურგულ ღვეზელსა და ფაფას ათავებდა. ღვინო და ლუდი მაინცდამაინც არ უყვარდა. ბურახსა და ყავას კი დიდი ოდენობით მიირთმევდა.

თუ ვინმე თავის ჯანმრთელობაზე დაიჩივლებდა, მეიგავარაკე ურჩევდა: ,,ჩემს კუჭს დასვენების საშუალებას არ ვაძლევ. თავს თუ შეუძლოდ ვიგრძნობ, ორჯერ მეტს გეახლებით და ეს უებარი წამალია”.

ერთი მოსამსახურე ჰყავდა – ფენიუშა, რომელმაც არც რიგიანი კერძების მომზადება იცოდა და არც სახლს უვლიდა. კრილოვი სახლში გამეფებულ სიბინძურესა და უწესრიგობას ყურადღებას არ აქცევდა, რადგან თვითონაც უწესრიგო იყო.

ერთხელ ისე ავად იყო, სახლიდან ვერ გავიდა. ფენიუშამ ღვეზელები გამოუცხო, რომლებსაც ისეთი ცუდი გემო ჰქონდა, კრილოვი შეძრწუნდა, მაგრამ ორი ცალი მაინც შეჭამა. ბუნებრივია, მოშივდა, ქვაბს ახადა და თქვა, თუ მოვკვდები, ათი ღვეზელიც ისევე მომკლავს, როგორც ორიო. ყველა შეჭამა და გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ კარგად გახდა.

როდესაც კერძს მიართმევდნენ, თავის თეფშზე იმდენს იღებდა, რამდენიც ეტეოდა. სადილის შემდეგ ლოცულობდა და ბოლოს ასეთ ფრაზას ამბობდა: ,,განა ბევრი უნდა ადამიანს?!”. ამ ფრაზაზე გარშემომყოფები გულიანად ხარხარებდნენ. მის დათრობას ბევრი ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდათ.

რუსეთის სამეფო ოჯახი კრილოვს ეთაყვანებოდა. ხშირად იწვევდნენ სადილზე. კრილოვის 70 წლის იუბილე პეტერბურგში საზეიმოდ აღნიშნეს. წვეულებას 300 კაცი მაინც ესწრებოდა. სტუმრებს ისეთი კერძები მიართვეს, რომ მრავლისმნახველი მეიგავარაკეც კი გაოცდა. შემდეგში გული იმაზე სწყდებოდა, რომ იძულებული იყო, მილოცვებზე მადლობა ეთქვა და ამის გამო კერძებით გული გვარიანად ვერ იჯერა. ,,რა იქნებოდა, ვინმეს მოეფიქრებინა და ის კერძები სახლში გამოეგზავნათ?” – დაუჩივლია მას. განსაკუთრებულად შემდეგი კერძები უყვარდა:

ცქვრინი თავადურად

მასალა: 1 კგ ცქვრინი ან რომელიმე სხვა სახეობის ნაკლებფხიანი თევზი, 125 გრ კარაქი, მცირეოდენი ღვინო, შუაზე გაჭრილი 1 ლიმონი.

მომზადების წესი: კანგაცლილი თევზი დაჭერით და ქვაბში ჩადეთ. დაასხით სუფრის თეთრი ღვინო, იმდენი, რომ დაფაროს. ჩაუმატეთ 125 გრ კარაქი, ზემოდან ლიმონი დაამატეთ და საშუალო ცეცხლზე 15-20 წუთი ადუღეთ.

ბატი ფაფასთან ერთად (6-8 ულუფა)

მასალა: 1 ბატი გულ-ღვიძლთან ერთად, 100 გრ ქონი, 100 გრ კარაქი, 1 ჭიქა წიწიბურა, 2 ცალი ხახვი, 150 გრ ქამა სოკო, 1 კონა ოხრახუში, 2 კვერცხი, 1 კონა მაიორანი.

მომზადების წესი: გასუფთავებული და გარეცხილი ბატი ცივ ადგილას 24 საათი შეინახეთ. წაუსვით მარილი, მაიორანი და ქონი გადაუსვით. 3 საათი კვლავ ცივ ადგილას დატოვეთ. 1 სუფრის კოვზ კარაქში ბატის წვრილად დაჭრილი გულ-ღვიძლი შეწვით. დაჭრილი ხახვი და სოკო კარაქში მოშუშეთ. წიწიბურა ისე მოხარშეთ, რომ ფანტია ფაფა მიიღოთ. ფაფას გულ-ღვიძლი, ხახვი, სოკო, ოხრახუში, მარილი, პილპილი, კვერცხის გული და ათქვეფილი ცილა დაამატეთ.

ღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ. ბატი შიგთავსით გამოტენეთ, ამოკერეთ და გაცხელებულ ღუმელში შედგით. პერიოდულად თავისივე წვენი დაასხით. მომზადების დრო ბატის ზომაზეა დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში ერთ საათზე ნაკლები საკმარისი მაინც არ იქნება. სტუმრებს კერძი მოშუშულ ბოსტნეულსა და მწვანილთან ერთად მიართვით.

სოკოს შეცვლა ვაშლით ან შავი ქლიავითაც შეიძლება, ხოლო ბატის გამოტენა, წიწიბურასა და შიგნეულის ნაცვლად – კარტოფილით და ბოსტნეულით.