ზაზა ფუტკარაძე: “ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საფრანგეთში 230%-ით მეტი ქართველი ჩამოდის და დახმარებას ითხოვს”

ზაზა ფუტკარაძე: "ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საფრანგეთში 230%-ით მეტი ქართველი ჩამოდის და დახმარებას ითხოვს"რუსუდან ადვაძე, სარკე

საფრანგეთის ქალაქ გრენობლის ცენტრალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქართველი ექიმი, ზაზა ფუტკარაძე, მუშაობს. ის კლინიკური კვლევების კოორდინატორი გახლავთ ონკოლოგიაში, ნევროლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში…

საქართველოდან 10 წლის წინ წავიდა. მანამდე ფარმაცევტად მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში. საფრანგეთში სასწავლებლად ჩავიდა, თუმცა მოგვიანებით, მისთვის ცალკე შტატი შეიქმნა საავადმყოფოში. 34 წლის ექიმი ახლა ევროპულ ქვეყანაში ცოლთან, თინათინ მოხევიშვილთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.

ბატონი ზაზა “სარკეს” უამბობს, რომ საფრანგეთის წამყვან საინფორმაციო გამოშვებებში ბოლო დროს აქტიურად აშუქებენ საქართველოს ამბებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქართველების მიერ პოლიტიკური თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი ავღანელებისას უტოლდება, სადაც მოსახლეობა 37 მილიონია. ფრანგი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები თითქმის ყოველდღიურად სვამენ კითხვას – რა ხდება საქართველოში, რომ იქიდან მასობრივად გამორბის ხალხი?

ზაზა ფუტკარაძე: ვიზალიბერალიზაციის შემდგომ, საქართველო ფაქტობრივად უსაფრთხო ქვეყნად მოიაზრება. შესაბამისად, ქართველებს, რომლებიც ჩამოდიან და ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს, დაჩქარებული წესით ეუბნებიან უარს. ბოლო ორი-სამი წელია, რამდენჯერმე გაიზარდა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა ქართველების მიერ. თუ არ ვცდები, 230%-ითაა გაზრდილი და იმ ქვეყნების გვერდით ვართ, როგორიცაა ავღანეთი და აფრიკული ქვეყნები. ჟურნალისტები და პოლიტიკოსები სვამენ კითხვას, რა ხდება საქართველოში, რატომ ხდება ხალხის ასე გამოდინებაო.

– პასუხად რას იღებენ?

– ზუსტი პასუხი მათაც არ აქვთ, მაგრამ ის, რომ სოციალური ფონია ძალიან დაბალი, აშკარაა. საფრანგეთში უცხოელი პაციენტების მკურნალობის დაფინანსებას სახელმწიფო იღებს თავის თავზე. აქ წამლების ფასიც კი საქართველოსთან შედარებით ბევრად უფრო იაფია. ამ დროს აქ ფარმაცევტის ხელფასი ათჯერ მაინც აღემატება ქართველი ფარმაცევტის ხელფასს. საქართველოში პაციენტი იხდის ძვირს და შედეგს ვერ იღებს თუნდაც სამედიცინო პერსონალის და თუნდაც უხარისხო წამლების გამო.

აქ დაზღვევა საფრანგეთის ყველა მოქალაქეს აქვს, თუმცა, თუ ადამიანი მუშაობს და აქვს შემოსავალი, უნდა ჰქონდეს კერძო დაზღვევა. ადამიანს, რომელსაც არანაირი შემოსავალი არ აქვს და სამ თვეზე მეტია საფრანგეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს, სახელმწიფო აძლევს სპეციალურ, ასპროცენტიან დაზღვევას. სწორედ ამის საშუალებით მკურნალობენ ქართველებს.

ბევრი საავადმყოფო უარს ამბობს განსაკუთრებით მძიმე პაციენტების მკურნალობაზე, თუმცა ქუჩაში არავის ტოვებენ და მინიმალურ დახმარებას მაინც უწევენ. ჩემს საავადმყოფოში სულ ახლახან გარდაიცვალა 50 წლის ქართველი კაცი, რომელსაც ჰქონდა მძიმე დაავადება, მელანომა. ყველაფერი გავუკეთეთ, რაც შეიძლებოდა საკმაოდ ძვირი სამკურნალო საშუალებებით. რადიოთერაპია და სხვა ყველაფერი ჩართეს, თუმცა გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბევრი შემთხვევაა, რომელიც ასე სრულდება, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩამოდიან და მალევე ხდება მათი გარდაცვალება, რადგან უკვე დაგვიანებულია.

