ერთგულებით ნაჭედი მეგობრობა – ,,ყველა ელის, რომ ვიქორწინებთ, მაგრამ ეს შეუძლებელია!”

ერთგულებით ნაჭედი მეგობრობა - ,,ყველა ელის, რომ ვიქორწინებთ, მაგრამ ეს შეუძლებელია!",,სარკე”, ნინია კახიძე

ქალი და მამაკაცი, რომლებიც სიყრმის ასაკიდან მეგობრობენ, ზოგჯერ იმაზე უკეთ უგებენ ერთმანეთს, ვიდრე შესაძლოა ოჯახის წევრებს, თუნდაც მეუღლეს გაუგონ. ასეთ გულითად მეგობრებს პირად ცხოვრებაში რომც არ უმართლებდეთ, მაინც დაუშვებლად მიაჩნიათ ერთიმეორესთან სხვა სახის ურთიერთობა, თუნდაც ქორწინება, ოჯახის შექმნა.

გარეშე პირებმა შესაძლოა ასეთი დამოკიდებულება წარმოუდგენლად მიიჩნიონ, ისინი ქალსა და კაცს შორის სუფთა მეგობრობას არ აღიარებენ და ფიქრობენ, რომ ამგვარი სიახლოვე დროთა განმავლობაში სხვა სახის ურთიერთობასაც განავითარებს, თუმცა ზოგჯერ რეალობა სხვა რაღაცებზეც დაგვაფიქრებს ხოლმე, თუნდაც ინგას ამბავი, რომელიც თავის ახლობელ გიოზე და მის ოჯახზე გვიყვება:

– მე და გიო ერთად გავიზარდეთ, ჩვენი ოჯახები ახლობლობდნენ, დედები მეგობრობდნენ, ზაფხულობით ოჯახებით ერთად მივდიოდით დასასვენებლად.

ჩვენი და-ძმა უმცროსები იყვნენ, მე და გიო კი – თანატოლები, ამიტომ ჩვენ ორნი სულ ერთად ვიყავით, ერთად დავხეტიალობდით ტყე-ღრეში, ერთად ვცურავდით ზღვაში თუ მდინარეებში, ხან ვთევზაობდით, ხანაც გამოქვაბულებში „განძს“ ვეძიებდით. ორივეს სათავგადასავლო ლიტერატურის კითხვა გვიყვარდა და თავგადასავლების საძიებლად ხან რას მოვიფიქრებდით, ხან – რას… რამდენჯერ ფათერაკებშიც გავყავით თავი.

ჩვენი დამეგობრება მშობლებს, რა თქმა უნდა, მოსწონდათ და უხაროდათ კიდეც – ეს ბუნებრივია. მათ ისიც კი ჰქონდათ აზრად, გაიზრდებიან და ასე კარგად რომ ეწყობიან ერთმანეთს, იქნებ დავაქორწინოთო. მოყვრებად წარმოიდგენდნენ თავს და ზოგჯერ გვეხუმრებოდნენ ამ თემაზე, მაგრამ ჩვენ არაფრად ვაგდებდით, რადგანაც მსგავსი რამ ვერც წარმოგვედგინა. მე და გიო ძმაკაცებივით ვიყავით.

– ბიჭური გოგო იყავით?

– ქალაბიჭას მეძახდნენ, მაგრამ გიოსთვის მხოლოდ ძმაბიჭი ვიყავი. ბავშვობაში შურდულებს და მშვიდ-ისრებს ვამზადებდით, ინდიელობანას ვთამაშობდით. რომ გავიზარდეთ, ჩვენს სასაუბრო თემად იქცა სხვადასხვა მარკის მანქანები და მოტოციკლეტები.

გოგოებში პოპულარული იყო, მოსწონდათ და ოდნავადაც არ ვეჭვიანობდი მათზე. პირიქით, ხელს ვუწყობდი გიოს, მაგარ გოგოებთან ურთიერთობა ჰქონოდა. თვითონ არც მეკითხებოდა, შეყვარებული რატომ არ მყავდა. ამას ჩემს პირად საქმედ თვლიდა და ამიტომ კიდევ უფრო ვაფასებდი. ჩემს საქმეში ზედმეტად ცხვირს არ ყოფდა, მე თუ არ ჩავრევდი. ამით მინდა ვთქვა, რომ არანაირი ინტერესი ერთმანეთის მიმართ არ გვქონია, გარდა სუფთა მეგობრობისა.

