ბელა ალანია: ,,შალვას კარი მე უნდა გავუღო, სანამ ცოცხალი ვარ”

ბელა ალანია: ,,შალვას კარი მე უნდა გავუღო, სანამ ცოცხალი ვარ",,სარკე”, ირინე მჭედლიძე

,,შარშან, აღდგომას, წმინდა ცეცხლი მოვიტანე შინ. მთელი გზა ხელისგულებს ვაფარებდი, რომ არ ჩამქრალიყო. ვნერვიულობდი. არადა შინ დამხვდა ბექას მოტანილი ანთებული სანთელი, იმედად დანთებული მომავალი! წლეულს, აღდგომას კი პალატაში ვწევართ. დილით პასკა და კვერცხი დავულაგე შალვას ლანგარზე.

– მოდი, მივაჭახუნოთ წითელი კვერცხი!.. აი, გაგიტეხე, მოდი, კიდევ, ესეც…

ხალისით ამყვა. რამდენჯერ ვცადე, ყველა გავუტეხე. უხერხულად ვიგრძენი თავი. არ ვიცი, ასე რატომ გამოდიოდა…

წარსულიდან თვალწინ მედგა პალატა ვენის საავადმყოფოში, სადაც გულის (ჰო, გულის!) მძიმე ოპერაციის შემდეგ შალვა იწვა. დათქმულ საათებში მივდიოდი, კარის უკან ცოტა ხანს სულს ვითქვამდი, რომ ხმაში კანკალი არ გამპარვოდა. ომახიანად უნდა შემეღო კარი და ასევე შემართულად მომეკითხა. ვითომ არც არაფერი მომხდარა, გულის ოპერაცია ჩავლილია, ყველაფერი კარგადაა!..

სინამდვილეში კი მეშინოდა. მეშინოდა კედელზე დაკიდებული კარდიოგრამის აპარატის, მეშინოდა შალვას სიფერმკრთალის… და მთელი სამყარო იყო ჩემთვის ორი სიტყვა: ,,კარგად ვარ!”. ეს ორი სიტყვა მილიონჯერ გადაწონიდა სხვა დანარჩენ სიკეთეებს, სიხარულებს, აღტაცებებს…”, – დაწერა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის, ცოლმა, პოეტმა ბელა ალანიამ, იმ რთულ დღეებში, როცა მეუღლესთან ერთად კოვიდ-19-ს ებრძოდა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის 349-ე პალატაში.

შალვა ნათელაშვილის და ბელა ალანიას ოჯახი თითქმის 30 წლისაა. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ქარტეხილი გადაიარეს, მათ ირგვლივ ბევრი ვინმე და ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ მათ ურთიერთობაში ფერები არ გახუნებულა. როგორც ქალბატონი ბელა “სარკესთან” ამბობს, მისი მეუღლე არაფრით განსხვავდება იმ ახალგაზრდა შეყვარებული კაცისგან, საქართველოდან მოსკოვში გულისჯიბით იები რომ ჩაუტანა.

– ქალბატონო ბელა, პირველ რიგში, როგორ გრძნობთ თავს ოჯახში, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

– ომის შემდეგ მშვიდობა რომ ჩამოდგება, თან ჰორიზონტს რომ გასცქერი და ფიქრობ, ნეტავ, იქიდან ვინმე კიდევ ხომ არ გესვრის რამეს, სწორედ ასეთი განცდა მაქვს.

– ანუ მართალია, როცა ამბობენ, რომ ეს ვირუსი ფსიქიკაზეც მოქმედებს და არა მარტო ფიზიკური ცვლილებები ხდება, არამედ სულიერი რყევებიც.

– ვთვლი, რომ საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული ვარ, მაგრამ, როგორც კი კოვიდი შემეყარა, ცრემლები მდიოდა. ჩემთვის გაურკვეველი იყო, რატომ ვტიროდი. ეს ვირუსი ფსიქოტერორისტია. უკლებლივ ყველას ნერვულ სისტემაზე ურტყამს, ორთაბრძოლაში იწვევს. განწყობის ვირუსია, როგორც დაუხვდები, ისე მოიგერიებ.

შალვა საკმაოდ ძლიერი ადამიანია. ის არ შეუშინდა, არ ჩაუწვა, ჩვეულებრივად გააგრძელა ცხოვრება, მუშაობდა, ვარჯიშობდა. ფილტვების დაზიანება მასაც ჰქონდა, მაგრამ  უფრო მსუბუქად გადაიტანა, რადგან ვირუსი არაფრად ჩააგდო. მე უფრო მგრძნობიარე აღმოვჩნდი, შეშინებული შევხვდი და ამიტომაც უფრო გამირთულდა. ჩვენმა ქალიშვილმა, დაკომ, უსიმპტომოდ გადაიტანა. ბექა სოფელში იყო, ჩვენთან კონტაქტი არ ჰქონია და გადარჩა.

