თუში ქალისა და დანიელი ვიკინგის სიყვარულის ამბავი

თუში ქალისა და დანიელი ვიკინგის სიყვარულის ამბავიჩემი შვილები საქართველოში უნდა გაიზარდონ, მაგრამ მათ ცხოვრებაში რაღაც დოზით ყოველთვის იქნება ამერიკა. ამავე დროს დაიზრდებიან ქართული ტრადიციებით, თუშეთისა და კახეთის, ნათესავების, მეგობრების სიყვარულით. იქნებიან ნამდვილი კაცები და ნამდვილი ქალები და არა მხოლოდ პროფესიასა და სამსახურზე ჩაციკლული რობოტები.

– მეღვინე როგორ გახდით?

– ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდში ოლაფი კახეთში ხშირად დამყავდა, სოფლები მოვატარე. არგოხში მამაჩემის მეგობართან მივიყვანე, იგი მეღვინეა. ოცლიტრიანი გაგვიხსნა და ღვინო გაგვასინჯა.

ოლაფმა კარგად იცის ღვინის გემო და ფასი. მისი მშობლები ექიმები იყვნენ, ხშირად მოგზაურობდნენ ევროპაში შვილთან ერთად და საუკეთესო ღვინოებს აგემოვნებდნენ. თან პროფესიით ქიმიკოსია, ბიოლოგიაც შესანიშნავად იცის. ღვინო რომ დააგემოვნა, გაოცებულმა იკითხა, რა ჯიში იყო. მასპინძელმა აგვიხსნა, რომ ეს იყო უძველესი ქართული ენდემური ჯიში – ქისი.

იმ პერიოდში ჯერ კიდევ იაფი იყო მიწის ნაკვეთები კახეთში და იმ სოფელში 1 ჰექტარი სულ რაღაც 1000 ლარად ვიყიდეთ. ნელ-ნელა გავზარდეთ 30 ჰექტრამდე. ამერიკაში ყოფნისას გადავწყვიტეთ, ჩვენს მიწაზე ზვარი გაგვეშენებინა და 17 ჰექტარზე გავაშენეთ ძირითადად ქისი.

– ბავშვობიდან გამოგყვათ ცხენების დიდი სიყვარული და დღეს საკუთარი ცხენებიც გყავთ.

– დიახ. თუშეთში ტრადიცია არ არის, ქალი მოჯირითე იყოს, მე კი ჯიუტად მივდიოდი ამის წინააღმდეგ. ზაფხულში თუშეთობაზე დოღი იმართებოდა და ედუარდ შევარდნაძეც ესწრებოდა.

დოღში 20 ახალგაზრდა ვაჟი მონაწილეობდა და მე – ერთი გოგონა. პირველი მივედი. ედუარდ შევარდნაძემ მომილოცა, გადამკოცნა და ორი ასლარიანი მაჩუქა. მაშინ 15 წლის ვიყავი.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”