რუსუდან მუმლაძე: “ჩემი და ზურა ლალიაშვილის ურთიერთობა ცოლქმრობაზე მეტია”

რუსუდან მუმლაძე: "ჩემი და ზურა ლალიაშვილის ურთიერთობა ცოლქმრობაზე მეტია"ნანა კობახიძე, სარკე

ბავშვობიდან უყვარდა სარკე. ჩამოუვლიდა შინ ყველა სარკეს და შემოქმედებით განწყობას იქმნიდა. დედაშვილობანა და სახლობანა არასდროს უთამაშია. სარკის წინ ხან “გადაცემა” მიჰყავდა, ხანაც “კონცერტებზე” მღეროდა.

მუსიკა ცხოვრების მამოძრავებელ ძალად ექცა. მუდმივად მოქმედებაშია. თავს ზეაქტიურ ნატურად მიიჩნევს. მეგობრები ეუბნებიან, სადაც შეხვალ, სიცოცხლე შეგაქვსო. საჯარო სამსახურშიც კულტურის სფეროშია, ღონისძიებათა ორგანიზატორია – ცდილობს, ერთი ნიუანსიც არ გამორჩეს, ყველაფერი ფხიზლად აკონტროლოს.

რამდენიმე წლის წინ საზოგადოების მხრიდან მძაფრი ინტერესის ობიექტი გახდა, როცა თავისი ცხოვრება მუსიკოს ზურაბ ლალიაშვილს, მუსიკოს მარინა ბერიძის ყოფილ ქმარს, დაუკავშირა.

როგორია მუსიკოსის, მომღერლისა და სიმღერების ავტორის, რუსუდან მუმლაძის, სახე სარკეში, უფრო ვრცლად ქვემოთ შეიტყობთ.

– ბავშვობაში ბედის ნებიერა იყავით. ახლაც ასეა?

– ღვთის წყალობას მუდმივად ვგრძნობ. ახლაც მომყვება მადლი, რომელიც ბავშვობაში პატრიარქისგან მივიღე. 5 წლიდან 12 წლამდე, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, საღვთო დღესასწაულებზე ქადაგების შემდეგ ამბიონზე ვგალობდი. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობაც შემხვდა, მაგრამ ყველა რთულ მომენტში უფლის თანადგომას ვგრძნობდი, სიტუაციიდან გამოვყავდი. ამისთვის მადლიერი ვარ.

– თავდაჯერება შეძენილია თუ თანდაყოლილი თქვენთვის?

– ალბათ თანდაყოლილია. ბავშვობაში ჩემი დებიუტი ეთერ ჭელიძის შემოქმედებით საღამოზე, ფილარმონიის სცენაზე შედგა, 3 წლისაც არ ვიყავი მაშინ. დედაჩემს ეშინოდა, არ იტიროს, დედა არ მოითხოვოსო, მაგრამ თამამად ვიმღერე. პირველი სიმღერა 8 წლისამ დავწერე.

– თქვენი აზრით, ქალის წარმატებისთვის კიდევ რა არის საჭირო?

– ყისმათი. მიყვარს ეს სიტყვა. რაც უნდა თავდაჯერებული იყო, თუ საჭირო დროს არ აღმოჩნდები საჭირო ადგილას, არაფერი გამოვა. ამ კუთხით რაღაც ეტაპზე მეც გამიმართლა. დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, წრეს, ოჯახს. დედა მუსიკოსია და მას ვუმადლი, ამ მიმართულებით რომ წავედი. შემდგომ თავად გავიკვალე გზა.

ზურას (ზურაბ ლალიაშვილი – მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერებისა და არანჟირებების ავტორი. ნ.კ.) გვერდითაც მეტად გავაქტიურდი, ერთმანეთის პარტნიორები ვართ საქმეშიც, ცხოვრებაშიც. ჩვენი ურთიერთობა ცოლქმრობაზე მეტია.

