,,არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ” – უიარაღო ჯარისკაცები, რომლებიც სიცოცხლეს რისკავენ

,,არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ" - უიარაღო ჯარისკაცები, რომლებიც სიცოცხლეს რისკავენ,,სარკე”, ირინე მჭედლიძე

„არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ“  _ უთქვამს სიკვდილს წინ ჟურნალისტ დათო ბოლქვაძეს, რომელიც 1993 წლის 28 ოქტომბერს სამეგრელოში სამხედრო ტყვეებთან ერთად დახვრიტეს. ახალგაზრდების დახვრეტა საჯაროდ, ბევრი ადამიანის თვალწინ მოხდა. მოგვიანებით თვითმხილველებმა სასამართლოს დაუდასტურეს, რომ 28 ოქტომბრის ტრაგედია ლოთი ქობალიას ხელით და მისი ორგანიზებით დატრიალდა.

დღეს რომ აფხაზეთის ომის კადრები გვაქვს, ამაში დიდი წვლილი სწორედ დახვრეტილ ჟურნალისტს მიუძღვის. ,,პირველი არხის” არქივი დათო ბოლქვაძის გადაღებულ უამრავ კადრს ინახავს. აფხაზეთში ერთი თვით გაუშვეს გადაღებაზე, მაგრამ იქ 3 თვით დარჩა. ომს გადაურჩა, მაგრამ სამეგრელოში აგრესიული ადამიანების ჯგუფმა იმსხვერპლა.

დღეს დათო ბოლქვაძის სახელი აშშ-ში, ცხელ წერტილებში მომუშავე, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს დაღუპული ჟურნალისტების მემორიალზეა დატანილი. იქვეა წარწერაც:  „მე ვიდექი, როცა სხვები გარბოდნენ, მე ვასრულებდი ჩემს მოვალეობას“.

აფხაზეთის ომში დაიღუპა მსახიობი და ჟურნალისტი საშა იოსელიანი, რომელსაც ბოლომდე კამერა ეჭირა ხელში და ომის ცეცხლს იღებდა.

2008 წლის აგვისტოს ომში 3 ჟურნალისტი დაიღუპა და 11 დაშავდა. 10 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან ტელეკომპანია „ალანიას“ ჟურნალისტი,  გიგა ჩიხლაძე და ფოტოგრაფი, ალექსანდრე კლიმჩუკი დაიღუპნენ. 12 აგვისტოს ჰოლანდიელი ტელეოპერატორი, სტან სტორიმანსი გორში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. აგვისტოს ომის ქრონიკა, ფოტო და ვიდეო მასალებიც ჟურნალისტების სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასადააა მოპოვებული, რომლებიც ტყვიების ცეცხლში იდგნენ და იქიდან მთელ მსოფლიოს უყვებოდნენ, რა ხდებოდა საქართველოში.

-ომის ამბები არ არის უბრალოდ ნიუსი, ეს არის კატასტროფა, რომლის გადაღებას და აუდიტორიისთვის მიწოდებას ძლიერი ფსიქიკა სჭირდება… მუდმივად ისმოდა სროლის ხმა, ვუყურებდით რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებიც საქართველოს საჰაერო სივრცეში დაფრინავდნენ, გამოჰყავდათ დაჭრილები… ასმაგად უფრო მძიმეა, როცა უყურებ და იღებ ომს შენს ქვეყანაში, ხედავ შენი ქვეყნის ჯარისკაცები იღუპებიან, იღუპებიან ბავშვები, ახალგაზრდები, მშვიდობიანი მოსახლეობა შენ თვალწინ ტოვებს სახლებს. ხვდები, რომ შენი სამშობლო იწვის, აგრესორი ყველა მხრიდან შემოდის…

ამის ნახვა, გადაღება იმდენად ძნელია, მხოლოდ პროფესიული ვალდებულება გეხმარება ამ დროს და პასაუხისმგებლობის გრძნობა, _ ყვება ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა.

აგვისტოს ომის დროს პირდაპირ ეთერში დაიჭრა საქართველოს ,,პირველი არხის” ჟურნალისტი. ფოტოკორესპონდენტმა გიორგი აბდალაძემ თავისი სიცოცხლის რისკის ფასად გადაიღო ის ფოტოები, რომლებმაც მთელი მსოფლიო შეძრა და აალაპარაკა.

სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ კი, როცა უცნობი ვირუსი ათიათასობით ადამიანს ანადგურებდა მთელ მსოფლიოში, ქართველი ჟურნალისტები კლინიკების წინ ათენებდნენ და აღამებდნენ, რომ საზოგადოებისთვის ინფორმაციები მიეწოდებინათ. მაშინაც ომში იყვნენ, ოღონდ უხილავ მტერთან ბრძოლაში, მაგრამ საკუთარი სიცოცლის რისკის ფასად მაინც ცდილობდნენ, მაქსიმალურად მეტი რამ გვცოდნოდა უცნობ ვირუსზე.

სამწუხაროდ, 5 ივლისს ქუჩაში გამოსულ მოძალადეებს ეს ყველაფერი არ გახსენებიათ. მათ ჟურნალისტებს კამერები და მიკროფონები თავზე გადაალეწეს, 50-ზე მეტი ჟურნალისტზე მათი ძალადობის მსხვერპლი გახდა.