ყველაზე აქტუალური აქცენტები კიბოს პრევენციაში – რას ურჩევს ონკოლოგი ალექსანდრე თავართქილაძე პაციენტებს

ყველაზე აქტუალური აქცენტები კიბოს პრევენციაში - რას ურჩევს ონკოლოგი ალექსანდრე თავართქილაძე პაციენტებსკოვიდ-19 – დაუნდობელი რესპირატორული ვირუსი, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობის თანმდევი პრობლემა და აგრესია გახდა. თუმცა  სტატისტიკურად გაცილებით ნაკლებად ლეტალური, ვიდრე ონკოლოგიური დაავადებები.

მსოფლიოში წელიწადში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი იღუპება ამ ვერაგი დაავადებით. ასე რომ, მსოფლიო საზოგადოების მთავარ გამოწვევად და პრობლემად მაინც ონკოლოგია რჩება.

რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა, რომლებსაც აღნიშნული დაავადებები აწუხებთ, შინაგანი სნეულებები და ონკოლოგია. როგორია კომპეტენტური  და საერთაშორისო კვალიფიკაციის  მქონე ექიმის მოსაზრება ამ თემაზე.

ონკოლოგსა და გენეტიკოსს, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკურ დირექტორს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და პარიზის უნივერსიტეტის პროფესორს, ალექსანდრე თავართქილაძეს, ევროპული განათლება და მრავალწლიანი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილება აქვს. თუმცა მისი  ძალიან ტევადი ევროპული სამედიცინო გზის მიუხედავად, თავის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად საქართველოში უჯრედული იმუნოთერაპიით მკურნალობის დანერგვას მიიჩნევს, რომელიც მართლაც რევოლუციურია ქართულ მედიცინაში.

– ბატონო ალექსანდრე, თქვენ ხართ კლინიკური ონკოლოგი-ონკოჰემატოლოგი, გენეტიკოსი და შინაგანი მედიცინის სპეციალისტი (თერაპევტი) და შესაბამისად მრავალი კუთხიდან შეგვიძლია ვისაუბროთ სიმსივნეზე, როგორც გლობალურ პრობლემაზე. რა იწვევს შინაგანი ორგანოების კარცენოგენეზს? რა როლს თამაშობს დე ვიტამინის უკმარისობა ძუძუს, ღვიძლის და სხვა ორგანოების კიბოს წარმოქმნაში, რა არის ჰორმონი მელატონინი და რატომ გახდა ის პოპულარული თანამედროვე ონკოლოგიაში?

– სიმსივნური დაავადებები მრავალმიზეზიანი ანუ პოლიეთიოლოგიური დაავადებებია, თუმცა მთავარი, რაც ნამდვილად ვიცით, არის გენომის დაზიანებით გამოწვეული პათოლოგია, ხოლო გენომის დამაზიანებელი აგენტები/ფაქტორები დღესდღეობით, სამწუხაროდ, უხვად არის წარმოდგენილი ჩვენ ირგვლივ.

ესაა არაჯანსაღი საკვები და არაბალანსირებული კვება, ქიმიური კანცეროგენებიდან მნიშვნელოვანია ნავთობის უხარისხო პროდუქტები მთელ მსოფლიოში და მათი წვის პროდუქტებით გაჯერებული ჰაერი, ამავდროულად, უამრავი სინთეზური ქიმიური დანამატი საკვებში თუ საყოფაცხოვრებო ნივთებში, ტანსაცმელში, კოსმეტიკაში და ასე შემდეგ.

