4 წლის მარიამს გული მარჯვნივ აქვს – ,,სტკივა, წუხს, მაგრამ მაინც იღიმება”

4 წლის მარიამს გული მარჯვნივ აქვს - ,,სტკივა, წუხს, მაგრამ მაინც იღიმება",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მარიამ ანანიაშვილი ორი დღის იყო, ექიმებმა პირველი ოპერაცია რომ გაუკეთეს – ბავშვი ღია ჭრილობით დაიბადა. ცოტა ხანში პატარას კიდევ დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. გოგონას ორგანოები სათანადო ადგილებზე არ ჰქონდა განლაგებული და ექიმებმა ისინი განკუთვნილ ადგილზე დააბრუნეს, თუმცა ზოგ ორგანოს ვერ შეეხნენ, მაგალითად, გული პატარა გოგონას მარჯვნივ აქვს.

ამის გარდა, მარიამს ხერხემალზე თიაქარი აქვს, რომელზეც ხელის ხლებას ქართველი ექიმები ერიდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში ლეტალური შედეგი დადგება.

მარიამის დედის, თათია ნათენაძის თქმით,  ექიმები ეუბნებიან, რომ მარიამს მხოლოდ ორი წლის სიცოცხლეღა დარჩა, თუმცა თავად არაფრით უნდა ეს ამბავი დაიჯეროს. სწამს, რომ მისი შვილი სიცოცხლეს  ორი წლის მერეც გააგრძელებს. ამისთვის კი დედა-შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება, რომ გერმანულ კლინიკაში ბავშვის გადაყვანა მოხერხდეს, სადაც ექიმებმა შესაძლოა მისი სიცოცხლე ბევრად გაახანგრძლივონ.

თათია ნათენაძე ,,სარკესთან” პატარა მარიამის ტკივილიან ამბავს ყვება:

– სანამ არ დაიბადა, მანამდე არ ვიცოდით, რომ ბავშვს რაიმე პრობლემა ექნებოდა. რომ დაიბადა, ღია ჭრილობა ჰქონდა ხერხემალზე.

– ეგ როგორ?

– დიახ, ჭრილობა ჰქონდა ხერხემალზე, სადაც თიაქარიც იყო. მაშინვე იაშვილში გადაიყვანეს. ორი დღის იყო, ოპერაცია რომ გაუკეთეს – გაუკერეს ჭრილობა, რომ ინფექცია არ შეჭრილიყო.

– თიაქარის ოპერაციაც გაუკეთეს?

– არა, ექიმმა თიაქარზე ხელი არ დაადო. ბავშვი რაც უფრო იზრდება, სუნთქვა უფრო მეტად უჭირს. მაშინ თქვა ექიმმა, ამ თიაქარისთვის რომ ხელი დამედო, საოპერაციო მაგიდაზე დამრჩებოდა და საკუთარ თავზე ამას ვერ ავიღებდიო.

მერე აღმოჩნდა, რომ თავის ადგილზე არც ერთი ორგანო არ ჰქონდა. ხერხემალზე ოპერაციის ჩატარებიდან ერთი კვირის შემდეგ ზოგი ორგანო გადაუადგილეს, გული კი ახლაც მარჯვნივ აქვს. ლევან ხარაშვილმა გადაულაგა ორგანოები, დიაფრაგმა გაუჭრა,  მაგრამ ზოგი ორგანო თავის ადგილზე მაინც ვერ მოათავსეს.

– გულსაც შეეხნენ?

– არა, გულს არ შეხებიან. თავიდანვე მარჯვნივ ჰქონდა  და ისევ იქ დაუტოვეს. აბსოლუტურად ყველა ორგანო გულს აწვებოდა. ამის შემდეგ ბავშვი წელიწადნახევარი აპარატზე იყო შეერთებული გათიშულ მდგომარეობაში. მერე ნელ-ნელა გამოვიდა მდგომარეობიდან. რომ ვიმშობიარე, ბავშვს არც უტირია, მთლიანად ლურჯი იყო და, გადარჩენის ნული პროცენტიაო, მითხრეს მაშინ, მაგრამ 4 წლამდე მივიყვანე.

