ზაზა მამალაძე: ,,სიდედრმა ჩემს ცოლს ასწავლა, რომ ეჭვიანობას არ უნდა აჰყოლოდა”

ზაზა მამალაძე: ,,სიდედრმა ჩემს ცოლს ასწავლა, რომ ეჭვიანობას არ უნდა აჰყოლოდა"ია ქუთათელაძე, სარკე

მომღერალ ზაზა მამალაძის მოგონებათა სკივრი უამრავი საინტერესო ამბით არის სავსე. მისი ისტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი, რა თქმა უნდა, ცნობილ ტრიო “თბილისს” უკავშირდება, რომლის უცვლელი წევრი და არაოფიციალური დირექტორიც გახლავთ. როგორც ტიპური გურული, ენაწყლიანი და მხიარული მოსაუბრეა. ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამაარსებლის, ვახტანგ მამალაძის, ოჯახში დაბადებული, დღემდე მამის შეგონებით ცხოვრობს – არასოდეს თქვა ტყუილი და შენს სიტყვაზე პასუხისმგებელი იყავიო, თუმცა პირდაპირ ნათქვამმა მწარე სიმართლემ ხშირად თავად დააზიანა.

“მოგონებები გარდასულ დღეთა” და ცოტაოდენი სხვა ამბებიც ანსამბლისა და პირადი ცხოვრებიდან ზაზა მამალაძემ ჟურნალ “სარკეს” გაუზიარა.

– ბატონო ზაზა, თქვენი თაობის ნიჭიერი ბავშვები ძირითადად პიონერთა სასახლეში იდგამდნენ ფეხს. როგორც ვიცი, თქვენც გაიარეთ ეს გზა. როგორ დაიწყო ასეთი განუყრელი ერთობა ქართულ სიმღერასთან და როგორ დაიბადა ტრიო “თბილისი?”

– ოჯახში სამი ბიჭი ვიზრდებოდით, სამივენი პატარაობიდან ვმღეროდით და მამას ეს ძალიან მოსწონდა. მოგეხსენებათ, გასულ საუკუნეში ოჯახებში სუფრები ხშირად იშლებოდა. მამას უყვარდა სიმღერა, მოლხენა და ჩვენს ოჯახში მისი მეგობრების შეკრება მუდმივად ხდებოდა. დღეს თუ ვინმე აგინებს ქართულ სუფრას, მას ან არასდროს უნახავს, ან არასწორად აქვს გაგებული ტრადიციული ლხინის არსი.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბავშვობიდან ვისმენდი საუცხოო ქართულ ჰანგებს, რომლებმაც დამატყვევა, დამიმონა და სიცოცხლის ბოლომდე ეს სიყვარული ჩემთან იქნება.

პიონერთა სასახლის პერიოდი უბედნიერესი ხანა იყო. ბავშვობა ისედაც ბედნიერებაა, მაგრამ როცა დადიხარ მუსიკის და სიმღერის სასწავლებლად ისეთ პედაგოგთან როგორიც ქალბატონი შურა ჯანელიძე იყო და თან ამას კი არავინ გაძალებს, არამედ შენი დიდი სურვილია, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლა.

“გეპეიში” (ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი. რედ.) ჩაბარებისთანავე კაპელაში დავიწყე სიმღერა, შემდეგ – ანსამბლ “შვიდკაცაში”.

წმინდა ნიკოლოზის ტაძარში 80-იან წლებში ტარდებოდა ფოლკლორული კონცერტები, ძირითადად უცხოელი ტურისტებისთვის. სწორედ აქ გამოვდიოდით “გეპეის” ანსამბლი და წელიწადში 200 კონცერტს ვატარებდით. შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ საესტრადო სიმღერებიც ჩაგვერთო. უკვე არსებობდა “ცისფერი ტრიო”, თავისი მომაჯადოებელი არაამქვეყნიური ხმებით, ეს გახდა ჩვენი სტიმული და მე, ნუგზარ აფხაიძემ და თამაზ გუნიავამ შევქმენით ტრიო “თბილისი”.

