ლუბა ელიაშვილი: ,,ჩემი ქმარი დღემდე გადარეულად მიყვარს”

ლუბა ელიაშვილი: ,,ჩემი ქმარი დღემდე გადარეულად მიყვარს",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

თითქმის 8 წელია, რაც ცნობილმა ტელეჟურნალისტმა ლუბა ელიაშვილმა ინსულტი გადაიტანა და მას შემდეგ ეტლში ზის. თავიდან, რთული ოპერაციის შემდეგ, სამ თვეში შეძლო სავარძელში დაჯდომა, 6 თვის შემდეგ კი პირველი ნაბიჯები გადადგა. ახლა ამბობს, რომ მას მერე ბევრი არაფერი გაუმჯობესებულა. პირიქით, პანდემიამ მდგომარეობა გაართულა.

ლუბა ონლაინლექციებს კითხულობს და ამბობს, რომ ეს მის ტვინს ძალიან ეხმარება. ლექსებს ბავშვობიდან წერდა, სახლში ყოფნამ კი ამ ნიჭს განსაკუთრებულად შეასხა ფრთები. ლექსების ერთი კრებულის ავტორია და მეორე დასაბეჭდად მზად აქვს.

მოგეხსენებათ, ლუბა ელიაშვილის ქმარი იურისტი, პარლამენტის დეპუტატი  შალვა შავგულიძეა. ბოლო დროს ლუბამ სოციალურ ქსელში ძველი ფოტოების გამოქვეყნება და წარსულის ლამაზი ფერებით გახსენება დაიწყო.

– ქალბატონო ლუბა, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

– მეჩვენება, რომ უკან წავედი. ასე იცის ხოლმე, როცა ნერვი გამიცივდება და მერე ისევ ვუბრუნდები ჩვეულ მდგომარეობას. ცოტას თუ ვახერხებდი წამოდგომას და კედელ-კედელ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას, ესეც მიჭირს ახლა.

– ეს რამ გამოიწვია?

– წავიქეცი რამდენიმე დღის წინ. სანამ ჩემს შვილს დავურეკე და მოვიდა, გავცივდი იატაკზე. ვინც ჩემთან არის და მეხმარება, ის გოგო ვერ მომეხმარა, რადგან არ არის ისეთი ღონიერი, რომ წაქცეული ავეყენებინე.

– მას შემდეგ, რაც ეს დაავადება გადაიტანეთ, როგორ შეიცვალა თქვენი სამყარო, რა დაინახეთ განსხვავებული კუთხით?

– ყველაზე უკეთესად დავინახე, ვინ მყავს ნამდვილი მეგობრები და ადამიანები, ვისაც მართლა ვუყვარვარ. საბედნიეროდ, ბევრნი არიან და იმაზე მეტნიც, ვიდრე მეგონა. ადრე ვერ მიბედავდნენ რაღაცებს. ისე იყო, თითქოს არაფერი მიჭირდა და ყველაფერი კარგად მქონდა და ახლა ბევრს მოუნდა, გვერდით დამდგომოდა.

იმედი, რომ გავივლი, მაინცდამაინც არ მაქვს. კი ვდგები და დავდივარ მხარგაყრილი ჩემს ძმასთან ერთად, შალვაც მეხმარება. ბავშვებისთვის რომაა ჭოჭინა, იმის მსგავსი რაღაც მომიტანა შალვამ. მოვკიდებ ხელს და დავდივარ, ვცდილობ, ნაბიჯი გავშალო, მაგრამ არ მშველის მხოლოდ ეგ.

სამწუხაროდ, პანდემიის გამო გამოვტოვე აუზზე ვარჯიში, რაც ძალიან მეხმარებოდა. ამიტომაც ეს  განსაკუთრებით მძიმედ აისახა ჩემზე, ბევრით დამხია უკან.

– სოციალურ ქსელში წერდით, რომ მედიკამენტის იმედი გაქვთ, რომელსაც ალცჰეიმერის დაავადების დროს იყენებენ.

