დედამთილის საშინელი საიდუმლო – “ჩემი ქმრის ბიოლოგიური მამა გავიცანი”

დედამთილის საშინელი საიდუმლო - "ჩემი ქმრის ბიოლოგიური მამა გავიცანი"ნანა კობახიძე, სარკე

შეიძლება ჩვენი რესპონდენტი ქალის ვირწმუნოთ, ზოგ რამეში დავეთანხმოთ, ზოგში – არა; შეიძლება ზედმეტ თავდაჯერებად ჩავუთვალოთ, ცალკეული რამ ზღაპრად მოგვეჩვენოს, მაგრამ ქალბატონი ნუნუს გულწრფელი მონათხრობი ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.

მან მოახერხა, რომ ქმარი, რომელსაც ოჯახის წევრები ბავშვობიდან ჩაგრავდნენ, წარმატების რელსებზე დაეყენებინა. უკვე დიდი შვილები ჰყავთ, ქალბატონ ნუნუს კი მაინც არ ასვენებს კითხვა: რატომ ჩაგრავდნენ ოჯახში მაინცდამაინც მის ქმარს? ჩვენი რესპონდენტი ცდილობს, რაღაც დაფარული ამოიცნოს.

ნუნუ:

– 28 წლის ვიყავი, ჩემი მომავალი ქმარი, დათა, რომ გავიცანი. თავმდაბალი, მორიდებული ადამიანი გახლდათ. იმდენად თავჩაღუნული იყო, რომ მისი გარეგნული მიმზიდველობა აღარც ჩანდა. მე რომ არ მეაქტიურა, ალბათ პლატონურად ვეყვარებოდი, სიყვარულში ვერ გამომიტყდებოდა.

სხვებისთვის თავს დადებდა, საკუთარი თავისთვის კი ნაბიჯს ვერ გადადგამდა. მისი ამ თვისებით ყველა სარგებლობდა და სათავისოდ იყენებდა – აბა, ეს გამიკეთე, აბა, ის გამიკეთეო. ისიც ყველას ემსახურებოდა.

– ეცადეთ, საკუთარი თავის პატივისცემა გესწავლებინათ?

– დიახ. ჩემი ძალისხმევით სრულიად სხვა მამაკაცად ჩამოყალიბდა. ეს მოხდა ჩვენი ქორწინების შემდგომ, როცა საშუალება მომეცა, ყოველდღიურად “მემუშავა” ამ საკითხებზე.

ჩემს ქმარს სამეგობროსა და სანათესაოში ჰყავდა ადამიანები, რომლებიც მის კისერზე ისხდნენ, მუდმივად ფულს სძალავდნენ ფარისევლურად. დათას საწყალი გული ჰქონდა და ყველა ეცოდებოდა. ნიჭიერი და განათლებული იყო, მაგრამ ფულს მძიმე ფიზიკური შრომით შოულობდა. ხელფასის სათავისოდ გამოყენებას არც აცდიდნენ, ხან ვინ ჩაუსაფრდებოდა, ხან – ვინ. ყველა ეს ადამიანი-წურბელა დავუფერთხე. დაე, კუდიანის სახელი მქონოდა (როგორც მეძახდნენ), ვიდრე ჩემი ქმრის ნაოფლარი ეწეწათ!

– დათას ოჯახმა როგორ მიგიღოთ ასეთი აქტიური და “რეფორმატორი” რძალი, მოგიწონეს საქციელი?

– თუ ვინმე დათას ბოლომდე გამოყენებას ცდილობდა, ეს მისი ოჯახი იყო. დათას ჰყავდა დედ-მამა და და-ძმა. დედამისი აქტიური, თავისნათქვამა ქალი იყო. რასაც დაიჩემებდა, ვერასგზით გადაათქმევინებდი. ოჯახს მართავდა, მაგრამ დათასნაირად არავის იბრიყვებდა. ის ჰყავდა ანკესზე წამოგებული.

– მკითხველს შეიძლება გადაჭარბებული მოეჩვენოს შვილის მიმართ დედის დამოკიდებულების თქვენეული შეფასება.

