“ერთმანეთს დათვების სიყვარულმა დაგვაკავშირა” – სოსო ჯიქურიშვილი და ქეთი ჭალისური ცხვარიჭამიაში დათვებს უვლიან

"ერთმანეთს დათვების სიყვარულმა დაგვაკავშირა" - სოსო ჯიქურიშვილი და ქეთი ჭალისური ცხვარიჭამიაში დათვებს უვლიანრუსუდან ადვაძე, სარკე

რამდენიმე წელია, რაც ცხვარიჭამიაში კავკასიური მურა დათვების თავშესაფარი არსებობს. იქ ახლა 13 დათვი ბუნებრივთან მიახლოებულ პირობებში ცხოვრობს და მათზე ორი ახალგაზრდა ადამიანი, სოსო ჯიქურიშვილი და ქეთი ჭალისური ზრუნავენ.

რამდენიმე წლის წინ პროფესიით მსახიობი და მარჯანიშვილის თეატრის შესყიდვების მენეჯერი, სოსო ჯიქურიშვილი, რიკოთის უღელტეხილზე გადააწყდა დათვის ორ ბელს, რომლებიც იქაურ მოსახლეებს ჰყავდათ და არ იცოდნენ, როგორ გამოეკვებათ. სოსომ ბელები თბილისში ჩამოიყვანა იმ იმედით, რომ ზოპარკში ჩააბარებდა, მაგრამ უარი მიიღო.

გარემოს დაცვის სამინისტრომაც ვერ გაარკვია, სად უნდა წაეყვანა ბელები და სოსო იძულებული გახდა, ისინი სახლში საწოვარათი გაეზარდა. ბელები რომ მოიზარდნენ და სახლში მათი გაჩერება შეუძლებელი გახდა, ცხვარიჭამიაში, თავის კუთვნილ მიწაზე, ვოლიერი გაუკეთა და ზოოლოგიური ცენტრი დააარსა. ცოტა ხანში, სოსოს ისევ მიუყვანეს გასაზრდელად დაობლებული ბელი – სახელად გრეკო.

ამავე პერიოდში ნაქერალას უღელტეხილზე ტყიბულელმა კაცმა დათვის ბელი იპოვა, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარში მოხვდა. ქეთი ჭალისური ამ თავშესაფარის თანამშრომელია. მას პატარა ბელი, დავლიანე, შვილივით შეუყვარდა და რამდენიმე თვე დათვს ისიც სახლში ზრდიდა.

ქეთი და სოსო თავდაპირველად ერთმანეთს ბელების გაზრდაში ეხმარებოდნენ, მერე კი, როცა ცხოველები წამოიზარდნენ, გარემოს დაცვის სამინისტრომ თამაზ ელიზბარაშვილსა და სოსო ჯიქურიშვილს სხვა დათვების შეფარებაც სთხოვა, განუყრელ მეგობრებად იქცნენ და ახლა უზარმაზარ დათვებს უვლიან.

სოსო და ქეთი “სარკეს” დათვებთან მეგობრობის ამბავს მოუყვნენ. სოსო ქეთის დათვების დედას უწოდებს, ქეთი კი სოსოს მათ მამად მოიხსენიებს.

სოსო: ცხვარიჭამიაში 13 დათვი გვყავს, თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში კი 2 ბელია. 4 წლის წინ მე და ქეთის ბელები ჩაგვაბარეს. ერთი ქეთის ჩააბარეს მოსავლელად, მეორე – მე. დავლიანეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ქეთის ჩემს ცოდნას ვუზიარებდი. მერე გადავწყვიტეთ, ჩვენი ბელები ერთად ყოფილიყვნენ და ჩვენ გარეშე ყოფნა მათაც აღარ გაუჭირდებოდათ. მაშინ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და დღემდე გრძელდება.

