როგორ უმკლავდება ნათია ფანჯიკიძე ღალატს, სტრესს და ასაკის მატებას – ,,ყველას ვურჩევ, გამოიგონონ თავიანთი დილის რიტუალი”

როგორ უმკლავდება ნათია ფანჯიკიძე ღალატს, სტრესს და ასაკის მატებას - ,,ყველას ვურჩევ, გამოიგონონ თავიანთი დილის რიტუალი",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე დილას ფინჯანი ყავითა და სოციალურ ქსელში შესვლით იწყებს. ამ ვირტუალურ სივრცეს იტალიურ ეზოდ აღიქვამს, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს და ყველას თავ-თავისი ყავის ჭიქა უჭირავს. ფსიქოლოგისთვის, რომელიც დღეში ათობით პაციენტს იღებს, ეს სივრცე გარკვეული დასკვნების გაკეთების საფუძველსაც იძლევა. საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს, პრობლემებს ნათია ფანჯიკიძე მისეული ხედვით, ახლებური რაკურსით, არაბანალური პოზიციიდან ეხმიანება, რასაც ყოველთვის დიდი ინტერესით კითხულობენ, ეხმაურებიან, განიხილავენ…

,,სარკეც” მას ამ საჭირბოროტო თემებზე ესაუბრა.

– სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით გამონათქვამებს, ერთი დიდი ფსიქიატრიულია ჩვენი ქვეყანაო. როგორ ჩანს ფსიქოლოგის თვალით, ერს უჭირს ფსიქოლოგიურად?

– ერს რომ არ უჭირდეს, ალბათ გასაკვირი და არაადეკვატური სწორედ ეს იქნებოდა, რადგან ადამიანებს დღეს ბევრი გაჭირვება აქვთ და, რაც მთავარია, მოუშუშებელი ტრავმები, მძიმე ჭრილობები, რისი მომსწრენიც, ბოლო 30 წელია, რაც ვართ.

სამჯერ გვქონდა შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთთან – სამაჩაბლოში, აფხაზეთში, რამაც სერიოზული დანაკარგები გამოიწვია. ასეთი სტრესიდან ადამიანების სწრაფი გამოსვლა, როდესაც ამის მერეც ვერ ხვდება სასათბურე პირობებში და ყველაფერი თავიდან არის ასაწყობი – ქვეყანა, თითოეულის ბედი… რასაკვირველია, ადამიანებს აქვთ ბევრი შფოთვა, რაც არაადეკვატური სულაც არ არის. მათ უწევთ ბევრი ნეგატივის გადამუშავება, წარსულის და აწმყოსი.

ერთია წარსულის ტრავმა, რომლის მოშუშებასაც დრო უნდა, მაგრამ, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი ამის მერეც ხვალინდელი დღის იმედად არ არის, დაუცველობის განცდა აქვს და არ გააჩნია ეკონომიკური, ჯანდაცვის, პოლიტიკური, ტერიტორიული თუ სამართლებრივი უსაფრთხოება, მე თუ მკითხავთ, პირიქით, ჩვენი ხალხი ძალიან ყოჩაღია და ყველაფერს სწრაფად აღიდგენს ხოლმე.

ძალიან ნიჭიერი ერია, რადგან ომსა და ომშუა რაღაცას მაინც აკეთებს, ქმნის. ხსნიან მაღაზიას თუ კაფეტერიას,  მცირე ბიზნესს, აკეთებენ ნიჭიერად და ესთეტიკურად, თუმცა, რა თქმა უნდა,  ეს მცირედია ეკონომიკის განვითარებისთვის, რადგან ეკონომიკური პოლიტიკა სახელმწიფომ უნდა შექმნას, მაგრამ იქ ხშირად არ ჰყოფნით ამის კომპეტენცია და ნიჭი. თვითონ ხალხი კი ძალიან ნიჭიერია. თუ ქართველს ხელს არ შეუშლი არასწორი კანონებით და საგადასახადო პოლიტიკით, ქვეყანა ბევრად სწრაფად განვითარდება.