– სრული პასუხისმგებლობით ვამბობ – დათა რომ გავიცანი, საშინლად დაკომპლექსებული იყო, ეს კი ოჯახიდან მოსდგამდა. არადა რომ იცოდეთ, რა ძლიერი ოჯახიდან იყო – გნებავთ ფინანსურად, გნებავთ სოციალური მდგომარეობით. არ ჰქონდათ იმის გაჭირვება, რომ ფიზიკურად მძიმე სამუშაოზე გაეშვათ და მერე უკანასკნელი გროშებიც ამოეცალათ ჯიბიდან. დათას მიმართ დაბადებიდანვე ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ.

– მშობლები ვინ იყვნენ, რას საქმიანობდნენ?

– მამა წიგნის კაცი იყო, პედანტი, კირკიტა, სამეცნიერო წოდების მქონე. დედა კი ბიზნესს ეწეოდა. ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ როგორც გარეგნულად, ისე ინტერესებით. მამა წიგნის იქით რეალურ სამყაროს ვერ აღიქვამდა, მაგრამ მუდმივად დაობდა ცხოვრებისეულ საკითხებზე. ფიზიკურად სუსტი და შეუხედავი იყო. დედა კი ცოცხალი, ლამაზი სახის, ღაჟღაჟა ქალი გახლდათ, ამასთან – პრაქტიკული და ანგარიშიანი.

– დათა დედმამიშვილებისგანაც განსხვავდებოდა?

– დიახ. დათა შუათანა იყო, სახით დედას ჰგავდა, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული ბუნება ჰქონდა. მისი და-ძმა გარეგნობით მამას ჰგავდნენ. უფროს ძმას, დევიკოს, დედის ხასიათი გამოჰყვა. უმცროსი დაც, ლეილა, იმ სიკეთით სარგებლობდა, რაც ოჯახს გააჩნდა, მაგრამ ქედმაღლობამ გათხოვებაში ხელი შეუშალა.

– როგორ შეიძლება მშობლებმა დაჩაგრონ შვილი, თანაც სამი შვილიდან მაინცდამაინც ის ერთი, ასე ამოჩემებულად?

– ასე იყო! დათას ჰქონდა დაბალი თვითშეფასება, არასრულფასოვნების კომპლექსი. სულ ეგონა, რომ ბედნიერებას არ იმსახურებდა. ეგონა, რომ რაღაცას ისე ვერ აკეთებდა, როგორც საჭირო იყო. სინამდვილეში ყველაფერს ბრწყინვალედ აკეთებდა.

ნუთუ არ შეეძლოთ ეს ეთქვათ მისთვის ან მშობლებს, ან დედმამიშვილებს? მაგრამ – არა! მათ სჭირდებოდათ დაბალი ღობე, ვისთანაც თავიანთ აღმატებულობას წარმოაჩენდნენ.

– თქვენს სიტყვებში გამწარებული რძლის პოზიციაც იკვეთება.

– ჩემს გამწარებასაც ეცადნენ, მაგრამ სუსტი არ აღმოვჩნდი, რომ მომრეოდნენ. დათა ჩემს სახლში წამოვიყვანე და ცხოვრების სხვა კარი გავუხსენი. ფსიქოლოგივით ვედექი გვერდით და დავაძლევინე ის დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლიდა წინსვლაში. წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ არა სხვების დამცირების ხარჯზე, როგორც მისი ოჯახის წევრები იქცეოდნენ.

– ოჯახმა როგორ შეაფასა დათას ამგვარი გარდასახვა და თქვენი როლი ამ საქმეში?

– როგორ შეიცვალეო, საყვედურობდნენ, თითქოს რამე დაეშავებინოს. მე ვერ მიტანდნენ. ფიქრობდნენ, რომ შვილი წავართვი. იმის გამო, რომ დათასგან ხეირი აღარ ჰქონდათ, მე შემიძულეს. აღარც ჩვენს შვილებს სწყალობდნენ.

– ანუ თქვენს შვილებს ბებია და პაპა სითბოს არ უჩვენებდნენ?