22 ივნისს ზურას შემოქმედებითი საღამო გავმართეთ, ჩვენი მუსიკალური ტანდემი მაყურებლის წინაშე წარდგა. ზურა თავის სიმღერებს უკრავდა, მე ვასრულებდი. ცნობილი მომღერლებიც მონაწილეობდნენ.

მიუხედავად საერთო მსოფლმხედველობისა და გემოვნებისა, მე და ზურა ხასიათით რადიკალურად განვსხვავდებით: მე მიყვარს გამოჩენა, ბევრი ხალხისკენ ლტოლვა, ეპიცენტრში დგომა, უნდა ავაბობოქრო ყველაფერი. ზურას კი – პირიქით, უყვარს სიმშვიდე, კულისების მიღმა ყოფნა. მე არ ვჩერდები. მიზანს თუ დავისახავ, ვასრულებ, ოღონდ დიდი შრომის და თავდადების ფასად.

საქმეში პედანტური ხასიათიც მეხმარება. ვცდილობ, ერთი დეტალიც არ გამომრჩეს. ბოლომდე ვაკონტროლებ და სიღრმიდან ვაფასებ. ცენტრში უნდა ვიდგე და ვაკონტროლო ირგვლივ ყველაფერი, სიტუაციას ვფლობდე – საქმეშიც და ურთიერთობებშიც.

– ოჯახში როგორი ხართ?

– ოჯახის წევრებისთვის ძალიან მზრუნველი ვარ და მათგანაც ვგრძნობ მხარდაჭერას, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვეყრდნობი. ზოგი სხვაზეა მინდობილი. მე კი მირჩევნია, სხვა იყოს ჩემზე მონდობილი, მე ვუპატრონო.

– ქმართან გაყრის შემდეგ თქვენს დედისერთას, მოზარდ ბიჭს, მეტწილად მარტო ზრდიდით. როგორ აბალანსებდით ურთიერთობას?

– ჩემი შვილი, კაკი, 7 წლის იყო, ქმარს რომ გავცილდი. შემდეგ მამა გარდამეცვალა და ოჯახური პასუხისმგებლობის აღება მომიწია – დედის და შვილის პატრონი ვიყავი. მოგეხსენებათ, ბიჭის გაზრდა როგორი რთულია. ამაში ჩემი მებრძოლი ხასიათი დამეხმარა, სულ ვაკონტროლებდი, არ გამომრჩებოდა არც ერთი დეტალი. ვიყავი მომთხოვნი და პრინციპული. გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო და რაც არ შემეძლო – ვიყავი მისთვის გზის გამკვლევი, მრჩეველი, მეგობარი…

დედაჩემმაც დიდი როლი შეასრულა მის მორალურ განვითარებაში. ძალიან ვამაყობ, რომ, ღვთის წყალობით, კაკი ჭკვიან და საღად მოაზროვნე ახალგაზრდად ჩამოყალიბდა. დაამთავრა “ჯიპას” საჯარო მმართველობის ფაკულტეტი, ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრატურასაც ამთავრებს, თან მუშაობს.

მიხარია, რომ ჩემი გენი გამოჰყვა. ჰარმონიული მუსიკალური სმენა აქვს და კარგადაც მღერის. ბავშვობიდან ხალხურ ანსამბლ “ბიჭებში” მღეროდა და კლასიკური გიტარის კლასიც გაიარა.

– როდის იგრძენით თქვენში ქალური ალღო და რამდენად ეყრდნობით ინტუიციას?

– ინტუიცია მეხმარება, იქით წავიდე, სადაც საჭიროა. უდარდელი ბავშვობა მქონდა. დედის მზრუნველობით გავიზარდე, არაფრის კეთება არ მიწევდა. თავაუღებლად ვმეცადინეობდი. 18 წლისა გავთხოვდი, დამოუკიდებლობა 21 წლისამ შევიგრძენი. წინააღმდეგობას რომ წავაწყდი, მაშინ ვიგრძენი ჩემში ქალური ალღო.

