ვანო მაჩაბლის ქორწინების გარეშე გაჩენილი შვილი და დაკარგული სიყვარული – როგორ მოექცა ქართველი ხალხი შექსპირის მთარგმნელს

ვანო მაჩაბლის ქორწინების გარეშე გაჩენილი შვილი და დაკარგული სიყვარული - როგორ მოექცა ქართველი ხალხი შექსპირის მთარგმნელს,,სარკე”, ირინე მჭედლიძე

სასიყვარულო სკანდალები, მიტოვებული ორსული ქალი და ქორწინების გარეშე გაჩენილი შვილი, ხალხის სიყვარული, დაფასება, აღზევება და მერე ცილისწამებების, ინტრიგებისა და ღვარძლის კორიანტელი – ეს ვანო მაჩაბლის ცხოვრებაა, რომელიც სავსეა ისეთი ეპიზოდებით, დღეს რომ სოციალური ქსელებია დახუნძლული.

შეუძლებელია, მის ბიოგრაფიას გაეცნო და არ იკითხო: “ნუთუ მაშინაც ასე ხდებოდა და თითქმის ორი საუკუნის წინაც ასე იქცეოდა ქართველი საზოგადოება?!”. უნიჭიერეს მთარგმნელს არაერთხელ ატკინეს გული, არაერთხელ ამოსვარეს ლაფში. ბოლოს კი ნაცნობებმა სახლის კარიც დაუკეტეს.

ამბობენ, ვანო მაჩაბელი მოკლესო, მაგრამ არანაკლებ დამაჯერებელია მეორე ვერსიაც, რომ ამდენ შეურაცხყოფას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ივანე (ვანო) მაჩაბელს ცოლად ულამაზესი ქალი, ტასო ბაგრატიონ-დავითაშვილი, ჰყავდა, რომელსაც მრავალი მამაკაცი ეტრფოდა. მის თაყვანისმცემელთა შორის პოეტი აკაკი წერეთელიც გახლდათ. ტასოსა და ვანოს ორი შვილი ჰყავდათ – ნიკო და ელენე. ასეთი ოჯახის ყოლა ადამიანის ბედნიერებისთვის თითქოს საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვანო ბედნიერი არასოდეს ყოფილა – მთელი ცხოვრება პირველ სიყვარულს მისტიროდა.

ვანო მაჩაბლის უიღბლო ცხოვრებაზე ,,სარკეს” პოეტი შარლოტა კვანტალიანი ესაუბრა:

– ვანო მაჩაბელმა თელავში გაიცნო გრიგოლ ქართველიშვილის ქალიშვილი, მშვენიერი ლიზა. ლიზა მასწავლებელი იყო. თანამედროვენი მოგონებებში წერენ, რომ არამარტო სილამაზით გამოირჩეოდა, არამედ თავისი გონებითა და მტკიცე ხასიათით. ვანო მაჩაბელს ლიზა თავდავიწყებით შეუყვარდა. ისინი დაქორწინებასაც აპირებდნენ და ქორწილის დღეც დათქმული ჰქონდათ.

– რატომ ჩაიშალა ქორწინება?

– ვანომ თბილისში, ნიკო დიასამიძის ოჯახში ტასო ბაგრატიონ-დავითაშვილი გაიცნო და მისი სილამაზით თავბრუდახვეულმა ხელი სთხოვა. მალე მათი ქორწილიც დაინიშნა. უცნაურ ვარსკვლავზე გაჩენილ ვანოს კიდევ ერთი “სიურპრიზი” ელოდა – ტასო ბაგრატიონ-დავითაშვილთან ქორწილის დღეს ლიზა ქართველიშვილს მისგან ვაჟი შეეძინა – შალვა.

– ლიზა ქართველიშვილი ვანოსგან ბავშვს ელოდებოდა?

– დიახ, ლიზა მისგან ფეხმძიმედ იყო. სამწუხაროდ, მათი სიყვარულის ნაყოფი ქორწინების გარეშე დაიბადა.

– ვანომ არ იცოდა, რომ ლიზა მისგან ბავშვს ელოდა?