ახლა ელიზბარაშვილის თავშესაფარში 2 ბელი იზრდება. რამდენიმე თვეში მათაც ცხვარიჭამიაში გადავიყვანთ. იმ ბელების გარდა, რომლებიც ჩვენ გავზარდეთ, ის დათვები გამოვიხსენით, რომლებიც სხვადასხვა რესტორნებსა თუ ორგანიზაციებს ცუდ პირობებში ჰყავდათ უკანონოდ დატყვევებული.

– რესტორნებს და სხვადასხვა ორგანიზაციებს დათვები ხშირად ხალხის მისაზიდად სჭირდებათ.

სოსო: დიახ და საკმაოდ რთული იყო მათთვის დათვების ჩამორთმევის პროცესი. გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური ართმევდა კანონიერად. ჩვენ გვაბარებდნენ ან ძალიან დასტრესილ, ან ავადმყოფ დათვებს, რომლებსაც დიდი ყურადღება სჭირდებოდათ.

– განსხვავდებიან ხასიათით თქვენს ხელში და ტყვეობაში გაზრდილი დათვები? ალბათ ტყვეობაში გაზრდილებთან უფრო საშიშია ურთიერთობა.

სოსო: ჩვენ ჩაგვიბარებია ძალიან აგრესიული დათვები, რომლებსაც ადამიანები ეზიზღებოდათ, რადგან მათ ძალიან ცუდ პირობებში ამყოფებდნენ. ზოგი ჯაჭვით ჰყავდათ დაბმული, ზოგი – ძალიან ვიწრო ვოლიერში, ნახევრად მშივრები იყვნენ და ადამიანები ეზიზღებოდათ. ერთი-ორი თვის მერე, როცა მიხვდნენ, რომ ტყვეობაში დისკომფორტს აღარ განიცდიან, მოგვეჩვივნენ და დღეს ყველა დათვს ვეხებით ფიზიკურად.

ჩვენ მიერ გაზრდილ ბელებს ძალიან ახლობელ ადამიანებად მივაჩნივართ, გვენდობიან და აგრესია საერთოდ არ გააჩნიათ. ამ დათვებს ისეთივე მოვლა სჭირდებათ, როგორიც ჩვენს შვილებს. ტყვეობიდან წამოყვანილი დათვები ახლა ბედნიერები არიან, რადგან იციან, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მათ არაფერს უშავებენ. ჩვენ მათი მეურვეები ვართ.

ქეთი: სოსო მათი მამაა.

სოსო: ქეთი – მათი დედა.

ქეთი: გოგო დათვები არიან თხები და ქაჯები, ბიჭები – ტკბილები.

სოსო: 6 ძუ დათვი გვყავს და 9 – ხვადი. ძუ დათვები უფრო მკაცრები არიან და დამოუკიდებლები. მამრები უფრო გვენდობიან და გვინდობენ კიდეც. ყველას ინდივიდუალური ხასიათი აქვს.

ქეთი ძალიან სათუთად ექცევა და იმას აჭმევს, რაც არ შეიძლება. მაგალითად, ბევრი ტკბილეული არ შეიძლება და სულ ამაზე ვჩხუბობთ. წონას იმატებენ და ასევე არ შეიძლება მხედველობისთვის, სმენისთვის და ა.შ. ქეთის უფრო მეტი ფიზიკური კონტაქტი აქვს დათვებთან, ვიდრე – მე. უსაფრთხოებისთვის ცოტა თავი უნდა შეიკავოს, მაგრამ ვერ იკავებს.

– დედა თუ არის, როგორ შეიკავებს?!

სოსო: ჰო, მე უფრო მკაცრი ვარ, რადგან ვთვლი, რომ დათვებს ჩვენი ცოტა უნდა ეშინოდეთ. უნდა შემეძლოს, დათვი რაღაცით შევაშინო. არ არის გამორიცხული, რომელიმე გამოვიდეს თავშესაფრიდან და რაიმე ჩაიდინოს. მე უნდა ვიცოდე, იმ კონკრეტულ დათვს რისი ეშინია, რომ რაიმე უბედურება არ მოახდინოს.

