ვინ არის პიანომენი, რომლის კომპოზიციებიც უზომოდ პოპულარულია – ,,ძველი ქართული სილამაზის ქალები მომწონს”

ვინ არის პიანომენი, რომლის კომპოზიციებიც უზომოდ პოპულარულია - ,,ძველი ქართული სილამაზის ქალები მომწონს",,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

გიგი უანდერი – 8 წლის წინ ამ მეტსახელით გაიცნო მაყურებელმა ახალგაზრდა მუსიკოსი გიგი ჭიპაშვილი, რომელიც გადაცემა ,,ფეის კონტროლის” თანაწამყვანი იყო. მანამდე კი მუსიკალური საზოგადოება მას უკვე იცნობდა. გიგის კონცერტები დამწყები პიანისტებისთვის სამაგალითო იყო. პედაგოგები მუსიკალური სკოლის მოსწავლეებს ეუბნებოდნენ, რომ მისთვის მოესმინათ.

33 წლის პიანისტმა წარმატებამდე დიდი გზა გაიარა. სასწავლებლად ამერიკაშიც იყო წასული. იქიდან დაბრუნებული ამერიკული მუსიკის ქართველი მსმენელისთვის შეთავაზებას გეგმავდა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა რაღაც მოხდა. მისი კომპოზიცია ქართული კინომუსიკიდან მსმენელმა ისე აიტაცა, რომ მუსიკოსს ბიძგი მისცა, სხვა კომპოზიციებიც შეექმნა.

ამერიკაში თავისი ბავშვობის კერპს, ლეგენდარულ  მომღერალს, სტივ უანდერს, შეხვდა.

– სტივ უანდერის კონცერტზე წავედი. გავიგე, რომ კონცერტის შემდეგ მიღება ექნებოდა, იქ სპეციალური სტიკერით უნდა მოხვედრილიყავი, რომელიც ხვეწნა-ხვეწნით ვიშოვე და მიღებაზე აღმოვჩნდი.

მივედი, გადავეხვიე, ფოტოც  გადავიღე. იქვე ინსტრუმენტი შევამჩნიე და ვთხოვე, შეიძლება თქვენთვის დავუკრა-მეთქი. კი, ბატონო, თუ შეგიძლია, რატომაც არაო. ორი სიმღერა დავუკარი და იმღერა, – გაიხსენა გიგიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ინტერნეტსივრცეში გიგის პიანომენის სახელით იცნობენ და, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი მსმენელი სთხოვს, რომ სოლო კონცერტი გამართოს. საყვარელ საქმესა და პირადზე გიგიმ “სარკესთან” ისაუბრა.

– გიგი, როგორ აღმოჩნდით მუსიკალურ ინსტუმენტთან, ვინ გაგიკვალათ გზა ამ სამყაროსკენ?

– ჯერ ნიჭიერთა ათწლედი დავამთავრე მერე კონსერვატორია. მუსიკალურ სასწავლებელში დეიდაჩემის ინიციატივით მოვხვდი. 5 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა, მაგრამ ოჯახისგან მზრუნველობა და ყურადღება არ მომკლებია. დედის, ბებია-ბაბუის, ბიძებისა და დეიდის გარემოცვაში ვიზრდებოდი.

დეიდა მუსლიტერატურის პედაგოგი  იყო და რატომღაც გადაწყვიტა, რომ   მუსიკალური განათლება უნდა მიმეღო. მე ფეხბურთი მიყვარდა, ბავშვებთან ერთად მთელ დღეებს ეზოში ვატარებდი. როცა მუსიკალურში მიმიყვანეს, იყო ტირილი, ჩხუბი, ნერვიულობა.

5 წლის განმავლობაში დღეში 5 წუთის გატარება არ მინდოდა ინსტრუმენტთან. ისეთი პროტესტი მქონდა, პიანინოს გულმოსული ფეხებს ვურტყამდი.

დაახლოებით 12 წლის ასაკიდან კი ყველაფერი შეიცვალა. მუსიკის მიმართ ინტერესი გამიჩნდა. მოგვიანებით გავიგე, რომ თენგიზ ამირეჯიბს უნდოდა, თავის ჯგუფში ავეყვანე. ამის შემდეგ  დეიდაჩემთან გადამიყვანეს საცხოვრებლად.

დღეში 8-9 საათის განმავლობაში ვმეცადინეობდი. წლები ისე გავიდა,  ეზოში სათამაშოდ არ გავსულვარ. სასწავლებელი, სახლი და ინსტრუმენტთან მეცადინეობა – ასე ვცხოვრობდი.

– მეზობლები კმაყოფილები არ იქნებოდნენ. მუსიკის მოსმენა კი კარგია, მაგრამ ნაწარმოებების გარჩევის და მეცადინეობის – არცთუ სასიამოვნო.

იყო პრობლემები, დიდი ჩხუბი და გარჩევები, მაგრამ მოგვიანებით მათ  კონცერტებზე ვეპატიჟებოდი და საყვედურებმაც იკლო.