– რა თქმა უნდა, ეცოდინებოდა. ლიზას ახლობელი, მარიამ ფორაქიშვილი იხსენებს: ,,ლიზასთან მოვიდა მეგობარი და აღშფოთებულმა უამბო, ვანომ წუხელ ბაგრატიონის ქალი ითხოვაო. ლიზას ჯერ სისხლი მოაწვა სახეზე, მერე გაფითრდა და რისხვა გამოეხატა. ვანო მოვარდა, ჩაუვარდა მუხლებში… პატიებას სთხოვდა. ისე ემუდარებოდა, რომ ტირილი დავიწყე, მაგრამ ლიზამ კარისკენ უჩვენა გზა…”. უკვე აღვნიშნე, რომ ლიზა ძალიან პრინციპული იყო. მას არ შეეძლო ასეთი შეურაცხყოფის პატიება.

– მომავალ შვილზე არ ზრუნავდა ვანო?

– ვანოს მუცლის მოშლაც ურჩევია ლიზასთვის, მაგრამ იგი არ დასთანხმდა. მას ბავშვის გაჩენა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. მომავალი მამა ლიზას ბავშვის გაზრდას შეჰპირებია, მისთვის ფულიც გაუგზავნია, მაგრამ ერთ დროს საყვარელი ქალი მის დახმარებას ყოველთვის უარყოფდა. ვანოს ახლოს აღარ იკარებდა.

– ვანომ შვილს გვარი მისცა?

– ძალიან უნდოდა, შვილს მამის გვარი ეტარებინა, მაგრამ ლიზამ უარი განუცხადა. გვარი არ მიიღო და ბავშვსაც უმალავდა.

– ამ პერიოდში ქორწინების გარეშე დაორსულება საზოგადოებაში სკანდალს გამოიწვევდა. ქართველიშვილების ოჯახი როგორ შეხვდა ლიზას ორსულობას?

– ლიზა მართლაც უნუგეშო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მამამ სახლიდან დაითხოვა. მასწავლებლობისთვისაც თავი დაენებებინა. სახლის კარი ბევრმა მიუკეტა. დამცირებული და შეურაცხყოფილი, ვახვახიშვილების ოჯახმა შეიფარა. ლიზამ ხელახლა დაიწყო ცხოვრება – საბებიო-საფერშლო კურსები დაამთავრა, დაიბრუნა ავტორიტეტი და ხალხის სიყვარული.

ვაჟი თელავში, ღვთაების ეკლესიაში მონათლეს დედის გვარით, მამის სახელის ნაცვლად კი პაპის, გრიგოლის, სახელი მისცეს. მღვდელი ნათლობისას ბუტბუტებდა – მეპატიოს, თუ რამეს ვაშავებო (როგორც ჩანს, უკანონოდ შობილი ბავშვის მონათვლა ღვთის მსახურისთვის ცოდვად ითვლებოდა. ავტ.).

– ვინ ეხმარებოდა ბავშვის აღზრდაში?

– ვახვახიშვილების ოჯახი პატარა შალვას ფუფუნებითა და სიყვარულით ზრდიდა. ასწავლიდნენ უცხო ენებს, მუსიკას. შალვა შესანიშნავად ხატავდა, წერდა, თარგმნიდა. მისი ოჯახი ახვლედიანების ოჯახს დაუახლოვდა, სადაც მომავალში ცნობილი მხატვარი, ელენე ახვლედიანი, იზრდებოდა. ელენე იგონებს, ჩემი პირველი ხატვის მასწავლებელი შალვა ქართველიშვილი იყოო.

ქართველიშვილების ოჯახთან ვასილ ბარნოვიც მეგობრობდა. ერთ-ერთ წერილში ბარნოვი აღტაცებით საუბრობს ლიზაზე. მწერალი დედა-შვილს ხშირად თავისი რომანების პერსონაჟთა პროტოტიპებად იყენებდა.

– შალვა ქართველიშვილს ვანოსა და ტასოს შვილებთან ჰქონდა ურთიერთობა?