– არადა ბატონმა შალვამ რომ დაწერა, კორონავირუსი მაქვსო, საკმაოდ შემაშფოთებელი იყო, მას ხომ გულზე მძიმე ოპერაცია აქვს გაკეთებული.

ამაზეც არ ყოფილა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ქრონიკული დაავადება არ მაქვს, საშუალო სიმძიმის პაციენტი ვიყავი.

– კლინიკიდან გამოსულმა გამოაქვეყნეთ ახალი ლექსები და ჩანახატი “პალატა N 349”, რომელსაც ათასობით ნახვა ჰქონდა. საზოგადოება დიდხანს გიცნობდათ, როგორც ცნობილი პოლიტიკოსის  მეორე ნახევარს, ცოლს, ერთ დღეს კი აღმოაჩინეს, რომ შესანიშნავ ნოველებსა და ლექსებს წერთ. როგორი იყო თქვენი გზა პირველ წიგნამდე და რატომ დააგვიანეთ მკითხველამდე მისვლა?

თუ ადამიანი თვითკრიტიკული არ არის, ეს სითამამე გაუგებარი იქნება, პირველ რიგში კი, მკითხველისთვის. წლები სჭირდება იქამდე მისვლას, რომ შენი აზრები ბალიშის ქვეშ ამოდებული ნაწერი კი არ არის, არამედ სხვისთვისაც საინტერესოა. ეს სხვა პასუხისმგებლობაა. მე ამისთვის 4 ათეული წელი ვიარე და ამის შემდეგ დავდე წიგნები.

თითოეული წიგნის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ და მინდა, შემდეგი უკეთესი იყოს. არ ვიცი, რამდენად გამომდის, მაგრამ თუნდაც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს თუ ვახარებ, ესე იგი მცირედი მაინც შევძელი და ეს კმაყოფილების განცდას მანიჭებს. რამდენად ღირებულია ჩემი შემოქმედება, ამას დრო გვიჩვენებს. ძალიან მადლობელი ვარ უფლის, თუნდაც ერთი ლექსის დაწერა რომ შევძელი. ვფიქრობ, ამ ველზე ყველაზე დიდი და საინტერესო ბრძოლა ჯერ კიდევ წინ მაქვს.

– საინტერესოა, როგორ მიიღეს თქვენი ნაწერები ოჯახის წევრებმა, როგორ შეხვდნენ მათ სახლში უცებ გამოჩენილ მწერალს.

მე წლები ვიცხოვრე მათი ცხოვრებით, უცებ კი აღმოჩნდა, რომ ვწერ რაღაცას. როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ისე აღიქვეს წიგნი, რომელმაც წაიღო ჩემი ყურადღება, ჩემი დრო, ფიქრები, ინტერესები. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ იყო და ძალიან ეგოისტურად მიიღეს.

რაღაც პერიოდის მერე მიხვდნენ, რომ ეს ჩემი სულიერების ნაწილია. მე ამის გარეშე არასოდეს მიცხოვრია, სულ ვწერდი, ეს იცოდნენ, მაგრამ მერე გააცნობიერეს, რომ ეს უკვე ჩემი საქმე გახდა. ახლა მგონია, მე რომ დიდხანს არ დავწერო ან წერა მივატოვო, უფრო შეშფოთდებიან.

– მეუღლეს უძღვნით ხოლმე ლექსებს. ამას თქვენს ურთიერთობაში ალბათ დიდი სინათლე შემოაქვს.

– რა თქმა უნდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი, რასაც ვწერ, ერთ ადამიანს ეძღვნება. მაშინ მიძღვნა გამოვა და ეს არ იქნება შემოქმედება. ლექსი ემოციებით იწერება. ერთხელ პარკში ახალგაზრდა წყვილი დავინახე, ერთმანეთს რაღაც სიტყვები დააწიეს და ეს ისეთი ხელმოსაჭიდი აღმოჩნდა ჩემთვის, მათზე დავწერე ლექსი “არ შეიმჩნიო”. ვაჟმა გააფრთხილა, გთხოვ, ეს სიყვარული ძალიანაც არ შეიმჩნიოო და ასე დაიბადა სტრიქონები:

,,…თუ შეგეფეთო, თუ შემოგხვდე

სადმე უეცრად,

ჩემს თავს გაფიცებ, ეს შეხვედრა

არ შეიმჩნიო…

ჩემს ზღვა ფიქრებში ჩასაკარგად

არ მემეტები,

როგორც თოლია ზღვის ტალღაზე,

გთხოვ, შემიჩვიო.

