ბადრი ვადაჭკორიას სამი სასწაული ცხინვალში, სინას მთასა და ნეპალში

ბადრი ვადაჭკორიას სამი სასწაული ცხინვალში, სინას მთასა და ნეპალში,,სარკე”, ნანა კობახიძე

ბადრი ვადაჭკორია, ცნობილი ფოტოხელოვანი და მოგზაური, თავისი მრავალფეროვანი ცხოვრებიდან და საინტერესო გზიდან, რომელიც დღემდე გამოიარა, ,,სარკეს” სამ ყველაზე შთამბეჭდავ ეპიზოდს უამბობს:

პინოჩეტის პირადი რეპორტიორი

– ცხოვრებაში მრავალი საინტერესო რამ შემემთხვა. განსაკუთრებით შთამბეჭდავ ეპიზოდებს გავიხსენებ. ეს მოხდა 1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დროს. მაშინაც, როგორც ყოველთვის, რამდენიმე ადგილას ვმუშაობდი: ტელევიზიაში, პრესაში…

მე და ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი გაზეთ ,,დრონის” დავალებით შევხვდით საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი ხოშტარიას. რომ ვბრუნდებოდით, ზურგის უკან ხმა მომესმა:

– სენიორ! სენიორ!

თავს უცხოელი, ახმახი კაცი წამომადგა, მომაწოდა ფურცელი, სადაც ჩემი სახელი და გვარი ეწერა. მანიშნა, რომ ამ ადამიანს ეძებდა. მე ვარ-მეთქი, მივუგე. მელაპარაკებოდა ხან ესპანურად, ხან პორტუგალიურად, მაგრამ არც ერთი ენა მესმოდა. ვერ გამაგებინა, რა უნდოდა. ამასობაში წამოგვეწია რუსი თარჯიმანი, რომელიც “ახალი ამბების” სააგენტოდან გახლდათ.

– იმუშავებ ჩვენთან რამდენიმე დღით? – შემომთავაზა უცხოელმა და რიგიან ანაზღაურებას დამპირდა. ის აღმოჩნდა ელიო გასპარი, მსოფლიოში ცნობილი ჟურნალისტი, პოპულარული ბრაზილიური ჟურნალის კორესპონდენტი მოცემულ შემთხვევაში და, იმავდროულად, მთავარი რედაქტორი. მისი ჟურნალი, სახელწოდებით “ვეჟა”, მსოფლიოში რიგით მეხუთეა ტირაჟით, მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს.

ელიო გასპარი მოგზაურობდა საქართველოში და სურდა შეხვედრა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან, ასევე – რამდენიმე ადგილის მონახულებაც, მათ შორის სამაჩაბლოსიც. ბრაზილიაში სახელმწიფო ენა პორტუგალიურია და ამავე ენაზე გამოდის ჟურნალი “ვეჟაც”, მაგრამ ჩემთან გასპარი საუბრობდა ესპანურად და თარჯიმანიც ახლდა ესპანურ-რუსულის.

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ელიო გასპარი იღებდა ინტერვიუს ზვიად გამსახურდიასგან. დრო ვიხელთე და ბატონ ზვიადს ვთხოვე:

– ცხინვალში უნდა წავყვე სტუმარს და, თუ შეიძლება, საზღვარზე გააფრთხილეთ.

პრეზიდენტმა მყისვე დარეკა საჭირო ადგილას და მითხრა:

– პოლკოვნიკი შაქრო წინწკალაძე არის კომენდანტი, ის მოგიგვარებს ყველაფერს.

ელიო გასპართან და თარჯიმანთან ერთად გორში გავემგზავრე. სტუმარს აინტერესებდა სტალინის სახლ-მუზეუმის ნახვა, თუმცა დაკეტილი დაგვხვდა და შესვლა ვერ შევძელით.

გავეშურეთ ცხინვალისკენ. მოგეხსენებათ, გორიდან ცხინვალამდე 26 კილომეტრია. იმ დროს ქართულ-ოსური კონფლიქტი, ეთნოპოლიტიკური დაძაბულობა მძვინვარებდა. მე კი სტუმრებთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარ ადმინისტრაციულ ცენტრში უნდა შევსულიყავი. ეს დიდი რისკი იყო.

– სტუმრებს შეუძლიათ, შევიდნენ ცხინვალში, შენ კი არ გაბედო შესვლა, თორემ შარი ამიტყდება, იქიდან შენი გამოხსნა გაჭირდება, – მკაცრად გამაფრთხილა კომენდანტმა შაქრო წინწკალაძემ.

