ციცინო ზივზივაძე – მცხეთის კოლორიტული გიდი

ციცინო ზივზივაძე - მცხეთის კოლორიტული გიდირუსუდან ადვაძე, სარკე

სვეტიცხოვლის ტაძარში შესულს შეუძლებელია თვალში არ მოგხვდეს გამორჩეულ, რეტრო სტილში ჩაცმული ქალი, განუყრელი შლაპით და საუბრის თავისებური მანერით, ინგლისურად და რუსულად ლაპარაკისას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი აქცენტით. მის გარშემო ყოველთვის არიან ტურისტები, რომლებსაც გიდობას ემოციურად და დიდი პათოსით უწევს, თითქოს ერთი მსახიობის სპექტაკლს დგამს. შეიძლება ითქვას, მცხეთის კოლორიტია.

ციცინო ზივზივაძემ რუსული და ინგლისური თავად ისწავლა. უცხოელ ტურისტებს სწორედ თავისი აქცენტით და საუბრით ამახსოვრებს თავს. ამბობს, რომ მათგან ხშირად ესმის ისეთი შეფასებები, როგორიცაა – “მსოფლიო გიდი”, “ქარიზმატული გიდი” და ა.შ.

63 წლისაა და 40 წელზე მეტია, რაც მცხეთაში გიდია. იქ მუზეუმში მუშაობდა, რომელიც დაიშალა. სამსახური რომ დაკარგა, სვეტიცხოველში დამოუკიდებელ გიდად დაიწყო მუშაობა, რის გამოც კოლეგები მტრად მოეკიდნენ. სვეტიცხოველი მისთვის სამშობლოა და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

ციცინო ზივზივაძემ “სარკესთან” საუბარი იმ ამბით დაიწყო, რომელიც ახლა მის თავს ხდება.

ციცინო ზივზივაძე: ერთი გიდი მიჩივის, მცემაო. მეორემ დაუდასტურა, რომ ვითომ დამინახა, როგორ ვცემდი. სასამართლო პროცესები მიდის. 2 წლის წინაც დამწამა ცილი და მაშინ გავიმარჯვე. ახლა გაიმეორა.

– ქალბატონო ციცინო, სვეტიცხოველში თქვენც და სხვა გიდებიც ოფიციალურად მუშაობთ თუ მოყვარულები ხართ?

– არა, სად არის ასე მოწესრიგებული საქმე?! სახელმწიფო ჩამოშლილია და აქ იქნება ასეთი წესრიგი?! დამოუკიდებელი გიდი ვარ. 1977 წლიდან მცხეთის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-მუშაკი ვიყავი. თავიდან ჩვენი მუზეუმი ანტონ კათოლიკოსის სასახლეში იყო. მერე, როცა ეკლესიამ თავისი გავლენა დაიბრუნა, ანტონ კათოლიკოსის სასახლე სვეტიცხოველს დაუბრუნდა და ჩვენი მუზეუმი ყოფილი რაიკომის შენობაში გადავიდა. იქაც 10 წელი ვიმუშავე და მერე არქეოლოგიურ მუზეუმად გადააკეთეს, თანამშრომლები კი გაათავისუფლეს, მათ შორის – მეც.

9 აპრილს დაზარალებული რადგან ვიყავი, სასამართლოთი ისევ შევძელი იქ მუშაობა, მაგრამ უკვე 10 წელია დამოუკიდებელი გიდი ვარ. მანამდეც ვიყავი აქ გიდი, მაგრამ მერე დამოუკიდებლად მუშაობა გავაგრძელე.

აქ ვიყავი უკვე, სხვა გიდები რომ მოვიდნენ და ცილიც კი დამწამეს, ვითომ ვიღაც ვცემე. ამით ფაქტობრივად იმას მეუბნებიან, რატომ ხარ კარგი და ცნობილი, დაბერდი უკვე, დატოვე სვეტიცხოველი და აქედან წადიო. 43 წელია აქ ვმუშაობ. სვეტიცხოველი ჩემთვის ყველაფერია.

წარჩინებით დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სვეტიცხოველი კი საქართველოს ფუძეა, რომელიც მსოფლიო კულტურის საგანძურის ნაწილიცაა. აქ უნდა იყოს ისეთი გიდი, რომელმაც საქართველოს ისტორია კარგად იცის და თან პატრიოტია. თუ პატრიოტი არ ხარ და სიყვარულით, ემოციებით არ გადმოსცემ შენი ქვეყნის ისტორიას, როგორი გიდი ხარ?! თუ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით უყვები ტურისტს ამბავს, არც მოგისმენს. მე კი მაქებენ და მსოფლიო გიდს, ქარიზმატულ და საოცარ გიდს მეძახიან.