– ასეა. გამოჩნდა ქალი შვილით, რომელთანაც დევიკოს დროებითი ურთიერთობა ჰქონდა. ქალი ამტკიცებდა, ეს ბავშვი დევიკოს შვილიაო. არც კი მოინდომეს, დნმ შეემოწმებინათ, ისე ჩაიხუტეს, თანაც დევიკოს ნების საწინააღმდეგოდ. ჩემსა და დათას შვილებს კი შვილიშვილებად არ ცნობდნენ. გულსატკენია, არა?

მათგან სიკეთეს არც ველოდი, მაგრამ ჩემს შვილებს ხომ დასწყვიტეს გული. მაშინ დევიკოს ცოლიც ჰყავდა, არაჩვეულებრივი გოგო. იმ ბავშვის გამო ცოლ-ქმარს ურთიერთობა აურიეს. დევიკო ცოლს გაშორდა და ახლა მარტოა. შვილის დედა არ მიაჩნია იმ მორალის ქალად, ცოლად რომ შეირთოს.

– დევიკოს რატომ მოექცნენ ასე, ეგეც ხომ არ ჰყავდათ ამოჩემებული?

– იოლი მისახვედრია – დევიკოს შვილი ჩვენს შვილებს დაუპირისპირეს. ის ცნეს შვილიშვილად. ეს დედამთილმა გადაწყვიტა და ქმარიც აიყოლია. ამ ფაქტის შემდეგ როგორ შეიძლებოდა მათთან ნორმალური ურთიერთობა გვქონოდა?!

– სამწუხაროა ოჯახის წევრებს შორის დაძაბულობა.

– გეთანხმებით, მაგრამ ის უფრო სამწუხარო იყო, რა დღეშიც თავის დროზე დათას აგდებდნენ. ვერაფრით მიეჩვივნენ ისეთ დათას, როგორადაც გარდაიქმნა. არადა ირგვლივ ყველა აქებს და აფასებს. ამ ქებას ყურის იქით ატარებდნენ. ოჯახის წევრებს დათას პატივისცემა არასოდეს ჰქონდათ.

– მაინც როგორ ფიქრობთ, მიზეზი რა იყო?

– ეს კითხვა მოსვენებას მიკარგავდა. საქმე ისაა, რომ ოჯახის თავი იყო დედა და არა – მამა. ზოგადად უტყუარი ინტუიცია მაქვს, სულ მქონდა განცდა, რომ ამის მიღმა რაღაც საიდუმლო იმალებოდა.

– რამეს მიაკვლიეთ?

– თავიდან ვცდილობდი, გამომეცნო, რა ხდებოდა სინამდვილეში, სად იყო ძაღლის თავი ჩამარხული, მაგრამ ხელმოსაჭიდს ვერაფერს ვხედავდი. ბოლო პერიოდში ერთი ფაქტი შევიტყვე დედამთილის პირადი ცხოვრებიდან, რომელიც შესაძლოა პირდაპირ კავშირში იყოს დათას ამბავთან.

– შეგიძლიათ ამ თემაზეც გვესაუბროთ?

– ვსარგებლობ იმით, რომ ინტერვიუ ანონიმურია და ამიტომ გეტყვით: შევიტყვე, რომ დედამთილს ახალგაზრდობაში განხეთქილება ჰქონია ქმართან, დროებით ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. როგორც მითხრეს, ჩემი დედამთილი მაშინ სხვა კაცს ხვდებოდა, შემდეგ კი ქმარს შეურიგდა. ვფიქრობ კი არა, დარწმუნებულიც ვარ, რომ დათა იმ კაცისგან ჰყავს გაჩენილი და არა – თავისი ქმრისგან. დათას დაბადების თარიღი და ჩემი დედამთილ-მამამთილის გაყრის დრო ამაზე მეტყველებს.

– ეჭვი თქვენ გაგიჩნდათ თუ სხვებმა გითხრეს?

– არა, ჩემი ვერსიაა.

– რატომ ხართ დარწმუნებული, რომ დათა სხვა კაცის შვილია?