– შეიძლება არაფერ შუაშია ერთმანეთთან, მაგრამ ერთი დაავადებაც ტვინთანაა დაკავშირებული და მეორეც. ჩემმა შვილმა მითხრა, ალცჰეიმერის მკურნალობა დაიწყეს მედიკამენტოზურად, ქცევის კორექციიით კი არაო. ეს იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტით მკურნალობენ ტვინს და არა – დამოკიდებულებების შეცვლით. ესე იგი, ტვინის უჯრედების აღდგენაა შესაძლებელი ამით. ალცჰეიმერს თუ არჩენენ, იქნებ ინსულტის შედეგებზეც გადმოვიდნენ და მეშველოს რამე.

ძალიან ვუფრთხილდები ჩემს მეუღლეს, რადგან მასაც წელის, ხერხემლის პრობლემა აქვს და ვუშლი ჩემს წამოყენებას თუ დახმარებას. ჩვენი ბიჭი კი მოქანდება ხოლმე. ჩემი გოგოც ჩამოსული იყო ზაფხულში და ძალიან მეხმარებოდა.

კიდევ, იცით, რამ მიშველა? კომპიუტერისთვის ვიყიდე ვიდეოთვალი. ონლაინლექციებს ვკითხულობდი და დამჭირდა. მერე კი ამ თვალით მთელი ჩემი სამეგობრო ავაწიოკე, ჩამოვუარე ყველას და ამ თვალით ველაპარაკები, რომ ცოტა გავხალისდე. ისინიც ხალისობენ ჩემთან ერთად და მიხარია, რომ იცლიან, თორემ ხომ ვიცი, როგორი დაკავებულია ყველა.

– კოვიდპანდემია პირდაპირ ხომ არ შეგეხოთ?

– ბევრმა ახლობელმა ძალიან მძიმედ გადაიტანა. ბიცოლაჩემს, რომელიც დედაჩემის ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ ჩემი უფროსი და ჭკუის დამრიგებელია, დიალიზის გადასხმისას გადაედო კოვიდი. ღვთის მადლით, გადარჩა.

ჩვენ ყველა აცრილი ვართ და აცრის მერე ერთმანეთს ჩახუტების უფლება მივეცით. შალვა მეუბნება ხოლმე, ქუჩიდან შემოვედი, მაცადე, გამოვიცვალო და ისე მოგხვევ ხელსო. მე კი კართან ვხვდები, მიხარია მისი სამსახურიდან დაბრუნება.

ჩემს ნაცნობებს შორის პირველი ინსულტგადატანილი ვიყავი, ვინც გაბედა და გაიკეთა აცრა “ფაიზერით”.

– დროის დიდი ნაწილი ალბათ კითხვაში გაგყავთ…

– ინსულტმა ცალი თვალი ნახევრად დამიზიანა და კითხვა ცოტა მიჭირს. ამიტომაც ჩემი საშველი აუდიოწიგნებია. ეს ყველაფერი გონების ცოცხლად შენახვაში მეხმარება, რომ კარგად მახსოვდეს ყველაფერი. სტუდენტებიც კმაყოფილები არიან ჩვენი ურთიერთობით. თან სოკრატეს მეთოდით ვასწავლი – იქით ვუსვამ შეკითხვებს, ინტერაქტიული ლექციები მაქვს.

ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობ. ჩემს მშობლიურ სასწავლებელში ვასწავლი ტელერეპორტინგს და ჟურნალისტიკის ისტორიას.

– თქვენი საოჯახო ალბომიდან ლამაზი ამბებით აფორმებთ თითოეულ ფოტოს, რომლებსაც სოციალურ ქსელში დებთ. ესეც ახალი გატაცებაა?

– დიახ, ძალიან ვერთობი ამ საქმით. არა მხოლოდ ვათვალიერებ, ამ ყველაფერს ვშიფრავ, ვასკანერებ, ვაარქივებ. ასევე, რაც მქონდა, აუდიო თუ ვიდეოკასეტები, ვაარქივებ და ერთი ადამიანიც ვნახე, რომელიც მეხმარება ძველი კასეტების აციფვრაში. გადავარჩინე ოჯახის მთელი არქივი და ოჯახისვე არქივარიუსი გავხდი.

