მსახიობი ზაზა მაღალაშვილი: ,,ჩემი შვილი ექიმმა დააყრუა, სმენის ნერვი გადაუწვა”

მსახიობი ზაზა მაღალაშვილი: ,,ჩემი შვილი ექიმმა დააყრუა, სმენის ნერვი გადაუწვა",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მსახიობი, რეჟისორი და პოეტი, ზაზა მაღალაშვილი, მრავალი წელი ჰოლანდიაში ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად. იქ შვილის გადასარჩენად წავიდა, რომელსაც საქართველოში დარჩენის შემთხვევაში ემუქრებოდა, რომ სამუდამოდ სმენის პრობლემა ექნებოდა. ზაზამ მრავალ ქარტეხილს გაუძლო და ახლა მის ქალიშვილს წარმატებული კარიერა აქვს და უკვე დედაცაა – 2 წლის მარიტა ჰყავს. მსახიობი რამდენიმე წლის წინ მარტო დაბრუნდა საქართველოში და მეორე ოჯახი შექმნა, მაია ჩიკვაიძეზე იქორწინა.

ზაზა მაღალაშვილი: მარიტა უნიჭიერესი ბავშვია. მენატრება ეს პატარა ნეაპოლელი გოგო – მამამისია ნეაპოლელი. მოგეხსენებათ, მარიტას დედამ, ჩემმა შვილმა, სალომემ, 2 წლის ასაკში დაკარგა სმენა, მაგრამ მაშინ ყველაფერი გავაკეთე, რომ 1993 წელს მის გამო აქედან წავსულიყავი და მიმეღწია იმისთვის, რაც დღეს მაქვს – სალომე დღეს ჩემი ულამაზესი შვილიშვილის დედაა, მუშაობს და საუბრობს სამ ენაზე.

მაშინ აქ გადაგვიწყვიტეს იმედი, რომ სალომე ოდესმე მოისმენდა რამეს და საუბარს შეძლებდა. უბნის ექიმმა დიდი რაოდენობით ,,გენტამიცინი” დაუნიშნა და ბავშვი დააყრუა. 41 გრადუსი ჰქონდა სიცხეები და ეს წამალი იმდენი გაუკეთა… ცოცხალი გადარჩა, მაგრამ სმენის ნერვი გადაუწვა. ეს იყო ექიმის შეცდომა. გადაარჩინა, მაგრამ დააკარგვინა სიცოცხლეში ისეთი რამ, რაც მხოლოდ მას კი არა, ყველას გვტკიოდა…

– საქართველოში სიყვარულმა დაგაბრუნათ თურმე მარტო, შვილებისა და მათი დედის გარეშე… როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?

– დიახ, ასე იყო. სიყვარული ის არის, რასაც ადამიანი გულით ატარებ… შვილების მონატრება ძალიან რთულია, საშინელებაა, როცა წლები არ შეგიძლია შვილები ნახო… იქ იმდენად დავიღალე იმ ყველაფრით, რაც მქონდა… იქ სხვას ემსახურები და ფიქრობ, რამდენი რამის გაკეთება შეგიძლია შენი სამშობლოსთვის, ანუ შენი ოჯახისთვის – სამშობლო ხომ შენი ოჯახია?!

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”