ეს პაციენტი, ჯერ სხვა ქვეყანაში ჩავიდა, მერე ქუჩაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად… გაიარა ძალიან მძიმე გზა, სანამ ჩვენს საავადმყოფომდე მოვიდა. აქაც არ ხდება ავტომატურად დაზღვევის მიღება, გარკვეული პროცედურები სჭირდება და, შესაბამისად, 2-3 თვე იწელება ეს ამბავი, სანამ სახელმწიფო და საავადმყოფო აიღებს მის მკურნალობაზე პასუხისმგებლობას. მანამდე ცხოვრობენ ქუჩაში, საავადმყოფოს კიბეებზე, სკამებზე… ასეთი ადამიანების რიცხვი საკმაოდ დიდია.

100.000 უცხოელი ითხოვდა გასულ წელს საფრანგეთში თავშესაფარს. სახელმწიფოს ყველა ადამიანის საცხოვრებლით დაკმაყოფილება უჭირს და ეს ადამიანები რჩებიან ქუჩაში. დაავადებული ადამიანი მარტო ხომ არ ჩამოვა, მოჰყვება ოჯახის წევრი ან წევრები. აქ ჩამოსულ ქართველთა 30-40%-ს მკურნალობა ესაჭიროება, დანარჩენები კი სოციალურ მდგომარეობას გაურბიან და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ.

– ვიზალიბერალიზაციამდე მათი რიცხვი ნაკლები იყო?

– დიახ, ახლა კი ადვილი გახდა ჩამოსვლა და თავშესაფრის მოთხოვნა. ადრე თუ 1.000 ჩამოდიოდა, ახლა 4-5 ათასი ჩამოდის. ყველაზე მეტად კი იმატა მძიმე პაციენტების ჩამოსვლამ და გაიზარდა კიდეც საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენებულთა რიცხვმა.

ხშირია შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა დიაგნოზი დაუსვეს და აქ – სულ სხვა. საქართველოში ექიმის მიმართ ნდობაც არ არსებობს. მიკავშირდებიან საქართველოდან და მწერენ, რომ ისეთ მედიკამენტებს და გამოკვლევებს უნიშნავენ, რომლებიც საქართველოში არ არის. ამიტომაც ეძებ გზას და მიდიხარ, რადგან იცი, შეიძლება სადღაც გიშველონ.

– საფრანგეთში ძირითადად სიმსივნით დაავადებულები ჩამოდიან?

– დიახ, ძირითადად ონკოპაციენტები არიან აქ ჩამომსვლელები, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ მკურნალობა. ასევე ბევრია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. გვიკავშირდებიან ადამიანები, რომლებსაც შვილი ჰყავთ ინვალიდი და იციან, რომ აქ შესაბამისი სარეაბილიტაციო კურსებია და მკურნალობაც შესაბამისი უტარდებათ.

– ასეთი მძიმედ დაავადებულების დეპორტაციაც ხდება?

– ძალიან მძიმე პაციენტებს არ ადეპორტებენ. ადრე არც იმ ოჯახებს ეხებოდნენ, რომლებსაც ბავშვები ჰყავდათ ან რომელიმე ავად იყო, მაგრამ ახლა ძალიან იმატა და თან ბევრი დოსიე, რომლებიც განიხილეს, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს, რა დროსაც უნდა დაამტკიცო, რომ შენს ქვეყანაში იდევნები, რასაც ვერ ამტკიცებენ. ორსული ქალის დეპორტაციაც მოხდა…

ფრთხილობენ, რომ ასე ხისტად არ მოიქცნენ, მაგრამ… ადრე თავშესაფრის მიღების პროცედურები იწელებოდა და ადამიანებს ამ პერიოდში ეძლეოდათ მკურნალობის საშუალება, მაგრამ ახლა დაჩქარდა ეს პროცესი.

– თქვენი ამბავი მოგვიყევით. როგორ მოხვდით ფრანგული ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში?

– თავიდან, დაახლოებით 4 წელი, მარსელში ვცხოვრობდი. იქაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი და შემდეგ გრენობლის უნივერსიტეტში გადავედი. ასევე ვსწავლობდი ლიონის უნივერსიტეტში. რამდენიმე დიპლომი მაქვს. 4 წელზე მეტია, რაც გრენობლის ცენტრალურ საავადმყოფოში, კლინიკური კვლევების ცენტრში ვმუშაობ და მისი ერთ-ერთი კოორდინატორი ვარ. მყავს პაციენტები, რომლებიც სამეცნიერო კვლევებში არიან ჩართული.

