“ბეგი მამალაძის წიგნს თუ წაიკითხავ, მიხვდები, რომ ის ჩვეულებრივი სალოსია” – მოკლული 18 წლის ხელოვანი ლექსებში თავის სიკვდილზე წერდა

"ბეგი მამალაძის წიგნს თუ წაიკითხავ, მიხვდები, რომ ის ჩვეულებრივი სალოსია" - მოკლული 18 წლის ხელოვანი ლექსებში თავის სიკვდილზე წერდაერეკლე ხიტალიშვილი, სარკე

ბეგი მამალაძემ ცხოვრების ბილიკებზე სულ 18 წელი იარა, მაგრამ ბევრი რამის თქმა და ბევრი ადამიანის შემოკრება შეძლო თავის გარშემო. ის ცივი იარაღით გამოასალმეს სიცოცხლეს თბილისში, საკუთარ უბანში, 2015 წლის 25 მაისს. ტრაგედია წინა ღამით მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ბეგისთვის სკოლის ბოლო ზარი დაირეკა. ერთ-ერთ ინტერვიუში მისი დედა, მარიკა ზედელაშვილი, ასეთ ამბავს იხსენებს:

“3 ივლისს, გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, დილის 9 საათზე აბიტურიენტთა დარბაზში გამოცდა შეფერხდა ერთ-ერთი აბიტურიენტის გამოუცხადებლობის გამო. წაიკითხეს სია და როდესაც ამოიკითხეს ბეგის სახელი და გვარი, პარლამენტის ყოფილი წევრის, ირინა სარიშვილის, შუათანა შვილმა, რომელიც ბეგის არ იცნობდა, თქვა: “ბეგი ვერ მოვა, ის მოკლეს”. ეს ამბავი ირინა სარიშვილის “ფეისბუქიდან” გავიგეთ. იმ დღეს ბეგი ადამიანისთვის ყველაზე მთავარ გამოცდას უფალთან აბარებდა”.

ბეგი ბავშვობიდანვე წერდა, ხატავდა და მღეროდა. მისი შექმნილი სიმღერები თუ ნახატები დღემდე საკმაოდ პოპულარულია. უამრავი ტრავმა და გასაჭირი, რაც გამოიარა, მისი ცხოვრების წესზეც აისახა და მის შემოქმედებაზეც. ბეგის ტექსტებში ბევრი ისეთი რამ არის, თითქოს წინასწარ გრძნობდა, რომ სიცოცხლეს ნაადრევად დაასრულებდა. ერთ-ერთ ლექსში ასეთი სიტყვებია:

“სიკვდილის შიში სულაც არ მთრგუნავს,

და არც დედას ვთხოვ, ჩემზე იტიროს,

და სიკვდილის წინ სულ ერთს ვთხოვ უფალს,

სახეზე სიომ გადამირბინოს”.

გარდაცვლილი შემოქმედის ოჯახის წევრებმა მისი ჩანაწერები შეკრიბეს და გამოსცეს წიგნი “კიბე ცამდე”. მალე მეორე წიგნის დაბეჭდვაც იგეგმება. ბეგი მამალაძის ხანმოკლე, მაგრამ მრავალფეროვან და საინტერესო ცხოვრებაზე მისმა დედამ, ქალბატონმა მარიკამ გვიამბო.

– ქალბატონო მარიკა, მოგვიყევით ბეგის პატარაობაზე, რა აინტერესებდა და როგორი ბავშვი იყო.

– საბავშვო ბაღიდანვე სისხლში ჰქონდა გამჯდარი პატრიოტიზმი. იმ ასაკში ჩემი დისშვილის ბევრად დიდი ზომის ჩოხის ჩაცმა იყო მისი განსაკუთრებული რიტუალი. ეროვნული სულისკვეთება ნახატებშიც ჩანდა, მისთვის ბრძოლის თემა განსაკუთრებული იყო. ერთხელ ომის სიუჟეტი ენცეფალოგრამის გრაგნილზეც კი დახატა, ფურცელზე თავისუფალ ადგილს არ ტოვებდა.