პრობლემას ონკოლოგიაში წარმოადგენს: 1. პრევენცია, 2. ადრეული დიაგნოსტიკა და 3. სწორი ანუ პაციენტზე მორგებული მკურნალობა. ეს უკანასკნელი არის პერსონალიზებული მედიცინის ძირითადი დევიზი და მინდა სიხარულით და ამაყად ვთქვა, რომ მედიცინის ეს დარგიც საქართველოში ჩემ მიერ იქნა დანერგილი პროფესორ გაიანე სიმონიასთან ერთად. რაც შეეხება დე ვიტამინს, დადგენილია, რომ მისი დეფიციტისას ზოგადად იმატებს ონკოლოგიური დაავადებების რისკი, განსაკუთრებით, ღვიძლის და ძუძუს კიბოს რისკი. ხოლო ჰორმონი მელატონინი არის ადამიანის თავის ტვინის დანამატ ჯირკვალში გამომუშავებული ძალიან „მისტიკური“ ნივთიერება, რომელიც დღესდღეობით არსებულ ანტიოქსიდანტებს შორის ყველაზე ძლიერია. იგი ახდენს ორგანიზმში დნმ-ის აღდგენის ფერმენტებზე პოზიტიურ ზემოქმედებას და ამცირებს კიბოს წარმოქმნას, ხოლო უკვე არსებული კიბოს შემთხვევაში მელატონინის კონცენტრაცია კრიტიკულად დაბალია, რაც გადაუდებელ კორეგირებას მოითხოვს, ვინაიდან მელატონინი არის ძირითადი ჰორმონი ორგანიზმის ბიოლოგიური რიტმების რეგულაციაში და თუ დარღვეული ბიორიტმების გამოსწორება არ მოხდა, მაშინ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა იქნება მხოლოდ მცდელობა და დაავადების მკურნალობის იმიტაცია.

– ბატონო ალექსანდრე, კოვიდ-19  ახალი შემაშფოთებელი ვირუსია ჩვენს ყოველდღიურობაში, რომელიც განსაკუთრებით ერჩის ქრონიკული და მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებს. მნიშვნელოვანია თქვენი, როგორც ამ დარგის ლიდერი ექიმის, რჩევები პაციენტებს, როგორია მართვა და პრევენცია ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში და რას ეტყვით მათ?

– აუცილებლად დაიცვან წესები, რომლებიც დადგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (ანუ ეცადონ, არ დაავადდნენ), იკვებონ ბალანსირებულად, მიიღონ დღიურ რაციონში ხილის, ბოსტნეულის, რძის და ხორცპროდუქტების ადექვატური რაოდენობები. იძინონ სრულყოფილად და ხარისხიანად. იარონ სუფთა ჰაერზე მინიმუმ კვირაში 2-ჯერ და, შესაბამისად, მისცენ იმუნიტეტს გაძლიერების შესაძლებლობა.

–  ბატონო ალექსანდრე, 16-მდე უნიკალური ოპერაცია ჩაატარეთ პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში. ეს უდიდესი გარდატეხაა  ქართულ მედიცინაში. თქვენ პირველმა ჩაატარეთ თ ლიმფოციტების გადანერგვა და დღეისათვის სახეზეა სიმსივნისგან სრულიად განკურნებული რამდენიმე პაციენტი.  როგორ შეაფასებდით მთავარ გამოწვევებს ონკოლოგიასთან ბრძოლის საქმეში?

– 2012 წლამდე ევროპაში სოლიდური სიმსივნეების მკურნალობის მიმართულებით ვმუშაობდი, ისევე როგორც ონკოჰემატოლოგიაში, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასა და უჯრედულ და გენურ თერაპიაში.  ძალიან დიდი სურვილი მაქვს, საქართველოში აქტიურად  დაინერგოს უჯრედული თერაპია, როგორც იმუნოთერაპიის  ყველაზე თანამედროვე მეთოდი.

თქვენ სწორად ბრძანეთ, ჩვენ 2018 წლის დეკემბერში შევძელით, პირველად გადაგვენერგა პაციენტისთვის აქტივირებული თ უჯრედები. ახალგაზრდა გოგონას 5 წლიანი ანამნეზი ჰქონდა კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის. პაციენტი ფაქტობრივად განწირული იყო, გერმანიაში მან მკურალობის ყველა სამედიცინო რესურსი ამოწურა. ამის შემდეგ ჩვენ, ქართველი და უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით, ქართველ და უცხოელ პაციენტებში ჩავატარეთ კიდევ თ ლიმფოციტების 15 ანალოგიური ტრანსპლანტაცია და ამ ეტაპზე გვყავს 7 პაციენტი, სრულ რემისიაში მყოფი.

ლიმფოციტების მიღება ხდება პაციენტისაგან ან დონორისაგან, მათი აქტივირება ხდება ჩვენსავე ლაბორატორიაში და შემდეგ უკვე პაციენტზე ხდება მათი გადანერგვა. ქართულ მედიცინაში მსგავსი ოპერაციები/ტრანპლანტაცია ჩატარდა პირველად.

ეს ქართული მედიცინის უდიდესი წარმატებაცაა!