– როგორ იქმნებოდა თქვენი რეპერტუარი და გამორჩეულად რა დაგამახსოვრდათ უამრავი გასტროლიდან?

– თავდაპირველად ძველ სიმღერებს ვმღეროდით, ახალშექმნილი ტრიოსთვის ცნობილი კომპოზიტორები სიმღერას არ დაწერდნენ. მერე ჩვენმა მეგობარმა ავთო შარვაძემ დაგვიწერა შვიდი სიმღერა და მათი შესრულებისთანავე ძალიან პოპულარულები გავხდით. დაგვემატა ოთარ რამიშვილის სიმღერები, ზოგჯერ შეკრების და ქეიფის დროს სპონტანურად იწერებოდა სიმღერა და იქვე ვასრულებდით.

ბევრი ამბავი მახსოვს ჩვენი გასტროლებიდან, ზოგიერთ ეპიზოდს გავიხსენებ.

1984 წელია, მკაცრი კომუნისტური რეჟიმის დრო. ლონდონში ტარდება შექსპირის დღეები. მიწვეული არიან 15 საბჭოთა რესპუბლიკის თეატრმცოდნეები, მსახიობები, რეჟისორები. საქართველოდან შვიდი მომღერალი ვართ. დელეგაციას ხელმძღვანელობს გოგოლის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი.

ლონდონში ჩასულებს ავტობუსში გიდი ქალბატონი მოგვესალმა, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ლონდონში, თუ რამ სითბო იგრძენით ჩვენს დახვედრაში, ეს სითბო ქართველებს ეკუთვნითო. შემდეგ უფრო გასაოცარი რამ მოხდა. ოფიციალური ცერემონიის გახსნაზე ოფიციალურმა პირმა, ინგლისელმა, თქვა: “გაუმარჯოს დიდ საქართველოს და პატარა რუსეთს!”.

გავისუსეთ, ცივმა ოფლმა დავგასხა. ეს იმ დროს გაუგონარი რამ იყო, გაბრაზებულ დიდ ქვეყანას შეეძლო გასტროლებიდან საერთოდ ამოვეძირკვეთ. წამოსვლის დროს უამრავი ინგლისელი გვაცილებდა, მათ შორის ჩვენი ფანებიც იყვნენ, ბევრი იცრემლებოდა და ისევ იმ გიდმა თქვა – ეს ცრემლები ქართველებს ეკუთვნითო.

შემდეგ გავარკვიეთ, ქალბატონი სუხიშვილების ანსამბლით იყო აღფრთოვანებული, ურთიერთობა ჰქონდა მათთან და ქართველებთან დაკავშირებული ემოციები გასაგები გახდა.

1986 წელს საქართველოში ჩამოსული იყო ფილიპინების კულტურის მინისტრი, ჩვენი მოსმენის შემდეგ მან ფილიპინებში მიგვიწვია. კონცერტის შემდეგ გაიმართა მიღება ფილიპინის პრეზიდენტთან. მოვიდა საბჭოთა კავშირის ელჩიც და კვლავ გაუგონარი რამ მოხდა, დაცვამ მიღებაზე არ შეუშვა – პრეზიდენტი მხოლოდ ქართველებს ხვდებაო.

ერთი გულისამაჩუყებელი ისტორია მახსენდება. 1987 წელს ამერიკაში მოხდა გორბაჩოვისა და რეიგანის შეხვედრა. ამ დელეგაციაში ჩაგვრთეს ჩვენ და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ანსამბლ “გორდას” 30 მოცეკვავე. ვაშინგტონში გამართულ კონცერტებზე მოდიოდა ერთი საკმაოდ მხცოვანი მამაკაცი, ასაკისათვის შეუფერებელი, ახალგაზრდულად ჩაცმული. ერთხელაც მოგვიახლოვდა და გამოგველაპარაკა, ვერ ვრისკავდი თქვენთან მოსვლას, ვფიქრობდი, რამე ზიანი არ მივაყენო ბიჭებს, მაგრამ გულმა აღარ მომითმინა, მოვედიო.