სკოლის პერიოდში სასულიერო გიმნაზიაში სწავლობდა. ამ სკოლამ დიდი ტკივილი მიაყენა და ეს აუცილებლად უნდა ითქვას. ბეგი ხშირად იცვლიდა სკოლებს, მაგრამ გიმნაზიას ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონოდა მასზე.

– შეიძლება ითქვას, რთული ბავშვობა ჰქონდა. კონკრეტულად რა უშლიდა ხელს, მეტად შემოქმედებითი ყოფილიყო?

– მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა გახდა შეძენილი სიელმე. იმ პერიოდში ოპერაციის გაკეთება ვერ შევძელით. სკოლაში ამის გამო ხშირად დასცინოდნენ. იგივე გრძელდებოდა მუსიკალურ სკოლაშიც. მოკლედ, ბევრი ფაქტორი იყო, რომლებმაც არცთუ ისე სასიამოვნო მოგონებები დაუტოვა. გარემო და წრე ძალიან უშლიდა ხელს. გარშემომყოფები სწორად ვერ აღიქვამდნენ. ფიქრობდა, რომ მისი შინაგანი სამყარო სხვა ადამიანებისთვის მისაღები არ იქნებოდა.

“განსხვავებულს შეშლილებად და გიჟებად აკურთხებთ,

თქვენ თუ ნერწყვი მოგდგომიათ, სხვას სულში ნუ აფურთხებთ…”.

აქვე წერდა:

“დამანახეთ გზა, რომელსაც გავყვები,

გამაგონეთ ხმა, რომელსაც ავყვები”.

– მღეროდა, ხატავდა და უკრავდა კიდეც. რა იყო მისი შემოქმედების წყარო და რაზე წერდა ყველაზე ხშირად?

– ძირითადად სიყვარულსა და სამშობლოზე წერდა. გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით ხშირად წერდა სიყვარულზე და არამხოლოდ ქალის სიყვარულზე, ზოგადად ადამიანი უყვარდა. ამბობს კიდეც: “ბეგის ისე მეძახიან, სიყვარული – სახელად”.

თბილისზეც ბევრს წერდა, განსაკუთრებულად უყვარდა თავისი ქალაქი და ეს მის წიგნშიც ჩანს. თბილისის წყალდიდობის ტრაგედიამდე დაახლოებით 1 თვით ადრე, გარდაცვალების წინა დღეს, წერდა: “თბილისი წვიმას ისევ ვერ უძლებს და ქართლის დედამ ისევ იტირა”. უბან-უბან სიარული უყვარდა.

მის პანაშვიდებზეც დამტკიცდა, თუ რამდენ ადამიანს უყვარდა. იმ საშინელ დღეს სავსე იყო ჩემი სახლის ეზო ახალგაზრდებით. ბევრი ადამიანი შეარიგა კიდეც ამ ეზოში. ჩემმა შვილმა იქიდანაც ბევრი შეძლო. ასევე გასაოცარია, რომ მისმა კალმით შესრულებულმა თითქოს უბრალო ნახატებმა უამრავ კონკურსზე გაიმარჯვა.

– ტრაგედია 2015 წელს მოხდა და ბეგი დღემდე პოპულარულია, მის შემოქმედებას ახლაც დიდი გავლენა აქვს ახალგაზრდა თაობაზე.

– შეგიძლიათ გადაამოწმოთ, სოციალურ ქსელში მილიონობით ნახვა აქვს მის სიმღერებსა და ლექსებს. მან თვითონ გაიკვლია გზა. საკუთარი გულწრფელობით მივიდა თავისი თაობის გონებამდე და გულამდე. წიგნშიც დაწერილი გვაქვს და, ადამიანი თუ წაიკითხავ, მიხვდები, რომ ბეგი ჩვეულებრივი სალოსია. ის ახალგაზრდა თაობას გასაგებ ენაზე ესაუბრებოდა. კარგი რაც არის, სიმღერა იქნება, ლექსი თუ ნახატი, თავის გზას თვითონ გაიკვლევს.