პაწია სხივზე დავეტევი,

ხმასაც არ გაგცემ,

მცირე ადგილი მზის ქვეშ იქნებ

მეც შემირჩიო…”

შალვას არასოდეს ვეუბნები, ეს შენ გეძღვნება-მეთქი. რა საჭიროა ამის თქმა, როცა შეიძლება თავისი თავი ყველა სტროფში ამოიკითხოს?

– შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ ძალიან ფაქიზი, სათუთი, მოსაფრთხილებელი ხართ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ შალვა ნათელაშვილის გვერდით ძლიერი ქალი დგას და არც თქვენი სტრიქონების მიღმა ჩანს სუსტი ადამიანი.

მიუხედავად იმისა, რომ მტირალა და გულჩვილი ვარ, მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი ვარ. ძლიერი ვარ პროფესიულადაც. მე ვარ იურისტი, ეკონომისტი. განათლება მოსკოვის უნივერსიტეტსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღე, რა სალაპარაკოა, მაგრამ წითელ დიპლომზე დავამთავრე.

სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ჩემი ქმარი ოპოზიციაში იყო, უმუშევარ დიასახლისად ვიქეცი. ამ ქვეყანაში ჩემთვის სამსახური ვერ მოიძებნა, უფრო მეტიც, ახლა ეს “ესტაფეტა”  ჩემს შვილებზეც გადავიდა.

დაკომ რამდენჯერმე მიიღო თბილისის მერიასა და სამინისტროში გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობა, მაგრამ პასუხის ღირსადაც არ ჩათვალეს. ბექას შემთხვევაშიც იგივე მოხდა. როგორც კი რაღაც დოზით დააპირა პოლიტიკაში შემოსვლა, ისეთი წინააღმდეგობა შეხვდა, თითქოს ეს ბავშვი გერია ამ ქვეყნის.

ჩემს შვილებს საქართველოს გარეთ ერთი წუთი არ უცხოვრიათ, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ, წასულიყვნენ. დაკოს ჰოლანდიაში ტოვებდნენ, უამრავი სიკეთე შესთავაზეს, მაგრამ მაინც გამოიქცა. რა დააშავეს ამ ბავშვებმა, ინტელექტუალებმა, კარგებმა, საქართველოზე შეყვარებულებმა? თუმცა ჩვენს ქვეყანაში ის უნდა გაგიკვირდეს, ვიღაცამ პატიოსნება, პატრიოტიზმი, წესიერება დააფასოს.

__ ყველა პოლიტიკური პროცესი თქვენი ქმრის გარშემო ტრიალებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა მთელი ოპოზიცია მის ოფისში იკრიბებოდა და ცხელი ხაზიც იქ გადიოდა…

_ ეს ძლიერთა ხვედრია. შალვა ნათელაშვილს რაც უნდა ერთი პროცენტი დაუწერონ, თვითონ ხომ იციან, რომ ეს ასე არ არის. თუ ასეთი ერთპროცენტიანი გავლენა აქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, პოლიტიკურ პროცესებზე, მაშინ რატომ არის ნომერი პირველი სიძულვილის ობიექტი ამ ტროლ-ბოტების? ისმის კითხვა, რა დააშავა ამ ადამიანმა, რომელიც ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილა, ბიუჯეტთან შეხება არასოდეს ჰქონია, არავისთვის არაფერი წაურთმევია და მხოლოდ ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძვის?!

დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ მთელი ეს ხელისუფლებები ერთად რომ გადაადნო, ამდენი სიკეთე არავის ექნება გაკეთებული. სასწრაფო დახმარება, ადამიანების ბოლო იმედი რომ დადის უფასოდ, ეს შალვას წყალობით არის. სასკოლო განათლება რომ უფასოა, მარტო ამისთვის შევა შალვა ნათელაშვილი ისტორიაში.

იცით, როგორ გაიაფდა სინდისი? როცა შეგიძლია, შეუკვეთო ლანძღვა-გინება. მე ამ დროს ვფიქრობ ხოლმე, როგორი ძლიერია შალვა, რომ 30 წელია, პოლიტიკაშია და ჭორნიუსების იქით ვერაფერს ამბობენ. შალვას ბიოგრაფიის ნაწილია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს მოქალაქეობის კანონი, იარაღის შესახებ კანონი და კიდევ სხვა უამრავი კანონი, რაზეც დღეს საქართველოს სახელმწიფო დგას. ამას ხომ ვერაფერს უზამენ?!