გადავწყვიტე, სტუმარი თარჯიმანთან ერთად საზღვრამდე მიმეცილებინა და შემდეგ უკან დავბრუნებულიყავი. გზაში საუბრით ვიქცევდით თავს. საუბარ-საუბარში ვერც კი შევნიშნე, როგორ აღმოვჩნდი ცხინვალში. უკან ხომ ვეღარ გამოვიქცეოდი?!

საგონებელში ჩავვარდი. ბოლოს გამოსავალი ვიპოვეთ: შევთანხმდით, ვითომ მეც ვიყავი უცხოელი, ოკეანის გაღმა ქვეყნიდან, ხუან არმანდო მერქვა. ეს სახელი თავად მოვიფიქრე. გასპარმა დამიმატა გვარიც – ველასკესი.

– ვითომ ხარ პინოჩეტის პირადი ფოტორეპორტიორი, – ეს აზრიც გასპარმა მომაშველა. ამან გაგვამხიარულა, ვიცინოდით.

ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მამაცი ვარ, მაგრამ მაინცდამაინც არ შემშინებია. დავიწყე როლის თამაში, საუბარში ვიყენებდი ელემენტარულ სიტყვებს ესპანურად: “დიახ, სენიორ!”, “გმადლობთ, სენიორ!”, “ფოტო, სენიორ!”

კიდევ კარგი, საბუთები არ მოუთხოვიათ. ფიზიკურად მე უფრო ვგავდი უცხოელს, ვიდრე ჩემი თანამგზავრები. ოსურ მხარეს ჩემში ეჭვი არ შეჰპარვია. პირიქით, მოეწონათ კიდეც, ჩილეს დიქტატორი პრეზიდენტის, აუგუსტო პინოჩეტის, პირადი ფოტოკორესპონდენტი რომ “აღმოვჩნდი”.

ცხინვალში ე.წ. შინაგანი ძალების შტაბის სამხარეო კომიტეტში მივედით, შევხვდით პასუხისმგებელ პირებს: ე.წ. შინაგანი ჯარების პრესსამსახურის უფროსს, არკადი პრონინს და ალიდა ქუმარიტოვას – ცხინვალის ე.წ. ადმინისტრაციის ერთ-ერთ ფუნქციონერს. გასპარმა თარჯიმნის დახმარებით ინტერვიუები ჩაწერა მათთან. მე ფოტოებს ვიღებდი.

რუსულად რომ ლაპარაკობდნენ, ყურადღებას არ ვაქცევდი, ვითომ ჩემთვის უცხო იყო და არ მესმოდა, სინამდვილეში საუბრის შინაარსს ვიმახსოვრებდი. როგორც კი თარჯიმანი ესპანურად თარგმნიდა, მაშინ გამოვხატავდი ემოციას ჟესტებით, თავს ვაქნევდი… საუბრის დროს ერთი შეცდომაც კი არ დამიშვია.

მასპინძლებმა პატივისცემა არ მოგვაკლეს, მით უფრო, რომ პინოჩეტის ფოტორეპორტიორი “ვიყავი”… მოსწონდათ ჩემი “შეფი” პინოჩეტი, მისი მკაცრი ხელი. ამ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ. საუბარში აღნიშნავდნენ, რომ არ უნდოდათ არც საქართველო, არც რუსეთი…

– რას ფიქრობთ ქართველებთან მოლაპარაკებაზე? – ჰკითხა გასპარმა პრონინს.

– მათ ურჩევნიათ, დაიხოცონ! – მიუგო პრონინმა.

ისიც თქვეს, გამსახურდიას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა უნდა გაეუქმებინა და არა – ოლქიო. ეს ჩვენს პრეზიდენტს პოლიტიკურ შეცდომად ჩაუთვალეს.

იმ პერიოდში დაპირისპირებულები იყვნენ ზვიად გამსახურდია და გიორგი ჭანტურია. გასპარს ჰკითხეს, ნუთუ ორივეს ერთად შეხვდი, ხომ არ შერიგდნენო. გასპარმა მიუგო, რომ მათ ცალ-ცალკე შეხვდა.

მზვერავის როლში აღმოვჩნდი, ფოტოებს ვიღებდი, მასპინძლები სიამოვნებით პოზირებდნენ. თავისებური განცდა იყო – “დიდი გენერლის რეპორტიორის” საფარქვეშ იდგა ქართველი ბადრი ვადაჭკორია.