მთელ სანათესაოში ფესვებს დავეძებ. დედის მხრიდან ექვსი თაობის წინაპრები მოვიძიე. ასე ვერთობი და გენეალოგიურ ხეს ვაკეთებ.

– ერთ ფოტოზე წერდით, შალვას ამ კაბაში შევუყვარდიო… გვიამბეთ ეს ისტორია.

– დიახ, ასეა. აბრეშუმის კაბა იყო, ფირუზისფერი. მამამ ჩამოიტანა ირანიდან ნაჭერი და აქ შევიკერე. პატარა, წვრილ-წვრილი ყვავილები ჰქონდა.  რომ დავამთავრე სწავლა და სამსახურში მივედი, სადაც შალვა გავიცანი, მაშინ მეცვა. ძველი ნივთები ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მახსენებს იმ დროს, გადარეული შეყვარებული რომ ვიყავი. სრული გიჟი ვიყავი, რომანტიკული…

უჩემოდ თუ წავიდოდა შალვა სამსახურიდან, გავებუტებოდი ხოლმე. სამსახურში რომ მიდიოდა, ჩემი სახლის გზა უნდა გაევლო,დილითაც გამომივლიდა და მივყავდი ხოლმე სამსახურში. მაშინ ახალი ნაყიდი ჰქონდა თავისი პირველი მანქანა.  ერთ გადაცემაში თქვა, ჩემს მანქანას მოჰყვა ერთი სათადარიგო ბორბალი, ქურთუკი და ლუბაო. მანქანა მეგობრისგან იყიდა და მან გამოაყოლა ქურთუკი, გამოგადგებაო. ასე მოვყევით მე, ქურთუკი და ბორბალი იმ მანქანას. ასე დავყავდი და აღმოჩნდა, რომ ორივეს გვიყვარდა პოეზია, კინო, ფერწერა…  ჯერ მეგობრები გავხდით და მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი. დღემდე მეგობრები და თანამოაზრეები ვართ ბევრ რამეში.

– ისევ გადარეული შეყვარებული ხართ, როგორც ჩანს.

– დიახ, რაც შალვა გავიცანი, მას მერე მასზე გადარეული შეყვარებული ვარ. სულ მეჩვენებოდა, რომ მისი სიყვარულის ღირსი არ ვიყავი, ჩემზე იმდენად უკეთესია. ლექსიც კი მაქვს დაწერილი ამაზე. ჩემი მთავარი საფიქრალი ისაა, ნამდვილად მე ვუყვარვარ თუ იმიტომ, რომ შვილებთან ვყავარ კომპლექტში. მინდა, მისთვის პირადად ვიყო ძვირფასი და არა – როგორც მეუღლე და შვილების დედა. ეგეთი გადარეული ვარ. ის კი საოცრად თბილი, კეთილი, ინტელექტუალური და ვაჟკაცი პიროვნებაა.

შეყვარებულობის დროს ჩემი მაშინდელი შეხედულებით ორიგინალური თამაში “დეპეშობანა”, როგორც მერე ამიხსნეს, ფრანგების მიერ დიდი ხნის წინ გამოგონილი ფლირტის მეთოდი ყოფილა, სახელწოდებით ცისფერი ბარათები.  მე რაც გამოვიგონე, იმას დეპეშები დავარქვით. სამსახურში საკიდზე ჩამოკიდებული პალტოს ან პიჯაკის  ჯიბეში ვუტოვებდი ხოლმე მოკლე წერილებს, მაგალითად, “დღეს დილით რატომ არ გამომიარე”, “ძალიან მიყვარხარ”… ასეთ სისულელეებს ვწერდი. მეგონა, მე შემიყვარდა პირველად, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ასე არ ყოფილა.