მოდიან და კითხულობენ, ცნობილი გიდი რომ არის, ის გვინდაო. ვიღაც რუსმა დაწერა “ფეისბუქში”, მსოფლიო შემოვიარე, სად არ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი ქარიზმატული გიდი, ასეთი არტისტული გადმოცემით, ასე გულიანად და პატრიოტული შემართებით რომ საუბრობდეს, არსად მინახავსო.

სვეტიცხოველში ახალი მოსული რომ ვიყავი, 17 წლის ასაკში, მაშინაც ითხოვდნენ, ჩვენი გიდი ეს იყოს. გადმოცემის ისეთი უნარი აქვს, რასაც გეუბნება, არასოდეს დაგავიწყდებაო. ახლაც ასეა.

ფულისთვის არ ვმუშაობ, რომ ჩქარა მოვრჩე და მერე მეორე ჯგუფი მივიღო. ყველა კუთხე-კუნჭული უნდა მოვატარო და ყველაფერი ვუთხრა, რაც მნიშვნელოვანია. თუ მეტყვიან, გვეჩქარება და ამ დროში უნდა ჩავეტიოთო, ვიცი, მთავარი რა უნდა ვუთხრა.

– უცხოელებს ინგლისურად და რუსულად მკვეთრად გამოხატული ქართული აქცენტით ელაპარაკებით. სად ისწავლეთ ენები?

– რუსული და ინგლისური ენები თვითონ ვისწავლე. უცხოელები ჩემთან რომ მოდიოდნენ, ლაპარაკ-ლაპარაკში შევისწავლე. ინგლისური რუსულზე ბევრად ადვილია.

– შეიძლება სიტყვა არ იცოდეთ, მაგრამ მაინც გააგებინოთ?

– არა, სიტყვები შესანიშნავად ვიცი. უბრალოდ, აქცენტი მაქვს, რადგან მეზობელი თუ ახლობელი არ მყოლია რუსი, რომელსაც დაველაპარაკებოდი. იცით, რა დროს არ გაქვს აქცენტი?! თუ რუსულ სკოლას დაამთავრებ, რუსი გყავს დედა თუ ბებია ან 3 წლიდან სწავლობ ამა თუ იმ ენას. მე ვარ ქართველი, ვსაუბრობ ქართული აქცენტით და სწორედ ეს მოსწონთ.

იცით, როგორ გავხდი საქვეყნოდ ცნობილი გიდი? გიდებმა გაავრცელეს ჩემი ვიდეო და დაწერეს, ნახეთ, რუსული და ინგლისური ენები არ იცის, თან როგორი აქცენტი აქვს და მაინც გიდიაო. ხალხი გადაირია, რა მაგარიაო.

ვუთხარი, რა გინდოდათ, ვიყავი ჩემთვის, არავის არაფერს ვუშლიდი, მაგრამ მოხვედით და დამეტაკეთ. ეს ბოროტებამ გაგაკეთებინათ, მაგრამ თავად ჩავარდით ორმოში, მე კი ავმაღლდი-მეთქი. ახლა დამძახიან, რატომ ხარ კოლორიტი გიდიო. ამ დროს თვითონ ამამაღლეს.

არასოდეს ვდგები ბაგრატიონის საფლავზე და ტურისტებს გერბზე ფეხით არ მივანიშნებ. ტურისტს ტაძარში რომ შეიყვან, უნდა უთხრა: “შეხედეთ ამ ატყორცნილ ბურჯებს, როგორ იშლება გრანდიოზული სივრცე და თანდათან მატულობს სინათლე. ნახეთ, ქართველმა არსუკიძემ რა შექმნა, ვამაყობ, რომ ქართველი ვარ!”.

– ჩაცმის სტილითაც გამოირჩევით. ეს თქვენი გემოვნების გამოხატულებაა?