– თქვენი და გიოს მომავალი როგორ აეწყო?

– გიო ხან ერთ გოგოსთან დადიოდა, ხან – მეორესთან, სანამ ნამდვილ სიყვარულს შეხვდებოდა, ასე უწოდებდა ევას – ლამაზ, გრძელფეხება, ქერა, ლურჯთვალა გოგოს. მათმა სიყვარულმა დიდხანს არ გასტანა, ევამ უღალატა და სხვას გაჰყვა ცოლად, უფრო მაღალ საფეხურზე მყოფ მამაკაცს. გიომ ძალიან განიცადა, თვითშეფასება შეერყა.

მის გვერდით ვიყავი და ვამხნევებდი. ხელი შევუწყვე, რომ მდგომარეობიდან გამოსულიყო და სხვა გოგოებისკენ გადაეტანა ყურადღება, რომლებიც მას წლები ეტრფოდნენ. მათ შორის იყო ციცი, უგონოდ შეყვარებული გიოზე. კარგი გარეგნობის, სერიოზული გოგო გახლდათ. მასზე ავიღე აქცენტი და გიოს მიმართულება მივეცი. მათი ურთიერთობა მალე არ განვითარებულა, თანდათან აეწყო.

იქორწინეს. ციცის მეგობარი არ ვყოფილვარ, მაგრამ მაინც მოისურვა, მეჯვარედ წავყოლოდი. მერე მათი უფროსი შვილის, საბას, ნათლიაც გავხდი.

– პირადად თქვენ ოჯახი შექმენით?

– 29 წლისა გავთხოვდი. ჩემს ქმარს, ბაჩოს, სხვა ქალისგან შვილი ჰყავდა, მე კი დამიმალა. ძალიან მეწყინა და მეტკინა. მისი ნათესავისგან გავიგე ქორწინებიდან მესამე თვეს. ამან განმგმირა, განა იმიტომ, რომ ბავშვის არსებობა მწყინდა, ის დიდი ტყუილი მეწყინა, რომელიც თავს მომახვია, როდესაც ცოლობაზე დამითანხმა. რომელი გოიმი მე ვიყავი, ამ თემაზე 33 წლის უცოლო კაცის წინაშე ავვარდნილიყავი, ამის გაგება კი არა, ყველაფრის გაგება შემეძლო!

თავადაც მეუბნებოდა, იმიტომ შემიყვარდი, რომ სხვებს არ ჰგავხარ, დიდი გაგების უნარი გაქვსო. არადა საჭიროდ არ ჩათვალა, ჩემთვის სიმართლე გაემხილა.

– თქვენი აზრით, ასე რატომ მოიქცა?

– ალბათ იმიტომ, რომ შეეშინდა, ცოლობაზე უარი არ მეთქვა. მისმა ამგვარმა ქცევამ თავმოყვარეობა შემილახა. არ ვარ ისეთი ქალი, ადვილად რომ ატყუებენ, მე კი წამოვეგე, რადგან ვენდე და მისი წარსული არ გამოვქექე.

– ამან თქვენს ცოლქმრულ ურთიერთობაში ხინჯი გააჩინა?

– დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა ვეცადე, ხინჯი იმით ამომევსო, რომ ბავშვი მამასთან დამეახლოვებინა. საქმე ის იყო, რომ ბაჩოს შვილთან თითქმის არ ჰქონდა ურთიერთობა, 8 წლის განმავლობაში სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი. ბავშვს არც ბაჩოს მშობლები იცნობდნენ. ერთი სიტყვით, ვიზრუნე, რომ ბიჭი ოჯახში მომეყვანა.

– თქვენს ქმარს ამაზე რა რეაქცია ჰქონდა?

