,,ისე მიფრინავდა, როგორც ვეფხვი, თითქოს უნდოდა, დარტყმის ძალა შეემსუბუქებინაო…” – სჯერა თუ არა მიხეილ ხერგიანის ოჯახს, რომ ლეგენდარულ ალპინისტს თოკი გადაუჭრეს

,,ისე მიფრინავდა, როგორც ვეფხვი, თითქოს უნდოდა, დარტყმის ძალა შეემსუბუქებინაო..." - სჯერა თუ არა მიხეილ ხერგიანის ოჯახს, რომ ლეგენდარულ ალპინისტს თოკი გადაუჭრეს,,სარკე”, ნანა კობახიძე

მთათა დამპყრობელი, ცნობილი ალპინისტი, მიხეილ ხერგიანი, თავადაც მთაში დაიბადა, ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე, მესტიაში. სამი სახელი ჰქონდა: ნამდვილი სახელი – ჩხუმლიანი, ოჯახში მინანს ეძახდნენ, ალპინიზმის სკოლაში კი მიხეილი შეარქვეს, რადგან ჩხუმლიანს ვერ გამოთქვამდნენ.

,,ქართული ალპინიზმის ლეგენდა, მთის რაინდი, კლდის ვეფხვი” – ასე უწოდეს მიხეილ ხერგიანს, რომელიც კაცობის ეტალონად მიაჩნდათ არამხოლოდ თავის ქვეყანაში. მთის სიყვარული და მწვერვალების დაპყრობის ნიჭი გენეტიკურად მოსდგამდა. მსოფლიოს მრავალი ურთულესი მწვერვალი დალაშქრა რეკორდულ დროში. მისი მოქნილობით აღტაცებულმა ინგლისის დედოფალმა, ელიზაბეტ II-მ, ის კლდის ვეფხვს შეადარა.

პიროვნული უბრალოება და თავმდაბლობა სჩვეოდა. მთაში სამაშველო სამუშაოებისას უამრავი ადამიანი გადაარჩინა და ეს თავის ყველაზე დიდ მიღწევად მიაჩნდა.

ტრაგიკულად დაიღუპა 1969 წლის 4 ივლისს, 37 წლის ასაკში. იტალიის დოლომიტებში მწვერვალ სუ-ალტოს დალაშქვრის დროს ქვათაცვენაში მოყვა, თოკი გაუწყდა და 600 მეტრი სიმაღლიდან გადაფრინდა. დაკრძალულია მესტიაში. იმავე წლიდან მისი სახელობისაა თურქესტანის ქედზე 4.960 მეტრი სიმაღლის მწვერვალი. საბჭოთა კავშირში ყველაზე ტექნიკურ კლდეზე მცოცავს მიხეილ ხერგიანის სახელობის პრიზს აძლევდნენ. 1987 წელს ჩვენს ორბიტაზე აღმოჩენილ მცირე პლანეტას მისი სახელი უწოდეს.

წელს, 23 მარტს, მიხეილ ხერგიანს დაბადებიდან 88 წელი შეუსრულდებოდა. ამ ლეგენდარულ პიროვნებაზე და მის ოჯახზე “სარკეს” ალპინისტის ძმის, ანვარის, შვილი, მისივე მოსახელე მიშა (მიხეილ) ხერგიანი ესაუბრა. ის თავადაც მთამსვლელია, პროფესიით იურისტი, 4 შვილის მამა. 16 წელი იმუშავა სასაზღვრო პოლიციის სამაშველო სამსახურში. 1995 წლიდან ბიძის სახლ-მუზეუმის დირექტორია.

მიშა ხერგიანი:

– ხერგიანების საგვარეულოში უძლიერესი მთამსვლელები იყვნენ მიშას მამა ბესარიონი, მიშას ბიძები – გაბრიელ და ბექნო ხერგიანები. მიშას ბაბუა, ანტონი, მონადირე იყო. ძველად სვანები ისეთ ადგილებში დადიოდნენ სანადიროდ, იქ გავლა დღეს ალპინისტსაც რომ უჭირს. მიშას ბიძა, ბესარიონის ნახევარძმა დედის მხრიდან, მაქსიმე გვალიანი, დამწყები ალპინისტი იყო, ანუ ალპინიზმის სათავეებთან იდგა.

– თუმცა მამას არ უნდოდა, მიშა ალპინისტი გამხდარიყო. რატომ?

– ბესარიონმა კარგად იცოდა ალპინისტის განსაცდელები – ფიზიკური თუ სულიერი, მეგობრების დაკარგვა… მიშა ბავშვობიდან ალპინისტების გარემოცვაში იზრდებოდა და ამან იქონია მასზე გავლენა.

