თეა გოდოლაძე: ,,მამაზეციერს შევევედროთ, თბილისში არ მოხდეს 5 მაგნიტუდის მიწისძვრა”

თეა გოდოლაძე: ,,მამაზეციერს შევევედროთ, თბილისში არ მოხდეს 5 მაგნიტუდის მიწისძვრა",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

სეისმოლოგი, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე, განმარტავს, რომ კავკასია სეისმურად ერთ-ერთი აქტიური რეგიონია და, მათ შორის, განსაკუთრებით – ჯავახეთის ქედი, რომელიც ვულკანური წარმოშობისაა. როგორც სეისმოლოგი ,,სარკესთან” ამბობს, პატარ-პატარა მიწისძვრები კარგია. თუ რატომ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

თეა გოდოლაძე: კიდევ კარგი, რომ ბევრი მიწისძვრა ხდება პატარა მაგნიტუდით. ეს ნიშნავს, რომ დაგროვილი ენერგია ეტაპობრივად გამოიყოფა და ეს არის ძალიან კარგი, რადგან თუ ხდება ერთი დიდი მიწისძვრა, მაშინ ასჯერ და ათასჯერ მეტი ენერგია გამოიყოფა ხოლმე და დიდი პოტენციალიც აქვს ნგრევისა. ჩვენთან ხდება 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები, რაც საშუალო კლასისაა. 6 მაგნიტუდის დროს გამოყოფილი ენერგია 32-ჯერ მეტია, ვიდრე 5-იანის დროს. სამი მიწისძვრა მოხდა 5-იანი. მაგნიტუდა 6-იანი რომ მომხდარიყო, ასეთ შემთხვევაში გაცილებით უარესად გვექნებოდა საქმე.

საქართველო სეისმურად არააქტიური არ არის და ჯერ კიდევ არ ვიცით, რა მაქსიმალური პოტენციალი გვაქვს. მაქსიმუმი, რაც კავკასიამ გამოავლინა, ეს არის მაგნიტუდა 7-იანი, რომელიც მოხდა რაჭაში. მაგნიტუდა 7-იანის ენერგიას რომ გაუთანაბრდეს, დაახლოებით 1 000 მაგნიტუდა 5-იანი მიწისძვრა უნდა მოხდეს. ჩვენ სხვაგვარად ვანგარიშობთ და ძალიან კარგია, საშუალო კლასის მიწისძვრებით რომ თავისუფლდება ეს ენერგია. როდესაც გაიძახიან, ვაიმე, რამდენი მიწისძვრა ხდება, რა საშიშიაო და ა.შ., გეტყვით, არა, ბატონებო, ამაზე უარესებიც ხდებოდა და პოტენციალი გვაქვს, რომ მომავალშიც მოხდეს.

ჯავახეთის ქვეშ სულ მაგმური აქტივობაა. ურთულესი ტექტონიკა აქვს. 20 წელია ვსწავლობ…

რაჭა ასეთ მდგომარეობაში 30 წლის განმავლობაში იყო. რაჭაში როცა იყო ასეთი აქტივობა და ვაცხადებდით, იმავეს გაიძახოდნენ, რა ხდება რაჭაშიო. იქაც ონთან ურტყამდა. 30 წელია, რაც ის სეგმენტი აქტიურია, მაგრამ 5 წელი ერთსა და იმავე წერტილში ურტყამდა. კიდევ კარგი, იქ ურტყამს და პატარ-პატარა მიწისძვრით გამოდის ეს ენერგია, თორემ მაგნიტუდა 5-იანი თბილისში რომ მოხდეს, საშინელება იქნება!

არასოდეს მითქვამს, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ მამაზეციერს შევევედროთ, თბილისში არ მოხდეს მაგნიტუდა 5-იანი მიწისძვრა.

– რა შემთხვევაში შეიძლება თბილისში მოხდეს ასეთი მიწისძვრა?

– 2002 წელს მოხდა მაგნიტუდა 4,5-იანი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი თბილისი იყო და 8 ადამიანი მოკლა. ასეთ მიწისძვრას პწკენას ვეძახი. აქედან იწყება საშუალო კლასის მიწისძვრა და დიდი ვერაფერი მიწისძვრაა. ასეთზე არც ვრეაგირებ მე, პირადად. ამერიკაში რომ მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა ხდება, მზესუმზირა მიწისძვრას უძახიან, მაგრამ ამ მზესუმზირა მიწისძვრამ თბილისში 8 ადამიანი მოკლა, სკოლებში შეწყდა მეცადინეობა და კინაღამ ყველაფერი დაგვემხო თავზე.

ლისზე, მთაწმინდაზე ისედაც რღვევაა, ანუ ეს ტექტონიკური ერთეულია, სადაც ხდება მიწისძვრები. უზარმაზარი რეგიონული რღვევა მიდის, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და როდის რა იქნება, კაციშვილმა არ იცის. გორის მიწისძვრა 6,3-იანი იყო, ანუ პოტენციალი აქვს თბილისს, რომ მაგნიტუდა 6,5-იანი მოხდეს. დღეს მოხდება ეს, ხვალ თუ ზეგ, არც მე ვიცი და არც არავინ. მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს, მხოლოდ გრძელვადიანი პროგნოზი არსებობს და ამის მიხედვით, თბილისი ისეთი “უსინდისო” ქალაქია, ორი ცენტრალური, რეგიონული რღვევა შემოდის. თბილისი კონტაქტია გაგრა-ჯავის რღვევისა და აჭარის სეგმენტის. ურთულესი ტექტონიკური ერთეულია და მოხდება, აბა, რა იქნება! შეიძლება 100 წლის მერე მოხდეს, შეიძლება 1000 წლის მერე.