არასოდეს არანაირი ანგარება არ ჰქონია. როცა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, მთელი ქვეყანა კუპონებად იყიდებოდა, ჩვენ კი მაშინ ბინას ვიშენებდით, კაპიკს კაპიკზე ვაწებებდით. მოსკოვში ჩემი ორი ბინა იმ წლებს შეეწირა.

__ ნანობთ ამას?

_ არა, რადგან რაღაც ეტაპი, რომელიც მე გავიარე მოსკოვში, დასრულდა, წამოვედი საქართველოში და იქ ყველაფერს დავემშვიდობე… იმ წლებში სულაც არ იყო საჭირო რამის გაყიდვა, ეკონომიკის სამინისტროში ერთი ზარიც საკმარისი იქნებოდა და 100-200 კუპონად იყიდდი უძრავ-მოძრავ ქონებას საქართველოში, მაგრამ ეს არ გაუკეთებია.

1995 წელს პარლამენტის წევრებისთვის დელისის მეტროსთან ბინები აშენდა. მაშინ ორ შვილთან ერთად  ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით ნუცუბიძის პლატოზე. ვუთხარი, ყველას აძლევენ უსასყიდლოდ და განცხადება შენც დაწერე-მეთქი. იცით, რა მიპასუხა? მე უპატრონო კაცი ვარ, ზურგს არავინ მიმაგრებს ჩემი სინდისის გარდა და მაგას ოდესმე ვინმე წამომაყვედრისო. მაგრამ ამ ქვეყანაში არავის არაფერს აყვედრიან, ეს ქვეყანა ყველამ ჭამა ლუკმა-ლუკმა. ეს იცით, რას ჰგავს? როცა შენი მეზობელი უსინათლოა და შეგიძლია, მიხვიდე, გაქურდო, ბოლო ლუკმა გაიტანო მისი სახლიდან, რადგან ვერ გხედავს.

ერთმანეთის ჭამაზე რატომ არიან ერთიანნი და რატომ არ არიან ერთიანნი, როცა ქვეყანას გვიღობავენ?! რატომ არ ვსაუბრობთ ამაზე, რატომ ვასუსტებთ ერთმანეთს?! რატომ ჰგონიათ, რომ შალვა ნათელაშვილს თუ ერთ პროცენტს დაუწრენ, ეს მისთვის სასჯელი იქნება?! დამიჯერეთ, არ არის ასე. უბრალოდ, ქვეყანა მეტს მოიგებდა, თუ ადამიანები ირწმუნებდნენ, რომ შეიძლება ხელისუფლება შეცვლება არჩევნებით…

__ ოპოზიციის წევრები, რომელიც ,,ლეიბორისტების” ოფისში მოლაპარაკებების მაგიდასთან იჯდა და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვდა, დღეს პარლამენტის დეპუტატები არიან. ალბათ გულგატეხილი ხართ ამაზე.  

_ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ყველაფერი არაჩვეულებრივად იციან. საკუთარ თავთან როცა რჩებიან მარტო, მაშინ ხომ მაინც აღიარებენ, ევროპიდან რომ ჩამოდიან დიპლომატები მოსალაპარაკებლად, ეს ,,ლეიბორისტების” ოფისში დაწყებული პროცესის გაგრძელებაა და სხვა არაფრის.

– პოლიტიკური ქარტეხილების, ბრძოლების, დაძაბულობის შემდეგ, როცა თქვენი ქმარი კარს აღებს და სახლში შემოდის, ამ დროს მას როგორი მეორე ნახევარი, როგორი გარემო სჭირდება?

– საღამოს, როცა კარზე ზარია, როცა მთელი ოჯახი სახლში ვართ, ყველამ იცის, რომ შალვას კარი მე უნდა გავუღო. სანამ ცოცხალი ვარ, ეს მე უნდა გავაკეთო. არასოდეს ვეკითხები: “დაიღალე?”, “როგორი დღე გქონდა?”… მე ისედაც ვიცი, რაც იყო, ყველაფერი ხელისგულზეა, ყველაფერს მის სახეზე ვკითხულობ. სახლში მას სჭირდება სიმშვიდე, ფისოსთან თამაში, რადგან ჯერ შვილიშვილები არ გვყავს, სჭირდება საუბრები სრულიად სხვა თემებზე.