ერთ დღეს ვიპოვე “დეპეშა” ჩემს ჯიბეში, სადაც ეწერა: “მე მიყვარს ერთი გოგო, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე კარგი დეპეშების წერა იცის”. ის გოგო მე ვიყავი. ასე ამიხსნა სიყვარული.

ჩვენი ორივე შვილის სიყვარულის ამბავიც მეგობრობით დაიწყო და მერე გახდნენ შეყვარებულები. როგორც ჩანს, ჩვენს ოჯახში თანამოაზრეობას და მეგობრობას აქვს დიდი მნიშვნელობა. ერთი ნახვით შეყვარების სულაც არ მჯერა.

– გოგონაც დაოჯახდა?

– არა, მაგრამ შეყვარებული ჰყავს. ამერიკელია მისი შეყვარებული და უკვე მის ოჯახს იცნობს. აღფრთოვანებულები არიან, როგორ კარგად უკრავს და რა კარგი გოგოა. იმედი მაქვს, ოჯახის შექმნასაც დააპირებენ. ძალიან მინდა, ჩემს შვილს პირველი სიყვარული მთელი ცხოვრება შერჩეს.

– ამერიკაში სწავლობს ელენე?

– დიახ. ელენე მხატვარია. კოლეჯში რომ გააგზავნა თავისი ნახატების პორტფოლიო, დაუფინანსეს სწავლის 40%. ასეთ ამბავს რომ გეტყვის შენი ქალიშვილი,  მომილოცეს ჩარიცხვაო, თან ბაჭიასავით რომ ჭყივის და დახტის სიხარულისგან, ვერ ეტყვი უარს. რაც რამე გაგვაჩნდა, გავყიდეთ და გავუშვით სასწავლებლად. გავყიდეთ შალვას მშობლების სახლი, მიწა… იმით ვანაზღაურებთ დღემდე ელენეს სწავლას.

ამას წინათ ჩემი ბიჭი მოვიდა და ამაყად თქვა, რომელიღაც საინფორმაციო სააგენტოს პარლამენტარების დეკლარაციები უნახავს და მამაჩემი ყველაზე ღარიბია საქართველოს პარლამენტშიო. სხვებმა რომ აღარ იციან, დეპუტატობა როგორ გამოიყენონ გასამდიდრებლად, ჩემი ქმარი თავის საქმეს აკეთებს, იმ ხელფასზე ცხოვრობს, რასაც უხდიან და  სამშობლოს ემსახურება.

– კიდევ ერთი ფოტო გიდევთ “ფეისბუქზე”, რომელზეც წერია, მე და შალვა შეყვარებულები ვართ და ოჯახობანას ვთამაშობთ, შალვას ძმისშვილ ნანუშკას და ჩვენი მეგობრების ვაჟს, გოგა ქავთარაძეს, ვასეირნებთ ზოოპარკშიო.

– დიახ, შალვას ძმისშვილია ნანუშკა და მეგობრის შვილი. ეს ფოტო ვიპოვე და მათაც გავუგზავნე. დამრთეს ნება, რომ გამომექვეყნებინა. რადგან მეც და შალვაც საბურთალოზე ვცხოვრობდით მაშინ, ზოოპარკი ჩვენი თავშეყრის ადგილი იყო.

– დედა რითი გარდაიცვალა?

– ერთი წლის წინ გარდაიცვალა დედა. მასაც ინსულტი დაემართა. ახლა იყო წლისთავი და მინდა, გითხრათ, რომ კარგია ჩვენი ადათი, როდესაც ვხვდებით და ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს ტრაგედიას. როცა მის ამბებს ყვები, ახლობლები იხსენებენ მის სიკეთეს, ძალიან სასიამოვნოა. თითქოს გიცოცხლდება და გვერდით გყავს.

ჩემს ძმასთან ერთად გადაღებული ფოტო აქვს დედას და მეც მასავით გადავიღე ზუსტად იმ კაბაში. დედაჩემის კაბა რომ მაცვია, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ისიც აქ არის. შემიყვარდა მისი კაბით სიარული.

