მარინა ჯანაშია: “თბილისში როცა ჩამომიყვანეს, 38 კილო ვიყავი. ვერ დავდიოდი, ვერ ვჭამდი, ყველაფერი თავიდან დავიწყე”

მარინა ჯანაშია: "თბილისში როცა ჩამომიყვანეს, 38 კილო ვიყავი. ვერ დავდიოდი, ვერ ვჭამდი, ყველაფერი თავიდან დავიწყე"ია ქუთათელაძე, სარკე

თბილისში, ზემო ვაკეში, ცხვედაძის ქუჩის ბოლოს, ვარდისფერი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობს ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, მარინა ჯანაშია, მეუღლესთან, ცნობილ ქართველ მხატვარ თემურ გოცაძესთან ერთად.

სახლს მეორე მხრიდან პაწაწინა ბაღი აქვს ვარდის ბუჩქებით და ბროწეულის ხით. ეს მსახიობის საყვარელი ადგილია, აქ უყვარს წიგნების კითხვა და ჩანაწერების გაკეთება. დღიურებს ბავშვობიდან წერს. რამდენიმე ათეული რვეული მისი ფიქრებით, ოცნებებით, მოგონებებით სავსე, მისთვის ყველაზე საიმედო და ერთგული მეგობრები არიან. ალბათ დადგება დრო და ქალბატონი მარინა გადაწყვეტს, ამ ჩანაწერებს ავტობიოგრაფიულ წიგნში მოუყაროს თავი. ჯერჯერობით კი ამის კატეგორიული წინააღმდეგია.

ყოველთვის მოკრძალებული იყო, არასოდეს უბრძოლია როლებისთვის. მისი ხალასი ნიჭი ყველგან ანათებდა, კინოშიც და თეატრშიც, თუმცა, როგორც ხდება, არც გულისტკენა დაჰკლებია. საყვარელი თეატრიდან წასვლაც მოუწია და წლების შემდეგ დაბრუნების სიხარულსაც ეზიარა.

2 წლის წინ მსახიობს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. შორს, გერმანიის კლინიკაში მყოფი ისევ თავის თეატრზე ფიქრობდა. “ბოთლიდან ამოშვებული ჯინი” – სიყვარული – არსად წასულა, ის მარინას გვერდით იყო, ამ სიყვარულმა დააბრუნა ოჯახსა და თეატრში.

– ქალბატონო მარინა, როგორც ვიცი, ჯერ კიდევ მოსწავლე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდით, ალბათ ფილოლოგი ან ხელოვნებათმცოდნე უნდა გამოსულიყავით. როგორ გახდით თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი?

– სრულიად შემთხვევით. მე და ჩემი მეგობარი მივდიოდით ქუჩაში. ჩავუარეთ კინოსტუდიას. იქიდან გამოვიდა ერთი ყმაწვილი, გაგვაჩერა და გვითხრა, ბატონი რეზო ჩხეიძე იღებს ფილმს “ღიმილის ბიჭები” და სინჯებზე შემოდითო. მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ მქონდა ჩემს გარეგნობაზე და ვიფიქრე, ჩემი მეგობარი მოეწონათ-მეთქი. მაინც შევედით.

ბატონმა რეზომ შეგვათვალიერა და გამომკითხა, ვინ ვიყავი, სად ვაბარებდი. შემდეგ მითხრა, შენ თეატრალურზე უნდა ჩააბარო, ხვალ უკვე მთავრდება საბუთების მიღება, ამიტომ დღესვე სასწრაფოდ შეიტანეო.

სხვა გოგოებივით მეც გულში ვოცნებობდი მსახიობობაზე და ეს იყო ჩემთვის მოულოდნელი, მაგრამ გადამწყვეტი მომენტი. მოვასწარი საბუთების შეტანა და ჩავირიცხე.

სწორედ იმ წელს ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა პირველად აიყვანა ჯგუფი და მასთან მოვხვდი. პირველ კურსზე ვიყავი, როცა დიდმა რეჟისორმა რუსთაველის თეატრში მიმიყვანა. იგი “ანტიგონეს” დგამდა და პაჟის როლზე დამაკავა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დიდი ბედნიერება მხვდა წილად! რეჟისორი – მიხეილ თუმანიშვილი, მსახიობები – სერგო ზაქარიაძე და ზინაიდა კვერენჩხილაძე. გაბრუებული დავდიოდი. უდიდესი სკოლა გავიარე.

