მამა საბა ჭიკაიძე: ,,ჩემს ცხოვრებაში ისეთი მოვლენები მოხდა, 15 წლით დამაშორა ეკლესიას”

მამა საბა ჭიკაიძე: ,,ჩემს ცხოვრებაში ისეთი მოვლენები მოხდა, 15 წლით დამაშორა ეკლესიას",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მამა საბა ჭიკაიძეს, რომელიც თბილისში, ვაკეში მდებარე ორ ეკლესიაში დეკანოზად მსახურობს – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახე-ლობის და მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიებში, მთელი ქვეყანა იცნობს. მამა საბა სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით რაიმე სახის კითხვა აქვს.

11 წელია სასულიერო პირია. ჰყავს ცოლი, 5 შვილი და 2 შვილიშვილი. ამბობს, რომ თავის ხორციელ და სულიერ შვილებს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს, ყველა ერთნაირად უყვარს. მამა საბა უყვარს მრევლსაც და ეს ინტერვიუზე მისულებმა ჩვენი თვალით ვიხილეთ – ადამიანები მოდიოდნენ, ეხუტებოდნენ, სითბოსა და სიყვარულს ღიად გამოხატავდნენ.

– მამა საბა, ამ დროში, როდესაც ხშირია სასულიერო პირების განკიცხვა და ხშირ შემთხვევაში საფუძვლიანადაც, თქვენი გამოცდილებითა და დაკვირვებით, როგორი მოძღვრები უყვარს მრევლს?

– მრევლს მოსიყვარულე და თავდადებული მოძღვრები უყვარს. სიყვარულს უკუგება ახასიათებს. შენ როდესაც გიყვარს, სხვასაც უყვარხარ და ეს სიყვარული უკან გიბრუნდება. რასაც გასცემ, ის არის შენი და რასაც უფრთხილდები, ზუსტად ის დაგეკარგება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, რომელსაც უნდა, სხვებს უყვარდეთ, თვითონ იყოს მოსიყვარულე. ამას ყველას ვეუბნები, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის – არც მორწმუნეებს და არც სხვებს.

– და, სამწუხაროდ, არც სასულიერო პირების ნაწილს.

– დიახ, სასულიერო პირებსაც. ბევრი ადამიანი მინახავს და მათ შორის სასულიერო პირიც, რომლებსაც უნდათ, მოიმკან ისე, რომ არ დათესონ. შენ თუ არ გაქვს თავგანწირვა, ბოლომდე არ გასცემ, ისე არ უნდა დაელოდო შედეგს.მაშინ გიყვარებენ შენ, როდესაც ხვდებიან, რომ შენ მართლა მისთვის ცხოვრობ.

– როგორი იყო თქვენი სასულიერო ცხოვრებისკენ მიმავალი გზა, როდის და როგორ გადაწყვიტეთ, საერო ცხოვრება მიგეტოვებინათ?

– სკოლას რომ ვამთავრებდი, ეროვნული მოძრაობის დროს გადავწყვიტე, რომ ამ გზას აუცილებლად დავადგებოდი. როგორც სკოლის მოსწავლე, ჩართული ვიყავი ეროვნულ მოძრაობაში და მაშინ იყო, რომ ჩემი პირველი კონტაქტი მოხდა ეკლესიასთან.

სამედიცინოზე ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ შევცვალე ჩემი გადაწყვეტილება და სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე. სემინარიის მერე სასულიერო აკადემიაში ვისწავლე და აკადემია რომ დავამთავრე, მერე იყო ხანგრძლივი პაუზა ეკლესიასთან კავშირში – დაახლოებით 15 წელი… მოხდა ისეთი მოვლენები ჩემს ცხოვრებაში, რამაც დიდი ხნით დამაშორა ეკლესიურ ცხოვრებას, თუმცა ჩემი ფიქრები ღმერთს არასოდეს მოწყვეტია.

– ოჯახი – ცოლი, შვილები… როგორ უყურებენ თქვენს სასულიერო მოღვაწეობას?

-შეუძლებელია, ღირსეული სასულიერო პირი იყო, თუ შენ მრევლისთვის თავი არ გაქვს გადადებული. ამ დროს კი, გინდა თუ არ გინდა, აუცილებლად აკლდები შენს ოჯახს. ბუნებრივია, მეუღლესაც აქვს ჩემთან ურთიერთობის დანაკლისი, ბავშვებსაც და მე – მათთან.  თავიდან ჰქონდათ გარკვეული ბრძოლები და წინააღმდეგობები და მადლობა უფალს, მოერივნენ.

ვხუმრობ ხოლმე, ისედაც ხომ ძნელია მღვდლის ცოლობა და განსაკუთრებით ჩემნაირი თავზეხელაღებული მღვდლის-მეთქი. ჩემს მეუღლეს ყველანაირი მედალი ეკუთვნის, რაც კი არსებობს დედამიწაზე. სანამ ბოლომდე გაიაზრებდა, რა იყო ჩემი საქმე, ცოტა გაუჭირდა. როგორც მღვდლობაა რთული, არანაკლებად რთულია, მღვდლის ცოლობა. თუ ქალმა ვერ შეძლო, გაჰყვეს იმ დამოკიდებულებაში, რაც მის მეუღლეს გააჩნია, ძალიან გაუჭირდება მასაც და მის ქმარსაც. მღვდელი თუ მამაა, მისმა მეუღლემ უნდა შეძლოს, რომ თავისი შინაგანი დამოკიდებულებით იყოს დედა თავისი ქმრის სულიერი შვილებისთვის, რაც იოლი არ არის.