ზაზა ურუშაძე: “დიდი სირთულეები გადავლახე, ბევრი ვინერვიულე” – რეჟისორმა თორნიკე ბზიავას ხელში დალია სული

ზაზა ურუშაძე: "დიდი სირთულეები გადავლახე, ბევრი ვინერვიულე" - რეჟისორმა თორნიკე ბზიავას ხელში დალია სულირუსუდან ადვაძე, სარკე

2019 წლის 7 დეკემბერს ქართველი საზოგადოება შეძრა ცნობილი ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის, მოულოდნელმა გარდაცვალებამ. ის თბილისში, ვაკის საცურაო აუზზე იმყოფებოდა და შეუძლოდ ამ დროს გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფოს ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ზაზა ურუშაძე 53 წლის იყო. ის დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: “მათთვის, ვინც მამამ მიატოვა”, “აქ თენდება”, “სამი სახლი”, “დარჩი ჩემთან”, “ბოლო გასეირნება”, “მანდარინები”, “ანტონი”, ტელესერიალის “ცხელი ძაღლი”… თავად კი გადაღებულია ფილმში “მე მოვედი”.

აფხაზეთის ომის თემაზე გადაღებული “მანდარინები” ერთდროულად “ოქროს გლობუსისა” და “ოსკარის” საუკეთესო უცხოური ფილმების ხუთეულში, ნომინანტთა შორის მოხვდა, რასაც “მანდარინების” მსოფლიო დისტრიბუცია მოჰყვა – ფილმი 100-ზე მეტმა ქვეყანამ იყიდა.

რეჟისორ ზაზა ურუშაძის უკანასკნელი ნამუშევარია “ანტონი”. მან ფილმის დასრულება მოასწრო, მაგრამ, სამწუხაროდ, მის პრემიერას ვეღარ დაესწრება. “ანტონის” პრემიერა ისრაელში 21 დეკემბერს გაიმართება.

ზაზა ურუშაძე საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი იყო. მან ეს თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც იქ განვითარებულ პროცესებს არაჯანსაღი უწოდა.

“კოლეგებო, ბოლო დროს განვითარებული თქვენთვის კარგად ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რამაც ჩემთვის მიუღებელი ფორმა მიიღო, გადავწყვიტე, გადავდგე და დღეიდან ვტოვებ თანამდებობას. არანაირი სურვილი აღარ მაქვს, მონაწილეობა მივიღო იმ არაჯანსაღ პროცესებში, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა კინოაკადემიაში და პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის.

ნათლად გავაცნობიერე, რომ ურთიერთდაპირისპირებისა და ინტრიგების ფონზე მოგებას ფასი აღარ აქვს”, – დაწერა რამდენიმე თვის წინ ზაზა ურუშაძემ.

არადა, როგორც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები ამბობენ, 2013 წლის მაისიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ზაზა ურუშაძე კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარედ დაინიშნა, იქ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.

კინორეჟისორმა მაშინ ბოდიში მოუხადა იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს კინოაკადემიის პრეზინდენტის თანამდებობიდან მისი გადადგომით იმედები გაუცრუვდათ.

ზაზა ურუშაძე ცნობილი ქართველი მეკარის, რამაზ ურუშაძის, ვაჟიშვილია. ბავშვობიდან ფეხბურთის სამყაროში იზრდებოდა, მაგრამ სპორტსმენობა არ მოინდომა. მიხვდა, რომ მისი საქმე კინოს გადაღება იყო.

ცუდ დროში მოუწია ცხოვრების საუკეთესო წლების გატარება – მის თაობას დაკარგული ეწოდა, კინოს გადაღებისთვის არავის სცხელოდა, თუმცა თავად “დაკარგვას” გადაურჩა და ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი რეჟისორი გახდა.

“სარკის” არქივში ინახება 2011 წელს ზაზა ურუშაძესთან ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც რეჟისორი თავის ფილმებსა და ცხოვრების პერიპეტიებზე ყვება.

– არ ვიცი, როგორ გადავრჩი… ალბათ იმიტომ, რომ ნარკოტიკი არასოდეს გამისინჯავს. ალკოჰოლური სასმელი კი შეიძლება წელიწადში ერთი-ორჯერ დავლიო და ისიც ჩემს მეგობარ ჟანრი ლოლაშვილთან ერთად. მიყვარს ეს კაცი და თან შესანიშნავი კულინარია. მასთან თუ სუფრაა და 40 წლის კონიაკს მოიტანს, რომ არ დავლიო, სწყინს და მეც ვსვამ.