– ამბობენ, ვანო ლიზას დაკარგვას ნანობდაო. შვილთან ურთიერთობა სურდა, მაგრამ ამაოდ. შემდეგ მის შვილებს, ნიკოს, ელენესა და შალვას, ერთმანეთთან კარგი დაძმობა ჰქონდათ. ნიკო მაჩაბელი 1921 წელს დახვრიტეს. მოგვიანებთი დახვრიტეს შალვაც. ელენემ დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მისი ცხოვრებაც გაუხარელი იყო.

ტასოსთან ქორწინებამ ვანო მაჩაბელს ბედნიერება ვერ მოუტანა. ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მიხვდა, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგა. მისი თანამედროვე ქეთევან ჯავახიშვილი იხსენებს:

,,ერთხელ ვანოსთან წავედი. უკვე სამი-ოთხი თვის ჯვარდაწერილი იყო. სახლში არავინ დამხვდა. ბიჭმა წამჩურჩულა – კნიაზი თავის ოთახში ზისო. შევედი, ვანო თავის საწერ მაგიდასთან იჯდა, თავი ხელებში ჩაერგო და ქვითინებდა.

ხელი დავადე თავზე: ,,რა მოგივიდა, ვანო?”

ვიფიქრე, ბანკზე კამათმა თუ გააბრაზა-მეთქი, მაგრამ მაგიდაზე ედო ლიზას სურათი… ქეთო, რა ვქენი, რატომ გავცვალე საცოდავი ქალი, არ მეპატიება, არა! არ იყო ვანო ბედნიერი, ესმოდა როგორი მშვენიერი ბიჭი ეყოლა ლიზას და უნდოდა თავისი გვარის მიცემა. ლიზა ამაზე ბრაზდებოდა, სულ ცეცხლს ჰყრიდა პირიდან”.

შარლოტა კვანტალიანი:

– შალვა ქართველიშვილი სახელგანთქმული ვექილი გახდა. თანამედროვეთა ცნობით, მნიშვნელოვანი მასალები შეუგროვებია ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ხიზანიშვილის მკვლელობებზე, მამის აღსასრულზე. 8 წლის ასაკში გაუგია მამის უცნაური დაკარგვის შესახებ. შალვას მიერ თარგმნილი პუშკინის პოემები კოტე მარჯანიშვილმა თეატრში დადგა. ზეპირად იცოდა ” ვეფხისტყაოსანი”. შალვა მის თარგმნაში კონსტანტინე ბალმონტსა და პანტელეიმონ პეტრენკოს ეხმარებოდა.

– მისი ოჯახის შესახებ რას გვიამბობთ?

– ცოლად ჰყავდა პოეტი ელენე ბაქრაძე. ელენესა და შალვა ქართველიშვილს ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ. ელენე შალვას პაოლო იაშვილმა რუსთაველის პროსპექტზე მდებარე კაფე “ქიმერიონში” გააცნო. გაცნობიდან რამდენიმე თვეში დაქორწინდნენ. ელენესთვის ეს მეორე ქორწინება იყო.

..

პოეტებისა და მწერლების საყვარელ კაფე ,,ქიმერიონში” შეხვედრას ელენე ბაქრაძე ერთ-ერთ მოგონებაში ასე იხსენებს:

,,ერთ დღეს ,,ქიმერიონში” ვისხედით გრიგოლ რობაქიძე, პაოლო, ტიციანი, ლელი ჯაფარიძე, ალი არსენიშვილი და ვსაუბრობდით, როცა პაოლოს უეცრად სახე გაუნათდა სიხარულისგან, სწრაფად წამოხტა: შალვა, შალვა მოვიდაო. უნებურად მივიხედეთ. შემოვიდა შესანიშნავი გარეგნობის მამაკაცი, სწრაფად დაასკვნიდი: უჰ, რა საუცხოო ჯიშისაა, ზედმიწევნით კულტურული კაცი უნდა იყოს, უსათუოდ საინტერესო პიროვნება.