– ვერ ვიტყვი, რომ ჩემგან ესიამოვნა ეს. რომელ კაცს სიამოვნებს, მის უნებართვოდ რომ გადაწყვეტ საკითხს, მაგრამ არც მე მესიამოვნა, რომ დამიმალა. რაკი შვილი ეყოლა, კეთილი უნდა ენება და პასუხისმგებლობა აეღო თავის საქციელზე, შეშინებული კურდღელივით კი არ უნდა შემძვრალიყო ჩირგვში, კიდეც უნდა ეღიარებინა შვილი, ურთიერთობა ჰქონოდა მასთან, მის გაზრდასა და აღზრდაში მონაწილეობა მიეღო, მშობლებისთვის და ნათესავებისთვის წარედგინა. ეს არის კაცობა და არა ის, ბავშვის არსებობას თვალი მოუხუჭო.

– ასეთი დამოკიდებულებით ქმართან ურთიერთობის გაგრძელება შეძელით?

– ურთიერთობა რამდენიმე წელში დაგვეშალა, მაგრამ ის კი შევძელი, მამასთან შვილი დამეახლოვებინა და ბავშვი ბაჩოს ოჯახში ეღიარებინათ. შვილი რომ შემძენოდა, არ ვიცი, რამდენად შევინარჩუნებდი ოჯახს, მაგრამ საქმე ის არის, რომ მე და ბაჩოს სხვადასხვაგვარად გვესმოდა კაცობა და ადამიანობა. თანაც, კაცივით რომ საქმეების გარჩევა დავუწყე, ამის გაძლება გაუჭირდა.

– ამიტომ გაეყარეთ?

– ალბათ მის თავმოყვარეობას რამდენადმე ჩავეცი ლახვარი. ეს გახდა საბაბი, რომ ეცადა, სხვა ქალებთან აღედგინა თვითშეფასება. გოგოებში დაიწყო სირბილი და იქ დავასრულე. ვერ ვიტყვი, რომ მართალი ვიყავი, ის ტყუილი ვერ მოვინელე და ჩემი მორიგი ნაბიჯების საფუძვლად იქცა. ორი ახლო ადამიანის განხეთქილებაში მეტნაკლებად ორივეს მიუძღვის წვლილი.

არაფერს ვნანობ ცხოვრებაში და არც უკან-უკან ყურება მჩვევია. ვერც იმას ვიტან, ადამიანებს მსხვერპლად რომ გამოჰყავთ საკუთარი თავი და სხვებისგან ითხოვენ გაგებას, შეცოდებას, არადა თავად შეიძლება იმსხვერპლონ სხვა ან მზად არიან ამისთვის და ყოველ შესაძლო შემთხვევაში ამოქმედდებიან.

– კონკრეტულად გულისხმობთ ვინმეს ან რაიმე შემთხვევას?

– კვლავ გიოს ოჯახს დავუბრუნდები. ციცი ეჭვიანი გამოდგა. თავიდანვე ეჭვიანობდა გიოს ძველ სიყვარულზე. ორი შვილი გაუჩინა ქმარს, მაგრამ ეჭვიანობა არ განელებია. ხან ვის ამოიჩემებდა, ხან – ვის. ჯერ იყო ევა, მერე მაკა, შემდგომ ირა. ლამაზი გოგოები გიოს გარშემო არ ილეოდნენ, მაგრამ თავად გიო შეიცვალა, უფრო სერიოზული გახდა, ოჯახის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა, კაცობა არ ეშლებოდა, გოგოებში არ დაცანცარებდა.

– გამოდის, რომ ცოლი ტყუილუბრალოდ ეჭვიანობდა?

– გიო ცოლს ეჭვიანობის საბაბს არ აძლევდა. ციცი ბუნებით იყო ეჭვიანი და მნიშვნელობა არ ჰქონდა მისთვის, გიო იქნებოდა თუ სხვა, მაინც ექნებოდა ეს განცდა. საქმე მხოლოდ ეჭვებში არ იყო. ციცის რომ საღერღელი აეშლებოდა, საშინელ დღეში ამყოფებდა ქმარს, სცენებს უწყობდა, თავსაც იწამებდა და მასაც აწამებდა.