უკან დაბრუნებისას მშვიდად ვიყავი, საზღვარი რომ გადმოვკვეთეთ, მაშინღა შევყვირე ქართულად მოზღვავებული ემოციით, რაკი გადავრჩი. ემოციებითაც დამხვდნენ.

– კიდევ კარგი, გადაურჩი, ტყვედ რომ ჩავარდნილიყავი, მერე ჩვენი გამოსასყიდი გახდებოდიო, – სიტყვა მომაგება შაქრო წინწკალაძემ.

მთლიანობაში საუკეთესო ფოტორეპორტაჟი გამოვიდა. სამწუხაროდ, ყველა მნიშვნელოვანი, ღირებული ფოტო გასპარს ფირის სახით გავატანე ბრაზილიაში. მხოლოდ რამდენიმე დამრჩა.

გული მტკივა, ჩვენ შორის ის საარაკო ძმობა, მეგობრობა და დამოკიდებულება რომ დაინგრა, გაცამტვერდა. რამდენი ოსი მეგობარი მყავდა! ანზორ ფუხაევი ტელევიზიაში მუშაობდა, “მოამბის” ერთ-ერთი რედაქტორი, საუკეთესო პიროვნება გახლდათ. მასთან და მის ოჯახთანაც ვმეგობრობდი. ოსი გოგონა, ნელი ხუგაევა, თითქმის ჩემი შეყვარებული იყო, ერთად ვმუშაობდით… როგორ გაქრნენ თვალსაწიერიდან ოსი მეგობრები! ყველა მიყვარს და მენატრება.

სინას საგანძური

– 2007 წლის 12 ოქტომბერს სტუმრად მიგვიწვიეს საპატრიარქოში, ილია მეორესთან. იქ შევხვდი უცხოეთში მცხოვრებ დიდ ქართველს და მეცენატს, ოთარ მარღანიას. 25 დეკემბერს ჩვენი უწმინდესის აღსაყდრებიდან 30 წელი სრულდებოდა. მე და ოთარი ვფიქრობდით, რა საჩუქარი მიგვეძღვნა უწმინდესისთვის საიუბილეო დღესთან დაკავშირებით.

გადავწყვიტეთ, შეგვედგინა მაღალპოლიგრაფიული წიგნი, რომელიც მოიცავს ქართული კულტურის ძეგლებს უცხოეთში, სახელწოდებით “ქართული სული”. წიგნში შევიტანეთ 5 ქვეყანა: ეგვიპტე, თურქეთი (ტაო-კლარჯეთი), ისრაელი, აზერბაიჯანი (საინგილო), ირანი (ფერეიდანი).

უწმინდესისგან მივიღეთ კურთხევა და პროექტის განსახორციელებლად პაატა ნაცვლიშვილთან ერთად წავედი ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულზე. პაატა, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი ჟურნალისტი და მწერალია, საიმედო მეგობარი და კარგი ადამიანიც გახლავთ.

წმინდა ეკატერინეს მონასტერი მდებარეობს სინას მთის ძირას. ამ მონასტერში ბერმონაზვნური ცხოვრება მე-3 საუკუნიდან დაიწყო და საუკუნეთა მდინარებაში უწყვეტად ფუნქციონირებდა. იქ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი წიგნსაცავი ვატიკანის შემდეგ, უმნიშვნელოვანესი ბიბლიოთეკა, უნიკალურ ხელნაწერთა ფონდი, მათ შორის – ქართულიც.

იქ დაცულია პირველი თარიღიანი ქართული ხელნაწერი – 864 წლის სინური მრავალთავი, რომლის ყდა მე-10 საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუშია. სინას მთაზე ჩვენს წინაპრებს თავისი მონასტრებიც ჰქონდათ უმდიდრესი წიგნსაცავით, ხელნაწერთა ნუსხით. გამოყოფილი ჰქონდათ სამკითხველო დარბაზი, წიგნის გარეთ გატანა იკრძალებოდა. ზოგიერთ ქართულ წიგნს იმ მონასტრებშივე წერდნენ და აფორმებდნენ, ზოგიც პალესტინის ქართული კერებიდან შემოჰქონდათ.