პაოლო გადაეხვია, გადაკოცნა. ყველაზე მეტად გახარებული ჩანდა გრიგოლი, რომელიც მიეგება ასეთი სიტყვებით: ” როდის ჩამოხვედი, დღეს დილას? მომენატრე, შალვა!”. პაოლომ რაღაც უჩურჩულა შალვას და მოიყვანა ჩემთან, გამაცნო… ის დაჯდა სუფრის ბოლოში, გასაოცარი თვალები ჰქონდა.

მრავალი წლის მანძილზე მისი თვალები ზღვასავით მწვანე მეჩვენებოდა. მაღალი და გამხდარი იყო… ყოველი მისი მოსწრებული სიტყვა ღირსეული იყო, ამავე დროს კეთილი და კეთილშობილება იყო იმდენად ბუნებრივი, რომ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა…”.

– ელენესა და შალვას შვილები არ ჰყავდათ?

– სამწუხაროდ, ამ ორ უმშვენიერეს ადამიანს შვილები არ ჰყავდათ. 1937 წელს შალვა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. გაქრა მისი მნიშვნელოვანი შრომები, საფლავი.

ელენე ბაქრაძემ მისი ბავშვობისდროინდელი ლექსების რვეულები, უბის წიგნაკები, ჩანახატები შემოინახა, რითაც შესაძლებელი ხდება, ოდნავ მაინც აღადგინო ამ არაჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება და შემოქმედება. ასევე დაიკარგა ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ხიზანიშვილის მკვლელობების შესახებ მასალები და, რაც მთავარია, ივანე მაჩაბლის გაუჩინარების ნამდვილი ამბავიც შალვამ საფლავში ჩაიტანა.

მე-20 საუკუნის გახმაურებულ მკვლელობებზე შალვას მიერ მოძიებული მასალები დღემდე უცნობია.

ივანე მაჩაბლის აღსასრულზე მრავალი ვერსია არსებობს, თუმცა არავინ იცის, მათგან რომელია მართალი. ერთი ვერსიის თანახმად, იგი მოკლეს. მეორე ვერსიით, დუხობორების სექტას ამერიკაში გაჰყვა. არსებობს ვარაუდი, რომ მაჩაბელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – თავი მტკვარში დაიხრჩო. ერთი ვერსიაც ცნობილია – იგი ცოლის, ტასო ბაგრატიონ-დავითაშვილის, საყვარელმა მოკლა.

წლების წინ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის პუბლიკაცია, სადაც ის მაჩაბლის გაუჩინარების შესახებ საუბრობს. ზაქარიაც არ გამორიცხავს ვერსიას, რომ იგი ქალის გულისთვის მოკლეს. “ივანე მაჩაბელსაც ჰყავდა ორიოდე მტერი ქალურ საქმეებზედ”, – წერს ზაქარია. ამის გარდა, უფრო მნიშვნელოვან ცნობებსაც გვაწვდის – როგორ ექცეოდა მაშინდელი საზოგადოება ამ უნიჭიერეს ადამიანს.

ვანო მაჩაბელი ილია ჭავჭავაძეს 1870 წლის შემდეგ დაუახლოვდა. იმ პერიოდში ვანო სასწავლებლად პეტერბურგში წავიდა. ამ დროს ილია სათავადაზნაურო ბანკის დასაარსებლად რუსეთში იმყოფებოდა. ვანომ და ილიამ 1872 წელს ერთად თარგმნეს შექსპირის “მეფე ლირი”, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ილიამ ვანო ბანკის დირექტორად დანიშნა.

ილია მას დიდ პატივს სცემდა და ძალიან უყვარდა. მალე ბანკის საქმეებში სხვადასხვა ადამიანი ჩაერთო და მეგობრები ერთმანეთს გადაამტერეს. მაჩაბლის გარშემო ილიას მოძულე ადამიანები შეიკრიბნენ. მათი რჩევით, ვანომ რუსეთის მთავრობის ფინანსთა მინისტრს წერილი გაუგზავნა, სადაც ბანკის შესახებ სხვადასხვა ცნობას აწვდიდა. წერილს, რომელიც ილიამ გამოააშკარავა, ,,დაბეზღება” უწოდეს.