ძალიან სწრაფად ვატარებ მანქანას, მაგრამ ავარიაში არასოდეს მოვყოლილვარ. სხვას რომ ვუზივარ ავტომობილში და, როგორც მე მიმყავს, იმ სისწრაფის ნახევრითაც რომ ატარებდეს, უკვე ძალიან მეშინია…

სამწუხაროდ, სიგარეტსაც ვეწევი. ახლა სიგარეტი რომ არ მქონდეს, ვინერვიულებდი. ამაზეც ვბრაზდები, მაგრამ რა ვქნა, არ ვიცი. კინო ძალიან მიყვარს. ფილმის გადაღების პროცესზე მეტი “კაიფი” ჩემთვის არ არსებობს.

ბავშვობიდან ფეხბურთელებში ვიზრდებოდი. თავიდან ვითომ მომწონდა ეს სამყარო, მაგრამ მერე პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. მიშა მესხი, სლავა მეტრეველი, მამაჩემი ფეხბურთზე საუბრობდნენ. ერთი წელი მეც ვთამაშობდი, სიყვარულით კი არ მყვარებია. ახლაც იშვიათად ვუყურებ.

საშუალო დონეზე ვხატავდი. მერე ვიფიქრე, რადგან ძალიან კარგად ვერ ვხატავ, არ ღირს ამ პროფესიას გავყვე-მეთქი. უცებ მივხვდი, ჩემი ცხოვრება კინოს რომ არ დაკავშირებოდა, ძალიან უბედური ვიქნებოდი. მაშინ კინოსარეჟისოროზე ხუთ წელიწადში ერთხელ ხუთ სტუდენტს იღებდნენ. ჩემი სკოლის დამთავრებას დაემთხვა მიღება და ჩავაბარე. საკურსო ნამუშევარიც გადავიღე.

მაშინ, რომ დაამთავრებდი, აუცილებლად უნდა გაგევლო სტუდია “დებიუტი”, პროფესიონალ სტუდიაში პირდაპირ ვერ მოხვდებოდი. გამიმართლა და გადავახტი ამ “დებიუტს”, პირდაპირ პროფესიონალურ სტუდიაში მოვხვდი. იქ ჯემალ თოფურიძის მოთხრობის მიხედვით გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მათთვის, ვინც მამამ მიატოვა”. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადავიღე გასული საუკუნის 90-იან წლებში – “აქ თენდება”.

მერე ისე მოხდა, რომ ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, რომლის დირექტორიც გავხდი. სულ არ მინდოდა ეს თანამდებობა, რადგან თანხები გამოიყოფოდა და ფინანსდებოდა ფილმების გადაღება, მაგრამ ჩემს თავს ხომ არ დავაფინანსებდი – არ შეიძლებოდა. ამიტომ კინოს ვეღარ ვიღებდი. როცა კინოს არ ან ვერ ვიღებ, საშინლად ვარ. მერე გადავდექი, რადგან ჩინოსნობა არ შემეძლო. თუმცა, როცა ეს ადგილი მეკავა, მრავალსერიან ფილმ “ცხელ ძაღლზე” ვმუშაობდი. ამან რაღაცნაირად შემივსო ფილმის გადაღების მოთხოვნილება.

ამის შემდეგ შევიტანე ჩემი ფილმის “სამი სახლი” პროექტი და დაფინანსება მოვიგე. შარშან კიდევ მოვიპოვე ფილმ “მტრების” დაფინანსება. ნაწილი უცხოელებს უნდა დაეფინანსებინათ. სან ფრანცისკოში არის კინოფონდი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აცხადებს კონკურსს და საუკეთესო ხუთეულს აფინანსებს. სიმბოლურ თანხას იძლევიან, მაგრამ იქ ხუთეულში გასვლა ძალიან პრესტიჟულია.

გურიაში სერიოზული დეკორაცია ავაშენეთ – მთელი სოფელი ავაგეთ, ჭაობი დავაშრეთ, გზები გავიყვანეთ. ფილმის პროექტი აფხაზეთის ომს ეხება. უკვე გადაღება უნდა დაგვეწყო, მაგრამ უცხოელებს დააგვიანდათ ფულის გადმორიცხვა და ახლა იქ ყარაულები გვყავს. მანდარინების პლანტაცია უნდა ჩანდეს ფილმში და ამიტომ აქამდე ვეღარ მოვახერხეთ გადაღება. დეკემბრის ბოლოს უნდა დავიწყო. წელს დატვირთული წელი მაქვს – “ყარაბახი 3”-ის გადაღებას ვიწყებ. სამი სრულმეტრაჟიანი ფილმი გამომდის.