სამწუხაროდ, დღეს არაფერი ეხმარება მცირე ბიზნესს, რომ საშუალოდ იქცეს და მეტი ადამიანი დაასაქმოს.  უკეთესი ხელშემწყობი პირობები რომ იყოს სახელმწიფოს მხრიდან, ბევრად უფრო წინ ვიქნებოდით, იმდენად ძლიერი ღერძის მქონე ერი ვართ.

– სტრესი – ეს სიტყვა ჩვენი ცხოვრების თანმდევი გახდა, თითქოს მის გარეშე წარმოუდგენელია ერთი დღეც კი. თქვენც მიგიღიათ ალბათ მორალური და სულიერი ტრავმები. როგორ უმკლავდებით მცირე და დიდ დარტყმებს?

ბუნებრივია, ამის გარეშე ვერ იქნები და არც უნდა გქონდეს სხვაგვარი მოლოდინი. როცა იმის მოლოდინი გვაქვს, რომ ცხოვრება უღრუბლო უნდა იყოს, სწორედ მაშინ გვგონია, რომ სტრესი რაიმე ანომალიაა და მაშინ ეს სტრესი კიდევ უფრო გვამსხვრევს.

სტრესი ნორმალურია, თავად სიცოცხლეა სტრესი. მთავარია, ეს არ იყოს ისეთი ჭარბი და ისეთი მოკლე ინტერვალებით, რომ ფსიქიკამ ამის გადამუშავება ვერ მოახერხოს. ამდენად, ხშირად ვამბობ, რაც არ არის ტრაგედია და რისი შეცვლაც შეიძლება, მძიმედ თუ იოლად, რაზეც 2 წლის შემდეგ მაინც შეიძლება გაცინება, ვეცადოთ, ამას არ მივანიჭოთ იმხელა მნიშვნელობა, რომ დაგვანგრიოს და ჯანმრთელობა შეგვილახოს.

– როგორია სტრესთან გამკლავების ადვილი გზა?

– სტრესს გადამუშავება და თვალის გასწორება უნდა, თორემ ადვილი არაფერია ამქვეყნად. ადვილი ისიც კი არ არის, რომ ახალი ჩექმა შევარჩიო. არადა ნახეთ, რას ჰგავს ჩემი ჩექმა. ამასაც კი ვერ მოვახერხებ ორ საათში, ესეც   კი დასაგეგმია და დრო სჭირდება. ჯერ იმას უნდა მივხვდე, როგორი ჩექმა მინდა, მერე იმას – რა ფერის მინდა, რამხელა ბიუჯეტი მაქვს, რომელ მაღაზიაში წავიდე და ა.შ.

ბავშვები როცა ვიყავით, მაშინაც გვტკიოდა რაღაც, როდესაც ვთამაშობდით, მაგრამ თამაში მაინც გვიხაროდა და ტკივილის გამო არ შეგვიწყვეტია. როდესაც თამაში არის ვნებით, სიცოცხლის სიყვარულითა და სიხარულით სავსე, ფეხიც რომ მოგტყდეს და რამე დაგისისხლიანდეს, მაინც არ აქვს მნიშვნელობა. ეს საფასურია იმ სიცოცხლის სიყვარულისა, რომელიც ჩვენ გვევალება. ეს თამაში ახლაც უნდა გავაგრძელოთ.

– დეპრესიაში მყოფ თქვენს პაციენტებს როგორ ეხმარებით?

– თუ ეს კლინიკური დიაგნოზია, რჩევა კი არა, მკურნალობა სჭირდება. სერიოზული პრობლემაა. ადამიანები ხანდახან დეპრესიაში უხასიათობას გულისხმობენ.