– პირველი სოლო კონცერტი 2015 წელს გქონდათ, მანამდე ამერიკაში სწავლობდით. როგორ მოხვდით ოკეანის გაღმა?

ვინ არის პიანომენი, რომლის კომპოზიციებიც უზომოდ პოპულარულია - ,,ძველი ქართული სილამაზის ქალები მომწონს"– 2007 წელს ჩემი პედაგოგის, თენგიზ ამირეჯიბის, დახმარებით დავუკავშირდი იქ მოღვაწე მუსიკოსს, ალექსანდრე კორსანტიას. მას სიდი ჩანაწერი გავუგზავნე და ამის შემდეგ ბოსტონში დასაკრავად მიმიწვიეს.

ამ პერიოდში ნაწილობრივ ჩამოვშორდი კლასიკურ მუსიკას და უფრო მეტად კინომუსიკისკენ გადავიხარე. გარდა ამისა, საკუთარი ნაწარმოებების წერა დავიწყე.

ამ სამუშაოს 4 წელი მოვანდომე და 2015 წელს საკუთარი ნამუშევრების სოლო კონცერტი გავმართე თბილისში.

მანამდე, 2012 წელს, პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ მიმიყვანა თავის გადაცემაში “ფეის კონტროლი”. ათწუთიანი ჩართვა მქონდა ხოლმე და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამიცნო, როგორც გიგი უანდერი. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, სტივ  უანდერის მუსიკის სიყვარულის გამო, ამ მეტსახელით მომიხსენიებდნენ.

– თუმცა ახლა პიანომენის სახელით გიცნობენ. ეს ფსევდონიმი ალბათ ახალი იმიჯის ნაწილი იყო.

– პროდიუსერმა მირჩია, რომ გიგი უანდერი მაინცდამაინც სერიოზულად არ ჟღერდა და საკუთარისთვის უნდა  მიმეგნო. ამ სახელის აღმოსაჩენად დიდი ფიქრი არ დამჭირვებია, ნებისმიერი პიანისტი ხომ პიანომენია. ასე მარტივად ავირჩიე.

– ინტერნეტსივრცეში თქვენ მიერ შესრულებული პოპულარული კომპოზიციების უმეტესობა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნამუშევრების ახლებური ინტერპრეტაციებია. როდის გაჩნდა იდეა, რომ ეს კომპოზიციები შეგეთავაზებინათ  მსმენელისთვის (პიანომენის კომპოზიცია იხილეთ ქვემოთ)?

ამის გაკეთება დაახლოებით 2 თვის წინ დავიწყე. პირველი კომპოზიცია იყო ყველასთვის კარგად ცნობილი მელოდია ფილმიდან “დღე პირველი, დღე უკანასკნელი”. შეიძლება ითქვას, იტერნეტი აფეთქდა. ასეთ რეაქციას მეც არ ველოდი.

დღეისთვის 15 ასეთი კომპოზიცია მაქვს გაკეთებული. ადამიანები მირეკავენ და თავიანთ მოსაზრებებს მიზიარებენ. მეკითხებიან, როდის გავაკეთებ კონცერტს. პანდემიის პიკი რომ გადაივლის და სიტუაცია დაწყნარდება,  კონცერტს დავგეგმავ.

– რა ჟანრია ის, რასაც აკეთებთ?

– თავადაც არ ვიცი. სხვადასხვა ელემენტების სინთეზი უფროა. როცა დიდი ქართველი კომპოზიტორების ნამუშევრებს ეჭიდები და მათი ახლებური ინტერპრეტაცია გინდა, მთავარია, არ დაკარგო ძირითადი ხაზი, ჰარმონია.

ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ სულ ვფიქრობდი, რომ იქაური რაღაც ჩამომეტანა, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველ მსმენელს ეს უფრო მოსწონს.

ამერიკაში ერთ-ერთ კონცერტზე რეზო ლაღიძის საფორტეპიანო პიესა დავუკარი და მსმენელი გადაირია. სიმართლე რომ ვთქვათ, ქართული ფოლკლორი მათთვის  გაუგებარია. აღიარებენ, რომ ქართული მრავალხმიანობა უნიკალური მოვლენაა, მაგრამ ბოლომდე არ ესმით.

ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების კარგი ორკესტრირება რომ გააკეთო, ოსკაროსანი კომპოზიტორების ნამუშევრებისგან ვერ გაარჩევს მსმენელი. გია ყანჩელი, რეზო ლაღიძე, გოგი ცაბაძე… – მსოფილო დონის მუსიკოსები არიან.

რაც შეეხება სასიმღერო ჟანრს, აქ დიდი პრეტენზიები არ უნდა გვქონდეს. ამერიკაში შავკანიანი ბავშვები მყავს ნანახი, გაგიკვირდებათ, ისეთი ხმა და  ვოკალური მონაცემები აქვთ. ეს მათი სფეროა და კონკურენცია გაგვიჭირდება.