არ მახსოვს, სახლში ჩემი განხილვის თემა ყოფილიყო ის საზიზღრობები, რასაც ზოგიერთი ე.წ. ტელეკომპანიიდან ვისმენ. როცა იცი, რა საქმესაც ხარ შეჭიდებული, შესაბამისად, ისიც იცი, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ამ გზაზე შენი ჯვარი.

– როგორ ახერხებთ, ქმარს ამ ენერგეტიკით შეხვდეთ და აღელვება არ შეიმჩნიოთ?

– სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ საკუთარ თავს არაჩვეულებრივად ვმართავ. შეიძლება შალვა მოვიდეს, დაჯდეს, ივახშმოს და მთელი ეს პერიოდი ხმა არ ამოიღოს, არც მე დაველაპარაკო, რადგან არის მომენტები, როცა სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვანია და არ არის საჭირო საუბრები. ამ დროს უბრალოდ უნდა გაჩუმდე. მშვიდი სიტყვა ამოღებულ ხმალს ხელიდან გააგდებინებს, ვისაც გინდა.

– ეს ქალური სიბრძნე დროსთან ერთად მოვიდა თუ თავიდანვე ფლობდით?

– ყველაფერი ნელ-ნელა მოდის, ლაგდება. ისე კი აჟიტირებული არასოდეს ვყოფილვარ. ერთადერთი, რაც მშველის, ის არის, რომ არ ვარ შურისმაძიებელი, დამახსოვრება არ ვიცი და გულწრფელად მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც ემოციებს ვერ მართავენ და შეუძლიათ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, ცილი დაგწამონ.

მეცოდება ხოლმე ის ადამიანი, რომელიც კვდება ლანძღვით და მზად არის, ჩემი სისხლი დაისხას და დალიოს. ერთი პიროვნება სულ ცუდ რაღაცებს მწერდა და, ვაიმე, ისე ვინერვიულე, ამდენ ენერგიას რომ ხარჯავს, ასე რომ მლანძღავს, გული არ გაუჩერდეს-მეთქი, შევეხვეწე, ნუ ნერვიულობთ, გული ცუდად არ გაგიხდეთ-მეთქი. იმდენი ვეფერე, თავი დამანება, ალბათ იფიქრა, ეს ნორმალური არ არისო.

– ეკრანზე გამოჩენის თუ სოციალურ ქსელში ფოტოს ატვირთვის შემდეგ ყოველთვის სალაპარაკო ხდება თქვენი ჩაცმულობა, გარეგნობა, უამრავ საქებარ სიტყვასაც გეუბნებიან. ბატონი შალვა თუ განებივრებთ კომპლიმენტებით? ამბობენ, რომ ზოგიერთი მამაკაცი იმასაც ვერ ამჩნევს, ცოლმა თმის ფერი შეიცვალა თუ არა…

– შალვა ყოველთვის ყველაფერს ამჩნევს და ეს სტიმულს მაძლევს. 30 წლიანი ცოლქმრული ურთიერთობის შემდეგ მას რომ კიდევ შეუძლია, შეამჩნიოს, რომელი ფერი უფრო მიხდება და რომელი კაბა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე მგონია, ადამიანის აღქმა თავიდან უფრო გარეგნობით ხდება, დროთა განმავლობაში კი მისი სულიერი სამყარო წინაურდება და მერე უკვე მნიშვნელობა არ აქვს ნაოჭებს.

– ხშირად ყვებით, მოსკოვში უბით როგორ მოგიტანათ იები. მაშინდელი შალვა ნათელაშვილი ძალიან განსხვავდება დღევანდელისგან, შეიცვალა რაიმე ურთიერთობაში?

– არაფერი შეცვლილა. მაშინ ამხელა გზიდან ჩამოტანილი იები ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი ემოციით დატვირთული იყო. ახლა შეიძლება სულაც არ მომიტანოს უბით ყვავილები, მაგრამ ვიცი, რომ მის გულში სიყვარულია და გრძნობებით არის სავსე.

– და მაინც, რაზე დგას თქვენი ოჯახი, რომელიც მართლაც თითით საჩვენებელია, რა არის საჭირო იმისთვის, რომ წლებმა ცოლქმრულ ურთიერთობაში ბზარები არ შეიტანოს?

– უპირველესად, პატივისცემა, თავისთავად სიყვარული და პასუხისმგებლობა. ეს სამი რამ არის ის საძირკველი, რაზეც ოჯახი უნდა იდგეს. ყველა ოჯახში უნდა ისწავლებოდეს ის, რომ მეორე ნახევრის პოვნა ურთულესი რამ არის. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო მთელი სერიოზულობით და მერე მთელი ცხოვრება ერთგული უნდა იყო შენი სიტყვის და ფიცის.