უხასიათობა – ეს ისეთივე ნორმალური მდგომარეობაა, რომელიც ახლავს პრობლემას, როგორც პასუხი. ძალიან ხშირად ეს შეიძლება იყოს საკმაოდ დიდი უხასიათობა, გლოვის მდგომარეობაც კი, როცა, ვთქვათ, ადამიანს ვიღაც გარდაეცვალა, მაგრამ ეს იქნება ადეკვატური პასუხი იმ ჭრილობაზე, რომელიც მიიღო. მთავარია, არ იქცეს გლოვის პათოლოგიურ მდგომარეობად, რაც უკვე მიიღებს კლინიკური დეპრესიის კვალიფიკაციას.

ჩვეულებრივ კი, კვირაში შეიძლება რამდენჯერმეც იყო უხასიათოდ, თავს ვერ გრძნობდე ენერგიულად, დაღლილი იყო და ამის გამოც არ იყო ხალისიანი, მაგრამ არც ჩვენი ნეირონებია მიდრეკილი სულ ბედნიერებისა და მხიარულებისკენ. ასე რომ, ესეც ჩვეულებრივი უამინდობაა ჩვენს ხასიათში.

– ადამიანისთვის ყველაზე რთული გასაძლები და ასატანი ღალატია, რომელიც ძირითადად იმ პიროვნებისგან მოდის, ვისგანაც ამას არ ელოდება. როგორ მივიღოთ და გავუმკლავდეთ ამ დარტყმას?

– თუ მეგობარი და ახლობელია და სწორი რეაქცია არ აქვს შენს ტკივილზე, პირიქით, ჩვენი გაგებით, არასწორი რამ მოიმოქმედა, რა თქმა უნდა, ეს არის მტკივნეული, რადგან ურთიერთობის ცვლილებას და დანაკარგს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, გაგიხარდეს დისტანცირება ადამიანთან, რომელიც ოდესმე გიყვარდა, მაგრამ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ წინაშე მოვალე არავინაა. თუ ოდესმე რაიმე კარგი ყოფილა, მადლობა გადავუხადოთ.

სამწუხაროდ, არის ისეთი ურთიერთობები, რომლებიც სრულდება და არის ისეთი მეგობრობაც, რომელიც არასოდეს სრულდება. ტკივილი იმის საპირწონეა, თუ რამდენად ძვირფასი იყო ის ადამიანი შენთვის. მეც მქონია მსგავსი შემთხვევა, მაგრამ ამისგან ტრაგედიას არ ვქმნი. უბრალოდ ვთვლი, რომ რაღაცები სრულდება და ეს აკანკალებული ხმით სალაპარაკო არ უნდა იყოს.

– გაქვთ კარგ ხასიათზე დადგომის რაიმე რეცეპტი საკუთარი თავისთვის?

– დიახ. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს  საკუთარი დილის რიტუალი და ეცადოს, ის ჩაატაროს მშვიდად. ხშირად ვამბობ, ჩემთვის გაღვიძებისას ერთ-ერთი მთავარი სასიხარულო მოლოდინი ის არის, რომ დავლიო კარგი ყავა. მერე გადავავლო თვალი ჩემს ყვავილებს და ა.შ. ვირტუალურ სივრცეში შევდივარ ისე, როგორც იტალიურ ეზოში, სადაც ბევრი ხალხი ცხოვრობს და ყველა თავისი ყავის ჭიქით არის. ადამიანებთან ყოფნა ძალიან კარგი რამაა და ძალიან კარგი რამე გაკეთდა ამ სოციალური ქსელით.

ძალიან მიყვარს ის სამეგობრო, რომელიც ვირტუალურ ქსელში შევიძინე. ვთვლი, რომ განსაკუთრებით საინტერესო ადამიანები არიან – ზოგი მხიარულია, ზოგი ბუზღუნა და ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ ამ უამრავ ადამიანთან ერთად საუზმისა და ყავის რიტუალი დგება.

