რატომ უბრუნებდა ლევან წულაძის ქალიშვილი საქმროს ნიშნობის ბეჭედს – “მამამ ჩემი გათხოვების ამბავი რომ გაიგო, დასევდიანდა”

რატომ უბრუნებდა ლევან წულაძის ქალიშვილი საქმროს ნიშნობის ბეჭედს - "მამამ ჩემი გათხოვების ამბავი რომ გაიგო, დასევდიანდა"რუსუდან ადვაძე, სარკე

ცნობილი თეატრალური რეჟისორი, ლევან წულაძე და მისი ცოლი, მსახიობი მანანა კოზაკოვა, არც ისე დიდიხანია სიდედრ-სიმამრის ამპლუაში არიან. მათი ქალიშვილი, თინათინი, ანსამბლ “სუხიშვილების” მოცეკვავე და მარჯანიშვილის თეატრის ქორეოგრაფი, რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა, ცოლად გაჰყვა გიორგი კოტეტიშვილს, ერთ-ერთი კომპანიის სპორტულ მენეჯერს. მამა ერთადერთ ქალიშვილს ადვილად ვერ შეელია, განიცადა, დედა კი, როგორც თავად თინათინი უყვება “სარკეს”, უფრო ყოჩაღად შეხვდა შვილის გათხოვებას.

ცნობილ ხელოვანთა ოჯახში მომხდარ ცვლილებას საზოგადოების მხრიდან ინტერესის გარეშე არ ჩაუვლია. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ფოტოები ახალშეუღლებულთა ჯვრისწერიდან, ორჯერ გადახდილი საქორწილო წვეულებებიდან… ახლა კი თინათინ წულაძე თავისი გაბედნიერების ამბავს “სარკეს” დაწვრილებით უამბობს.

თინათინი: ძალიან პატარები ვიყავით, ერთმანეთი რომ გავიცანით. ოჯახებთან ერთად ზღვაზე ვისვენებდით ხოლმე. მერე ბევრი წელი გავიდა, რაც ერთიმეორე ნანახი არ გვყავდა. უმაღლესში ჩასაბარებლად ვემზადებოდით და ერთ-ერთი საგანის მომზადებისას ერთად მოგვიწია სიარული. ურთიერთობა აღვადგინეთ და თავიდან დაიწყო ჩვენი ამბავი.

– ბავშვობიდან ხომ არ იღებდა სათავეს ეს გრძნობა?

– დიახ, პრინციპში ასე იყო, ბავშვობაშიც იყო გარკვეული გრძნობა. უბრალოდ, მერე დიდი პაუზა იყო. მე ძალიან კარგად არ მახსოვს ბავშვობის ამბავი… ერთად რომ ვისვენებდით, იქ გოგო მარტო მე ვიყავი და იყო ბევრი ბიჭი. როგორც თვითონ მეუბნება, მაშინაც მოვწონდი.

ერთად მომზადება როცა დავიწყეთ, მაშინ მეც შეყვარებული მყავდა და გიორგისაც. მერე ისე მოხდა, რომ ორივე დავშორდით შეყვარებულებს და მომწერა. მაშინ ამერიკაში ვიყავი და ერთ თვეში უნდა დავბრუნებულიყავი. რომ ჩამოვედი, კიდევ დამეკონტაქტა და შევხვდით. ამის მერე აღარც დავშორებივართ ერთმანეთს.

– ამ სიყვარულმა ხომ არ განაპირობა შეყვარებულებთან თქვენი დაშორება?

– არა, მაგრამ, მათ რომ ვშორდებოდით, ორივეს გვახსოვდა ერთმანეთი. ორივე ვგრძნობდით, რომ ის სიყვარული არ იყო, რაც გვჭირდებოდა. ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი. შეყვარებული არ იყო, მაგრამ, როცა გიორგის ვხედავდი, სულ ვამბობდი, ასეთი ბიჭები მომწონს და ცხოვრება ასეთ ადამიანთან ერთად მინდა-მეთქი.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა ურთიერთობაში ვიყავით, ერთმანეთს შორიდან ვაკვირდებოდით. ერთმანეთის კარგად გვესმის. იშვიათია ისეთი ყურადღებიანი გალანტური ადამიანები, როგორიც გიორგია.