ილია ბანკის კრებაზე ვანოს წინააღმდეგ გამოვიდა. ასე დაიწყო მაჩაბლის ცხოვრების ტრაგედია. ამის შემდეგ ასეთი სიტყვებით მოიხსენიებდნენ: ,,ივანე მაჩაბელი მტერია ქართველი ერისა და მაბეზღარი!.. გაუხმეს ივანე მაჩაბელს ის კალამი, რომლითაც იგი წერს ქართველი ხალხის დაბეზღებას და ამ დაბეზღებას რუსის მთავრობას უგზავნის!”.

ზაქარია წერს: ,,ივანე მაჩაბელი მძლავრი კაცი იყო, ბანკის საქმეების ცოდნით ილია ჭავჭავაძეს არ ჩამორჩებოდა. რომ მომხდარიყო ის, რომ ბანკის გამგეობა ივანე მაჩაბელს ჩაეგდო ხელში, მაშინ მას ბანკის მართვა-გამგეობა არ გაუჭირდებოდა, ამის ძალაც შესწევდა მას. ერთ-ერთი ის იყო ივანე მაჩაბლის უძლურება, რომ მას არ აქვნდა შესაფერი მცოდნე ამხანაგები”.

ილიას და ვანოს შერიგება არც ერთ მეგობარს უცდია. დამარცხებული ვანო მაჩაბელი ყველამ გაინაპირა. მას აძაგებდნენ, მეგობრებიც განუდგნენ. ყველგან ისე უმზერდნენ, როგორც ქართველი ერის მტერს.

ზაქარია ჭიჭინაძე წერს: “ჩვენში ქართველებმა ასე იციან, თუ ერთი ვინმე ყბათ აიღეს და დაიწყეს მასზედ ლაპარაკი, მერე მის წინააღმდეგ მთელი ქვეყანა იყვირებს და დაუწყებენ გმობას, ძრახვას და ვინ იცის, როგორ ცილისწამებას არა. სწორედ ასევე მოხდა ივანე მაჩაბლის საქმეც. მას წყევლიდნენ, სძრახავდნენ და ბევრმა ისიც არ იცოდა, ამ წყევლის მიზეზი რა იყო. მათთვის ისიც კმაროდა, რომ ბანკის კრებაზედ ილია ჭავჭავაძე კიცხავს და ამიტომ ჩვენზეც ჰალალია, რომ ვლანძღოთო. ამიტომაც მოხდა ივანე მაჩაბლის ლანძღვა, გინება და დიდი მძულვარებაც”…

უკანასკნელად ვანო მაჩაბელი ზაქარია ჭიჭინაძემ სოლოლაკში ნახა. შეხვედრას იგი ასე აღწერს:

,,სალამი მივეცი. იმანაც მომცა სალამი, მაგრამ ძლიერ დაღონებული იყო და ფერწასული. მე შევატყვე ეს დიდი დაღონება და მაშინვე ვუთხარი: ,,ვანო, სახეზეთ ძალიან ცუდი ფერი გაძევსთ, როგორ ხარ, ავათ ხომ არ ხარ?”. იმანაც მომიგო პასუხი: ,,ისე, რაღა, არც კარგათ და არც ავათ”. ივანე მაჩაბელი ბევრჯერ მინახავს შეწუხებული და ამღვრეულის სახით, მაგრამ ისე მოშლილი და შეწუხებული არა მახსოვდა.

ამის შემდეგ რა მოხდა მის თავზედ და ცხოვრებაში, არ ვიცი. ამ ამბის გამოცხადების შემდეგ ივანე მაჩაბელი სადღაც მიიკარგა, მნახველთ თქმით კი ერთ დღეს, დილით ადრიან, თავის სახლიდამ გამოვიდა, იქვე ვერის ხეობით ჩაიარა მტკვრის პირას და მტკვარში ჩავარდა ტანსაცმლებით და დაიხრჩო თავი, რომელიც მტკვარმა წაიღო, რადგანაც იმ დროს მტკვარი დიდი იყო”.