ყველას ვურჩევ, გამოიგონონ თავიანთი დილის რიტუალი, როგორც სიცოცხლეში სიმბოლური დაბრუნების მცირე დღესასწაული. ყოველთვის ჯობს, ადრე გავიღვიძოთ, თუნდაც ძალიან ადრე არ ვიწყებდეთ მუშაობას, ვიდრე ფაციფუცით დავლიოთ ყავა, ვიჩქაროთ და დილის სასიამოვნო ნაწილი შევამოკლოთ ან ავაჩქაროთ. ანუ ყოველ რუტინულ დღეს, როცა განსაკუთრებით ცუდი რამ არ ხდება და ჩვენს რიტმს არ არღვევს, უნდა გვქონდეს ასეთი რიტუალი სიმპათიით ცხოვრებაში დაბრუნებისა და მთელი დღე იქნება გაწონასწორებული.

– ალბათ არ არსებობს ქალი, რომელიც მწვავედ არ განიცდის ასაკის მატებას. თქვენ, პირადად, რას ფიქრობთ ამ მარადიულ საჭირბოროტო საკითხზე?

– ასაკის მატებაზე ბერნარდ შოუს ფრაზით გიპასუხებთ – სიბერე ცუდია, მაგრამ ერთადერთი გზაა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ასე რომ, ყველამ თავად გადაწყვიტოს, უნდა განიცადოს თუ არა ეს. თუ გინდა, უფრო მეტ ხანს იცოცხლო, უნდა დაბერდე!

– კორონავირუსს ებრძვის მსოფლიო და საქართველოც. ქართველების რა დამოკიდებულებას ხედავთ ამ ვირუსისადმი და რა ტენდენციის მაჩვენებელია ის თქვენთვის?

– როდესაც დაავადება არის ახალი და მთელი სამეცნიერო წრე აწრიალებულია, არ გვაქვს საფუძველი, მეცნიერების არ გვჯეროდეს. მათი სწრაფად მუშაობა იმედს იძლევა, რომ ამ დაავადებას დაძლევენ. მაქსიმალურად კარგად მართავენ პროცესს და ახერხებენ, კარანტინებით შეუშალონ ხელი ფართო გავრცელებას. როცა მთელი სამეცნიერო საზოგადოება წუხს, ვთვლი, რომ ეს სერიოზულად უნდა აღვიქვათ და რეკომენდაციები გავითვალისწინოთ, თუმცა არ ღირს, რომ საკუთარი თავი წინასწარ ვიგლოვოთ და სიკვდილამდე სიკვდილზე ვინერვიულოთ.

მთავარია, შიში არ გადაიქცეს პანიკად, რადგან ზედმეტად შეშინებული და დაპანიკებული ადამიანი რაციონალური მოქმედების უნარს კარგავს.

მეორეც არის, ქართველებს რაღაცნაირად ეამაყებათ ხოლმე დაუდევრობა საკუთარი სიცოცხლის მიმართ. გახსოვთ ალბათ, ღვედების შემოტანაზეც რამხელა ამბავი იყო. დარდიმანდული ვითომდა “არ მეშინია და რატომ უნდა დავიცვა წესი” და სიკვდილს უყურებდნენ თვალებში, მაგრამ ეს არ არის ზრდასრულის პოზიცია. თუ ეს მხოლოდ შენს სიცოცხლეს ეხება, მხოლოდ მაშინ შეგიძლია შენი ცხოვრებისეული ფილოსოფია და მსოფლმხედველობა გქონდეს, მაგრამ სხვა ადამიანის გაფრთხილება, რბილად რომ ვთქვათ, კულტურაა. ეს პირდაპირ მეტყველებს, რამდენად მომწიფებული და პასუხისმგებლიანი პიროვნება ხარ.

– ქალთა მიმართ ძალადობამ საქართველოში შემაშფოთებლად იმატა. თქვენი აზრით, ეს რით აიხსნება?

– ეს სისტემური პრობლემაა, რადგან არც კანონია ადეკვატური და სამართალდამცავი ორგანოებიც ამ მხრივ ძალიან ცუდად მუშაობენ. ძალადობის მსხვერპლი ბევრი ქალი ვიცი, რომელმაც იჩივლა სამართალდამცავებთან, მაგრამ საჯაროდ ტელევიზიით გამოსვლა არ მოინდომა, ამიტომ ახლაც თავისუფლად დადიან ის კაცები და ხვალ რას ჩაიდენენ, არავინ იცის. სახელმწიფოს პრობლემაა, როდესაც მარიხუანის მოწევისთვის შეიძლება წლობით გამოგკეტონ ციხეში, მაგრამ, როდესაც სიკვდილიც კი დგება, ასეთ დროს უფრო ნაკლები სასჯელია.