– რომანტიკულია?

– ისეთი რომანტიკულია… ჩემთვის ყველა დღე სიურპრიზებით არის სავსე. იცოდა, რომ ახალი დამთავრებული მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა და ცდილობდა, მკვეთრი ნაბიჯი არ გადაედგა. ნელ-ნელა დამანახა, რა არის ნამდვილი სიყვარული და ასე შემაყვარა თავი.

ჯერ კიდევ შორიდან გვქონდა ურთიერთობა, რომ ზღვაზე ჩამოვიდა ჩემთან სიურპრიზად. პირველი საჩუქარიც მაშინ გამიკეთა და არც ვიცი, საიდან გაიგო, რა მიყვარდა. უზომოდ ყურადღებიანია და ზუსტად იცის, რა მომენტში რა გამიხარდება. წინასწარ ფიქრობს და გეგმავს. რამეს რომ ვეტყვი და მგონია, ვერ დაიმახსოვრა, უცებ აღმოჩნდება, რომ ძალიან კარგადაც ახსოვს.

– ხელი როგორ გთხოვათ გიორგიმ?

– მყუდრო კაფეში ვიყავით და ხალხმრავლობის და ყოველგვარი დემონსტრირების გარეშე მითხრა, მინდა, მთელი ცხოვრება შენთან გავატაროო და ბეჭედი მომცა. ამის მერე წავედით და მეგობრებთან ერთად აღვნიშნეთ ეს ყველაფერი.

– თქვენი მშობლები როგორ შეხვდნენ ერთადერთი ქალიშვილის გათხოვებას?

– დედაჩემი უფრო მზად იყო ამ ყველაფრისთვის, მაგრამ მამამ ძალიან ინერვიულა. გიორგი ძალიან უყვარს და წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ, როცა გაიაზრა, რომ სახლიდან უნდა წავსულიყავი, უზომოდ სენტიმენტალური გახდა. გიორგიმ რომ ხელი მთხოვა, მამა მეორე დილით იჯდა და საქორწინო მარშს ძალიან სევდიანად უკრავდა. ტირილით გავსკდი და ვთქვი, ახლავე წავალ და ბეჭედს დავუბრუნებ-მეთქი. ახლა ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.

– როგორ გააცანით საქმრო?

– გიორგისაც იცნობდა და მის ოჯახსაც. ჩვენს სახლში მუდამ ხალხმრავლობა იყო, ხშირად მოდიოდნენ მეგობრები და გიორგიც რამდენჯერმე მოვიდა. პირდაპირ არ მითქვამს, ეს ის ბიჭია-მეთქი და ოფიციალურად არ გამომიცხადებია მათთვის. ისედაც იცოდნენ ჩვენი ურთიერთობის შესახებ. ასე რომ, ყველაფერი თავისთავად მოხდა. სხვა ურთიერთობებს სერიოზულად არც ვუყურებდი. გიორგი პირველი იყო, ვინც მშობლებს გავაცანი.

მამის ნერვიულობა ცოტა ხანს გაგრძელდა. მას მერე ყველაფერში მეხმარება. ჩვენი სახლის რემონტის ამბებში ძალიან იყო ჩართული. ძალიან დაგვეხმარა ამ მხრივ. მამაჩემი ცნობილია რემონტებისადმი სიყვარულით და ძალიან კარგადაც ერკვევა, იცის, სად რა და როგორ უნდა განალაგო, რომ მოსახერხებელი და კომფორტული იყოს ცხოვრება. მისი რჩევები ძალიან გვადგება.

