,,სარკე”, ავთო ჩიტიძე
მომღერალ თამთა ჭელიძის ცხოვრებაში სპეციალისტების დახმარების შედეგად მძიმე, ხანგრძლივი დეპრესიული ეტაპი დასრულდა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამაში პანდემიამ შეუწყო ხელი. ბოლო ერთმა წელმა მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა – მივიდა ექიმთან და დაამარცხა ყველაზე რთული რამ, რასთან ბრძოლასაც წლები შეალია.
მსახიობ ჯაბა კილაძესთან განქორწინების შემდეგ თამთა ნელ-ნელა ეფლობოდა დეპრესიის მორევში, ამან კი თავისი უარყოფითი კვალი დატოვა როგორც მის კარიერაზე, ასევე პირად ცხოვრებაზეც.
თამთა რთულ ცხოვრებისეულ პერიოდზე ,,სარკესთან” საუბრობს:
-ველოდებოდი იმ დღეს, როცა დავძლევდი რთულ პერიოდს.ცხოვრებაში მქონდა დეპრესიული პერიოდი, რომელთან ბრძოლაც ძალიან მიჭირდა. ბოლოს მივხვდი,პროფესიონალთან უნდა მივსულიყავი და ახლა ცნობილი ექიმი მეხმარება, რომ საბოლოოდ გავიმარჯვო ამ დეპრესიასთან ბრძოლაში.
-დეპრესიული პერიოდი დიდხანს გრძელდებოდა თქვენს ცხოვრებაში?
-ალბათ 15 წელი გრძელდებოდა.მეგონა,თვითონ ვუშველიდი თავს,მრცხვენოდა ექიმთან მისვლა, მაგრამ სანამ ეს ნაბიჯი არ გადავდგი, ვერაფერი მოვუხერხე.საკუთარი თავი დაკარგული მყავდა.
-მაინც საიდან იღებს სათავეს ეს ხანგრძლივი დეპრესია?
-დღეს რომ ვაანალიზებ, ამის დასაბამი იყო ჩემი ოჯახის დანგრევა. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა და დიდი იმედგაცრუება იყო. ორსულობა და მშობიარობა მქონდა ურთულესი, რასაც მოჰყვა პოსტსამშობიარო დეპრესია.ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა.
-როდესაც თქვენ და ჯაბა გაშორდით ერთმანეთს, როგორ ცდილობდით, ეს მტკივნეული არ ყოფილიყო ლიზასთვის?
-შვილს ჩემგან არასოდეს გაუგია ცუდი არც ჯაბაზე და არც მის ოჯახზე. სიგიჟემდე უყვარს მამა და ბაბუა-ბებია.ვეცადეთ, ჩვენი გაშორებით დიდი ტრავმა არ მიეღო.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”