– ქართველებიც მონაწილეობენ თქვენს კვლევებში?

– არა.

– საქართველოდან საფრანგეთში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

– საქართველოში ფარმაცევტული ფაკულტეტი დავამთავრე და ჯანდაცვის მაგისტრი ვარ. მარსელის უნივერსიტეტის ერთმა პროფესორმა გამომიგზავნა მოწვევა და ჩამოვედი 4 თვით. მას მე დავუკავშირდი და მიმიწვია, რადგან წერილობით ვუხსნიდი, რომ მაინტერესებდა ის სფერო. აქ ადგილის დამკვიდრება არ იყო მარტივი ამბავი. სტაჟიორად ჩამოვედი მწირი ფინანსებით. მალევე დავიწყე სწავლა უნივერსიტეტში იმ სპეციალობაზე, რომელსაც ეს პროფესორი ხელმძღვანელობდა. დიპლომის აღების მერე დავბრუნდი საქართველოში ერთი თვით და ისევ წამოვედი. ამას მოჰყვა სხვა დიპლომი…

მერე მარსელში, ინვალიდ ბავშვთა ინსტიტუტში ვმუშაობდი, სადაც ერთ-ერთი პროფესორის რეკომენდაციით მოვხვდი კლინიკური კვლევების მიმართულებით. ერთ საავადმყოფოში შემომთავაზეს ადგილი. უნდა შემეცვალა ერთი თანამშრომელი, რომელიც დეკრეტში გადიოდა. შემდეგ კი, როცა ხელშეკრულების ვადა გამივიდა, სპეციალურად შექმნეს ადგილი, რათა არ წამოვსულიყავი და იქ მემუშავა. სტატუსიც შემიცვალეს – მეცნიერ-მკვლევარი გავხდი. ამ სტატუსით 2-3 წელი ვიცხოვრე. მერე კი ამ ქვეყნის მოქალაქეობა მომცეს.

სანამ საფრანგეთში ჩამოვიდოდი, საქართველოში 3 წელი ფარმაცევტად ვიმუშავე აფთიაქში. არც ანაზღაურება იყო საკმარისი და თან, მქონდა მოთხოვნილება, რომ უფრო მეტი მესწავლა.

საფრანგეთში ჩემი სპეციალობით სამსახური 4 წლის შემდეგ დავიწყე. მანამდე “მაკდონალდსში” ვმუშაობდი დაახლოებით ორი წელი. დღეში 18-20 საათი ვმუშაობდი, რომ ოჯახი მერჩინა და თან ვსწავლობდი. მაშინ ცოლ-შვილი უკვე მყავდა. აღწერებზე ვმუშაობდი სხვადასხვა მაღაზიებში…

– საფრანგეთში შექმენით ოჯახი?

– ერთად ჩამოვედით სტუდენტობისას საფრანგეთში. დაახლოებით ჩემნაირი გზა გაიარა ჩემმა მეუღლემაც. ერთი წლის მერე დავბრუნდით საქართველოში, ვიქორწინეთ და ისევ ჩამოვედით. სტომატოლოგია პროფესიით. მიმართულება ცოტა შეიცვალა, ენა ისწავლა და ახლა სკოლაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. ატელიესავით აქვს და სხვადასხვა აქტივობებს ასწავლის ბავშვებს.

– თქვენი დაარსებულია ასოციაცია “ქართველები საფრანგეთში”, რომელიც ემიგრანტებს შორის საქველმოქმედო საქმეებით არის ცნობილი. თქვენი საქმიანობის ამ მხარეზეც მოგვიყევით.

– რომ ჩამოვედი, მაშინვე გავაკეთე “ფეისბუქზე” ჯგუფი “ქართველები საფრანგეთში”, სადაც ქართველებს ვთხოვდი გაწევრებას. რომ ჩამოვედი, არავის ვიცნობდი, ჩემი მეუღლის გარდა. ახლა ამ ჯგუფში 20.000-ზე მეტი ადამიანია გაწევრებული და აქ მცხოვრები ქართველებისთვის ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელოვანი საშუალებაა. შემდეგ კი ასოციაცია დავაარსე “ქართველები საფრანგეთში” და ბევრ აქტივობას ვახორციელებთ როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში.