მამას თითქმის ყოველდღე ვნახულობ თეატრში, სულ კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან და ჩემს დანაკლისს არ განიცდის. დედამაც ინერვიულა, მაგრამ აშკარად არ გამოუხატავს. შეამზადა საკუთარი თავი, რომ სხვაგან მომიწევდა ცხოვრება. გიორგი მასაც ძალიან უყვარს და სულ გვერდით გვიდგას.

– თქვენი მშობლების ურთიერთობა სამაგალითოა. რა ისწავლეთ მათგან?

– მათი ურთიერთობა მართლაც ყველასთვის სამაგალითოა. პირველ რიგში, მეგობრები არიან და ერთმანეთის გარეშე არაფრის კეთების სურვილი არ აქვთ. ცდილობენ, სულ ერთად იყვნენ – ერთად ისვენებენ, სამსახურშიც ერთად დადიან…

მე დაახლოებით ისე ვუყურებ და აღვიქვამ ამ სამყაროს, როგორც ჩემი მშობლები და ამიტომ არასოდეს მიფიქრია, რომ ვისაც ავარჩევდი, გარკვეული პარამეტრები უნდა დაეკმაყოფილებინა. როცა შეგიყვარდება, სხვა რაღაცებზე აღარ ფიქრობ.

კონკრეტული მოთხოვნები არასოდეს მქონია, ასეთი და ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ ჩემს მშობლებს მოსწონებოდათ. როგორც თვითონ ცხოვრობდნენ – თავისუფლად და ლაღად, მეც იმავეს შემაჩვიეს. სილაღე, გართობა – ასე ცხოვრობენ. დარდი გართობაში გადააქვთ. როცა ყველას უჭირდა, ჩვენს სახლში მაინც სულ ბევრი ხალხი იყო, ყველა ერთობოდა. არ მახსოვს, რაიმე ტრაგედიად ექციათ და ტანჯულ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ. სახლში სულ პოზიტიური განწყობა იყო და ყველა კარგ ხასიათზე გახლდათ, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს.

საბედნიეროდ, გიორგიც ძალიან პოზიტიური და მხიარული ადამიანია და კარგადაც ვეწყობით. ზუსტად იმ განწყობით ვართ ცხოვრების მიმართ, როგორც ჩემი მშობლები.

– მამის სპექტაკლებზე მუშაობთ?

– დიახ, მამის სპექტაკლებზეც ვმუშაობ და სხვა რეჟისორებთანაც. თეატრში მამა ისეთი მკაცრი და დაუნდობელია, ვერაფრით წარმოიდგენთ.

– თქვენ მიმართაც?

– დიახ, ჩემ მიმართ განსაკუთრებით მკაცრია, უფრო მომთხოვნია, ვიდრე სხვების მიმართ. პატარა რაღაცებით არ კმაყოფილდება და არ მაქებს. ამის გამო სულ უფრო და უფრო მონდომებული ვარ.

– რატომ აირჩიეთ ქორეოგრაფობა და არა – მსახიობობა?

– მსახიობობა სულ მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ძალიან მიყვარს ის საქმე, რასაც ახლა ვაკეთებ. თან თეატრთან მაინც ახლოს ვარ და კმაყოფილი ვარ. მინდოდა, ჩემი მშობლებისგან დამოუკიდებელი პროფესია მქონოდა. მეუბნებოდნენ, რასაც გადაწყვეტ, შენ გვერდით ვიქნებითო და ასეც მოხდა. ჩემი ყველა გადაწყვეტილება მათი ხელშეწყობით და დახმარებით მიიღებოდა.

– “სუხიშვილების” ანსამბლში ცეკვა ალბათ ძალიან საპასუხისმგებლო და შრომატევადია. ცეკვა რა ასაკში დაიწყეთ?