– თქვენი აზრით, ქალური ხიბლი რაშია, რა ალამაზებს ქალს?

– პირველ რიგში, ღირსება – ვგულისხმობ სიმყარეს, საიმედოობას, ერთგულებას, გულწრფელობას. აქედან იწყება ქალის სილამაზეც. ძალიან ვაფასებ, როცა ადამიანები ერთმანეთისთვის საიმედო დასაყრდენები არიან.

ქალური ხიბლისთვის მნიშვნელოვანია ასევე გარეგნობა და თავის მოვლაც. თავს ზომიერად ვუვლი. თუ ასაკი მოიტანს, პლასტიკურ ქირურგიაზე უარს არ ვიტყვი და არც დავმალავ. გახსნილი ადამიანი ვარ. “რა მაქვს დასამალი!” – მიყვარს ეს ფრაზა. კარგი იყო თუ ცუდი, ეს ჩემი ცხოვრებაა და ამიტომ არაფერს ვმალავ.

– განწყობას აქვს მნიშვნელობა თქვენი შემოქმედებისთვის?

– სიმღერას რომ ვიწყებ, ჩემთვის იქ მთავრდება ყველაფერი. მუსიკის გარეშე არ ვარსებობ. სანამ სიმღერას შევძლებ, არ დავბერდები.

– როგორია ქალი, რომელიც სარკიდან გიყურებთ?

– მიყვარს ღიმილი. სარკეში ჩემს თავს ვუღიმი, მსურს, ამით ღიმილი ავკრიფო და გარეთ გასვლისას პოზიტივი გადავდო სხვებს. მუსიკაში რომანტიკული ვარ, ცხოვრებაში – რეალისტი, მიწაზე მყარად ვდგავარ. ხასიათის დამალვას არასდროს ვცდილობ, არც ვთამაშობ. რაც ვარ, ეს ვარ. პირდაპირ გეტყვით, რა მომეწონა ან არ მომეწონა. იმავეს მივიღებ სხვისგანაც. არასოდეს მწყინს, პირდაპირ თუ მეუბნებიან.

დაგიშავებ რამეს? არ გეტყვი, რომ მე არ გამიკეთებია, სხვას არ გადავაბრალებ, თუმცა უსამართლოდ არაფერს დაგიშავებ. მიყვარს კონტაქტები, მხიბლავს ეს პროცესი, უცხო ადამიანებთანაც უცებ ავაწყობ ურთიერთობას… სიყალბე არ მჩვევია. ავი ვარ თუ კარგი, ცუდს ვიტყვი თუ კარგს – ის ყალბი არ იქნება.

– ღიმილიანი ქალი, საინტერესოა, რა ფორმით გამოხატავთ გაბრაზებას.

– ოო, გაბრაზება ძალიან ვიცი! მეტისმეტად ემოციური ვარ, ფეთქებადი ხასიათი მაქვს. ბუნებით სამართლიანი ვარ. შემიძლია ქუჩაში უცნობ ადამიანს გამოვექომაგო. მქონია ასეთი შემთხვევები და გამიმარჯვია. გამორიცხულია, დაუმსახურებლად დავჩაგრო ვინმე, ამიტომ სინანულის გრძნობაც იშვიათად მაქვს.

ბობოქარი ხასიათის პარალელურად, ძალიან გულჩვილიც ვარ. ერთხელ ქუჩაში ასეთ სცენას შევესწარი: კონტროლიორი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა მოხუც ქალს, რომელსაც ავტობუსის ბილეთი არ აღმოაჩნდა. იმ კონტროლიორს კუდით ქვა ვასროლინე.

– როდესაც სიტუაციიდან გამარჯვებული გამოდიხართ, დამარცხებულის მიმართ თქვენი დამოკიდებულება როგორია?

– გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ცხოვრება ბრძოლაა. ვინმე თუ შემეხება, გულხელდაკრეფილი არ დავრჩები, თავს დავიცავ, მაგრამ უსამართლოდ არავის დავჩაგრავ, გამორიცხულია! არასდროს დავჩაგრავ წაგებულ ადამიანს, შემიძლია წამოვაყენო კიდეც, თუ ამის საშუალებას მომცემს, თუ მისგან ცოტაოდენ სინანულს დავინახავ.

შეიძლება დავამარცხო, შეიძლება დამამარცხონ – ესაა ცხოვრება. ღირსეულად მივიღებ მარცხსაც, მთავარია, სამართლიანად იყოს.

– არც შინაგანი წინააღმდეგობა იქნება თქვენთვის უცხო, ალბათ თქვენს მეორე “მე”-სთანაც გიწევთ ბრძოლა.

– რა თქმა უნდა. ვცდილობ, საკუთარ თავში რაღაცები გამოვასწორო. ჩემი პირდაპირობის გამო სიხისტე დამჩემდა, დიპლომატია არ გამაჩნდა, ახლა კი ვისწავლე. ადრე ძალაუნებურად მიწყენინებია ადამიანისთვის, ახლა ვცდილობ, ფრთხილი ვიყო. ბევრი რამ საკუთარ თავზეც გამოვცადე და ამან მიმახვედრა. წლებმა მოიტანა, რომ ეს შევძელი.

– როცა გულს გტკენენ, როგორ რეაგირებთ?

– ჩემი გულისტკენა ადვილი არ არის. შეურაცხყოფას მაშინვე ვუპასუხებ, თანაც საკმაოდ მწარედ. გულში ჩადება და ტირილი არ მჩვევია. შემიძლია ერთი წინადადებითაც მოვსვა ადგილზე. ცინიკურ ხალხთან შეუვალი ვარ. გამორიცხულია, თავად დავცინო ვინმეს. თუ ადამიანი ჩემს დამცირებას და განადგურებას ცდილობს, მეც ვუპასუხებ ჩემი საქციელით, თუმცა მსგავსი რამ იშვიათად ხდება.

– როგორც ამბობენ, ყველას თავისი სიმართლე აქვს და მხოლოდ უფალმა იცის, ჭეშმარიტება რაშია. პირდაპირ გკითხავთ: თავს საბედისწერო ქალად მიიჩნევთ?

– ჩემს ცხოვრებაში ყოფილა საბედისწერო მომენტები, ცუდიც და კარგიც… ბედისწერა არ გვეკითხება, მოვლენები ზოგჯერ ჩვენდაუნებურად ვითარდება, თუმცა არ მჩვევია სიტუაციისა და გრძნობების მიშვება, ვცდილობ, ვაკონტროლო.

– ბალზაკი ამბობს “შაგრენის ტყავში”, ქალს სიყვარულში საკუთარი თავი უყვარსო. რა უმჯობესია თქვენთვის – გიყვარდეთ თუ უყვარდეთ?

– კომფორტულად რომ ვიგრძნო თავი, უნდა ვუყვარდე… ბავშვობიდან ასე ვიყავი – არასოდეს შემიყვარდებოდა პირველს. მას თუ ვუყვარდი და მეც მომწონდა, ვპასუხობდი. რომ გავცე, უნდა ვუყვარდე. შეიძლება ეს სიამაყეა. სიყვარულში ინიციატორი არ ვყოფილვარ.

– ხანდაზმულ ასაკში საკუთარი თავი როგორ წარმოგიდგენიათ და, თქვენი აზრით, საიდან იწყება სიბერე?

– ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ალბათ ნელა დავბერდები, სიბობოქრე და ქარიზმა გამყვება, თვალები დამიბერდება ყველაზე ბოლოს. ფიზიკური სიბერე კანონზომიერია, შინაგან ასაკს კი ადამიანი თავადვე მართავს ურთიერთობებით, პოზიტივით, ღიმილით და ჩაცმის სტილითაც.

