,,ვერ არის კარგად!” – ქართველი სანიტრისა და ირანელი ბიჭის კურიოზული ამბის რეალური ვერსია – ,,ბევრი პაციენტისთვის ცრემლები გამიყოლებია იმქვეყნად”

,,ვერ არის კარგად!" - ქართველი სანიტრისა და ირანელი ბიჭის კურიოზული ამბის რეალური ვერსია - ,,ბევრი პაციენტისთვის ცრემლები  გამიყოლებია იმქვეყნად",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული, როდესაც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი უცნაური ამბავი მოხდა. კლინიკიდან ირანის მოქალაქე გამოვიდა და იქვე, კართან მყოფ  ჟურნალისტებთან საუბარი გააბა. ახალგაზრდა მამაკაცი ქართველ ექიმებს მადლობას უხდიდა და გაიძახოდა, რომ კორონავირუსი არ დაუდგინდა და ჯანმრთელია.

ამ ინტერვიუს დროს გარეთ კლინიკის პერსონალი გამოცვივდა, ერთ-ერთმა სანიტარმა ქალმა ირანელს ხელი სტაცა, ვერ არის კარგადო – ჟურნალისტებს მიაძახა და საავადმყოფოში ფაქტობრივად ძალით შეაბრუნა. ეს კადრები ყველა ტელეკომპანიამ აჩვენა და სოციალურ ქსელებსაც  ვირუსივით მოედო, სიტყვები კი – ,,ვერ არის კარგად!” – ფრთიან ფრაზად იქცა.

ირანელი ბიჭი ინფექციური საავადმყოფოდან აბასთუმანში, კარანტინში გადაიყვანეს, საიდანაც საბოლოოდ ორი კვირის შემდეგ “გაათავისუფლეს”.

სანიტარი კი, რომელიც ერთ დღეში უზომოდ პოპულარული გახდა, რადგან მთელი ინტერნეტსივრცე მის კადრებს აზიარებდა და ზოგი ლანძღავდა, ზოგიც მხიარულობდა, მარინე დარბიაშვილი გახლავთ. ამ შემთხვევის შემდეგ  მას საშინელი დეპრესია ჰქონდა. მერე კი მიხვდა, რომ არაფერი დაუშავებია და ცხოვრება ჩვეული რეჟიმით გააგრძელა.

მარინე დარბიაშვილმა,,”სარკეს” ექსკლუზიურად გაუმხილა სკანდალური ამბის რეალური ვერსია და საკუთარ ცხოვრებაზეც უამბო (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში):

– ძალიან ვინერვიულე. ჩემ შესახებ ბევრი უარყოფითი კომენტარი წავიკითხე,  მაგრამ მერე რომ მიხვდნენ, არაფერი დამიშავებია, პირიქით, მხოლოდ დადებითი ემოციები ვიგრძენი. ძირითადად იმაზე იყო აგრესია, რომ პირბადე არ მეკეთა. არადა იმ მომენტში ისეთ რამეს ვაკეთებდი, პირბადე საჭირო სულაც არ იყო. მოულოდნელად ხმაურზე გავედი.

– რა მოხდა სინამდვილეში?

– ირანელი პირველ სართულზე, მეხუთე ბოქსში იწვა. მე კი იმ დროს მეორე სართულზე ვიყავი და პაციენტებთან შეხება არ მქონდა. ამ ბიჭმა კარი “პეტლებიდან” ამოგლიჯა და გარეთ ისე გამოიქცა. გაიგო, რომ ვირუსი არ დაუფიქსირდა და გაიქცა. სანამ ამას გააკეთებდა, ვერც მანამდე ისვენებდა. გამოვარდებოდა დერეფანში და სხვა პალატების კარს აღებდა. ხან გამოვიყვანეთ, ხან კარი გადავუკეტეთ…

მეორე სართულზე საქმე მქონდა და იქ რომ ავედი, ამ მომენტში დრო იხელთა და გამოვარდა.  დაცვა კი გვყავს, მაგრამ ვერ დაინახეს, ისე გავიდა.

– ანუ თქვენ ყარაულობდით, რომ არ გაქცეულიყო?

– დიახ და რას მოვიფიქრებდი, რომ გამოანგრევდა კარს და გაიქცეოდა?! გარეთ რომ გავიდა, ჟურნალისტებთან დადგა და კარგ განცხადებას აკეთებდა – მთელ კოლექტივს მადლობას გვიხდიდა. კარგი იყო, რომ მადლობას გვიხდიდა, მაგრამ რაც უნდა ეთქვა, ვალდებული ვიყავი, შემომეყვანა.