– 8 წლის ასაკში. თავიდანვე “სუხიშვილების” სტუდიაში მიმიყვანეს. კარგი ქორეოგრაფი ვერ იქნები, შენ თვითონ თუ არ გაქვს ცეკვის გამოცდილება. ბავშვობიდან ვიცოდი, რისი კეთებაც მინდოდა, ადრევე ჩამოვყალიბდი და საკუთარ თავზე პატარაობიდან ვმუშაობდი. ამ ანსამბლმა კი ძალიან ბევრი რამ მომცა.

“სუხიშვილებში” ცეკვა ძალიან საამაყო და ამავე დროს ძალიან რთულია. ბევრ ადამიანს უნდა ანსამბლში მოხვედრა. რომ გაგიმართლოს და იქ მოხვდე, ამისთვის ძალიან ბევრი უნდა იშრომო და ბევრი შესაფერისი თვისება უნდა გქონდეს. პირველ რიგში, გამძლე უნდა იყო, რადგან წარმოუდგენლად რთული რეჟიმი გვაქვს. თვეობით გიწევს ოჯახის დატოვება, სულ მოგზაურობაში ხარ, გადადიხარ ქალაქიდან ქალაქში. ამას რომ გაუძლო, უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, თორემ სხვაგვარად შეუძლებელია.

ერთხელ თვეში 56 კონცერტი ვიცეკვეთ სულ სავსე დარბაზებში. ბევრი ამ გადატვირთვას ვერც უძლებს. ამის გარდა, მარტივად უნდა შეგეძლოს კოლექტივთან ურთიერთობა, რადგან სულ ერთად ვართ და ნაკლები პრობლემა უნდა შექმნა. შრომისმოყვარე უნდა იყო, რომ ფორმიდან არ ამოვარდე.

– გიორგი როგორ ეგუება თქვენს ამ რეჟიმს?

– უკვე 5 წელია, რაც მე და გიორგის ურთიერთობა გვაქვს და გამოვლილი აქვს ჩემი თვეობით წასვლა ქვეყნიდან. ძალიან ამაყობს და ამის გამო პრობლემა არასოდეს შეუქმნია. პირიქით, გვერდით მიდგას. ალბათ რთულია მისთვის ეს ამბავი, მაგრამ იცის, რომ ეს საქმე მიყვარს და ასეა საჭირო. ამიტომ მარტივად ეგუება.

– ქორწილი ორჯერ გადაიხადეთ. ეტყობა, ძალიან მოგეწონათ ეს პროცესი.

– ჯერ ჯვრისწერა გვქონდა, სადაც ნათესავები და უფროსი თაობის ადამიანები იყვნენ. ახალგაზრდები, მეგობრები კი ქორწილში შევკრიბეთ და ამიტომაც გამოგვივიდა ორი სხვადასხვა თარიღი. ჯვრისწერა გვქონდა კავთისხევში, გიორგის სოფელში და ქორწილი – კვარიათში, კაფეში. ფაქტობრივად იქ გავიზარდე და ძალიან მიყვარს იქაურობა, ამ კაფეს მეპატრონე ნათია. სხვაგან ვერც წარმომედგინა, სად შეიძლებოდა ჩემი ქორწილი გამართულიყო. არატრადიციული და განსხვავებული ქორწილი გვქონდა.

– დედისერთა ხართ. თავად როგორ გაქვთ გადაწყვეტილი, რამდენ შვილს გააჩენთ?

– რა თქმა უნდა, ჯობია, რომ ბავშვი დედისერთა არ იყოს. ძალიან განვიცდი, რომ და ან ძმა არ მყავს და ამიტომ ვარჩევ, რაც შეიძლება ბევრი შვილი მყავდეს – ორი, სამი, ოთხი….

– ახალშექმნილ ოჯახში როგორი დიასახლისი ხართ?

– ნორმალური. ჩემი მეუღლე თავადაც გადასარევად ამზადებს. ძირითადად თვითონ მანებივრებს. არც მე ვაკლებ და ასე ვავსებთ ერთმანეთს. გიორგი ძალიან გემრიელ ქათმის კატლეტებს ამზადებს და შესანიშნავ ნამცხვრებსაც აცხობს.