– იქნებ ფიქრობდა, რომ ქმარს არასაკმარისად უყვარდა, ამის საფუძველი ჰქონდა?

– ადამიანმა იმაზე მეტი არ უნდა მოითხოვოს, ვიდრე მიეცა. მადლიერი ხომ უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ევამ დატოვა გიო და, შედეგად, ასპარეზი მას დარჩა. იმისთვისაც უნდა ყოფილიყო მადლობელი, რომ ამდენ გოგოში მაინცდამაინც ციცი ამოვარჩიე გიოსთვის და მათი მომავალი შედგა.

მან კი თავად რა გააკეთა – ქმარს სული ამოხადა ეჭვიანობით. მეც გვარიანად დამღალა: რაღაც თუ არ მოეწონებოდა გიოსგან, მირეკავდა და უარყოფით ემოციებს მაფრქვევდა, სიტყვას ვერ ჩაუგდებდი, თითქოს მე ვიყავი პასუხისმგებელი ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე.

– არ ეუბნებოდით, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობა მხოლოდ მათი გასარჩევია, მათ ეხება და გარეშე ადამიანი არ უნდა ჩაერიოს?

– ამას ყოველ ჯერზე ვუხსნიდი, მაგრამ ჩამჩიჩინებდა, უცხო ხომ არ ხარ, მეჯვარე და ნათლია ხარ, შენს მეტი ვერავინ დამეხმარება, ოჯახი გადამირჩინე, მიშველეო. შევეხმიანებოდი გიოს, რა ხდება-მეთქი, გიო კი ბრაზობდა – შენ რას გაწუხებს, რისთვის გირეკავს ეგ “ისტერიჩკაო”.

ციცი გამუდმებით ცდილობდა, პირადი დანაშაულის გრძნობა გამჩენოდა და თავით გადავშვებულიყავი მისი ოჯახის გადასარჩენად, რომელსაც თავადვე უქმნიდა საფრთხეს არაჯანსაღი დამოკიდებულებით, თუმცა ამის გააზრება და აღიარება არ უნდოდა. ერჩივნა, თავი მსხვერპლად გამოეყვანა და მთელი პასუხისმგებლობის სიმძიმე სხვისთვის (ქმრისთვის და ჩემთვის) დაეკისრებინა.

– ძალიან ცუდია ასეთი არასწორი დამოკიდებულება. ალბათ ადეკვატური შედეგიც მოჰყვა, არა?

– თავისი ისტერიკებით იმდენი ქნა, რომ ქმარმა სილა გააწნა. ეს გიოს ქცევას არ ჰგავდა, ქალზე ხელს არ აიღებდა, მაგრამ ცოლმა მიიყვანა მაგ ზომამდე.

– ძალიან ცუდად მოქცეულა, ცოლს თუ ხელი შემოარტყა. ამ შემთხვევაში კაცს ამართლებთ, რადგან თქვენი მეგობარია?

– როგორც შოკში ჩავარდნილს სჭირდება შემოლაწუნება გამოსაფხიზლებლად, ისე შეიძლება ჩაითვალოს გიოს მხრიდან სილის გაწვნაც.

ამან სულ გააგიჟა ციცი, ჩემი ქმარი სხვა ქალებს ეფერება და მე მცემსო, თითქოსდა მართლა სცემდა. უმძიმესი გასაძლები გახდა, ვერ მოუსმენდი. რომ აღარ ჩავერიე და განზე გავდექი, მერე ჩემზეც იეჭვიანა, იქნებ შეკრულები ხართ ჩემ წინააღმდეგ და ერთად მოქმედებთო.

– რასაც მასზე ყვებით, ეს ფსიქიკურ დარღვევას ჰგავს.

– კი, პრობლემა იყო თავად მასში და არა – მის ქმარში, ან მეჯვარეში, ან სხვა ვინმეში. გიოს უნდოდა, ექიმთან წაეყვანა, მაგრამ ამაზეც ისტერიკა აუტეხა, მოღალატე ქმრები ცოლებს ავადმყოფებს ეძახიან და ამ ფანდით ვერ გამაბრიყვებო.