დიაფრაგმის თიაქარიც აქვს და ცალ მხარეს არის მუცელი მოქცეული. დღემდე ვერ წვება ბეჭებზე, სულ მუცელზე წევს, რადგან თიაქარს აწვება და მერე ვეღარ სუნთქავს, ჰაერის უკმარისობა ეწყება და ხელოვნურად სჭირდება ჟანგბადის მიწოდება. სახლში მაქვს ჟანგბადის სატურომეტრის აპარატიც, რომ გავუზომო და მერე შევაერთო.

– არც ახლა შეიძლება ამ თიაქარზე ქირურგიული ჩარევა?

– კი, შეიძლება, მაგრამ ქართველი ექიმები ვერ იღებენ თავიანთ თავზე. ეს თიაქარი რომ მოშორდეს, ზრდასაც დაიწყებს ბავშვი და სუნთქვასაც უკეთესად შეძლებს.

– ზრდაში ჩამორჩება?

– დიახ, უკვე 4 წლისაა და 8 კილოზე მეტს არ იწონის. არ იზრდება. ფეხებში მგრძნობელობა საერთოდ არ აქვს.

– როგორი გოგონაა? ფოტოებში მხიარული ჩანს…

– საოცრად მხიარულია. როგორ ცუდადაც უნდა იყოს, მაინც ცდილობს, გაიღიმოს, გაგამხიარულოს, მაინც სულ ხალისობს. აშკარად გონიერი და ნიჭიერია. აქამდე ვერაფერს ამბობდა, მაგრამ ბოლო დროს უკვე ამბობს ფრაზებს. რასაც ამბობს, ყველაფერს ვიგებ.

უზომოდ რთულია ჩემი ცხოვრება. 3 წამალი მუდმივად უნდა სვას. ერთი დღეც რომ შევუწყვიტო, ცუდად გახდება. დღეში ორჯერ ვასმევ ამ წამლებს. ხშირად ანთებები აქვს – ხან პნევმონია, ხან შარდის ბუშტის ანთება. სულ სიცხეები აქვს და მუდმივად ექიმი და საავადმყოფო გვჭირდება.

– სახელმწიფო გეხმარებათ რამეში?

– 260 ლარი აქვს პენსია და 50 ლარს გვაძლევენ სოციალური დახმარების სახით. წამლებსა და პამპერსებში თუ მყოფნის ეს თანხა.

ყველა მეუბნება, რომ გერმანიაში შეიძლება ოპერაცია გაუკეთდეს და ბავშვმა სიცოცხლე გააგრძელოს, მაგრამ სად გვაქვს მაგდენი თანხა?! საზოგადოებას მივმართავ, დამეხმარონ, რომ როგორმე შევძლო და გავუკეთო ოპერაცია. თიაქარის მოშორებით ზრდა დაიწყება და სუნთქვასაც ნორმალურად შეძლებს. ვოვა მამაცაშვილმა გაუკეთა თავის დროზე ოპერაცია, ღია ჭრილობა რომ დაუხურა და მაშინ თქვა, ვერ გადაიტანს ბავშვიო. დღემდე ასე ითვლება.

ბავშვი ძალიან წვალობს. სანამ დაიძინებს, სულ კვნესის. ცალკე ხერხემლის და ცალკე დიაფრაგმის თიაქარი აწვება და სტკივა.

– გული ჯანმრთელია?

– ექიმები ამბობენ, ეს ბავშვი სასიკვდილოდ განწირული არ არის, გული  მარჯვნივ აქვს და მაინც ძლიერია ეს ორგანოო. თვითონაც სასწაულად მებრძოლი ბავშვია. მითხრეს, რომ 6 წლამდე იცოცხლებს მხოლოდ, მაგრამ არ მოხდება ასე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიცოცხლე ცოტა მაინც გავუხანგრძლივო! მეუბნებიან, რომ გულს ვერასოდეს შეეხებიან და, როგორც არის, ისე დარჩება.