– თქვენ გიღებდნენ ფილმებში. თეატრის მსახიობისთვის როგორი იყო კამერასთან მუშაობა, სად უფრო კომფორტულად გრძნობდით თავს?

– ძალიან მიყვარდა კინო და როცა გადაღება მთავრდებოდა, სულ ვნატრობდი, ნეტავ, ახლა იწყებოდეს-მეთქი. სცენაზე როცა ხარ, შეიძლება რაღაც ისე ვერ ითამაშო, რომ ბოლომდე კმაყოფილი იყო. მომდევნო სპექტაკლზე ამის გამოსწორება შეიძლება, კინოში კი არა, კადრი გადაღებულია და მორჩა!

საერთოდ, ყოველთვის დიდი მღელვარება მიპყრობდა ყველა გამოსვლის, ყოველი როლის შესრულებისას. ვერასოდეს შევეჩვიე, ვერ გავიუბრალოვე ეს პროფესია. ეს არის დაუსრულებელი ემოციები, განცდები. გარეგნულად ძალიან მშვიდი ვარ, მხოლოდ მე ვიცი, როგორი აფეთქებები ხდება ჩემში.

– თქვენთვის, პატარა გოგონასთვის, როგორი იყო რუსთაველის თეატრი მსოფლიოში ცნობილი საოცარი სპექტაკლებით და უმაღლესი კლასის პროფესიონალი მსახიობებით, რა ემოციებს აღძრავდა თქვენში?

– მე თითქმის მისტიკური ურთიერთობა მქონდა მასთან და ახლაც ასე ვარ. სრულიად ახალგაზრდა, დამწყები მსახიობი ვთამაშობდი “რომეო და ჯულიეტაში”. იქ არის ერთი სცენა, სადაც მოკლე საღამურით, ფეხშიშველი დავტანტალებდი სცენაზე, ბედნიერი და თან თავზარდაცემული ამ უეცარი სიყვარულით. უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაცები მიყურებდნენ. არავინ ჩანდა, მაგრამ ამ მზერას ვგრძნობდი, თითქოს ჩემ ირგვლივ ლანდები დაფარფატებდნენ.

უცებ აღმოვაჩინე, რომ ნახევრად შიშველი ვიყავი და შემრცხვა, შემრცხვა არა მაყურებლის, არამედ იმ დიდი მსახიობების ლანდების, რომლებიც ამ სცენაზე ჩემამდე იდგნენ და სასწაულებს ახდენდნენ.

მათ ყოფნას ყველგან ვგრძნობდი, ეს უფრო მიმძაფრებდა პასუხისმგებლობის გრძნობას. სულ მინდოდა, ისეთი სისრულით განმესახიერებინა როლი, რომ მათი შექება დამემსახურებინა, მათი აღტაცებული მზერა.

ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან რთული დრო, როცა თეატრიდან წავედი. მუდმივად მენატრებოდა რუსთაველის სცენა. მერე დავბრუნდი. იცით, როგორ მივედი თეატრში? ღამე, მარტო, ჩუმად გავიარე დარბაზი, ავედი ჩაბნელებულ სცენაზე და კედლებს ვაკოცე. მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ აუტანელ სიმძიმეს და ტკივილს ვატარებდი გულით ამ თეატრის გარეშე.

მარინა ჯანაშია: "თბილისში როცა ჩამომიყვანეს, 38 კილო ვიყავი. ვერ დავდიოდი, ვერ ვჭამდი, ყველაფერი თავიდან დავიწყე"– ორი დიდი ხელოვანი ერთ ოჯახში, თქვენ – მშვიდი და გაწონასწორებული, ბატონი თემური – მუდამ ხმაურიანი, ბობოქარი, მშფოთვარე. როგორი იყო თქვენი ურთიერთობის დასაწყისი და როგორ გაუძლო დროს თქვენმა სიყვარულმა?

მარინა: იქნებ სწორედ ჩვენი საპირისპირო ხასიათებით ვაბალანსებდით ერთმანეთს. ნამდვილად არ გვქონდა მარტივი ურთიერთობა პირველ წლებში. რთული იყო პირველი ოთხი წელი, ხშირად ვკამათობდით. მე მიჩვეული ვიყავი სიმშვიდეს, მამაჩემის ხმამაღალი სიტყვა არ მახსოვს. თემოსთან ურთიერთობა გამაოგნებლად ძნელი იყო ჩემთვის, მისი როხროხი, ხმაური. მეგონა, სულ ჩხუბობდა. შეყვარებულობის პერიოდში ბევრჯერ გავწყვიტე ურთიერთობა, მერეც მიჭირდა კარგა ხანს.