– ჩემთვის უცხო არ იყო დედამთილის ხრიკები და ხასიათი. შეძლებდა, შვილი სხვისგან გაეჩინა და ქმრის შვილად გაესაღებინა. თანაც იმ კაცის არსებობა არავინ იცოდა, თითო-ოროლა ადამიანის გარდა. ხანმოკლე რომანის დამალვა რთული არ იყო.

– თქვენი აზრით, დედამ შვილი რატომღა ამოიჩემა, თუნდაც ქორწინების გარეშე ჰყოლოდა გაჩენილი?

– დათას დაბადება არ უნდოდა, მაგრამ სხვაგვარად არ გამოუვიდა (მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს). თავიდანვე აითვალწუნა, მუცელშივე და დაბადების შემდეგაც ასე ექცეოდა.

– მაპატიეთ, მაგრამ რასაც ყვებით, წარმოსახვის ნაყოფს ჰგავს…

– ბუნებით არ ვარ ფანტაზიორი, ბავშვობაშიც კი არ მიფრენია ღრუბლებში, ზღაპრებიც არ მყვარებია. საკმაოდ პრაგმატული ვარ, არც სასწაულების მჯერა. მიწაზე მყარად ვდგავარ.

– არც დეტექტივების კითხვა გიყვარდათ ბავშვობაში?

– გინდათ თქვათ, რომ არაფრისგან რაღაცის გამოჩხრეკას ვცდილობ? იმასაც გეტყვით, რომ ის კაცი გავიცანი, ვისთანაც ჩემს დედამთილს რომანი ჰქონდა! შევხედე თუ არა, მივხვდი, რომ ჩემი ქმრის ბიოლოგიური მამა იყო.

– რით მიამსგავსეთ?

– ქცევებით, მიხვრა-მოხვრით, თვალების ჭრილით, საუბრის მანერით. როგორც უკვე ვთქვი, სახით დათა დედას ჰგავდა, ხასიათით კი იმ კაცს ვამსგავსებ.

– ასე ახლოს გაიცანით ის კაცი, რომ მისი ხასიათი შეიცანით?

– ვხედავ, არ გჯერათ ჩემი. ვგულისხმობ ხასიათის იმ თვისებებს, რომლებსაც ადამიანი ყოველდღიურობაში ავლენს. ის კაცი თავმდაბალია და კეთილშობილი. ეს თვისებები დათას აქვს, მისი ოჯახის წევრებს – არა.

– თქვენი დედამთილ-მამამთილი ცოცხლები აღარ არიან?

– არა, თორემ ამ თემის განხილვას თავს ავარიდებდი.

– ალბათ აჯობებს, სამედიცინო მტკიცებულება მოიპოვოთ.

– ამასაც გავაკეთებ, მაგრამ დრო მჭირდება, რაღაცებს ვარკვევ.

– აპირებთ იმ უცხო კაცთან ამ თემაზე საუბარს?

– ის კაცი ხანდაზმულია, ცოლიანია, შვილი არ ჰყავს. მისთვის ალბათ დღესასწაული იქნება იმის გაგება, რომ დათა მისი ვაჟია.

– მისი მეუღლე როგორ გადაიტანს, ამაზე გიფიქრიათ?

– ისეთ ასაკში არიან, რომ არა მგონია, მტკივნეულად შეხვდეს. თანაც ეს მათ ქორწინებამდე მოხდა, ღალატში არ ეთვლება, ძველი ამბავია.

– დათასთვის როგორი აღსაქმელი იქნება ეგ ამბავი? ხომ შეიძლება ისევე დაითრგუნოს, როგორც ადრე იყო? ან თქვენი შვილები როგორ მიიღებენ ამ ყველაფერს?

– ცხადია, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, თუმცა მაინც, ჯობია, სიმართლე ვიცოდეთ, ვიდრე ტყუილში ვიცხოვროთ და დედამთილის დანატოვარ ქარგას ბრმად მივყვეთ. იმასაც აქვს მნიშვნელობა, ადამიანებს რა ფორმით მიაწვდი სიმართლეს. ამ მხრივ, საკუთარი თავის იმედი მაქვს.