– მიხეილის და-ძმებიც გაიტაცა ალპინისტობამ და შედეგებიც ჰქონდათ.

– დიახ, ალპინისტობა ჯიშიდან მოგვდგამს. ბესარიონს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა 5 შვილი: მიხეილი და 4 გოგო – ქერექლეზი, ევა, თინა და ირმა. მიშა 1938 წელს დაიბადა. 4 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა, შემდეგ – უფროსი დაც. მეორე მსოფლიო ომის დროს განსაკუთრებით რთული იყო შვილების აღზრდა უდედოდ. ბესარიონმა მეორედ იქორწინა ქვრივ მამოლ გვარლიანზე, შეეძინათ 3 შვილი – ანვარი, ნაზო და ევერეზი. მამოლს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ქალიშვილი ნათელა.

თინა საბჭოთა კავშირის პრიზიორია მეკლდეურობაში. ნაზოც ალპინისტი გახდა. ანვარი მიშას ბავშვობიდან დაჰყავდა ალპინისტურ ბანაკებში, სადაც თვითონ ასწავლიდა. როგორც მამას არ უნდოდა, მიშა გამხდარიყო ალპინისტი, ისე მიშას არ სურდა, რომ მისი დედმამიშვილები ყოფილიყვნენ ალპინისტები. ზოგადად ასეა, ალპინისტი არასდროს ისურვებს ახლობელი ადამიანისთვის ამ სარისკო პროფესიას.

1968 წელს ალპინიადაზე მიშამ უშბაზე 45 ადამიანთან ერთად აიყვანა უმცროსი ძმა, 14 წლის ბექა (ევერეზი) ხერგიანი. იქ უხუცესი იყო ადგილობრივი მკვიდრი, 72 წლის ალმათგილ კვიციანი. ჯგუფს მიშა ხელმძღვანელობდა. მსგავსი სარეკორდო ასვლა უშბაზე არასდროს მომხდარა და ვერც მოხდება იმიტომ, რომ უშბისთვის 45 ადამიანი ერთად ძალიან ბევრია. იქ ადიან ალპინისტების 4-5 კაციანი, მაქსიმუმი, 6 კაციანი ჯგუფები.

– მიხეილ ხერგიანის სარეკორდო ასვლებიდან კიდევ რომელს გამოყოფთ?

– ბევრია ასეთი, მაგრამ ორს აღვნიშნავ. 1964 წელს მიშამ თავის ჯგუფთან ერთად (თვითონ ხელმძღვანელობდა) გაიარა ჩრდილოეთ უშბის აღმოსავლეთი კედელი, რომელსაც უშბის სარკეს უწოდებენ, დაკიდული კედლები აქვს, მასზე ასვლა ძალიან ძნელია. მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს მსოფლიოს უძლიერესი ალპინისტები ჩამოდიან და ვერავინ შეძლო ამ ურთულესი მწვერვალის დალაშქვრა.

მიშა თავადაც განსაკუთრებულად თვლიდა ამ სარეკორდო ასვლას. იქ ბოლო წუთებში ძალიან გაუჭირდა და მეწყვილეებს გადასძახა, პრობლემა მაქვს და თოკები შეიხსენითო. ბოლო ნაბიჯიღა იყო და თუ არ გაუმართლებდა, ყველა დაიღუპებოდა. ამიტომ სთხოვა, თოკები შეეხსნათ. მიშას მეწყვილეები იყვნენ უძლიერესი ალპინისტები, უდიდესი ადამიანები. მათ უპასუხეს, შენ თუ გიჭირს, ჩვენ თოკებს არ შევიხსნით, თუ დაღუპვაა, ერთად დავიღუპოთო.

ეს იყო ადგილი, სადაც კედელი მთავრდებოდა და გადარჩენის შანსი არავის ექნებოდა. თოკები არ შეიხსნეს. მაშინ მიშამ, მეგობრების გადარჩენის მიზნით, გმირობაზე მეტი გააკეთა: ცალი ხელის ორი თითით აიზიდა და სხვა შვერილზე გადავიდა, გადაძრომა შეძლო და სხვებიც გადავიდნენ. მეწყვილეებს თოკები რომ შეეხსნათ, შეიძლებოდა მიშა გადავარდნილიყო. ეს მარშრუტი დღემდე ატარებს მიხეილ ხერგიანის სახელს.