– შესაძლებელია, რომ თავშესაფრიდან გამოაღწიონ?

სოსო: სტანდარტებით გათვალისწინებული ვოლიერი გვაქვს და უსაფრთხოების ზომებიც დაცულია. არ გვქონია შემთხვევა, რომ ვოლიერიდან გამოეღწია, მაგრამ ვიცით, როგორ დავაბრუნოთ ისე, რომ მისი დაძინება და მოკვლა არ დაგვჭირდეს. ზოგს რა ნივთის ეშინია და ზოგს – რისი. ვაჩვევთ, რაიმე ნივთის ეშინოდეთ.

ქეთი რომ მიდის თავშესაფარში, ყველა დათვი ზედ ჩამოეკიდება ხოლმე. ასე გამოხატავენ თავიანთ სიყვარულს – შემოგეხვევიან ტორებით, ხელს ჩაიდებენ პირში და უცნაურად ზუზუნებენ… ქეთის ამით ჰყავს გათამამებული. მე ამდენს ვერ მიბედავენ, ასე ვერ მეკარებიან.

ქეთი: სოსო გოგოებს ათამამებს. მათ რაც უნდა დააშავონ, შენიშვნას არ აძლევს, ბიჭები კი სულ სტარტზე ჰყავს.

სოსო: აქამდე სულ მამრობითი სქესის ბელებს გვაბარებდნენ, წელს ერთი ბელი მდედრობითია. ყველა დათვისგან განსხვავდება და განსაკუთრებით შემიყვარდა. სულ მისკენ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი ხასიათი აქვს. ხშირად იკბინება, უხასიათოა, ფიზიკურადაც განსხვავებულია…

ქეთი: ერთხელ ისე ჩამარტყა თავში, თვალებიდან ნაპერწკლები ვყარე. სოსომ კი ამ ამბის ამსახველი ვიდეო “ფეისბუქით” გაავრცელა.

სოსო: კაპიუშონი ჰქონდა ქეთის თავზე წამოფარებული. ამ ბელს კი უყვარს და ერთობა ქეთის თმით. რომ ვერ დაინახა თმა, გაეთამაშა და ჩარტყმა გამოუვიდა, თორემ ეს განზრახ თავდასხმა არ იყო.

– თუმცა ასე შეიძლება სერიოზული დაზიანება მიაყენონ.

სოსო: ჯერ ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ, როცა დათვი უკვე ზრდასრულია, მასთან ფიზიკური კონტაქტი სახიფათოა, რადგან შეიძლება თავს დაგესხას, მაინც მტაცებელი ცხოველია. ქეთის კი ეს არ ესმის.

ქეთი: ბავშვები რომ გქაჩავენ თმას, იგივეა, როცა ჩემს თმას ეხებიან. მხოლოდ ნაკაწრები და სილურჯეები მქონია, დათვებს სერიოზულად არ დავუზიანებივარ. სოსო ემუქრება მათ, ელექტროსკამზე დაგსვამთო, მაგრამ მე უფრო დამსვამს ასეთ სკამზე, ვიდრე დათვებს.

თვლის, რომ ყველა დათვი ჩემი გატუტუცებულია. მე ვთვლი, რომ დათვი უნდა გაანებივრო.

სოსო: მამრები ლამაზები არიან. დედლები ცოტა უფრო მომცროები, მაგრამ, ჩემი აზრით – არანაკლებ ლამაზები. გვყავს დათვი თინა, რომელიც ყველასგან გასხვავებულია, ძალიან ლამაზია. დამთვალიერებლები რომ მოდიან, ყველა მასზე ამახვილებს ყურადღებას. ლამაზია, ფუმფულა, მაგრამ საკმაოდ აგრესიული.

ქეთი: ლამაზია, მაგრამ გურული ქალის ხასიათი აქვს.

სოსო: ეს დათვი თავის დროზე ერთ მაღალჩინოსანს ჰყავდა თავის დაწესებულებაში გამოკეტილი.

– ყველაზე მძიმე ცხოვრება რომელ დათვს აქვს გამოვლილი?