აღმოჩნდა “ამერიკის ხმის” სპორტული მიმომხილველი ქართველი პეტრე ხვედელიძე – ფსევდონიმით ხოდელი, 78 წლის. მან ოჯახში დაგვპატიჟა, გვიმასპინძლა, ვუმღერეთ ქართული სიმღერები, ვეთამაშეთ ნარდი, სიხარულის ცრემლები ახრჩობდა. არ იყო მდიდარი ადამიანი, მოგვიბოდიშა, მოცეკვავეებს ვერ ვეპატიჟებიო და ყველასთან საჩუქრად გაგვატანა საფულეები, შიგ ჩადებული ერთდოლარიანებით.

შემდგომი კონცერტი ნიუ იორკში გვქონდა, იქ კიდევ თავის მეგობარს ბონდო კეკელიას დაურეკა. ბონდო 80 წელს გადაცილებული იყო და მთელი ამერიკის ქართული ემიგრაცია იცნობდა. ეზოში ტყემლის ხე ედგა, რომელსაც თვალისჩინივით უფრთხილდებოდა, ტყემალს ხარშავდა და ცოტ-ცოტას ყველას ურიგებდა, როგორც ძვირფას განძს, როგორც სამშობლოს მონატრებას, როგორც ქართული მიწის სურნელებას. ბონდომაც გაიხარა ჩვენი სტუმრობით.

ზაზა მამალაძე: ,,სიდედრმა ჩემს ცოლს ასწავლა, რომ ეჭვიანობას არ უნდა აჰყოლოდა"– ბატონო ზაზა, მომღერალი ახალგაზრდა კაცი ალბათ არასდროს უჩიოდით საპირისპირო სქესის უყურადღებობას. როგორ გაიცანით თქვენი მომავალი მეორე ნახევარი და როგორია თქვენი ორმოცწლიანი თანაცხოვრების გზა?

– 1977 წლის 28 დეკემბერს უცხო ენათა ინსტიტუტმა მიგვიწვია პოლიტექნიკური ინსტიტუტი საახალწლო შეხვედრაზე. ისიც მღეროდა, მეც, მე მივხვდი, რომ ის “ის” იყო და ისიც მიხვდა, მე “მე” ვიყავი. მოკლედ გაიბა სიყვარულის სიმები, შევქმენით ოჯახი, გვყავს ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი.

სულ გასული ვიყავი – გასტროლი, კონცერტი, მეგობრები, ქეიფი… სახლში იყო ზარები: “ზაზა სახლშია? – არა. – როგორ იქნება, ახლა ჩემთან არის”…, მაგრამ ჩემი მეუღლე ჭკვიანი ქალი იყო, დედა ჰყავდა საუცხოო და და, ბრძენი და კეთილი ადამიანები, მათი გაზრდილი იყო და ასწავლეს, რომ ასეთ სისულელეებს არ უნდა აჰყოლოდა.

ჩვენ დიდი სახლი გვქონდა, მაგრამ შვილის შეძენის შემდეგ სიდედრთან გადავედით. ჩემი ცოლისდა და მისი მეუღლე პარიზში ცხოვრობდნენ და სიდედრი მარტო იყო.

მყავდა ერთი მეგობარი, სახელად ალეკო, მეტსახელად ტალბუხინს ვეძახდით. მარტო ცხოვრობდა და ბიჭები მასთან ვიკრიბებოდით. ხშირად ღამეც ვრჩებოდი, დავრეკავდი სახლში და ჩემს სიდედრს ვეტყოდი, ქეთო, თამუნას (მეუღლე თამარ გაბაშვილი) გადაეცი, ტალბუხინასთან ვრჩები. ასე გრძელდებოდა თითქმის ორი წელი.

ერთხელაც კვირა დღეა, ალეკომ სახლში გამომიარა, სანადიროდ მივდივარ. ჩემს მეუღლეს ვეუბნები – თამო, ტალბუხინა და მე მივდივართ სანადიროდ. გამოვარდა ჩემი სიდედრი და მაჩერებს: “მოიცა, ეს ალეკო და ტალბუხინა ერთი და იგივეა?! მე ორი წელი მეგონა, ტალბუხინა ქალი იყო, შენი საყვარელი და ვგიჟდებოდი, რა აჭამა ჩემს შვილს ზაზამ ისეთი, რომ ამას ეგუებაო”. აი, ასეთი ქალის გაზრდილი იყო ჩემი მეუღლე. ორი წელი გულში ინახა ეჭვი და დარდი, მაგრამ ცოლი არ გამიღიზიანა.