– არადა, ტრადიციის მიხედვით, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მის ტანსაცმელს გააჩუქებენ ხოლმე და არაფერს ტოვებენ სახლში.

– ამ ტრადიციის მე არ მესმის. დედაჩემი სიცოცხლეში ჩემი ახალი და ბრენდული კაბების გაჩუქების დიდოსტატი იყო. საერთოდ, საჩუქარს როცა უკეთებდა ვინმეს, ისეთს ჩუქნიდა, რაც მართლაც მოსაწონი იყო. შინ კი მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ძველი საშინაო კაბები დაგვრჩა, რომლებსაც საჩუქრად ვერც ვკადრებ ვინმეს. ჩვენთვის კი ძალიან ძვირფასია. ისე მსიამოვნებს, როდესაც დედაჩემის კაბა მაცვია… ჩავთვალოთ, რომ მე მაჩუქა ის კაბა. ჩემი ძმა რომ მეხუტება, მეუბნება, დედას ჰგავხარო. არადა არ ვგავარ. დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო და ახლა, ამ ჩემი ინსულტის გადამკიდე, მაინცდამაინც ვერ ვგავარ.

ამ ფოტოზე დედა 87 წლის არის და გახარებულია, ჩემი ძმა რომ ეხუტება,  ბრჭყვიალებს ბედნიერებისგან. მე როცა დავიბადე, ნათესავებს გული დასწყდათ,  დედასავით თეთრი და ლურჯთვალა რომ არ გამოვდექი. მეც მთელი ცხოვრება არ მომწონდა ჩემი თავი და ალბათ მაგიტომაც არ მჯეროდა, შალვასავით კარგ ბიჭს  რომ შევუყვარდი. დედასაც სულ ვეუბნებოდი, ბიჭი შვილი  უფრო გიყვარს-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, ამდენი ხანი იმიტომ იცოცხლა, რომ ჩემთვის მოევლო და 92 წლის ასაკამდე აქეთ მივლიდა. თუ შეიძლება ადამიანი ერთი სიტყვით დაახასიათო, დედაჩემის დასახასიათებლად  ეს არის სიტყვა “მზრუნველი”.

დედა 92 წლის გარდაიცვალა. იმ დღეს  ძალიან ცხელოდა და თრომბი დაეძრა. იშემიური ინსულტი დაემართა. დედაც  წნევიანი იყო ჩემსავით, მე ჰემორაგიული ინსულტი დამემართა, დედას – იშემიური. ყველაფერი ვიღონეთ მის გადასარჩენად, მაგრამ ვერ მოხერხდა.  ერთი კვირა აპარატზე იყო შეერთებული და მერე გული გაუჩერდა.

– 2014 წელს თქვენი ლექსების კრებული დაიბეჭდა. ლექსებს კიდევ წერთ?

– მეორე კრებული მზად მაქვს, მაგრამ გამომცემელი ვერ ვნახე. მეუბნებიან, რომ საქართველოში პოეზია ისე არ იყიდება, როგორც პროზა. ჩემი პირველი  წიგნი კი პრეზენტაციაზევე გაიყიდა მთელი ტირაჟი. ვისაც არ ერგო, იმ პალამენტის წევრებს საჩუქრად დავურიგე და  2012 წლის პარლამენტის და მთავრობის თითქმის ყველა წევრის ოჯახს აქვს ჩემი “მოვიქცეთ ჯაზურად”.

პირველი კრებულის ლექსები მაშინ დავწერე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გამიშვა ნაადრევ პენსიაზე. ბოლო დროს პროზასაც შევეჭიდე. ვაპირებ, დავწერო საქართველოს ისტორიული ამბები. ჟურნალისტი ვარ, ძალიან ბევრი რამ მახსოვს და დოკუმენტური დადასტურებაც მაქვს ვიდეოთი. მინდა, ეს ყველაფერი აღვწერო, როგორც ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა, რომელმაც ეს ყველაფერი გამოიარა და ახლოდან დაინახა.