საფრანგეთის ალპებში, საკურორტო ქალაქ შამონისთან მდებარე ტი-ტრიუ მსოფლიოში ერთ-ერთ ურთულესი მწვერვალია. პირველად ეს მარშრუტი ფრანგმა ალპინისტებმა გაიარეს, 2 კვირა მოანდომეს. 1967 წელს კი მიხეილ ხერგიანმა მეწყვილესთან ერთად იგივე მარშრუტი 17 საათში გაიარა. ეს იყო დაუჯერებელი სარეკორდო ასვლა. ამიტომაც იყო მიშა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ალპინისტი. მსგავსი სარეკორდო ასვლა ბევრი ჰქონდა.

– ასზე მეტი ადამიანი გადაარჩინაო. რომელიმე შემთხვევაზე გვიამბეთ.

– ასზე მეტში იგულისხმება ჯგუფების შემადგენლობა. 1962 წელს კავკასიონზე, დომბაის მთებში, სტავროპოლის ინსტიტუტის სტუდენტთა 6 კაციანი ჯგუფი ავიდა მწვერვალზე და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მოხვდნენ. 5-6 დღე დაჰყვეს. იქამდე ვერავინ აღწევდა, რომ დახმარებოდნენ. არც იცოდნენ, ცოცხლები იყვნენ თუ არა. მიშამ მარტომ მიაღწია იმ მწვერვალზე, მეგობრები ჩამორჩნენ. მიუტანა საკვები, წყალი, თოკები, აღჭურვილობა და 5 ადამიანი გადაარჩინა, მეექვსე გარდაიცვალა…

მიშა აღნიშნავდა, ბედნიერი ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადამირჩენია მთაში, რაც მედლები მაქვს, ყველას ერთად მირჩევნია, რომ ბევრი მთამსვლელი მყავს გადარჩენილი, ყველაზე მეტად ის მიხარებს გულს, ადამიანს სიცოცხლეს რომ შევუნარჩუნებო.

– როგორც ამბობენ, წუხდა, რომ ასპარეზობა უწევდა საბჭოთა კავშირის სახელით და არა – საქართველოსი. მართალია, რომ მან ეს გააპროტესტა და ამის გამო საფრანგეთის ჩემპიონატზე მისი გვარის გასწვრივ გამოაცხადეს “სვანი საქართველოდან”?

– ბევრი ლეგენდა დადის მიშაზე. გიამბობთ, რისი შემსწრეც ვარ რეალურად. მიშას დაღუპვიდან 50 წლის თავზე იტალიის დოლომიტებში, მწვერვალის ძირას (სადაც დაიღუპა) სვანური ადათ-წესებით და ლილეოთი პატივი მივაგეთ მის ხსოვნას. ჯგუფი დაბრუნდა საქართველოში, მე კი გავემგზავრე ავსტრიისა და ჩეხეთის მთებში, ასვლები გვქონდა.

ჩეხეთში ვნახე ხნიერი ალპინისტები, რომლებმაც მიშა მსოფლიო ალპინისტთა შეკრებაზე გაიცნეს, ისინი ერთად იყვნენ საფრანგეთის მთებში. მიამბეს, რომ მიშას საბჭოთა კავშირის ემბლემა არ უყვარდა. ერთკვირიანი შეკრება იყო საფრანგეთის ალპებში, ყველა მონაწილეს ჰქონდა სასადილოს ტალონი, რითიც იღებდნენ ულუფას. ტალონზე აღნიშნული იყო მათი ქვეყნის სახელწოდება და ემბლემა.

მიშას უთხოვია ჩეხი სპორტსმენისთვის, რომ მის ტალონზე ლათინური ასოებით დაფიქსირებული “სსრკ” როგორმე გადაესწორებინა საქართველოთი. ამის შემდეგ, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, ისე იღებდა საკვებს. მიშას სურვილი იყო, აღენიშნათ მისი ქართული წარმომავლობა იმიტომ, რომ სსრკ-ის მოქალაქეებს მაშინ რუსებთან აიგივებდნენ. არა მგონია, სიმართლე იყოს, რომ ჩემპიონატზე გამოაცხადეს, როგორც სვანი საქართველოდან.

მიშა ისე უყვარდათ, მისი დაღუპვის შემდეგ მესტიაში ჩამოდიოდნენ, ოჯახში გვსტუმრობდნენ და წლობით რჩებოდნენ ჩვენთან.

– გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელიზაბეტ II-ს, მიხეილ ხერგიანისთვის კლდის ვეფხვი უწოდებია. ეს ხომ სინამდვილეა და არა – ლეგენდა?