– ფერთა პალიტრიდან რომელ ფერს მიუსადაგებთ თქვენს ნატურას?

– ჩემი ხასიათი შაბიამნისფერია. ამ ფერზე ვგიჟდები, ბავშვობიდან ვიხდენდი. ვერ ვიხდენ სტაფილოსფერს, რძისფერს. მქრქალი, გაცრეცილი ფერები ჩემი არ არის, ვინაიდან სიმშვიდე მოაქვთ. არ მიყვარს სიჩუმე, სიბნელე, მკრთალი განათება. უნდა იყოს ხმაური და ყველაფერი გაჩახჩახებული. ვფიქრობ, ზეაქტიური ვარ.

– სარკის წინ მომზადებას რა დროს ანდომებთ?

– ყოველდღიურად ნაკლებად ვიპრანჭები, მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ. მეტ დროს ვუთმობ ტანსაცმლის შერჩევას. სამოსს წინასწარ მხოლოდ კონცერტის შემთხვევაში ვგეგმავ. ასაკთან ერთად მკვეთრი ტუჩსაცხი მოვიხდინე. ზოგჯერ არაფერს ვისვამ, გავიღიმებ და მორჩა – ღიმილით ვიქმნი პოზიტიურ განწყობას.

– სახლში თქვენი ჩვეული ფორმა როგორია?

– სახლში თხელ სამოსს ვიცვამ, რაშიც კომფორტულად ვიგრძნობ თავს. არ ვიპრანჭები. როგორც კი გარედან შემოვდივარ, ვიხსნი სამკაულებს, ყველაფრისგან უნდა გავთავისუფლდე. ყოველდღიურად ბევრ სამკაულს არც ვიყენებ. შეიძლება ერთი ბეჭედი გავიკეთო. საყურე და საათი ჩემთვის აუცილებელი აქსესუარებია. სცენისთვის კი სხვა სტილის სამოსს და სამკაულებს ვარჩევ.

– ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ?

– შეძლებისდაგვარად დავდივარ სატრენაჟორო დარბაზში, ვვარჯიშობ. წონას ვაკონტროლებ, ყველაფერს ვჭამ ზომიერად. წლების წინ ვეწეოდი. დიდი ხანია, ეს მავნე ჩვევაც მოვიშორე. რასაც ვერ ველევი, ეს რუჯია, ზომას არ ვიცავ, შუადღის მზეზეც ვირუჯები. იმედია, ამ მავნე ჩვევასაც გადავლახავ.

– დაბოლოს, სილამაზის თქვენი რაიმე ერთი რეცეპტიც გაგვიმხილეთ, რასაც ხშირად იყენებთ.

– ვსვამ დიდი რაოდენობით წყალს. ეფექტურია ჯანჯაფილის (იმბირის) ნაყენი, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, წვავს ცხიმებს. ჯანჯაფილი იყიდება როგორც შეფუთული, ასევე ნედლი. შეფუთვის ნახევარს დაასხით 1 ლიტრი ანადუღარი, გაგრილებული წყალი, დაუმატეთ ნახევარი ლიმონი – გახეხილი ან ჩააწურეთ და ჩააგდეთ კანიანად, ასევე დაუმატეთ ნედლი პიტნის ერთი ღერო, 1 ჩაის კოვზი თაფლი. ნაყენი საღამოს მოამზადეთ და მეორე დილიდანვე შეუდექით დალევას, დღის განმავლობაში – 1 ლიტრი. შეგიძლიათ ეს ნაყენი 2 კვირა მიიღოთ, შემდეგ რამდენიმე დღე შეისვენოთ… ორგანიზმზეა დამოკიდებული, როგორ შეითვისებს. არაჩვეულებრივია, ძალიან დამეხმარა.