აბსოლუტურად არ ვარ დეპრესიული. მიყვარს ცხოვრება და სულ კარგ ხასიათზე ვარ. პროდიუსერმა, დათო ბეჟიტაშვილმა რომ გაიგო, შემოქმედებითი პაუზა მქონდა, დამიკავშირდა და მითხრა, თამარ ბართაიას სცენარის მიხედვით ფილმი გადაიღეო. სიუჟეტი ძალიან ბანალური მომეჩვენა და ვფიქრობდი, გადამეღო თუ არა, მაგრამ დამაინტერესა, როგორ გადავიღებდი ასეთ სიუჟეტს და დავთანხმდი. მგონი, საინტერესო გამოვიდა. არც სიყალბეა და არც უგემოვნობა. მისი ნახვისას მაყურებელი ტირის. ნამდვილი კომერციული კინოა, რადგან, ადამიანს მოსწონს, როცა ფილმზე ტირის.

“სამ სახლში”, რომლის სცენარიც ჩემია, სამი ამბავია გაერთიანებული და მეორე სიუჟეტი დედაჩემმა მომიყვა – ბაბუაჩემის ამხანაგის ისტორია. კაცი მივიდა საყვარელთან, კიბეზე ავიდა, ცუდად გახდა, დაჯდა სკამზე და მოკვდა. საყვარელმა არ იცოდა, რა ექნა და მის ცოლს დაურეკა. ეს ისტორია გონებაში ჩამრჩა და ის განვავრცე. დანარჩენი ამბები ჩემი მოგონილია.

ჩემი მეუღლე, თამუნა ბოგვერაძე, ფსიქოლოგია. მეგობარმა გამაცნო – მისი ჯგუფელი იყო. ორი შვილი გვყავს – 21 წლის ანა და 18-ის მართა. ანა სარეჟისოროზე სწავლობს. თავიდან არ მინდოდა, ეს პროფესია აერჩია. დამიჯერა და რაღაც მენეჯმენტზე და მართვაზე ჩააბარა. მერე მითხრა, უბედური ვარ, რადგან რეჟისორობა მინდაო. ზუსტად ისეთი შეგრძნებები ჰქონდა, როგორიც მე – მის ასაკში. გადავიდა სარეჟისოროზე და ახლა ამბობს, ბედნიერი ვარო. ორი საკურსო ფილმი გადაიღო და მომეწონა…

უმცროს ქალიშვილს მსახიობობა უნდოდა, მაგრამ გადავაფიქრებინე. სკოლას მომავალ წელს ამთავრებს, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რას იზამს…

არც ფილმებში და არც ცხოვრებაში არ მომწონს პუტკუნა, გასიებული ქალები. ქალი აუცილებლად ჭკვიანი უნდა იყოს. რომ ამბობენ, კაცებს არ უყვართ ჭკვიანი ქალები, რადგან კომპლექსი აქვთო, სისულელეა. ეტყობა, უჭკუო კაცებზეა საუბარი. სულელი ქალი გყავდეს გვერდით, ჩემს მტერს! არ მაინტერესებს უგემოვნო და შტერი ადამიანები, – ყვებოდა ზაზა ურუშაძე 2011 წელს “სარკესთან”.

დღემდე არც ერთ ქართველ კინორეჟისორს რგებია ისეთი საერთაშორისო აღიარება, როგორიც ზაზა ურუშაძემ მოიპოვა ფილმით “მანდარინები”.

ამერიკიდან, “ოსკარით” დაჯილდოების ცერმონიალიდან სამშობლოში დაბრუნებულმა რეჟისორმა 2015 წლის იანვარში “სარკეს” უამბო:

– სმოკინგი, ბაფთა, ლიმუზინი, წითელი ხალიჩა… ამიტომ დავწერე, “მაზალო” იყო-მეთქი. მირჩევნია, ჯინსები მეცვას… არ მეგონა, წითელ ხალიჩაზე გავლა ასეთი რთული თუ იქნებოდა, რადგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე გიღებენ, ნელ-ნელა უნდა წახვიდე, უნდა გაჩერდე. ერთი საათი მივდიოდით წითელ ხალიჩაზე. მერე უკვე კარგი იყო. შენ გვერდით დგას უამრავი ვარსკვლავი, რომლებიც ძალიან უშუალოები არიან, გელაპარაკებიან…

“ოსკარზე” 83 ფილმიდან ხუთეულში აღმოვჩნდით. ეს მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულია და მეტზე რაღაზე უნდა იფიქრო?!

ფილმში უფრო მეტი ფული ესტონელებმა ჩადეს და იქაც ესტონელებმა წარადგინეს. ეს უფლებაც მოიპოვეს. მე ვარ ამ ფილმის სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი, მაგრამ ფინანსების გამო ასე მოხდა. ქართველი ვარ და ჩემთვისაც გულდასაწყვეტია ეს ამბავი. გამოცხადების დროს რომ ესტონეთი-საქართველო ეთქვათ, ბევრი ვერ გაიგებდა, ვისი ფილმი გავიდა, ამიტომ მხოლოდ ერთი ქვეყანა ცხადდება. როცა პრესკონფერენციები იმართება და სტატიები იბეჭდება, ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ეს ქართულ-ესტონური პროდუქციაა.

ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც სხვისი წარმატება კი არ უხარიათ, იბოღმებიან. დაწერეს, ანტიქართულიაო. როგორ არის “მანდარინები” ანტიქართული?! როგორ ვისაუბრო ამ თემაზე სერიოზულად?! ფილმის წარდგენისას მუდმივად საქართველოზე ვლაპარაკობ. ვყვები, რომ აფხაზეთი ჩვენი პრობლემაა და ამ თემას ვერ ავცდი… ძალიან სწრაფად ვწერ და სწრაფად ვიღებ. “მანდარინები” 2 კვირაში დავწერე და 32 დღეში გადავიღე. მთავარია, დაფინანსების პრობლემა არ იყოს…

ჩემი ცხოვრების წესი ფილმების გადაღებაა. მხოლოდ ცურვაზე სიარულს ვახერხებ. ბავშვობიდან ვარჯიშს ვარ მიჩვეული და რაღაც უნდა ვაკეთო…

რომ ვთქვა, იღბლიანი არ ვარ-მეთქი, უსინდისობა არ იქნება?! კაცი “ოსკარისა” და “ოქროს გლობუსის” ნომინანტი გავხდი! თუმცა აქამდე დიდი სირთულეები გადავლახე, ბევრი ვინერვიულე… წვალების გარეშე არაფერი გამოდის, მაგრამ მაინც უნდა გაგიმართლოს…

შემოთავაზებები მაქვს ჰოლივუდიდან და ალბათ წავალ. სცენარებს ველოდები და, თუ მომეწონა, მალე დავიწყებ გადაღებას. შეიძლება მეც დავწერო სცენარი. იქ უფრო მაღალი დაფინანსება მექნება… ალბათ რამდენიმე თვით წავალ ფილმის მოსამზადებელი პერიოდისთვის, მერე ჩამოვალ და ისევ წავალ გადასაღებად. არა მგონია, გადავსახლდე, რადგან სხვაგან ყოფნის დროს აქაურობა მენატრება…

ზაზა ურუშაძემ რეჟისორ ქეთი დოლიძის შვილის, რეჟისორ თორნიკე ბზიავას, ხელში დალია სული. ისინი მეგობრები იყვნენ და ვაკის საცურაო აუზზე ერთად იმყოფებოდნენ, როცა ზაზას გული გაუჩერდა.

“შენი იმედი მქონდა ყოველთვის! შენი ვაჟკაცობის, შენი სიმართლის, შენი ნიჭის! მადლობელი ვარ, რომ ბოლო წლებში ასე მეგობრობდი ჩემს შვილთან, თორნიკესთან და მას დაეკისრა ის საშინელი მისია, რომ შენი ხელი დაეჭირა ხელში ბოლო წუთებში!

ჩემო ზაზა! სულ იმას მეუბნებოდი, როგორი დამნაშავეები ვართ შენი მამის ხსოვნის წინაშე, რომელმაც ასეთი დიდებული სასახლე დაუტოვა კინემატოგრაფისტებს, ჩვენ კი მოვსპეთო! ამ სახლის აღდგენაზე ოცნებობდი და მპირდებოდი, დიდ დარბაზს სიკო დოლიძის სახელი უნდა დავარქვაო! როგორ გეძებდი, რომ მენუგეშებინე! ყველას გაურბოდი და გულიც ნელ-ნელა გეფლითებოდა! არ მჯერა სიცოცხლის მერე ცრემლების ღვრის! არ მჯერა!

მიყვარდი და მუდამ მეყვარები! ჩემი დიდი თანადგომა შენს ოჯახს და ანას! კარგი შვილი გყავს, საამაყო! ალბათ უკეთეს ქვეყანაში გადაინაცვლე, ჩემო კეთილო, უმცროსო ძმაო! შეხვედრამდე! გვაპატიე!” – დაწერა ქეთი დოლიძემ.

“ღმერთი ყველგან არის. რწმენა ძალიან პირობითია. ქრისტემ მოწაფეებს უთხრა, მცირედმორწმუნენი ხართო და ჩვენი რწმენა რა არის საერთოდ. ეკლესიური ვერ ვარ, მაგრამ ღმერთის მწამს. ყოველ შემთხვევაში, ვერაფრით დავიჯერებ, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაფერი მთავრდება. იმედი მაქვს, რომ რაღაც არსებობს, მინდა, ასე იყოს. თუ არ რჩება არაფერი და ქრები, მაშინ ყველაფერი ამაოა”, – თქვა ზაზა ურუშაძემ გადაცემაში “მძიმე კაცთან”.