40 წელი ისე ვიცხოვრეთ, ოჯახში ხმამაღალი სიტყვა არ მითქვამს. ერთხელ მოხდა მხოლოდ, რომ დავიყვირე და ბავშვებმა პირი დააღეს: “მამა ყვირის?!”. ეს იყო მათი რეაქცია.

მე გურული ვარ, დედითაც და მამითაც. დედაჩემი სამი რძლის დედამთილი იყო, ერთად ვცხოვრობდით ერთხანს. თქვენ წარმოგიდგენიათ გურული ქალი, რომელიც ხმას არ აუწევს? ასეთი იყო დედა, მშვიდი, გაწონასწორებული, ასეთი მაგალითი მქონდა და მეც ასეთი ოჯახი მაქვს.

– ცნობილია, რომ გქონდათ ურთიერთობა ლეგენდარულ “აბბას” ხელმძღვანელთან – ანდერსონთან, ასევე გყავდათ შვედი იმპრესარიო. მათზეც მიამბეთ.

– შვედეთში გვქონდა კონცერტები. “აბბას” ხელმძღვანელი და მომღერალი ანდერსონი ესწრებოდა თურმე ჩვენს გამოსვლას. ერთ დილასაც სასტუმროში მირეკავენ და მეუბნებიან, თუ შეიძლება, ჩამობრძანდით, თქვენთან ძალიან საპატიო სტუმარია მოსულიო. ჩავედი, ვხედავ – ანდერსონი ორი დიდი ყუთით, ერთში იყო შამპანიურები, მეორეში – მათი ჩანაწერები. გვითხრა, თქვენს კონცერტებს დავესწარი, მოხიბლული ვარ თქვენი ხმებით, შესრულებით, ხომ არ გაქვთ სურვილი, კონტრაქტი გავაფორმოთ, ჩვენს სტუდიაში ჩავწეროთ თქვენი სიმღერები და კონცერტები ჩაატაროთო.

რა თქმა უნდა, სიხარულით დავეთანხმეთ, რომელი გიჟი იტყოდა ასეთ შეთავაზებაზე უარს?! დავგეგმეთ ყველაფერი, ჩავწერეთ შვედეთში “აბბას” სტუდიაში ჩვენი სიმღერები და 32 კონცერტიც ჩავატარეთ. გამოსამშვიდობებელ ბანკეტზე ვართ ჩვენ, 12 ქართველი, 40 შვედი, ვთამადობ სუფრას, ვხედავ, ანდერსონი ტირის, ცრემლები ღვარად ჩამოსდის.

დავდგი ჭიქა და ვეუბნები: “წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, “აბბას” შეხვდები, მის სტუდიაში სიმღერებს ჩაწერ, ერთად იქეიფებთ, დამეგობრდებით, ვიფიქრებდი, ეს ალბათ ჭკუაზე არ არის და ზღაპრებს მიყვება-მეთქი, თქვენს სიმღერებზე ვტიროდით, ახლა ჩვენ ვმღერით და თქვენ ტირით, რა ხდება, მეგობარო?”.

მიპასუხა, ჩვენ რომ ვმღეროდით, მაშინ არ გიცნობდით, ახლა კი თქვენი მოსმენის შემდეგ, თუ კაცს ნამუსი აქვს, არ უნდა იმღეროსო.

აი, ჩვენი შვედი იმპრესარიოს ამბავი კი კიდევ უფრო უცნაური იყო. უშუქობის პერიოდში, 90-იან წლებში, რეპეტიციებს ვატარებდით “საქენერგოს” შენობაში. არსად რომ არ იყო შუქი, იქ არასდროს ითიშებოდა. ერთ დღესაც ოთახში შემოდის ვიღაც აჩეჩილდაჩეჩილი კაცი, პუდელის ვარცხნილობით, ქალთან ერთად და კითხულობს: თქვენ ხართ “თბილისი”?