როცა რამეს ვამბობ, მერე იწყებენ ჩემს ლანძღვას, კაკულია ხარო და არის ერთი ამბავი. 2002 წელში იყო მიწისძვრა და კიდევ იქნება, ამიტომ უნდა შევხვდეთ მომზადებულები. ისე თუ გაგრძელდება მშენებლობები, როგორიც მიდის ლისზე, მთაწმინდაზე, აუცილებლად პრობლემა იქნება. იმის გამო, რომ მეშინია, ჩემს ძმას ერთი ამბავი ავუტეხეთ მე და ჩემმა რძალმა, რომ კერძო სახლში გადასულიყო. მოსახლეობას ვერ ვაგებინებ და ოჯახს მაინც გავაგებინო!

– ანუ კორპუსის მცხოვრებლებს საფრთხე გველის?

– თუ კორპუსი ცუდად არის ნაშენი და ისეთ ადგილას, სადაც არ შეიძლება, საფრთხე იქნება, აბა, რა იქნება?! მთაწმინდაზე გამოუჩიჩქნიათ მიწა და მიწისძვრის გარეშეც მოდის იქ მეწყერი. ლისიც მიწისძვრის გარეშეც ინგრევა. სხვა რა ენაზე ვთქვა, რა გავაკეთო?!

მე, თავად, თეა გოდოლაძესაც მეშინია, რომელიც ვცხოვრობ 14 სართულიან კორპუსში და 2009 წელს იმიტომ ვიყიდე განვადებით, რომ ამერიკელებთან ერთად ვნახე და ნაშენი მომეწონა ბევრი ბოძის გამო. სულ არ ვფიქრობდი, რომ კონსტრუქციულად კარგი სახლი იყო, მაგრამ ვფიქრობ, უფრო უსაფრთხოა. მეშინია, რადგან ბოლო 12 წელი ისეთი რაღაცები აკეთეს ბაგებში, საშიში გახდა. ცუდი ქალაქია და იმიტომ!

სამებაში მიწისძვრების გახშირება კი კარგია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ენერგია თავისუფლდება და თბილისში დიდი მიწისძვრა შეიძლება აღარ მოხდეს. რეგიონში მიმდინარე პროცესები მთლიანად კავშირშია ერთმანეთთან. მაგალითად, გაგრა-ჯავის რღვევა რომ ავიღოთ, იქ რომ ერთი სეგმენტი აქტიურია, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა დროებით არააქტიური იქნება.

– სამებაში როგორ ცხოვრობენ ადამიანები, როგორია მათი საცხოვრებლები ან ფსიქოლოგიური მდგომარეობა?

– არყევს, არყევს მათ სახლებს და ისე მოარყევს, რომ ერთ დღეს პატარა მიწისძვრაც დაანგრევს. ეს ხალხი შიშში ცხოვრობს. მიწისძვრა კი არ გვანგრევს, გვანგრევს ჩვენი საცხოვრისი. ჩემი ძმის მაგალითი იმიტომ მოგიყვანეთ, რომ ისეთ სახლში ცხოვრობდა, მეშინოდა. ამიტომაც მთელი რესურსების მობილიზება გავაკეთეთ, რომ მისი ოჯახი უსაფრთხოდ ყოფილიყო.

– როგორ მივხვდეთ, რომ საშიშ სახლში ვცხოვრობთ?

– ვერ მიხვდებით სპეციალისტის გარეშე. სახელმწიფო მექანიზმები უნდა არეგულირებდნენ ამ ყველაფერს და ეს არ გვაქვს ქვეყანაში.

– რაჭა, სამება… მერე შეიძლება სხვა რეგიონი გააქტიურდეს?

– დიახ, თავისუფლად შეიძლება. არავინ იცის, სამებაში რამდენ ხანს გაგრძელდება ბიძგები. რაჭას სხვაგვარი ტექტონიკა აქვს და ჯავახეთში იგივენაირად არ წავა პროცესი. როგორც ადამიანები განვსხვავდებით, ისე განსხვავდება ეს ერთეულები. ინდივიდუალური ქცევა ახასიათებთ მათაც.

– ვის მიმართ რა რეკომენდაცია გექნებოდათ ამ ყველაფრის გათვალისწინებით?

– სამშენებლო სექტორი სავალალო მდგომარეობაშია. როცა კარგ სახლში ხარ, არაფერს დაეძებ. ამერიკაში როცა ვარ, არ მეშინია მიწისძვრის, არც იაპონიაში, რადგან ვიცი, შენობა არ დამენგრევა თავზე. თბილისში როცა ვარ, ჩემს სახლში, მეშინია, მიწისძვრა არ მოხდეს.