საოცარ რაღაცებს აკეთებდა. ასჯერ რომ მოუსმენ მის ლექსებს, კიდევ მოგინდება მოსმენა. ერთ ლექსში ამბობს: “გაგიბახეს ქვეყანა, შენ, ჭავჭავაძე ილიკო”. აქ ის ილია ჭავჭავაძეს არ შეურაცხყოფს. არა, ბეგიმ იციოდა, ილია ვინ იყო. ის დამოკიდებულებაზე საუბრობდა, რომ დღეს ილიას სიტყვა საზოგადოებას არ ესმის.

– რას გააკეთებდა, დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, რაზე ოცნებობდა, რა სურდა?

– ძალიან უნდოდა რეჟისორობა, კინოდოკუმენტალისტიკა აინტერესებდა. გოდერძი ჩოხელს ხშირად კითხულობდა, მისი შემოქმედება მოსწონდა. გოდერძის პირადად იცნობდა. ერთხელ გოდერძის მეუღლემ მითხრა, ბეგი ცოცხალი რომ ყოფილიყო, საოცრებებს დაწერდა და გადაიღებდაო. ერთ-ერთი სტუმრობისას გოდერძის ნახატიც კი აჩვენა, ფილმიდან “აღდგომა”.

7 წლისას კრწანისის ომი ჰქონდა დახატული. ნახატის კუთხეში გოდერძი ჩოხაში გამოწყობილი იდგა და არაგველებს ეძახდა. ფიქრობდა, ჩოხელი აუცილებლად ჩოხაში უნდა ყოფილიყო, ასეთი წარმოდგენა ჰქონდა.

– წიგნზე მოგვიყევით, რომელიც გამოეცით.

– დეიდამ და დეიდაშვილმა უხელმძღვანელეს ამას. შეგროვდა მისი ჩანაწერები კომპიუტერიდან, რვეულებიდან, ფურცლის ნაგლეჯებიდანაც კი და გამოვიდა ძალიან კარგი წიგნი “კიბე ცამდე”. კეთდება საღამოები, გამოფენები და სხვა ღონისძიებები.

ისეთი საზოგადოება მოდის ბეგის შემოქმედების სანახავად, გაკვირვებული ვრჩები. 32-ე საჯარო სკოლაში გაიმართა მისი საღამო. სკოლის მთლიანი ტერიტორია ახალგაზრდებს ჰქონდათ ათვისებული. მეგონა, რომელიმე ეროვნული გმირის საღამოზე ვიყავით. სკოლის ეზოში ბავშვები მის სიმღერებს მღეროდნენ. რამდენიმე დღის წინ მიწისქვეშა გადასასვლელში შევესწარი, ქუჩის მუსიკოსი ბეგის სიმღერას იმხელა ემოციით ასრულებდა, ვერ გავუძელი და გამოველაპარაკე.

– ბეგი მისი მეგობრებისთვის მაგალითი გახდა. ბევრი ადამიანის ცხოვრება ძირეულად შეცვალა.

– ბეგის გარდაცვალებამ ბევრი დააფიქრა და ამ ყველაფერს დაერთო მისი შემოქმედებაც, რამაც მისი თაობის შეკითხვებსა და გამოწვევებს პასუხები გასცა. მან ეს ყველაფერი შეძლო და ბევრი ახალგაზრდის ცხოვრების წესი შეცვალა.

ადრე მისმა მეგობარმა მითხრა, ბეგი ამ ცხოვრებიდან ისეთი სიმაღლით გავიდა, ყველა ერთმანეთზე რომ დავდგეთ, ვერ შევწვდებითო. ერთი ბიჭი გამახსენდა, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობს და მასაც თვალებთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, სიელმე აწუხებს. მითხრა, კომპლექსი ბეგის სიმღერებისა და ლექსების ვიდეოების ნახვის შემდეგ მომეხსნაო. ამ ყველაფრის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა.

– მის ტექსტებში ბევრი რამ წინასწარმეტყველებასავით ჟღერს. როგორ ფიქრობთ, გრძნობდა, რას უმზადებდა ცხოვრება?