– უცხოელები ამბობენ, ელეგანტურიაო და ფოტოებს მიღებენ. ერთმა ბერმა მითხრა, უცხოელებს ველაპარაკებოდი და შენზე თქვეს, ეს ქალი ისეა ჩაცმული, როგორც გასული საუკუნის 70-იან წლებში ეცვათ ინგლისელებს და ფრანგებსო. დღეში 100 ადამიანი მაინც მიღებს ფოტოს. მრცხვენია, მაგრამ… ჩემზე უკეთესად მოსაუბრე გიდებიც არიან, უკეთესად ჩაცმულ-დახურულები და დახვეწილები, მაგრამ…

ბავშვობიდან ასეთი ვიყავი. შარვლით, მოკლე კაბით თუ მოკლესახელოებიანი ტანსაცმლით არასოდეს შემოვსულვარ ტაძარში. ახალგაზრდობაშიც ასე დავდიოდი. მეუბნებიან, ვაა, “შანელის” ჩანთა გიჭირავსო. არც ვიცი, “შანელია” თუ სხვა რამ, მომეწონა და ვიყიდე. სკოლა რომ დავამთავრე, მერეც დიდი თეთრი ბაფთით დავდიოდი. ყოველთვის მოწესრიგებული ვიყავი.

– დაოჯახებული არ ხართ. ესეც ზემოდან იყო გადაწყვეტილი?

– რა თქმა უნდა! ღვთის ნებითა და კარნახით ხდება ყველაფერი. 17 წლის ვიყავი, ამხელა სიწმინდეს, სვეტიცხოველს რომ შევეხე და როგორც კი მოვედი, გადავწყვიტე, ოჯახი არ შემექმნა. მეუბნებოდნენ, მაშინ მონაზვნად აღიკვეცეთ, არ შეიძლება ასე, ან საერო პირი უნდა იყო, ან ბერიო. ვეუბნებოდი, მე საერო მონაზონი ვარ-მეთქი.

– რატომ არ გინდოდათ ოჯახი და თუნდაც შვილი?

– ვისაც შვილი არ ჰყავს, როგორც წესი, მას უფრო მეტი შვილი ჰყავს. სახარებაშიც წერია, ვინმც არ არის გათხოვილი, ყველა მისი შვილიაო. ზუსტად ასეა –  ყველა ჩემი შვილია, მთელი ქვეყანა. ბავშვებზე ვგიჟდები. მათ რომ დავინახავ, გერმანელია, ფრანგი, ამერიკელი თუ რუსი, კარგ ხასიათზე ვდგები. ორი დისშვილი და ერთი ძმისშვილი მყავს და ისინიც ჩემი შვილები არიან.

განა მართლა მე მივიღე გადაწყვეტილება, ოჯახი არ შემექმნა?! ვერავითარ გადაწყვეტილებას მიიღებ, ზეციდან თუ არ არის დაშვებული. ღვთის ნებითა და ძალით ხდება ყველაფერი.

– 9 აპრილის დაზარალებული ვარო, ამბობთ. მოიწამლეთ მაშინ?

– მოწამლულიც ვიყავი და დაჭრილიც. ჩემი და შეეწირა 9 აპრილს. 4 და-ძმა ვიყავით და დედამ ოთხივეს გვითხრა, წადით და იქ დადექით, სადაც ქვეყანას სჭირდებითო. ჩემი მშობლები მორწმუნეები და უმაღლესდამთავრებულები იყვნენ. ბიბლია და “ვეფხისტყაოსანი” იყო ჩვენი სამაგიდო წიგნი. მთელი ბიბლია ზეპირად ვიცოდით.

9 აპრილს მამა უკვე აღარ გვყავდა და დედამ გაგვიშვა – სამშობლოს დამოუკიდებლობისთვისაა ბრძოლა და მონაწილეობა უნდა მიიღოთო. ჩემი და, რომელიც 9 აპრილს შეეწირა, ჩემზე ერთი წლით უმცროსი იყო. დედას წნევა ჰქონდა და ჩემი მეორე და სახლში წავიდა, რომ მისთვის მიეხედა. დავრჩით მე, ჩემი ძმა და ჩემი ერთი და – დარეჯანი.

ზვიად გამსახურდიამ მოგვიწოდა, რუსის ჯარი შემოვიდა, ვისაც გეშინიათ, წადით და ვისაც არ გეშინიათ, დარჩითო. ჩვენ არ გვეშინოდა და დავრჩით. დავიფიცეთ, რომ სამშობლოსთვის დავწყდებოდით და არ დავიშლებოდით. პატრიარქი მოვიდა და დაშლისკენ მოგვიწოდა, საფრთხე რეალურიაო, მაგრამ ვთქვით, ფიცი გვაქვს მიცემული და არ დავიშლებით-თქო.