წმინდა ეკატერინეს მონასტერში შევხვდით სომხურ დელეგაციას, 10 დღე იდგნენ რიგში, მონასტრის წინამძღვარს, ეპისკოპოს დამიანეს რომ მიეღო. მე და პაატა კი კადნიერად მივეჭერით ეპისკოპოსს, ჩემი წიგნები მივართვით და, რაც მთავარია, ჩვენი პატრიარქის გულთბილი მოკითხვაც გადავეცით. ეპისკოპოსმა ეს ყველაფერი გულთან ახლოს მიიტანა და მაშინვე დაგვაკავშირა მამა იუსტინეს, რომელსაც ებარა წიგნსაცავი.

მამა იუსტინემ სიყვარულით მიგვიღო, მოგვეფერა, გამოგვიტანა ქართული საგანძური და საშუალება მოგვცა, ფოტოები გადამეღო. ჩვენი უწმინდესის ლოცვა-კურთხევამ გაჭრა, დაუბრკოლებლად რომ მივედით ხელნაწერებთან.

იმავე ღამით, 11 საათზე, გავეშურეთ სინას მთის მწვერვალისკენ. სინას მთაზე მისასვლელად 7,5 კილომეტრი უნდა იარო ფეხით, შეგიძლია სახედრით ან აქლემითაც, ხოლო მთის წვერზე რომ ახვიდე, 740 საფეხურის ავლაც უნდა შეძლო, მხოლოდ ფეხით. ეს საფეხურები პირობითია, ზოგი დიდია, ზოგიც პატარა… 12 ნოემბერი იყო, მე და პაატა მთელ ამ გზას (7,5 კილომეტრს და 740 საფეხურს) ფეხით შევეჭიდეთ. გამთენიისას, 4-5 საათზე, ავედით მთის წვერზე, სადაც პატარა სამლოცველოა.

სინას მთაზე აისი არის ნამდვილი საოცრება, რამდენ ფერს იცვლის თითოეულ წამში! იქ მთელ მსოფლიოში შეუდარებელი აისია. მსგავსი სილამაზე არსად მინახავს, არც ერთ ქვეყანასა და მხარეში, თვით ბახმაროშიც კი!

სინას მთიდან ჩამოსვლა სხვა გზით მოგვიწია (გზა აგვებნა), სადაც 3400 პირობითი საფეხური ჩამოვიარეთ. ჩვენმა პატრიარქმა თავის დროზე ეს გზა ფეხშიშველმა აიარა, ამ მხრივაც გახლდათ საინტერესო… პაატა ალპინისტია, ნავარჯიშევი. ჩემთვის კი 60 წლის ასაკში ამ გზის გავლა არ იყო იოლი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ღირდა. აქაც უწმინდესის ლოცვა შემეწია.

ვერ ვიტყვი, რომ ეკლესიური ვარ, თუმცა ვცდილობ, 10 მცნება დავიცვა… იმ დღეს კი ლოცვის მადლი ცხადად ვიგრძენი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო, საინტერესო ეპიზოდი.

დაბოლოს, ჩვენ შევძელით შეუძლებელი – ორთვენახევარში უწმინდესის საჩუქარი უკვე მზად გვქონდა. 25 დეკემბერს ჩამოვიდა წიგნის პირველი 50 ეგზემპლარი სტამბულიდან, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული.

შამპანური ევერესტის თავზე

_ნეპალი არის ოცნება. მოგეხსენებათ, სამხრეთ აზიის რესპუბლიკაა. მსოფლიოს 10 უდიდესი მთიდან 8 მდებარეობს ნეპალის ჩრდილოეთით. ეს რვაათასიანი მწვერვალები განთავსებულია ჰიმალაიზე.

ნეპალში სპეციალური ტურით გავფრინდი, ვიყავი ერთადერთი ქართველი, რომელმაც იფრინა ჰიმალაის თავზე. თვითმფრინავში ორადგილიან სავარძლებზე თითო-თითო მგზავრი ვისხედით. 45 წუთი ვიფრინეთ ევერესტის და სხვა 8 ათასიანი მწვერვალების თავზე. თვითმფრინავში მგზავრებს შამპანური გაგვიხსნეს. პირველი მე ჩამომისხეს, როგორც განსხვავებული ჰაბიტუსის მქონეს. სასწაული შეგრძნება იყო! ევერესტის თავზე შევსვი იმ ადამიანების ხსოვნის სადღეგრძელო, რომლებიც მწვერვალების დაპყრობას შეეწირნენ.

საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ზემოდან დაჰყურებ მწვერვალებს, რომლებზე ასვლას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ნეპალში მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის. ძალიან საინტერესო, თუმცა უღარიბესი ქვეყანაა, უთბილესი ხალხით.