– ალპინისტების ჯგუფს სსრკ-დან თან დაჰყვებოდა “კაგებე”-ს წარმომადგენელი, თარჯიმანი ევგენი გიპენრეიტერი, რომელსაც მიშა ძალიან უყვარდა. მან მიამბო, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე მიშას აჯიბრებდნენ უძლიერეს აპლინისტებს. ყველა მთიან სისტემას ჰყავდა “მეფე”, ვისთანაც მიშა ასპარეზობდა. ასე იყო შოტლანდიაშიც.

1960 წელს შოტლანდიის მთების დალაშქვრის შემდეგ მიშა მიიწვიეს ლონდონში, ლორდთა პალატაში, სადაც მიწვეული იყო ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ II. მას უჩვენეს დოკუმენტური მასალა ალპინისტების ლაშქრობაზე. განცვიფრებულმა ელიზაბეტმა თქვა მიშაზე, ვინ არის ეს ახალგაზრდა, ვეფხვივით რომ დადის კლდეებზეო. მინდოდა, დამეზუსტებინა, თუ იწვევდნენ დედოფალს ლორდთა პალატაში. ეს კითხვა დავუსვი ჩვენი მუზეუმის სტუმარს, ლორდთა პალატასთან დაახლოებულს, თავადაც ალპინისტს. ეს ხშირად ხდებოდაო, დამიდასტურა.

– გავრცელებული ინფორმაციით, შოტლანდიის მთებში ასვლისას მიშას მეკლდეურების სპეციალური ბათინკები ეცვა, რომელიც ვეფხვის ტორს ჰგავს. ამის გამო უწოდა დედოფალმა კლდის ვეფხვი?

– მცდარი ინფორმაციაა. ეგ ბათინკები, ანუ ტრიკონები, არის ყინულის ფეხსაცმელი, რომელზეც მაგრდება რკინები და ვეფხვის თათს წააგავს. ისინი მიშას შოტლანდიაში არ სჭირდებოდა მაშინ, ვინაიდან ზაფხული იყო. მიშას ეცვა კედები, რომელიც შემდგომ დიდი ბრიტანეთიდან წამოიღო და ახლა ჩვენს მუზეუმშია. ფოტოც კი გადაიღო დიდ ბრიტანეთში, კედებს რომ იცვამს.

– იმ საბედისწერო დღეს 700 მეტრიან კედელზე ასვლისას რატომ აირჩია ცალფა თოკი და არა – ორმაგი, რატომ გარისკა?

– მიშა ამ ასვლას სარისკოდ არ თვლიდა. სუ-ალტომდე გავლილი ჰქონდა უფრო რთული მწვერვალები იტალიის დოლომიტებში – ბანკონის კედელი 6 საათში, ტორე ვენეცია 3 საათში. სუ-ალტოზე, სადაც ქვათაცვენაში მოყვა, იშვიათად დადიან ალპინისტები, მაგრამ მიშა არ მიიჩნევდა ურთულესად.

– გაჩნდა ეჭვი, რომ მოუწყვეს. იმ საბედისწერო შემთხვევაზე გვიამბეთ.

– ალპინიზმში გაუცნობიერებელმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ მიშას თოკი გადაუჭრეს – ეს აზრი ალპინიზმის შეურაცხყოფაა. მიშას ოჯახის წევრებმა კარგად იცოდნენ, რომ მთაში ყოველთვის შეიძლება დაგძლიოს სიკვდილმა, თუმცა მიშას გადმოსვენებისას ოჯახმა მოინდომა, გაეხსნა თუთიის სასახლე, რომ დარწმუნებულიყვნენ, ნამდვილად იყო თუ არა მიშა ჩასვენებული.

ტრაგედია ასე მოხდა: სუ-ალტოზე მიშა მიდიოდა წინ, ყველაზე რთული მონაკვეთები უკან მოიტოვა, ცოტაღა ჰქონდა დარჩენილი. მოუწია ტრავერსირება ხელმარცხნივ, თვალს მიეფარა, მეწყვილე ვეღარ ხედავდა, მხოლოდ თოკის მოძრაობით გრძნობდა მის მოძრაობებს. მიშას თუ გაუჭირდებოდა, წამოიწყებდა ხოლმე სვანურ “ლილეოს” ან ქართულად იტყოდა: “დაიჭირე”, “მოემზადე!”. ამით მეწყვილეს მზადყოფნისთვის მოუწოდებდა.