მეორე სართულიდან სანამ ჩამოვედი, ჩვენი ორი თანამშრომელიც გავიდა მასთან და შემოსვლა სთხოვეს, მაგრამ არ შეჰყვა. ამ ხმაურზე რომ ჩამოვედი, ექთანმა მითხრა, მარიკა, რაღა ვქნათ, ვერ შემოგვყავსო. რას ჰქვია, ვერ შემოგყავთ-მეთქი და ხელი წავატანე, რომ მიმეხვედრებინა, უკან შემობრუნებულიყო. მას ჩემი ენა არ ესმოდა, მე – მისი და მუნჯურად ველაპარაკებოდი.

მიმიხვდა და მივხვდი, მეუბნებოდა, ერთი წუთით მაცადეო. სამადლობელო წერილი ჰქონდა დაწერილი და უნდოდა, ბოლომდე წაეკითხა. ვუთხარი, არც ერთი წუთი, ჩქარა, ახლავე პალატაში დაბრუნდი-მეთქი. ყველა ტელეკომპანია იქ იყო. რომ გაიგეს, ვეუბნებოდი, ჩქარა, პალატაში შედი-მეთქი…

ის ბიჭი ხომ შევიყვანე და, სანამ კარს მივხურავდი, ჟურნალისტმა მკითხა, ქალბატონო, ეს პაციენტიაო. კი, პაციენტია-მეთქი, ვუპასუხე. ამ დროს ერთმა ჟურნალისტმა თქვა, რას ამბობთ, ეს ვერ არის კარგადო. ანუ მიხვდნენ, რომ ვერ იყო კარგად, რადგან გარეთ გამოვიდა. ამის მერე ვთქვი, ჰო, ვერ არის კარგად-მეთქი.

ფაქტობრივად, მას გავეცი პასუხი, თორემ პაციენტს ამას ვერ ვაკადრებდი, როგორიც უნდა ყოფილიყო. რაც არ უნდოდათ, ამოჭრეს და გამოვიდა, რომ მე გავიძახი: “ვერ არის კარგად!”.

მერე, სადილი რომ შევუტანეთ, ტუმბოს ამოსცხო ფეხი და საგორიალებლები მოაძრო. ავდექი და ის ტუმბოც მის თვალწინ გავაკეთე, ისეთი მადლობები მიხადა… ხელზეც კი მაკოცა. ცუდი პიროვნება არ ჩანდა და თან მიხვდა, რომ მაწყენინა.

– რამდენი ხანი იწვა თქვენს კლინიკაში?

– 2 თუ 3 დღე იწვა და რომ გაიგო, ვირუსი არ ჰქონდა, მერე გადაირია. მიუხედავად იმისა, ვირუსი დაუდასტურდებათ თუ არა, ყველას ორკვირიან ჩაკეტილ ზონაში ვუშვებთ, რადგან შეიძლება იმ მომენტში არ დაფიქსირდეს და ერთი კვირის მერე გამოვლინდეს.

– ამბობთ, სხვა პალატების კარს აღებდაო…

– პალატებს გარედან აქვს საკეტები. რომ გამოვდივართ, გასაღებით ვკეტავთ და ზედვე ვტოვებთ. ჯიბით არ ვატარებთ, რადგან შეიძლება ექთანს, ექიმს თუ სანიტარს უცებ დასჭირდეს შესვლა. ეს ირანელი რომ ჩაგვეკეტა, ჩათვალეთ, მთელ პალატას დაამტვრევდა და მარტო ეგ გვყავდა ჩაკეტვის გარეშე.

ვერაფერს ვაგებინებდით, რადგან ნორმალურად ინგლისურიც არ ესმოდა. ისედაც დავიტანჯეთ და რომ ჩაგვეკეტა, უარესს იზამდა. დერეფანში ვუშვებდით, სხვების პალატებს აღებდა და პაციენტებს თავის ამბავს უყვებოდა – მე არ აღმომაჩნდა კორონა და არც თქვენ გექნებათ, ნუ გეშინიათო.

– მართლა ვერ ყოფილა კარგად!

– აბასთუმანში რომ გავაგზავნეთ, ისინიც გააგიჟა და ამბობდნენ, მართლა ვერ ყოფილა კარგადო. ჩემზე ამბობდნენ, იმ გოგომ ნაადრევად დაუსვა დიაგნოზიო. როგორც გავიგე, მშენებელი ინჟინერი ყოფილა და საქმიანი ვიზიტით იყო  ჩამოსული. ნიჭიერიც ყოფილა, თავისი საქმე ჰქონია… 30 თუ 32 წლისაა. ამ “შოუთი” მე ის გავხადე პოპულარული და მან – მე.