ამ ბობოქარი ხასიათის მიღმა თემური არის თბილი, მზრუნველი, ბავშვივით სუფთა, მუდმივად სხვაზე მოფიქრალი, სხვისი პრობლემების მომგვარებელი. ნიჭიერი, გულუბრყვილო, გამორჩენაზე არაორიენტირებული და არახარბი. მას ყოველთვის ჰქონდა გავლენები, შეეძლო ბევრი რამ სათავისოდ გაეკეთებინა, მაგრამ ამით არასოდეს უსარგებლია. პატივს ვცემ მის მოქალაქეობრივ სწორ პოზიციას, მომწონდა მისი დამოკიდებულება თავისი საქმის, მეგობრების, თანამშრომლების მიმართ.

მიუხედავად ჩემი მშვიდი ხასიათისა, არც მე ვარ მაამებლური პოზიციის მატარებელი. ჩემი პირუთვნელი აზრი მაქვს ყველაფერზე. აქ ჩვენი ხასიათები თანხვედრაშია. ჩვენ შორის, გარდა სიყვარულისა, არის დიდი ურთიერთპატივისცემა, ეს კი მთავარია ოჯახში. ჩვენს გაცნობაზე კი თემური უკეთესად მოგიყვებათ.

თემური: მარინა პირველად თეატრში ვიხილე. სპექტაკლში “ბერნარდა ალბას სახლი” დავინახე და გამოვარჩიე, პირდაპირ ასხივებდა. მისმა როლმა მომაჯადოვა, ჩემთვის მარტო ის იყო, სხვას ვერც ვხედავდი. რა თქმა უნდა, სპექტაკლის შემდეგ მეც მივედი და მივულოცე წარმატება, მაგრამ მაშინ შეუმჩნეველი დავრჩი.

მერე ოთარ კობერიძე იღებდა ფილმს, რომლის მხატვარიც მე ვიყავი. სცენარს რომ გავეცანი, ვუთხარი: “არ გინდა, მთავარ როლზე მარინა ჯანაშია მოიწვიო?”. კარგი იქნება, მაგრამ მარინას ვერ დავითანხმებო, მიპასუხა. მარინას როლზე მე დავითანხმებ, შენ კი დაითანხმე, რომ დავხატო-მეთქი. დავპირდი და შევასრულე.

ჩემი მეგობრის და იყო მარინას მეგობარი. მოკლედ, იმდენი ვქენი, მისი საშუალებით მარინა დავითანხმეთ ფილმში გადაღებაზე, შემდეგ კი დავხატე.

მარინა: როცა დასრულებული ნახატი მაჩვენა, მივხვდი, რომ ამ ნახატში მთელი მისი გრძნობა, მისი მოლოდინი იყო გადმოცემული. მე ისეთი მარინა დავინახე, რაც ჩემზე აღმატებული იყო. ვუთხარი, მე ეს არ ვარ-მეთქი. ამის თქმა იყო, გამომტაცა ნახატი და შუაზე გადახია. მეორე დილით კი გავარდნილა სახელოსნოში, რომ ეს სურათი გადაერჩინა, მაგრამ აღარ დახვდა. დამლაგებელს ნაგავთან ერთად გაეტანა.

თემური: ჩვენი ერთად ცხოვრების მთავარი პრობლემა და, ამასთანავე, პლუსიც დროის სიმცირე იყო. მარინას დილის 11 საათზე რეპეტიციები ეწყებოდა, მერე 2-3 საათი ისვენებდა და სპექტაკლზე იყო. გვიან ღამით ბრუნდებოდა, მე დილით 8-ზე გავდიოდი და 6 საათამდე სამსახურში ვიყავი. ჩვენ მცირე დროით ვხვდებოდით ერთმანეთს და ერთიმეორე მუდმივად გვენატრებოდა.

ამას დაუმატეთ გასტროლები, როცა გარკვეული დროით საერთოდ არ იყო სახლში, ამიტომ ცოტა დრო გვრჩებოდა კამათისთვის. გასტროლების შემდეგ კი თითქოს თავიდან აღმოვაჩენდით ერთმანეთს.