ჩემი ძმა შიმშილობდა იქ. მე კი დაჭრილი და მოწამლული ვიყავი, მაგრამ ჩემი და უფრო მეტად იყო მოწამლული, ვიდრე მე. ციოდა და მე მელიის ბეწვი მქონდა მოდებული, რომელიც იქ დამივარდა. თურმე ჩემმა დამ იპოვა და ფიქრობდნენ, რომ ცოცხალი აღარ ვიყავი. უთქვამს, ალბათ ციცო დაღუპულიაო. თხემ-შუბლის არეში ვიყავი დაჭრილი და ტვინის შერყევა, ჰემატომები მქონდა. საავადმყოფოში გადამიყვანეს. 250 კაცი იყო დაჭრილი.

თვალი დამიზიანდა. მთლიანად სისხლში ვიყავი. ფეხები მქონდა საშინელ დღეში. ერთ ფეხზე ფიქრობდნენ, რომ მოეჭრათ, მაგრამ გაიწოვა ჰემატომები და გადავრჩი.

– თქვენი და რამდენი ხნის შემდეგ გარდაიცვალა?

– ერთ წელიწადში. ჩემი და მდგომარეობიდან რომ ვერ გამოდიოდა, ჩვენმა ბიძაშვილმა ლენინგრადში წაიყვანა 2 თვით, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ. ისეთი ფერი ჰქონდა… მოწამვლით გარდაიცვალა. მის შესახებ გაზეთშიც დაიწერა. მე კი დავრჩი 9 აპრილის დაზარალებულად.

იცით, რას ვნანობდი? რატომ არ მოვკვდი იქ. ახალგაზრდები რომ დაიხოცნენ, ვიცი, ზეციურ საქართველოში არიან. მათ პანაშვიდებს რომ ვუყურებდი, მაშინაც ვნატრობდი, მათ გვერდით ვწოლილიყავი. იმაზე მეტი სახელი რა გინდა, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობას შეეწირები?!

თავბრუ მეხვეოდა მთელი 4-5 წელი, წონასწორობას ვერ ვიცავდი. მერე გამოვედი მდგომარეობიდან. ახლა მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. თუ ღმერთმა განსაცდელი არ მოგივლინა, ესე იგი მას არ უყვარხარ. მე კი ყოველ წუთში მივლენს განსაცდელს. განსაცდელს უვლენს მას, ვინც უყვარს და მიხარია, რომ მათ შორის ვარ.

– სვეტიცხოველში ხართ ყოველდღე. სხვას რას საქმიანობთ?

– ვკითხულობ. ნახევარი “ვეფხისტყაოსანი” მაინც ვიცი ზეპირად. “დიდოსტატის მარჯვენა” ზეპირად ვიცი. ალბათ 50-ჯერ მაინც მაქვს წაკითხული. ეს წიგნი ჩემთვის დიდი სიბრძნეა. კლასიკოსი მწერლების მთელი შემოქმედება ვიცი. ახალმა თაობამ გალაკტიონის “მე და ღამე” არ იცის. შეიძლება “შუშანიკის წამება”, ბიბლია არ იცოდე?! არ შეიძლება! სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი საოცრებაა! ყველაფერს ვკითხულობ. ბიბლიის კითხვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

სვეტიცხოველში საოცარი ფრესკებია – იაკობის კიბე, აბრაამი მსხვერპლად როგორ სწირავს თავის შვილს ღმერთს… ეს თუ არ იცი, როგორი გიდი უნდა იყო?! იაკობი ღმერთს შეერკინა და ეს იყო მისი გამოცდა უფლისგან. უხორცო ანგელოზს შეერკინა და გაიმარჯვა. ხშირად ვუხსნი ბავშვებს იაკობის ღმერთთან შერკინების ამბავს.

– უცხოელებს როგორ უხსნით ამ ყველაფერს?

– უცხოელებს ამდენი არ სჭირდებათ. ისინი მართლმადიდებლები არ არიან და ვერ გაიგებენ. უცხოელებს ვუხსნი, თუ როგორი დიდებული ტაძარია, როგორ შეათეთრეს რუსებმა, რომ ეს ტაძარი მსოფლიო კულტურის საგანძურის ნაწილია და ა.შ. მართლმადიდებელ რუსებს კი აინტერესებთ მეორედ მოსვლის, აპოკალიფსის სცენა. ვიცი, ვის რა აინტერესებს და იმის მიხედვით ვუხსნი.

იხილეთ ვიდეო