სოსო: ყველა დათვს, რომლებიც ტყვეობიდან წამოვიყვანეთ, საშინელ პირობებში უწევდათ ყოფნა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩავიბარეთ დათვი, რომელიც 7 წელი მოხეტიალე ცირკ “შაპიტოს” ჰყავდა. წარმოდგენებზე გამოჰყავდათ და ისეთ სტრესში იყო… პრეპარატებით ვმკურნალობთ. კუთხეში ერთ ადგილას დგას და ხტუნაობს. ძალიან ვიწრო ვოლიერში, დაახლოებით 1 კვადრატულ მეტრის გალიაში ჰყავდათ. სცენაზე ველოსიპედით გამოდიოდა. პირი ხშირად ალიკაპით ჰქონდა შეკრული, რამაც ასევე დიდი სტრესი მიაყენა.

სტრესის მომხსნელ პრეპარატს ვაძლევთ. ეს პრეპარატი სხვა დათვებშიც გამოგვიყენებია. ვფიქრობთ, დაექვემდებარება მკურნალობას.

ქეთი: იმის გაკეთებას აიძულებდნენ, რაც არ მოსწონდა და სცემდნენ. გაწვრთნისას მწვრთნელი ფიზიკურად აუცილებლად ძალადობს.

"ერთმანეთს დათვების სიყვარულმა დაგვაკავშირა" - სოსო ჯიქურიშვილი და ქეთი ჭალისური ცხვარიჭამიაში დათვებს უვლიან– ამავე ცირკში ალბათ სხვა ცხოველებიც ჰყავთ. კანონით არ იკრძალება?

სოსო: საქართველოში ცირკში ცხოველის ყოლა, სამწუხაროდ, აკრძალული არ არის. აკრძალულია წითელი ნუსხით დაცული ცხოველის გამოყენება არენაზე და, შესაბამისად, იმიტომ ჩამოართვეს დათვი. იქ დარჩნენ ცხოველები, რომელთა ჩამორთმევის უფლება კანონით არ აქვს სახელმწიფოს და ისინი იძულებით აგრძელებენ ცირკში “მუშაობას”.

გვყავს დათვი მერაბა, რომელიც ახალციხეში რესტორანთან ჰყავდათ დატყვევებული. 6 წელი იმდენად დაბალ გალიაში ჰყავდათ, რომ ფეხზე ვერ დგებოდა. საერთოდ, დათვები ხშირად დგებიან ორ ფეხზე. ის კი ვერ დგებოდა და მხოლოდ ბოლთას სცემდა, ერთ ადგილას ბზრიალებდა. სტრესის საწინააღმდეგო პრეპარატით გამოვიყვანეთ მდგომარეობიდან და ახლა კარგად არის.

ის დათვები, რომლებიც სახლში გავზარდეთ, განსაკუთრებულად ჭკვიანები არიან. მაგალითად, დავლიანეს ვერაფერს მოატყუებ. ბუნებრივი პირობების შექმნას ვცდილობთ და ამ მიზნით ხეებს ვრგავთ. ამ ხეებს ვიცავთ, რომ არ გააფუჭონ – მათზე დენი გადაგვყავს, მაგრამ ისე, რომ არც დენმა დააზიანოს დათვები. სწორედ იმ ხეს ამტვრევს, რომელზეც დენი არ არის. გასაღები რომ მისცე, ალბათ ბოქლომს გააღებს და ვოლიერიდან გამოვა.

ქეთი: მე გავზარდე და დავლიანემ იცის ბოქლომის გაღება გასაღებით! ყველაფერი დამახსოვრებული აქვს. ჩამოყალიბებული პიროვნებაა დავლიანე ჭალისური-ჯიქურიშვილისა.

სოსო: რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს ადამიანებთან, უფრო მეტად აქვს ადამიანური ჩვევები და ხან გადაირევი კიდეც, ისეთ რამეებს ხვდება. დავლიანე თუ რამეზე გაბრაზრდა, ქვებს ისვრის. ქვებს იღებს, ერთმანეთზე ურტყამს, ამით ხმას გამოსცემს და უხარია.