ამასთან ერთად, ორივეს გვქონდა საკუთარი სამყარო, მას – თეატრი, მე – მხატვრობა, სადაც შეგვეძლო გარე სამყაროსგან მთლიანად გათავისუფლება და მთელი არსებით ჩვენი საყვარელი საქმის კეთება. მარინას თუ როლზე სამუშაო ჰქონდა, მთლიანად მოცული იყო ამაზე ფიქრით სამზარეულოში, აბაზანაში, ყველგან. ზოგჯერ მიკითხავს, ვის ელაპარაკები-მეთქი. არავის, როლზე ვმუშაობო, მპასუხობდა.

ჩვენ ერთმანეთი დღევანდელ დღემდე მოვიტანეთ, გვყავს შვილები, შვილიშვილები. ახლა ის დროა, როცა ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება. ღმერთმა დაიფაროს, ერთი რომ გამოაკლდეს ჩვენს ერთობას, მეორე დაიღუპება. ეს კაცისთვის უფრო მძიმეა, კაცი ვერ გაუძლებს ქალის გარეშე ცხოვრების სიმძიმეს. ქალს უფრო მეტი მოტივაცია აქვს მარტოდ დარჩენილს, ისევ შვილებსა და შთამომავლობაზე ფიქრი გააძლებინებს.

მარინა რომ შეუძლოდ იყო, სახლში მომვლელი ქალი გვყავდა. ახლა მე ვარ რაღაც დოზით მოსავლელი და მარინა მივლის. ეს არც იოლია და არც სასიამოვნო, მაგრამ ვხედავ, რომ ამას ძალიან ფრთხილად, მზრუნველად და სიყვარულით აკეთებს.

– რადგან თავად ახსენეთ ეს თემა, მინდა, იმ მძიმე პერიოდზე გკითხოთ, რაც თქვენ გადაიტანეთ.

მარინა: ჯანმრთელობის პრობლემებს არასდროს შევუწუხებივარ, 2 წლის წინ კი მძიმე დიაგნოზი დამისვეს და დაავადებაც ისეთ ფაზაში იყო, გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა.

გერმანიის კლინიკაში ვიწექი. ჩემთან თვეების განმავლობაში ვაჟიშვილი თემიკო იყო. მას მუდმივად ეუბნებოდნენ, რომ შეიძლებოდა ვერ გადავრჩენილიყავი. ძირითადად გათიშული ვიყავი. რაღაც პერიოდებში, როცა გონს მოვეგებოდი, ვფიქრობდი თეატრზე, სპექტაკლზე და მაყურებელზე.

მახსოვდა, რომ “ბებერ ჯამბაზებზე” ბილეთები გაყიდული იყო. ვდარდობდი, მალე რომ არ გამოვკეთდე, ამ ბილეთებს ხომ არ დააბრუნებენ, სირცხვილია, მაყურებელი რომ გავაწბილოთ-მეთქი. პროფესორს მუდმივად ვეკითხებოდი, როდის ავდგები, სპექტაკლი მაქვს დანიშნული-მეთქი. მიყურებდა გაოცებული, ნამდვილად გიჟად მთვლიდა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ეს კიდევ რას ფიქრობსო.

ერთ დღესაც ბურუსიდან ახალ თავდაღწეულს ნაცნობი ფიგურა მომელანდა. მხედველობა დავძაბე და ვხედავ – კახი კავსაძე. ზამთარი იყო, ეცვა პალტო, ეხურა ქუდი და ხელში ეჭირა პარკი, ქართული ხილით სავსე. გვერდით ჰყავდა თარჯიმანი. დაინახა ჩემი პროფესორი და ეძახის თავისებურად, გამოკვეთით: “ბიჭო, მოდი შენ აქ!”. თარჯიმანს უთხრა: “უთარგმნე, ეს ბოვშვი როდის ადგება, სპექტაკლი აქვს სათამაშო”. აი, მაშინ კი საბოლოოდ დარწმუნდა გერმანელი პროფესორი, რომ საქართველოში გიჟები ვცხოვრობდით!

თემიკოს როცა გადაწყვეტილად უთხრეს, რომ ვეღარ ვიცოცხლებდი, თავს ვერ მოერია და ტირილი დაიწყო. შვილის ცრემლიანი თვალები რომ დავინახე, დავიფიცე, ვიბრძოლებდი სიცოცხლისთვის, რომ ჩემს ოჯახს, შვილებს ამ ტკივილისთვის არ გავიმეტებდი. ეს გავიფიქრე და ისევ გავითიშე. თურმე გათიშული ფეხის თითებს, ტერფებს ვამოძრავებდი და ერთგვარ ვარჯიშებს ვაკეთებდი. მთელი მედპერსონალი ჩემს საწოლთან შეკრებილა და ამბობდნენ, რომ ასეთი საოცრება არ უნახავთ, რომ ორგანიზმი იბრძოდა გადარჩენისთვის.

