ზუკა ხუციშვილი: “გიო რომ მხედავდეს, მეტყოდა, არ დანებდეო”

ზუკა ხუციშვილი: "გიო რომ მხედავდეს, მეტყოდა, არ დანებდეო"ერეკლე ხიტალიშვილი, სარკე

მომღერალი ზუკა ხუციშვილი მამის, მომღერალ გიო ხუციშვილის, გარდაცვალების შემდეგ შოუბიზნესში უფრო გააქტიურდა. თითქოს მამა ეუბნება, არ გაჩერდეო. ამ მუხტით აგრძელებს მუშაობას და თავის ბენდთან ერთად რეპერტუარს ქმნის.

ახალგაზრდა მომღერალს დიდი ძალა დააკლდა მამის ამქვეყნიდან წასვლით, მაგრამ გვერდით ჰყავს უერთგულესი ადამიანები – დედა, მუსიკოსი მაია ჯორჯაძე და ცოლი – ქეთუშა მანიჟაშვილი. ზუკამ “სარკესთან” თავისი ცხოვრების ახალ ეტაპზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც დგას.

– ზუკა, პატარა ბავშვი ახვედით სცენაზე და პოპულარულიც მალევე გახდით. როგორ გახსენდებათ ის წლები, როცა ქართულ შოუბიზნესში თითქმის ყოველდღე რაღაც ახალი ხდებოდა?

– დიახ, ბავშვობაში პოპულარული ვიყავი. ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, სადაც გავიზარდე, სხვანაირად არც შეიძლებოდა. სიმღერა გენეტიკურად გამომდიოდა და ეს ყველაფერი ოჯახის დამსახურებაა. ჩემ გარშემო ყველგან მუსიკა და ხელოვნება იყო.

90-იან წლებში შოუბიზნესში სულ სხვანაირი დრო იდგა. მეც პატარა ვიყავი, მიხაროდა, რასაც ვაკეთებდი და ალბათ ვერც ვგრძნობდი იმ პასუხისმგებლობას, რასაც ახლა ვგრძნობ. მშობლებიც სულ გვერდში მედგნენ, გიოც და მაიაც ყოველთვის ყველაფერში მეხმარებოდნენ.

– თქვენი აზრით, რა განსხვავებაა ახლანდელ და მაშინდელ შოუბიზნესს შორის?

– დღესაც უამრავი ნიჭიერი მომღერალი და მუსიკოსია, მსმენელიც უამრავი ჰყავთ. განსხვავება დროშია. იმ პერიოდში უცხოური მუსიკალური პროდუქტი არ შემოდიოდა და არც ინტერნეტი იყო. შესაბამისად, უფრო ხშირად იმართებოდა კონცერტები და ყველაფერი მეტად ცოცხალი და საინტერესო იყო.

– ხალხმა პატარა ზუკა ძალიან შეიყვარა, მაგრამ წამოიზარდეთ და შოუბიზნესიდან გაქრით. რატომ გადადგით ეს ნაბიჯი?

– სიმღერისთვის თავი არასდროს დამინებებია, უბრალოდ იმ პერიოდში ასე იყო საჭირო. ბიჭებს გარდატეხის ასაკში ხმა გვიბოხდება და არ არის მიზანშეწონილი, ამ დროს სიმღერა გააგრძელო. ამ შუალედში სწავლასაც მივხედე, დროის გარკვეული მონაკვეთი საზღვარგარეთ ვიყავი განათლების მისაღებად და პირად ცხოვრებას უფრო მეტად მივხედე. პარალელურად საკუთარ თავზე ვმუშაობდი.

სიმღერა არც ჰობია და არც პროფესია, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია, რომლის გარეშეც არც ერთ წამს ჩაუვლია.

– შემოქმედებითი ტაიმ აუტი მშვენივრად გამოიყენეთ, კარგი განათლება მიიღეთ, ოჯახი შექმენით. მოგვიყევით თქვენს სიყვარულზე, მეორე ნახევარზე.

– ჩვენ სკოლიდან ვმეგობრობდით, ერთი წრე გვყავდა. ქართული მენტალიტეტი მაინც სხვაა და მაშინ, როგორც ჩემს დას, ისე ვუყურებდი. მერე გავიზარდეთ და საზღვარგარეთ სასწავლებლად რომ წავედი, მივხვდი, ერთმანეთი სხვანაირად გვენატრებოდა და ეს მეგობრობაზე მეტი იყო. როდესაც ადამიანი ასე გიყვარს და გინდა, ცხოვრება მასთან ერთად გაატარო, წინ ვერაფერი დაგიდგება. ის ჩემთვის არამარტო მეუღლე, საუკეთესო მეგობარიცაა.

ქეთის იურიდიული განათლება აქვს, მაგრამ ჩემსავით უამრავ რაღაცას იყო მოდებული. ერთი პერიოდი ტელევიზიაშიც მუშაობდა. მეც ასე ვარ და ალბათ ამაში გიოს ძალიან ვგავარ. მინდა, ჩემს ქვეყანას მრავალმხრივ გამოვადგე და თავი სხვადასხვა სფეროში გამოვცადო.

– მამის გარდაცვალებიდან მოკლე ხანში დაუბრუნდით შოუბიზნესს საკუთარი ბენდითა და განახლებული იმიჯით. როგორ შეგხვდათ მსმენელი?