ქეთი: დავლიანემ იცის, რომ სოსოს ხმაური ნერვებს უშლის და რომ დაინახავს, ბუნაგზე ქვას აკაკუნებს. სოსო რომ უკივის, დავლიანე, გაჩერდიო, ის ამით სიამოვნებას იღებს. სოსომ არ უნდა გააბრაზოს, თორემ ასე იცის სამაგიეროს გადახდა.

უნდა შეამჩნიო, როგორ ხასიათზეა დათვი და იმის მიხედვით შეხვიდე მათთან კონტაქტში. როცა შევამჩნევ, შიათ ან რამეზე გაბრაზებულები არიან, არ ვუახლოვდები.

აი, მე რომ გაღიზიანებული ვარ, მაშინ ვეკონტაქტები მათ და ეს მაწყნარებს. ყველა დათვი მიყვარს, რომლებიც ჩვენს თავშესაფრებში არიან, მაგრამ, ბელობიდან რომ გავზარდე სახლში, მათზე ჭკუა მეკეტება. ისეთ სიყვარულს ვგრძნობ მათ მიმართ, ვერც ავხსნი.

სოსო: ყველა დათვი ერთ დიდ სივრცეშია მოთავსებული. დათვი მარტოხელა ცხოველია, მაგრამ უნდა ნახოთ, აქ როგორ მეგობრობენ. ზოგს არ მოსწონს ერთმანეთი და ისინი არ ეკარებიან ერთმანეთს.

– დათვების გამოკვება ალბათ ძალიან ძვირი ჯდება. ვინ ზრუნავს ამაზე?

სოსო: ერთ დათვს დღეში 5 კილო საკვები სჭირდება – ხილი, ბოსტნეული, პური და თევზი. მე და ქეთი საკუთარი სახსრებითაც ვკვებავდით და, რა თქმა უნდა, თამაზ ელიზბარაშვილი დიდ დახმარებას გვიწევდა. ვოლიერების გაფართოებაშიც დაგვეხმარა და როგორც ფიზიკურად, ისე ფინანსურად მუდამ ჩვენ გვერდით დგას. დათვების გადმოყვანასაც ის აფინანსებდა და ბევრ სხვა საკითხსაც აგვარებდა.

პერიოდულად სხვადასხვა კომპანიები გვეხმარებოდნენ, ხალხიც გვაწვდიდა საკვებს. სულ რამდენიმე კვირაა ორი ჰიპერმარკეტი გვეხმარება. საკვების გარდა სხვადასხვა გასართობიც მოაქვთ. მაგალითად, ბუშტები მოუტანეს და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ დათვებიც და მათი დისტანციური მეურვეებიც კარგად გაერთნენ.

საკმაოდ ბევრი დამთვალიერებელი გვყავს. თამაზ ელიზბარაშვილს თავის თავშესაფარში 10 დათვი ჰყავდა, რომლებიც 2015 წელს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაიხრჩვნენ. მაშინ ზოოპარკსაც ჰყავდა დათვები და ისინიც დაიხრჩვნენ.

ამ თავშესაფრის მოწყობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ცხოველი საქართველოში გადაშენების პირასაა. რომ არ დავიცვათ, რამდენიმე ათწლეულში ჩვენს ქვეყანაში აღარ იქნებიან. ერთადერთი დიდი მტაცებელი ცხოველის ჯიში გვყავს ქვეყანაში და გადაშენების პირასაა უკონტროლო ნადირობის გამო.

საკმაოდ დიდი გახდა მათზე ნადირობისას ჯარიმა. ჩვენს თავშესაფარს აქვს საშუალება, რომ მათი გამრავლება მოხდეს, თუმცა ახლა არ არსებობს საჭიროება, რომ დათვი ხელოვნურად აღვადგინოთ ველურ ბუნებაში.