მერე დაწყნარდა ციცი, საეჭვოდ დადუმდა, მძაფრი რეაქცია აღარაფერზე ჰქონდა ოჯახში, ქმარს არ ეკიდებოდა, “ყველაფრის ნებას” აძლევდა. გიომ იფიქრა, ცოლი “გაიზარდა”, მიხვდა, მეუღლესთან როგორ მოიქცეს, რომ ძალით შეთითხნილი, არასაჭირო პრობლემებით არც თავი გაიწვალოს და არც სხვები აწამოსო.

საეჭვოდ მეჩვენა ციცის რადიკალური სახეცვლილება, მაგრამ ხმას აღარ მცემდა, ზედ არ მიყურებდა და როგორ ჩავერეოდი.

– საინტერესოა, რა გარდატეხა მოხდა ქალში.

– ქმარს გამოუცხადა, გეყრებიო, მიზეზად ფიზიკური ძალადობა დაუსახელა, მას შემდეგ გავცივდი და ერთად ვეღარ ვიცხოვრებთო.

გაიყარნენ. გიოს გული სტკიოდა შვილების გამო, ცოლისგან კი დაისვენა. ბინა გაიყვეს. მოზარდები ხან დედასთან იყვნენ, ხან – მამასთან, ხან – ბებიებთან.

საქმე ის იყო, რომ ციციმ გაიჩინა საყვარელი, რომელთანაც ქმართან გაყრიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ოფიციალურად დაიწყო თანაცხოვრება. თავისი ჭკუით, შური იძია გიოზე. წლების შემდეგ კი მეორე ქმარიც იმ ზომამდე მიიყვანა, ხელი აიღო ქალზე. მერეღა ინანა გიოსთან გაყრა, მაგრამ რაღას იზამდა. კარგი იქნებოდა, ადამიანი ხვდებოდეს, რომ მიზეზი მასშივეა და არა – სხვაში. ამ შეგნებით უფრო გაუმკლავდებოდა პრობლემებს.

– თქვენი და გიოს მეგობრობა გაგრძელდა?

– რა თქმა უნდა. ერთმანეთს ისე ვუგებთ, რომ ასე არავინ გვიგებს არც ერთს, არც მეორეს. უთანხმოებების გარეშეც არ არის ცხოვრება, მაგრამ მთავარი მაინც ერთიმეორის გაგების სურვილი და მონდომებაა.

– ერთიც მარტო ხართ და მეორეც. არ გიფიქრიათ, რომ პირადი ცხოვრება დაგეკავშირებინათ ერთმანეთთან?

– ჩვენ – არა, მაგრამ მეზობლებმა იფიქრეს. გიოც მარტო ცხოვრობს და მეც. ერთმანეთს რომ ვაკითხავთ ხოლმე, მეზობლებმა სხვა რამ დაასკვნეს და უმალ დაგვაწყვილეს. როგორ გინდა, აუხსნა, რომ ასე არ არის და ჩვენ მხოლოდ სიყრმის მეგობრები ვართ? მაინც ვერაფერს შეიგნებენ.

სხვას რა უნდა მოსთხოვო, როცა ჩვენივე მშობლები მოლოდინის რეჟიმში არიან და დღემდე ელიან, რომ ჩემსა და გიოს შორის რაღაც შეიცვლება, რაც მათ ძალიან გაახარებთ. ელიან ქორწინებას, რაც გამორიცხულია!

ზოგს არ სჯერა ქალის და მამაკაცის მეგობრობის, ჰგონიათ, რომ სიახლოვე აუცილებლად სხვა გრძნობებსაც აღძრავს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. პირადად მე გიოსთან სხვაგვარი ურთიერთობა წარმოუდგენლად, დაუშვებლად მიმაჩნია და გიოც ასეა. ძმასავით საყვარელი კაცის ცოლობაზე არასოდეს ვიფიქრებ!