– ძალიან დადებითად შემხვდა, მაგრამ ეს არამხოლოდ ჩემი დამსახურებაა. ვმუშაობ უნიჭიერეს, თამამად ვიტყვი, მსოფლიო დონის მუსიკოსებთან ერთად. ხანდახან უბრალოდ ვდგავარ, ვუსმენ და სიამოვნებას ვიღებ. უამრავი ახალი რამ გავაკეთეთ და, სადაც ვყოფილვართ, ყველგან სიყვარულით დაგვხვდნენ.

ვცდილობ და მაქვს პასუხისმგებლობა, რომ თითოეული ნოტი ხარისხიანი იყოს. მიხარია, როდესაც ხალხისგან პასუხად ასეთივე ენერგეტიკას, მუხტსა და სიყვარულს ვიღებ.

– თქვენი ნახევარძმა, ნოდარიკო, საზოგადოებამ პროექტ “მხოლოდ ქართულიდან” გაიცნო, ასევე გყავთ და – ელენე. როგორი ურთიერთობა გაქვთ და-ძმებს ერთმანეთთან და ხომ არ აპირებთ ერთად მუშაობას რაიმე პროექტზე?

– მე, ნოდარიკო და ელენე ერთად გავიზარდეთ. სამივეს გვქონდა სიმღერის ნიჭი, მაგრამ ელენეს პროფესიონალურად არასდროს უმღერია. არც ნოდარიკო აპირებდა სცენაზე გასვლას, მაგრამ მერე იყო კონკურსი, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. დღეს ისიც ბენდთან ერთად მღერის და ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდით.

მე და ნოდარიკო ერთად ვგეგმავთ რამე საინტერესოს, უბრალოდ ამისთვის დროა საჭირო, რომ დავლაგდეთ, გავიაროთ ყველა საკითხი, რადგან, თუ გაკეთდება, ხარისხიანი უნდა იყოს. საჭირო დრო, ადგილი და რეპერტუარი უნდა შეირჩეს.

– დიდი საყრდენი გამოგეცალათ გიოს წასვლით. როგორ გრძელდება თქვენი ცხოვრება მის გარეშე?

– შეიძლება ითქვას, რომ გიოს დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა ჰქონდა. მე ჩემთვის, ცალკე ვაკეთებდი საქმეს, მაგრამ მაინც ყოველთვის მისი იმედი მქონდა. ვიცოდი, რაც უნდა მომხდარიყო, ყოველთვის ჩემ გვერდით იქნებოდა და არაფრის მეშინოდა. ცივ ნიავს რომ არ მოგაკარებს, ისეთი მამა იყო. მის გარეშე ძალიან მიჭირს. ტყუილია, რომ ამბობენ, დრო ყველაფერს კურნავსო. დრო უბრალოდ გაჩვევს ტკივილს, რომელსაც ვერასდროს გააყუჩებ.

– ადამიანი როცა ამქვეყნიდან მიდის, მერე უფრო ჩანს ხოლმე მისი გაკეთებული საქმეები, უფრო სწორად, მერე უფრო მეტად საუბრობენ ამაზე. მოგვიყევით მასზე, როგორც მამაზე და როგორც უბრალოდ პიროვნებაზე.

– გიოზე ლაპარაკი და მისი ქება ცოტა მეუხერხულება, მაგრამ ვიტყვი, რომ ყველა მხრივ ძალიან დიდი ადამიანი იყო. საზოგადოება მას მხოლოდ ქალაქური მუსიკით იცნობდა. მე კი გეტყვით, რომ გიოს არამხოლოდ მუსიკაში აქვს უამრავი რამ გავლილი, ის აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო, წყალბურთს თამაშობდა, სამთავრობო სტრუქტურაშიც მუშაობდა, ასევე სპორტის სასახლის დირექტორიც იყო. უამრავი რამ მახსენდება და ყველაფერს ალბათ ვერც ჩამოვთვლი. ერთი სიტყვით, მრავალმხრივ ნიჭიერი იყო.

ახლახან მისი სახელობის ქუჩაც გაიხსნა, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩების დამაკავშირებელია. ამაზე მოლაპარაკებები დიდი ხანი მიმდინარეობდა და მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო, მინდა, მადლობა გადავუხადო.

– დედათქვენმა, მაია ჯორჯაძემ, ბევრი ჰიტი დაუწერა გიოს. ქმრის გარდაცვალების შემდეგ თუ გააგრძელა სიმღერების წერა?

– მაია ყოველთვის გიოსთვის იყო. რა თქმა უნდა, მეც დღემდე გვერდში მიდგას, ჩემი და გიოს ბევრი ტექსტი მაიას დაწერილია, მაგრამ ადრე უფრო ხშირად წერდა, რასაც გიოს გარდაცვალების შემდეგ აღარ აკეთებს. შეიძლება ითქვას, რაღაც მუზას ელოდება, ხასიათზე უნდა იყოს, რომ დაწეროს. გიო რასაც ქმნიდა, უმეტესობა მუსიკალურად დედაჩემის გაკეთებულია.

რთულია მის გარეშე, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და სხვანაირად არ გამოდის. გიო დღეს რომ მხედავდეს, გამამხნევებდა, მეტყოდა, ერთი წამით არ დანებდე, არ გაჩერდეო. სწორედ ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და საქმეს ვაგრძელებ. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო.