შარდკენჭოვან დაავადებებთან ბრძოლის წარმატებული გზა – დისტანციური ლითოტრიფსია

შარდკენჭოვან დაავადებებთან ბრძოლის წარმატებული გზა - დისტანციური ლითოტრიფსიაქართული მედიცინის პროფესიონალები

წარმატებული უროლოგი,  მედიცინის დოქტორი, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედის” დისტანციური ლითოტრიფსიის წამყვანი სპეციალისტი  გიორგი ჯოჯუა ამ დარგის გამორჩეულ ლიდერად და პაციენტების აღიარებულ ექიმად მიიჩნევა. ის ცნობილი და წარმატებული ექიმების გარემოცვაში გაიზარდა და მისთვის მედიცინა ბაშვობიდანვე ახლობელი გარემო იყო. თუ როგორია მისი პროფესიული სტანდარტები, უროლოგიური დავადებების გამოწვევი მიზეზები, მასთან ბრძოლის მეთოდიკა და მკურნალობის საშუალებები, ჩვენს კითხვებს  პროფესიონალი ექიმი, ბატონი გიორგი ჯოჯუა უპასუხებს.

მინი-დოსიე: ქალაქ დონეცკში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, იქვე ჩაირიცხა სამედიცინო ინსტიტუტში, 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადმოდის, ხოლო 2001-2002 წლებში ქალაქ რუსთავში უროლოგის სპეციალობით იწყებს მუშაობას. 2002 წელს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტურაში უროლოგიის კათედრაზე აბარებს. მისი ხელმძღვანელი კი ცნობილი უროლოგი, პროფესორი დავით ქოჩიაშვილი გახლავთ. ასპირანტურის პერიოდში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს. 2006 წელს იცავს სადოქტორო დისერტაციას, 2008-2009 წლებში  კერძო კლინიკა „მერამედში“, ხოლო  2009 წლიდან დღემდე  საქართველო-ისრაელის ერთობლივ კლინიკა „გიდმედში“ მუშაობს.

– ბატონო გიორგი, დღეს შარდკენჭოვანი დაავადებების გავრცელება ერთ-ერთ აქტუალურ დაავადებად რჩება. გვესაუბრეთ მის გამომწვევ მიზეზებსა  და მკურნალობის მეთოდოლოგიაზე.

– საქართველოში შარდკენჭოვანი დაავადება საკმაოდ გავრცელებული გახლავთ. ეს დაავადება,  უპირველეს ყოვლისა, გენეტიკური ფაქტორითაა განპირობებული, ხოლო მაპროვოცირებელ ფაქტორებს შორის შეიძლება დავასახელოთ სითხის მცირე რაოდენობით მიღება, ენდოკრინული ცვლილებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ა.შ. რაც შეეხება მკურნალობის საშუალებებს. ბუნებრივია, ჯერ უნდა განისაზღვროს, რა ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე, შეუძლია თუ არა ექიმს მედიკამენტოზური მართვა თუ სიტუაცია გართულებულია და კენჭი დაძრულია თირკმელიდან.

როდესაც დარღვეულია თირკმლიდან შარდის ჩამოდინება, შარდის დაგროვება ხდება თირკმელში, არის შეგუბებითი პროცესი, რაც განაპირობებს  პაციენტის ტკივილით მომართვას კლინიკაში.  თირკმელში შეგუბებითი პროცესის დროს მნიშვნელოვანია შეგუბების გამომწვევი მიზეზის, კენჭის ზომის, ადგილმდებარეობისა და შესაძლო გართულების დადგენა.

თუ მდგომარეობა გართულებული არ არის, ისევ და ისევ კენჭის ზომიდან, ადგილმდებარეობიდან, თირკმლის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტს ვურჩევთ დისტანციურ ლითოტრიფსიას.

_ კლინიკა ,,გიდმედში“ წარმოდგენილია სწორედ დისტანციური ლითოტრიფსიის აპარატი, რომელიც ნამდვილი შვებაა კენჭოვანი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. კონკრეტულად მოგვითხრეთ მისი მუშაობის შესახებ.

_ ეს აპარატი ყველანაირ საშუალებას გვაძლევს, რომ პაციენტს შედარებით კომფორტულ გარემოში გავუწიოთ შესაბამისი დახმარება. ეს არის შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობის არაინვაზიური მეთოდი. დარტყმითი ტალღა ადამიანის ორგანიზმში ქსოვილოვანი სტრუქტურების მთლიანობის დაურღვევლად აღწევს და იწვევს თირკმელში, შარდსაწვეთში ან შარდის ბუშტში არსებული კენჭის რღვევას.

დარტყმითი ტალღით დისტანციური ლითოტრიფსიის მეთოდი გამოიყენება მაშინ, როცა თირკმლის მენჯში ან ფიალებში არსებული კენჭების დიამეტრები არ აღემატება 2 სმ-ს. როგორც აღვნიშნე, თუ პაციენტი გართულებებით არ არის, გეგმიურად ხდება კენჭის დაფრაგმენტება, დაშლა და შემდეგ უკვე ნატეხების სახით გამოძევება. ეს პროცედურა 30-40 წუთს მოიცავს, არც ტკივილთანაა დაკავშირებული, რასაკვირველია, ანესთეზიასაც არ საჭიროებს და პაციენტს 40 წუთში ვუშვებთ სახლში.

ლითოტრიფსიას 2 სანტიმეტრამდე ქვას ვუტარებთ, თუ კენჭის ზომა 2 სანტიმეტრს აღემატება, უკვე ვურჩევთ ენდოსკოპიურ ან ქირურგიულ ჩარევას, იმ ჩვენების მიხედვით, თუ რას საჭიროებს იმ მომენტისთვის პაციენტი. თუ კენჭები მდებარეობს შარდსაწვეთში ამ შემთხვევაშიც გამოიყენება ტრანსურეთერული კონტაქტური ლითოტრიფსია. შარდსაწვეთში მდებარე კენჭს უახლოებენ სპეციალურ ინსტრუმენტს, ურეთეროსკოპს. მისი გავლით კენჭამდე აღწევს ლაზერული ზონდი და ლაზერული ენერგიის ზემოქმედებით კენჭები იშლება. იმისთვის, რომ კენჭის ნამსხვრევები არ მოხვდეს ზევით თირკმელში, გამოიყენება სპეციალური კალათა, რომლის მეშვეობითაც ნამსხვრევები გამოგვაქვს შარდსაწვეთიდან.

_ ბატონო გიორგი, როგორც უროლოგი, რას ურჩევთ პაციენტებს?

_ უპირველეს ყოვლისა, მუდმივ პრევენციას და ვიზიტს ექიმთან, რათა კონტროლი მოხდეს ხომ არ ხდება თირკმელში კენჭის წარმოქმნა ან ხომ არ დაიძრა უკვე წარმოქმნილი თირკმლის ქვები.

ასევე მნიშვნელოვანია სწორი კვებითი რაციონი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთგაგება და თანამშრომლობა.

ქეთი გიორგაძე