საქართველოს სხვადასხვა სოფელში ვატარებთ ჰუმანიტარულ აქციებს. ასევე, გვაქვს ფრანგული ენის კურსები ახალჩამოსულებისთვის, რომ მათი ინტეგრაცია ადვილად მოხდეს. გავაკეთეთ ონლაინ გაკვეთილები და გვყავს 4-5 საქართველოში მცხოვრები მასწავლებელი, რომლებიც ონლაინ რეჟიმში მუშაობენ. ჩვენი ასოციაცია მინიმალული გადასახადით უხდის ხელფასს ამ მასწავლებლებს. ამ პროექტში კი სულ ჩართულია 600-მდე ადამიანი.

გვყავს სხვადასხვა პარტნიორები, რომლებიც საქართველოში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანაში გვეხმარებიან. 5-6 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი და დაახლოებით 7 ათასი ევრო უკვე გაგზავნილი გვაქვს საქართველოში. ტაქსით უფასოდ ვეხმარებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს…

ჩვენც მწირი ფინანსები გვაქვს. ენთუზიაზმი და მოტივაცია აქვთ ჩვენს დამხმარეებს და არა მხოლოდ ფულით ვაგვარებთ ამ საკითხს. მაგალითად, ვისაც აღარ სჭირდება ინვალიდის ეტლი, გვჩუქნის და ჩვენ სხვას ვუგზავნით საქართველოში.

ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ველოდებით დაფინანსებას, რომ გრენობლში გავაკეთოთ სკოლა, სადაც დაახლოებით 20 ქართველი ბავშვი ისწავლის. ეს იქნება საკვირაო სკოლა. პატარა, ლამაზი ქალაქია, დაახლოებით ბათუმისხელა. ბევრ ქართველს ვიცნობ უკვე, ხშირად ვიკრიბებით და ქართულ საღამოებს ვატარებთ.

– ქართულ საღამოებში ქართული ქეიფი იგულისხმება?

– დიახ, ქართველებს ხომ ჭამა და ქეიფი გვიყვარს და იქ განვიხილავთ ყველა თემას – ეკონომიკურს, პოლიტიკურს თუ დიდაქტიკურს. ქართულ კერძებსაც ვამზადებთ, მაგრამ ხინკალი სულ მენატრება. ვამსგავსებთ, მაგრამ ისეთი მაინც არ გამოდის, საქართველოში რომ არის. შეიძლება ყველაფერი იშოვება აქ, მაგრამ მაინც ყველაფერი გენატრება.

– ქართველებმა ქურდობითა და ნარკოტიკების მოხმარებით გაითქვეს სახელი მთელ ევროპაში. მანდ რა ხდება?

– დიახ, აქ ხშირად წერს ფრანგული პრესა ამ ამბებზე, თუმცა მე ვთვლი, რომ ამას თავისი ახსნა აქვს. გამოვლილი აქვთ 90-იანი წლები, ციხე და ა.შ. და აქ რომ ჩამოდიან ვეღარ ახერხებენ ხელახალი ცხოვრების დაწყებას, ფიქრობენ, რომ ერთადერთი გზაა მოპარვა და ნარკოტიკი. ასეთ ადამიანებთან მქონია შეხება, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე და თარჯიმნადაც მიმუშავია. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა ის არის, რომ მძიმე გზა აქვს თითოეულს გავლილი.

ზოგი ცდილობს, თავი დააღწიოს ძველ ცხოვრებას და აღწევს კიდეც მიზანს. საფრანგეთი ყველაზე ჰუმანურია ამ მიმართულებით. რამდენი დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი, ცდილობენ, გარკვეული დახმარება აღმოუჩინონ და ხელი შეუწყონ, რომ ფეხზე დადგნენ.

საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა ხომ ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანურია მთელ მსოფლიოში. მინახავს ერთი ქალაქიდან მეორეში ვერტმფრენით გადაყვანილი ქართველი უსაბუთო, დაუზღვეველი პაციენტები, რომ საუკეთესო მკურნალობა მიეღოთ. მინახავს ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობა მაშინ, როდესაც უფრო იაფი ალტერნატივაც არსებობდა…

უამრავი ფრანგი პროფესორი, მინისტრი, თანამდებობის პირი, რომლებსაც ერთი თვის ხელფასით შეუძლიათ ჯიპი იყიდონ, ველოსიპედით დადიან, მაშინ როდესაც საქართველოში რაც ხდება, კარგად ხედავთ.