– ეტყობა, კარგი ჯანიანიც ხართ, სხვები ვერ მოერივნენ, თქვენ კი შეათრიეთ.

– ნაზი არ ვარ, მაგრამ მაშინ ბევრიც არაფერი დამჭირდა – მაჯაზე ხელი მოვკიდე თუ არა, შემომყვა. ჩემს ორ თანამშრომელს არ შეჰყვა, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამს, უხმოდ გამომყვა.

ერთი კვირა ისე გამიჭირდა… ჩემი სურათები რომ დაიდო მთელ ინტერნეტში, უხერხულობაში ჩავვარდი. ჩემი კოლექტივი დამიდგა გვერდით და მათ გამომიყვანეს მდგომარეობიდან. მეუბნებოდნენ, ცუდი არაფერი გაგიკეთებიაო. მართალი ვიყავი, ცუდი არც არაფერი გამიკეთებია.

– ძალიან პოპულარული კი გაგხადათ ამ ამბავმა.

– კი და თურმე ის ირანელი ჩემს ამბავს სულ კითხულობდა, როგორ არისო. მადლობებსაც მიხდიდა.

– რამდენი ხანია, რაც ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობთ?

– 20 წელი შემისრულდა, რაც აქ ვარ. მოსვლის წუთიდან რთულ, ბოქსირებულ განყოფილებაში ვმუშაობ. დიფტერია, ცოფი, ყირიმ-კონგოს ცხელება, ციმბირის წყლული, წითელას ეპიდემია – რა არ გადაგვხდენია თავს. ეს ყველაზე რთული განყოფილებაა მთელ ტერიტორიაზე. ყველანაირ ავადმყოფთან მქონია შეხება.

– გადაგდებიათ რაიმე დაავადება?

– არასოდეს! ახლხანაც ამიღეს ყველანაირი ნაცხი და არც მე და არც ჩვენს რომელიმე თანამშრომელს არაფერი აღმოგვჩენია. ვიცით, როგორ დავიცვათ თავი. ახლა ისეთი ჯავშანი გვაცვია, ერთმანეთს ვერ ვცნობთ. ხმით ვხვდებით, ვინ ვინ არის.

სამედიცინო სფერო ბავშვობიდან ჩემი ჰობი იყო. აქ რომ მოვედი, ვიცოდი, როგორ საშიშ განყოფილებაშიც მოვხვდი და მრავალფეროვან ინფექციურ დაავადებებთან რომ მექნებოდა საქმე. რომელ დაავადებასაც როგორი ფორმა შეეფერება, ისე ვინიღბები და ასე მივდივარ ავადმყოფებთან. მორიდებით კი არც ერთს მოვრიდებივარ.

ცოფის დიაგნოზით ვინც შემოდის, გადარჩენის ერთი პროცენტიც არ გააჩნიათ. ასეთებისთვის  ბოლო წუთამდე მიმიქცევია ყურადღება. ყველა ნათელში იყოს! ყველასთვის ცრემლები გამიტანებია იმქვეყნად.

გაჭირვებულს თუ უგულოდ მოემსახურები, ჯობია, სულ არ იყო ამ სფეროში. ის მშველის, რომ შიში არ ვიცი და შეცოდების დიდი უნარი მაქვს. რომ ვატყობ, ადამიანს უჭირს ან პატრონი არ ჰყავს, მას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ. შვილებივით ვუვლი ყველას, ვინც ჩემს ხელში ხვდება.

– რამდენი შვილი გყავთ?

– ორი ბიჭი მყავს. ერთი 27 წლის არის და ერთი – 14-ის. მე 1-ელ მაისს 48 წლის გავხდი. 17 წლის გავთხოვდი, შეგვიყვარდა ერთმანეთი. ჩვენი ორივე შვილი ახლა რაიონშია. უმცროსი ბიჭი დედამთილთანაა, უფროსი კი ჩემს 80 წლის დედასთანაა სოფელში. ორივენი მოხუცებს უვლიან.

– რას საქმიანობს თქვენი ქმარი?