– მოგვიყევით თქვენს პირად ცხოვრებაზე. ახალგაზრდა და პოპულარულ ხელოვნს უთუოდ გექნებათ მოსაყოლი. როგორც ვიცი,  დაოჯახებული არ ხართ.

– ქორწინებაში არასოდეს ვყოფილვარ. ამერიკაშიც მქონდა ურთიერთობები, აქაც, მაგრამ ისე მოხდა, რომ სერიოზული გაგრძელება არც ერთს მოჰყოლია.

ხომ ხდება ასე: შეხედავ, მოგეწონება, ორი-სამი კვირის განმავლობაში მასზე გეფიქრება, მაგრამ მერე თითქოს გავიწყდება. ყოფილა შემთხვევა, გოგონასთვის მითქვამს, რომ კომპოზიცია მას ეძღვნებოდა,  მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

ისეთი ადამიანი არ მყოლია, რომლის სახელსა და გვარს გავახმაურებდი და ვიტყოდი, რომ მასზე ვარ შეყვარებული.

– დარწმუნებული ვარ, თქვენი თაყვანისმცემელი გოგონები ძალიან აქტიურობენ სოციალურ ქსელში.

– სიმართლე გითხრათ, ინტიმურ თემაზე ნაკლებად ვიღებ შეტყობინებებს, თუმცა წინაღმდეგი არ ვიქნებოდი საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის.

ზოგადად ცოტა პრეტენზიული გემოვნება მაქვს. უფრო ძველი ქართული სილამაზის ქალები მომწონს. მეგობრები მსაყვედურობენ ხოლმე, მათ მსგავს ლამაზ მსახიობს ელოდებიო.

სინამდვილეში ასე არ არის. არც განდეგილობის მომხრე ვარ 33 წლის ასაკში. უბრალოდ ქალის მიმართ რაღაც განსაკუთრებული უნდა ვიგრძნო, რაც შემდეგ სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება. ეს არის და ეს.

– მინდა, დღევანდელ გასაჭირზე – პანდემიაზე – ვისაუბროთ. როგორ ცდილობთ იმ ყველაფრის გადატანას, რის წინაშეც მთელი დედამიწა აღმოჩნდა?

– საშინელებაა, როცა ვუყურებ გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობას. ეს ციფრები მართლაც ძნელი მოსასმენია (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში).

მეჩვენება, რომ რაღაც თამაშის უნებლიე მონაწილეები ვართ და ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით მიდის. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე საქართველოს განადგურება არ განიხილება პროექტის ფარგლებში. ამიტომ გადაუარა ამერიკასა და ევროპას, ჩვენ კი შედარებით მშვიდად ვართ.

არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს ვირუსიც და თანმდევი მოვლენებიც  ადამიანების ნახელავი მგონია. სიმართლე  უფალმა იცის და ალბათ ადრე თუ გვიან  ჩვენც გვეცოდინება, რა ტყუილს ვემორჩილებით.

მე, პირადად, პანიკაში არ ვარ. ქართველები სხვა გენეტიკის ადამიანები ვართ. დამიჯერეთ, ერთი ქართველი 50 სხვა ეროვნების წარმომადგენელზე მეტია.

ერთ ამბავს გავიხსენებ: ამერიკაში, ერთ-ერთ შენობაში ლექცია 45-ე  სართულზე გვიტარდებოდა. უცებ სახანძრო სიგნალიზაცია ჩაირთო.

ადმინისტრაციის წარმომადგენელი გამოვარდა და ყველას მოუწოდა, ორ-ორად დამწკრივებულიყვნენ და საავარიო კიბით ხელჩაკიდებულები ჩასულიყვნენ. რომ დავფიქრდი, ამას ერთი საათი დასჭირდებოდა, მაშინვე ლიფტი გამოვიძახე, არადა ექსტრემალურ სიტუაციაში ეს აკრძალულია.

ორ მეგობართან ერთად ლიფტში შევედი და თვალის დახამხამებაში ქუჩაში აღმოვჩნდი. კიბით ჩამომსვლელები კი 40 წუთის შემდეგ ძლივს გამოჩნდნენ.

ამით იმის თქმა მინდა, რომ იქ ადამიანები არ ფიქრობენ, რობოტებად არიან ქცეული. ქართველი სხვა ფენომენია. ამიტომ მჯერა, რომ ყველა განსაცდელს მშვიდად გადავიტანთ.

ნახეთ პიანომენის ერთ-ერთი კომპოზიცია – ვიდეო (ფოტოზე კოლეგასთან, ხატია ბუნიათიშვილთან ერთად)

🌼თბილისში ხომ გვირილებიც მღერიან🌼გ. ცაბაძე ♥️🎹

Gepostet von GiGi PianoMan / გიგი ჭიპაშვილი am Freitag, 26. Juni 2020