ძალადობების სიმრავლეში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის მედიას მისი არასწორად გაშუქებისთვის. როგორ უნდა გავაშუქოთ ტრაგედია, ამის შესახებ სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების მიერ დამუშავებული მრავალგვერდიანი პროტოკოლი არსებობს და არის მისი შემოკლებული ვარიანტიც. ვისაც კითხვა ეზარება, იმ შემოკლებული ვარიანტითაც რომ ისარგებლოს, აუცილებლად მიხვდება, როგორ უნდა ააწყოს ინფორმაცია, რომ საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი იყოს.

მკვლელობას, თვითმკვლელობას ტალღისებური გავრცელების ეფექტი აქვს, როდესაც დარღვეულია გაშუქების სტანდარტი, ზედმეტად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და ააქტიურებს მათ დაფარულ სურვილებს. არასწორია, როცა, მაგალითად, ადამიანების გლოვას დეტალურად აჩვენებენ. ხშირად კი იაფფასიანი და ამაზრზენი სათაურებით ადამიანებს საბაბს აძლევენ, მსხვერპლი განიკითხონ და მკვლელობა აღმოჩნდეს “მსხვერპლის ბრალი”. თითქოს არსებობდეს დედამიწაზე დანაშაული, რისთვისაც შეიძლება მკვლელობა გამართლებული აღმოჩნდეს და, მით უმეტეს, მაშინ განიკითხავენ, როდესაც არც კი იციან, ჰქონდა თუ არა სინამდვილეში რაიმე “დანაშაული” ჩადენილი მსხვერპლს.

– ადამიანი მოძალადედ ყალიბდება თუ ასეთად იბადება, რას ამბობენ მედიკოსები და ფსიქოლოგები და თქვენ როგორ ფიქრობთ?

– ადამიანი ანგელოზად იბადება. იშვიათ შემთხვევაში არის ტვინის ორგანული პათოლოგია, როდესაც ადამიანი მიდრეკილია, იოლად გახდეს მოძალადე, თუმცა, თუ ეს პათოლოგია უკიდურესად მძიმე არ არის და მერე თუ კიდევ გარემომ არ შეუწყო ხელი, ნებისმიერს აქვს რესურსი, ნორმალურად აღიზარდოს და განვითარდეს.

ნორმალურ განვითარებაზე მაინცდამაინც ოჯახისკენ ვერ გავიშვერთ ხელს, რადგან ძალადობა ყველგანაა. ყველგან იფრქვევა ეს ძალადობა, ნახეთ კომენტარები სოციალურ ქსელში… და მერე გულუბრყვილო სახეებით კითხულობენ, საიდანო. არ უნდათ, საკუთარ გულებში ჩაიხედონ და გარეთ არ ეძებონ მოძალადეები. თუ ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ლინჩის წესებში, აგრესიის გავრცელებაში, არავისზე ნაკლები დამნაშავე არ ვართ.

ბაია პატარაია (ქალთა უფლებების დამცველი, ავტ.) ძალიან ბევრ კარგ რამეს აკეთებს. ასევე საქართველოში არის ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის დახმარების სერვისები, მაგრამ არასაკმარისია. კარგი იქნებოდა, ძლიერი ორგანიზაციები გვქონდეს და ერთი კი არა, 100 ბაია პატარაია გვყავდეს, რომელიც იბრძვის, აკეთებს…

– და რომელიც ასევე ხდება ბულინგის მსხვერპლი ამის გამო.

– რა თქმა უნდა, მაგრამ მეომარს უნდა ესმოდეს, რომ ხანდახან ტყვია მოხვდება. მადლობა ყველას, ვინც ამ პრობლემების გამო იბრძვის.