– დიახ. ერთ-ერთ ტექსტში, რომელსაც რეპავს, საკუთარი სიკვდილი აქვს აღწერილი:

“ნეტავ, შემდეგ რა იქნება? ზურგში დანას გამიყრიან…”

ან კიდევ:

“ახლა ვფიქრობ იმაზე,

თუ ყველა როგორ მიმეტებს,

რომ ვერ ვაღწევ ნოსტალგიით

გამოტენილ სიბერეს.

მამა მრავალჟამიერს

წელს უჩემოდ იმღერებს,

ყველაფერი კარგად იქნებაო,

ვიღა დამაიმედებს?!”

ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ უნდა აღვნიშნო, როდესაც ბეგი დანით მოკლეს, იმ დღეს პერანგი ეცვა. დღემდე ვინახავ პერანგსა და იმ აწყვეტილ ღილებს, რომლებზეც მღეროდა. გრძნობდა ამ ყველაფერს, რომ ახლოვდებოდა რაღაც საშინელება. ბრძოლაზე წერდა, ხატავდა და ბრძოლასვე შეეწირა. იმ ბოლო დაპირისპირების დროსაც ბეგი არ დანებდა და დაჭრილმაც კი ფიზიკურად უპასუხა მკვლელს…

– ბეგისთან დაკავშირებით სამომავლოდ რა ღონისძიებები იგეგმება?

– ჩატარდება ღონისძიებები, რომლებიც უკვე ტრადიციად იქცა. მისი დაბადებისა და გარდაცვალების დღეებზე ამ წლების განმავლობაში უამრავი კარგი რამ გაკეთდა – კონცერტები, გამოფენები, სპორტული ღონისძიებები და ა.შ. უკვე მზად არის მეორე წიგნი, რომელიც ძალიან მალე დაიბეჭდება. ასევე ვფიქრობ, იმ ადამიანებს მოვუყარო თავი, რომლებიც ბეგის სიმღერებს ასრულებენ და ერთიანი საქველმოქმედო კონცერტი ჩავატაროთ ბეგის ფონდის ორგანიზებით.

ბახმაროში ყოველ ზაფხულს ფუნქციონირებს ბეგის სახელობის ბიბლიოთეკა, რომელსაც ადგილობრივი ბავშვები ხშირად სტუმრობენ. ვთვლი, რომ ჩემი შვილი დღემდე კეთილ საქმეს ემსახურება.

– მინდა, ბოლო დროს მომხდარ დიდ ტრაგედიას შევეხოთ – მოზარდის სუიციდს. რას გვეტყოდით ამაზე?

– ლუკა არის რიგითი მსხვერპლი იმ საგანმანათლებლო და სამართალდამცავი სისტემისა, რომელიც ბოლო 2 ათეული წელია დამკვიდრდა. მეც პედაგოგი ვარ და მაქვს შეხება მოსწავლეებთან. მათ შორის არიან ბავშვები, რომლებსაც განსაკუთრებული თანადგომა სჭირდებათ. ასე რომ, მარტო პოლიციისკენ ისრის გადახრა არ არის მართებული. ლუკამ, ჩემი აზრით, ეს ფრაზა – “ამ ცხოვრების დედაც”, არა პოლიციურ სისტემას, არამედ სკოლას დაუწერა და სკოლამ ის გაწირა. ჩემი შვილიც ნაწილობრივ არასწორი საგანმანათლებლო სისტემის მსხვერპლად იქცა.

ამ თემას ბეგი აბსოლუტურ პასუხს სცემს თავის სიმღერაში “მრწამსი”.

“მე სისტემასთან ბრძოლაში ვკვდები,

ვიცი, ბოლომდე არ დავყრი ფარ-ხმალს

და რომც მომკლან და მომტეხონ ფრთები,

მაინც გავლესავ სიმართლის ლახვარს.

ნუ გერიდებათ, ვხედავ სიმორცხვეს,

ლოდის ტარება ვიცი – მძიმეა,

ჩემი სიტყვები მანამ იცოცხლებს,

ვიცოცხლებ, სანამ ცოცხლობს იდეა!”.