გაირკვა, რომ ის იყო შვედი ინჟინერი, რომელიც “ვოლვოს” ქარხანაში მუშაობდა წამყვან სპეციალისტად. თურმე შვედეთში, ქალაქ გეტებორგში, დასწრებია ჩვენს კონცერტს. ისეთი შოკი მივიღე, სამი ღამე არ მეძინაო, შემდეგ გავიგე, მეზობელ ქალაქში გქონდათ კონცერტი და იქ ჩამოვედი, რომ გამეგო, ეს შოკი შემთხვევითი იყო თუ არაო. პირიქით, უფრო გამიძლიერდა, მოვძებნე რუკაზე თქვენი სამშობლო და ჩამოვედიო.

მოკლედ, მოვატარეთ საქართველო, ვასვით, ვაქეიფეთ ქართულად, მოვილაპარაკეთ და გავუშვით.

შვედეთში ჩასულებს ორი სამარშრუტო მანქანით დაგვხვდა. ერთი ღვინის ბოცებით და ლუდით იყო სავსე, თქვენ ისე მაქეიფეთ, მეც მინდა პატივი გცეთო. რა თქმა უნდა, კონცერტების განმავლობაში არ დაგვილევია, ისე კი, იცოცხლე, ვქეიფობდით, ხშირად აწყობდა 50 კაციან სუფრებს. ერთ ბანკეტზე კი თავად “ვოლვოს” დირექტორი მოვიდა და გვითხრა, რა უქენით ასეთი, სამსახური მიატოვა და თქვენ გარდა არავინ უნდაო.

ერთხელ ჩამოსული იყო. ჯერ ისევ გაჭირვების ხანაა, ოჯახებიდან ნივთებს რომ ყიდიან, ისეთი, ხანჯალი იყიდა ვერცხლის, გაგიჟდა, ისე მოეწონა და მთხოვა, ერთიც მიშოვე, ჩემი მეგობრისთვის მინდაო. მივიყვანე ერთ ოჯახში, დაათვალიერა, ამოიღო 700 დოლარი, გადასცა პატრონს და უთხრა, ეს ხანჯალი ამ ოჯახში დაიტოვეთ, ჩათვალეთ, რომ ჩემმა შვილიშვილმა გაჩუქათო. ის მიხვდა, რომ ოჯახი ასეთ ძვირფას ნივთს გაჭირვების გამო იმეტებდა.

როცა ჩვენი ანსამბლის წევრი ნუგზარ აფხაიძე მოულოდნელად გარდაიცვალა, შვედმა დამირეკა და მკითხა, მაქვს თუ არა უფლება, რომ ჩამოვიდე და თქვენთან ერთად ვიყოო. რა თქმა უნდა, ჩამოვიდა და ორი კონვერტი გადმომცა ფულით, ერთი – ჩემგან და მეორე თქვენმა ფანებმა შეუგროვეს ნუგზარის ოჯახსო.

ქელეხის შემდეგ, გვიან, სასაფლაოზე ისევ ავედით. ღამდებოდა, რამდენიმე მანქანით ვიყავით. იქვე ახალგაზრდა ბიჭი იყო ახალი დაკრძალული, იქაც მეგობრები მოვიდნენ, ბევრი შევგროვდით, ჭიქა წავუქციეთ და ისე ვესაუბრებოდით, თითქოს თვითონაც ჩვენ გვერდით იყო. გვიყურა, ამოიღო ტელეფონი, დარეკა შვედეთში და ასე უთხრა, ეს რა ვნახე საქართველოში, აქ სიკვდილი არ არის, აქ მუდამ ცოცხლები რჩებიან, რადგან ერთმანეთი ასე უყვართ და ერთმანეთს სიკვდილის შემდეგაც არ ტოვებენო.

მე ასეთ საქართველოში ვიცხოვრე. მინდა ჩვენმა მომავალმაც ასეთ საქართველოში იცხოვროს, რომ ერთმანეთის სიყვარული და გვერდით დგომა მარადიულად გაგრძელდეს.