ჩემი გადარჩენა იყო გამარჯვება ურთიერთსიყვარულის, დედაშვილობის, ოჯახის, თეატრის, პროფესიის. მოკლედ, ეს იყო ერთგვარი “იავნანამ რა ჰქმნა”.

თბილისში როცა ჩამომიყვანეს, 38 კილო ვიყავი. ვერ დავდიოდი, ვერ ვჭამდი, ყველაფერი თავიდან დავიწყე, როგორც ბავშვმა. სულ ვფიქრობდი, რომ გადავრჩებოდი, ერთი წუთით არ დამიკარგავს იმედი. ოდნავ რომ მოვმჯობინდი, ჩემებს ვუთხარი, წამიყვანეთ სოფელში, იქ მშობლიური გარემო არის ჩემი მკურნალი-მეთქი. ჩემი დედულეთია საჩხერის რაიონის სოფელი სხვიტორი. ეშინოდათ, მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის გარეშე როგორ უნდა იყოო. ჩემი გავიტანე და წამიყვანეს.

ზაფხულისპირი იყო. ხელით გადამიყვანეს მანქანიდან. მეორე დღეს კი უკვე ჩემით, მარტო გამოვედი ეზოში. შეიძლება არც დამიჯეროთ, მაგრამ ნამდვილად ასე იყო. ყოველი დღე სიცოცხლეს წვეთწვეთობით მჩუქნიდა, მერე იქვე აუზზეც დავიწყე სიარული, ვცურავდი, ვსეირნობდი და ცხოვრებას ვუბრუნდებოდი.

მერე დავბრუნდი თბილისში და უკვე ჩემი ოცნების ახდენის ჟამი დადგა. დაინიშნა სპექტაკლი. ვისაც უნახავს, იცის, რომ მე და მარინა კახიანი პირველი მოქმედების დასასრულს შპაგატში ვსხდებით. ერთი რეპეტიცია გავიარეთ, ყველანი თავს დამფოფინებდნენ, მიფრთხილდებოდნენ. გადაწყვიტეს, რომ ეს სცენა შეეცვალათ. მარინა ჩაჯდებოდა შპაგატში, მე კი რაღაც მარტივ მოძრაობას გავაკეთებდი.

სპექტკალზე სრულიად შევიცვალე, არც სისუსტეს ვგრძნობდი და აღარც ავადმყოფობა მახსოვდა. ეტყობა, სხეულს თავისი მეხსიერება აქვს და ვხვდებოდი, რომ უკვე შემეძლო ამ რთული ტრიუკის შესრულება. მარინა კახიანი, ეს საოცრად ნიჭიერი მსახიობი, წამებში მიხვდა, რასაც ვაკეთებდი და ადგილი გამითავისუფლა. ისე თავისუფლად ჩავჯექი შპაგატში, თავადაც არ მჯეროდა. არასდროს დამავიწყდება ის წუთები და ოვაციებით ფეხზე მდგარი მაყურებელი.

– ჩვენი ჟურნალის და მისი მრავალრიცხოვანი მკითხველის სახელით გილოცავთ გამოჯანმრთელებას და მომავალ დაბადების დღეს. როგორც ვიცი, მრგვალი თარიღი გისრულდებათ. ვისურვებდი, სათანადოდ აღნიშნონ თქვენი იუბილე.

მარინა: დიდი მადლობა უპირველესად ქართველ ექიმებს, რომლებმაც სასწაული მოახდინეს და დღემდე ყურადღებას არ მაკლებენ. სულ ვგრძნობდი საზოგადოების სიყვარულს, ეს სიყვარული მაძლიერებს. ჩემმა პატარა შვილიშვილმა, თემუკამ, მაჩუქა თავისი ნახატი, სადაც კეთილისა და ბოროტის ბრძოლაა დახატული და ასეთი წარწერა აქვს: “კეთილი ძალა ბოროტ ძალას აუცილებლად ამარცხებს! თუ არა ის, არც სიკეთეა, არც გმირი! ამიტომ სიკეთეს დასასრული არ აქვს!”.

ჩემი სათქმელიც ეს არის!