– ჩემმა მეუღლემ რაღაც ხელობები კი იცის, მაგრამ ფილტვზე ოპერაცია აქვს გაკეთებული და ყველა საქმეს ვეღარ აკეთებს, მძიმეს აწევა აღარ შეიძლება. თუ რამე მსუბუქი საქმე გამოჩნდა, იმის გასაკეთებლად მიდის. მეორე ჯგუფის ინვალიდია და პენსიას იღებს. ასე რომ, ოჯახში ძირითადად მე ვშრომობ და ვწვალობ.

– რომელი რაიონიდან ხართ?

– კასპის რაიონიდან ვართ. მეუღლის სოფელია ჩობალაური და ჩემი – ზემო ჩოჩეთი. თბილისში ერთი პატარა ოთახი გვაქვს ნაქირავები და ვართ ასე. ფაქტობრივად ყველას მე ვარჩენ – დედამთილს, დედას, შვილებს.

– სოფელში ნაკვეთები რომ დაგემუშავებინათ, უკეთესი არ იყო? სანიტრის ხელფასი განა რამდენია, ქირაშიც რომ გეყოთ და ამდენი ხალხიც არჩინოთ?

– სოფელში სარწყავი წყალიც კი არ გვაქვს, მოსავალი როგორ მოვიყვანოთ?! ჰექტრობით დაგვითესავს ლობიო და ხუთი ტომრიდან ერთი ტომარა ძლივს აგვიღია. ჩობალაურში სარწყავი არხი რუსებს აქვთ გადაკეტილი. სოფლის ზემოთ  ორჭოსანია და იქ რუსის ჯარი დგას. ორჭოსანი ჩვენს სოფელს უყურებს, მხოლოდ გზა გვყოფს.

ახლა კი ვეღარ ვახერხებ, რადგან არ შეიძლება, მაგრამ კლინიკის გარდა სხვა საქმესაც ვაკეთებდი. ხან ჩემს ექიმს გავუგზავნივარ თავის სადაქალოში, რომ ბინა დამელაგებინა, ხან – სხვას. პატიოსანი შრომა არ მეთაკილება. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, მეეზოვედ თუ გამოჩნდა ადგილი, გავალ და ვიმუშავებ-მეთქი, მაგრამ მითხრა, ხომ არ გაგიჟდი, მოკვდები ამდენი შრომითო.

ჩემი ქმარი ძალიან კარგი პიროვნებაა. იმ ამბავზე შემომიწყრნენ ქმარიც და უფროსი ბიჭიც…

– გულზე ვისი ფოტო გიკიდიათ, ვინ დაგეღუპათ?

– ჩემი ძმაა. 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2 წელი შესრულდება მარიამობადღეს, რაც ავარიაში დაიღუპა. ეს ერთი დედმამიშვილი მყავდა და ისიც გამომეცალა ხელიდან.

– ოჯახმა რა გითხრათ ირანელ ბიჭთან მომხდარი შემთხვევის გამო?

– მეუღლე დამიდგა გვერდით. მიხვდა, რომ ძალიან განვიცდიდი და გვერდიდან არ მომშორებია. შვილები, ორ თვეზე მეტია, არც ერთს გვინახავს. არ წავიდა და მარტო არ დამტოვა.

პატარა ბიჭი მხოლოდ იმას მეკითხება, როდის ჩამოხვალო, სხვა არაფერი აინტერესებს. უფროსმა შვილმა კი მისაყვედურა, დედა, რა დაგემართა, მართლა რომ ჰქონოდა ვირუსი, ასე შიშველი ხელებით და პირსახით როგორ  შეეხე, რამე რომ შეგხვდეს, რა გვეშველებაო. ვუთხარი, ვიცოდი, რომ არ ჰქონდა და ისედაც არაფერი შემხვდება-მეთქი.

– კლინიკის ხელმძღვანელობამ საყვედური ხომ არ გითხრათ, პირბადე მაინც რომ არ გეკეთათ?

– არა, პირიქით, დიდი მადლობაც გადამიხადეს. პირველი ერთი კვირა კლინიკაში სიარულიც კი მიჭირდა. მორიგეობაზე თავჩაღუნული მივდიოდი. ჩემი უშუალო უფროსიც შემხვედრია და სახეზე ვერ შემიხედავს, ისე მივსალმებივარ, მაგრამ თვითონ შემომხვევია.

ბევრმა მითხრა, მარიკა, რატომ არ გვიყურებ, შენ ჩვენი გმირი ხარ, ცუდი არაფერი გაგიკეთებია, ხომ შეიძლებოდა, გაპარულიყო კიდეც, შენ რომ არ ყოფილიყავიო. ერთი უარყოფითი შეფასებაც კი არავისგან მიმიღია.