ჩემს შვილზე ვისაც გული შესტკივა, სოციალურ ქსელში ჯგუფი შექმნეს და ხალხი ცოტაოდენ თანხას გვირიცხავს. ხშირად საჭმლისა და პამპერსის ფული არ მაქვს და იმაშიც ვიყენებ.

– ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია ხალხის გაერთიანებას.

– ცოტ-ცოტა ირიცხება. ცოტა დიდი თანხა ჯერ არავის ჩაურიცხავს. ტრიო ,,მანდილის” წევრები მეხმარებიან ძალიან. გერმანიაში მათ გადააგზავნეს მარიამის მონაცემები. ახლა კორონავირუსის გამო ურთიერთობაა შეზღუდული იმ კლინიკასთან და ჯერ ვერ გაირკვა, საბოლოოდ რა პასუხს გვეტყვიან. ახლა ახალციხეში უნდა ჩამოვიდნენ ეს გოგოები მარიამის სანახავად. მეუბნებიან, რომ ყველანაირად დამიდგებიან გვერდით და ვნახოთ, რა იქნება.

– ახალციხეში ცხოვრობთ?

– დიახ, ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში.

– სხვა შვილებიც გყავთ?

– დიახ, 10 წლის გოგონა მყავს. ჯანმრთელი, ნიჭიერი და კარგი ბავშვია.

მარიამი ყველას უზომოდ უყვარს. საოცრად თბილი ბავშვია. მთელი დღე მასთან ვარ, ვერსად გავდივარ, ვერც ვმუშაობ. მთლიანად ჩემზეა მოჯაჭვული და სხვასთან არ ჩერდება. დედაჩემს ამ ნერვიულობაზე დიაბეტი დაემართა.

მარიამი თითქმის  სულ ხელში მყავს. ეტლიც აქვს, მაგრამ ხელში ჭერა ურჩევნია. წელქვემოთ რომ შეგრძნება არ აქვს, ესეც თიაქარის გამოა. ბოლო ერთი თვეა 38-39 აქვს სიცხე. ანალიზები გავუკეთეთ და საშარდე გზების ანთება აქვს.

– თათია, რას გეუბნებიან ექიმები, რამ გამოიწვია მარიამის ეს მდგომარეობაო?

– ვირუსმა, ნერვიულობამ ან იმან, რომ მამამისი ეწეოდა და სვამდაო…

– ნარკოტიკს ეწეოდა?

– დიახ. მე მაბრალებდა – შენი ბრალია, ბავშვი რომ ასეთიაო. ახლა დედაჩემთან ვცხოვრობ.

– ამიტომ გაგშორდათ?

– დიახ და ამ დროს თვითონ ეწეოდა და სვამდა. ახლა ციხეშია. არც თვითონ რეკავს, რომ მოიკითხოს მაინც ბავშვი და არც მისი ოჯახის წევრები. არც ჩემს უფროს შვილს კითხულობენ.

მარიამს რომ სტკივა, მინდა, მე მტკიოდეს და მას – არა. ეს ისეთი საშინელი შეგრძნებაა, არავის ვუსურვებ. ძლივს იძინებს ბავშვი. ღამის ორ საათამდე ხელში მყავს და როდის-როდის ეძინება. ადრე ვერც ჩოჩავდა. ახლა ჩოჩიალი შეუძლია. ხელებში საოცარი ძალა აქვს.

საზოგადოებას ვთხოვ, დამეხმარონ, რომ ბავშვს სიცოცხლე გავუხანგრძლივო. ჯერ ხერხემალზე უნდა მოშორდეს თიაქარი და მერე დიაფრაგმაზე, რომ სიცოცხლე შეძლოს. იმედი მაქვს, საზღვარგარეთ მოხერხდება ამ ოპერაციის გაკეთება, რასაც მარტო ვერაფრით შევძლებ.

მსურველებს მარიამის დახმარება თათიას ანგარიშზე ფულის გადარიცხვით შეუძლიათ.

GE36BG0000000161964360 – მიმღები ნათენაძე თათია.