მიშასთან ყველა განებივრებული იყო იმით, რომ მთაზე თავისუფლად ადიოდა. მისი მეწყვილე, ვიაჩესლავ ონიშენკო (მოსკოველი ქირურგი, მთამსვლელი), მთაზე ასვლისას ფოტოებსაც იღებდა. მას არ გაუგია მიშასგან არანაირი ნიშანი, მხოლოდ ქვათაცვენის ხმა მოესმა. უყურებდა, როგორ გადმოვარდა ქვებთან ერთად მიშა.

იხსენებდა, დაზღვევის მიზნით მოვჭიმე თოკი, მაგრამ ხელებში ბიძგი ვიგრძენი და ცარიელი თოკიღა შემრჩა, ვუყურებდი, როგორ მიფრინავდა მიშა, მიფრინავდა, როგორც ვეფხვი – ხელებგაშლილი, თითქოს უნდოდა, შეემსუბუქებინა თავზე დარტყმის ძალა, მაგრამ ქვათა ცვენამ შანსი არ დაუტოვაო.

ეს ადამიანი დღესაც ცოცხალია. მიშას დაკრძალვაზე ყოფილა ჩამოსული მესტიაში. თავის ქვეყანაში უთქვამთ მისთვის, სვანეთში ნუ წახვალ, მთაში სხვაგვარი წესებია და არ გაგასამართლონო. მას უპასუხია, რომ არ წავიდე, მაშინ შეიძლება ჩემს ბრალეულობაზე მართლა იფიქრონო. მეორედაც გვესტუმრა სვანეთში. მასში ეჭვი ჩვენს ოჯახში არავის შეუტანია.

– მსოფლიოს ალპინიზმის ვარსკვლავი სადად და უბრალოდ ცხოვრობდა. კიდევ რა იყო მისთვის ნიშანდობლივი?

– როცა მეკითხებიან, ყველაზე მაღალი მწვერვალი რომელი დაიპყროო, ვპასუხობ: “უპირველესად კაცობის მწვერვალი ჰქონდა დაპყრობილი!”. რომ არ ყოფილიყო ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ალპინისტი, ის მაინც იქნებოდა უძლიერესი ადამიანი ადამიანთა შორის. მიშა, პირველ რიგში, ადამიანობით ფასობდა, ამიტომ უყვარდა ბევრს. პოპულარობამ მისი ცხოვრების წესსა და ხასიათში არაფერი შეცვალა.

უცხოელი, მხცოვანი კაცი შემოვიდა მუზეუმში. ვუთხარი, დაგათვალიერებინებთ-მეთქი. იუარა, თავად ვნახავო. რომ აღარ გამოჩნდა, შემოვიარე მუზეუმი, შევედი მიშას ოთახში და ვხედავ – ეს კაცი მუხლებზე დგას და მიშას სურათებთან პირჯვარს იწერს. ხელი მოვკიდე და მის წამოყენებას ვეცადე, მეგობარო, ეს ეკლესია არ არის-მეთქი. მითხრა: “ეს ადამიანი ჩემთვის იყო, როგორც ღმერთი!”. მიშას ბევრი ასეთი თაყვანისმცემელი მოსულა ჩვენთან.

– ფიზკულტურის ინსტიტუტში ალპინიზმის კათედრა გაუხსნეს. მის პედაგოგიურ მოღვაწეობაზეც გვიამბეთ.

– 37 წლისამ 2-3 თაობის აღზრდა მოასწრო. საბჭოთა კავშირში მაშინ ალპინიზმის სკოლა იყო მხოლოდ მოსკოვში, ფიზკულტურის ინსტიტუტში. მიშას შესთავაზეს იქ მუშაობა, მაგრამ უპასუხა, თუ გინდათ, ვასწავლო, ალპინიზმის კათედრა თბილისში გამიხსენითო. ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, დათანხმდნენ. მიშას დაღუპვის შემდეგ მოსკოვმა საქართველოში ალპინიზმის კათედრა დახურა.

– მიხეილს ალბათ ბევრი ქალი ეთაყვანებოდა. მეუღლე რა ნიშნით აირჩია?

ძალიან სიმპათიური იყო. ალბათ ბევრ ქალს მოსწონდა, მაგრამ თვითონ ვინც მოეწონა, მასზე იქორწინა. სამწუხაროდ, შვილები არ შეეძინათ. მიშას მეუღლე, 90 წლის კატო ბარლიანი, დღესაც მხნედ არის, კარგად გამოიყურება. სახლ-მუზეუმთან ახლოს ცხოვრობს, შესანიშნავი ადამიანია და ტკბილი ურთიერთობა გვაქვს.