რატომ გახდა გოგი გეგეჭკორის და ნათელა ურუშაძის ვაჟი მინისტრის მრჩეველი

რატომ გახდა გოგი გეგეჭკორის და ნათელა ურუშაძის ვაჟი მინისტრის მრჩეველიია ქუთათელაძე, სარკე

ქართველ მეფეთა პორტრეტების შემქმნელის, ცნობილი მხატვრის, გიორგი გეგეჭკორისთვის, რუსთაველის თეატრი მშობლიური სახლი იყო. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან მამა ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მსახიობი, გოგი გეგეჭკორი გახლდათ, ხოლო დედა – აღიარებული თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე.

ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. დედამ ამ პროფესიის ანბანის დასაუფლებლად ქალბატონ ელენე ახვლედიანთან მიიყვანა. დიდ მხატვარს მოსწონდა ნიჭიერი ყმაწვილი და მეგობრობდა კიდეც მასთან. ერთხელ კი, როცა თბილისურ პეიზაჟს ხატავდა, გიორგის სთხოვა, ცხენები არ გამომდის კარგად და მოდი, აბა, შენ დამიხატეო. იმდენად მოეწონა მისი ჩახატული ცხენები, უცვლელად დატოვა და დღეს გიორგი ძალიან ბედნიერია, რომ ამ საოცარი ხელოვანის შექმნილ ტილოზე მისი ფუნჯის მონასმევიც არის.

7 წელია, რაც გიორგი გეგეჭკორი საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩეველია. ამ ხნის განმავლობაში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა. ბოლო 2 წელი კი პარალელურად თეატრალურ მოღვაწეთა კავშირს უძღვება.

– ბატონო გიორგი, მხატვრის პროფესია უსაზღვრო თავისუფლებასთან ასოცირდება, სახელმწიფო სამსახური კი ადამიანს გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს. რატომ გადაწყვიტეთ სახელმწიფო სამსახურში შესვლა?

– ნაციონალური ხელისუფლების მმართველობის სტილი ჩემთვის და ჩემი თანამოაზრეებისთვის მიუღებელი იყო, ამიტომ 2011 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარშემო გავერთიანდით.

ბევრი ნაცნობი და ახლობელი გადადგა გვერდზე, ზოგი სალმის მოცემასაც თავს არიდებდა. 2012 წლის არჩევნებმა გამარჯვება მოგვიტანა და კულტურის მინისტრის მრჩევლის პოსტი შემომთავაზეს. დავთანხმდი. ასე თუ ისე, კარგად ვიცნობდი სახელოვნებო სფეროებს და ვიცოდი, სარგებლობის მოტანა შემეძლო. ასე დაიწყო ჩემი სახელმწიფო სამსახური და დღესაც გრძელდება.

– რა მნიშვნელოვან ღონისძიებებში მიიღეთ მონაწილეობა და რას თვლით განსაკუთრებულ მიღწევად?

– მე მხატვარი ვარ და ჩემთვის ყველაზე მტკივნეული იყო სამხატვრო აკადემიის სავალალო მდგომარეობა. ეს უნიკალური შენობა ფაქტობრივად დანგრევის პირას იყო, საძირკვლიდან სახურავამდე დაზიანებული, ავარიული. სწავლა უსაფრთხო არ იყო. სწავლის პროცესიც არ იყო სათანადო დონეზე და განათლების კერა ხელიდან გვეცლებოდა. საბჭოთა კავშირში სულ სამი სამხატვრო აკადემია იყო და მათ შორის უძველესია თბილისის. როცა ის დაარსდა, მაშინ მოსკოვში არ არსებობდა.

საკავშირო კულტურის მინისტრ ეკატერინე ფურცევას ხრუშჩოვისგან დავალება მისცეს, რადგან მოსკოვში არ არის სამხატვრო აკადემია, თბილისშიც დაიხუროსო. ეს გადაწყვეტილება აკადემიის ხელმძღვანელებს შეატყობინეს. მაშინდელი რექტორი, აპოლონ ქუთათელაძე, რამდენიმე გავლენიან მხატვართან ერთად ხრუშჩოვთან, კრემლში მივიდა. მხოლოდ ბატონი აპოლონი მიიღო ხრუშჩოვმა, დანარჩენები მისაღებში ელოდებოდნენ.

აპოლონი 2 საათის შემდეგ გამოვიდა გენსეკ-ის კაბინეტიდან ხრუშჩოვის თანხლებით. ნიკიტა ქართველ რექტორს გადაეხვია, დაბრუნდით საქართველოში, დახურვის საფრთხე არ გემუქრებათ, პირიქით, ახალი კორპუსის ასაშენებელ ბრძანებასაც მოვაყოლებ და რაიმე შეფერხება თუ გექნებათ, მე დამიკავშირდითო.

აი, ასეთი რუდუნებით და თავგანწირვით შენარჩუნებული აკადემია გვენგრეოდა თავზე. პირველი, რაც გავაკეთე, ჩემი პერსონალური გამოფენა გავმართე აკადემიის შენობაში და ახალდანიშნული მთავრობიდან ყველა პასუხისმგებელი პირი მოვიწვიე. მინდოდა, საკუთარი თვალით ენახათ, რა მდგომარეობა იყო აკადემიაში. ჩემმა ხერხმა გაჭრა და პირველი დაპირებებიც მივიღე. შემდეგ კულტურის სამინისტრო ჩაერია და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს განახლებულ სამხატვრო აკადემიაში უწევთ სწავლა.

ყველაზე ემოციური თბილისის ოპერის თეატრის ფარდის აღდგენა იყო, რომელიც უდიდესმა მხატვარმა, სერგო ქობულაძემ მოხატა და შემდეგ ხანძარმა შთანთქა.

კულტურის იმჟამინდელმა მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, გადაწყვიტა, ფარდა აღდგენილიყო. ამ საქმეს დიდი სიხარულით ჩავუდექი სათავეში. მოვიწვიე სერგო ქობულაძის მოწაფეები, ცნობილი მხატვრები – თემო გოცაძე, რადიშ თორდია, მურაზ მურვანიძე, თაზო ხუციშვილი. განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლებოდა მსგავსი ფარდის გაკეთება. ქობულაძე 9 თვე ხატავდა იმ ძველ ფარდას მხოლოდ მისთვის ცნობილი მრავალშრიანი ფერწერის ტექნოლოგიით, ამის გამეორება კი არავის შეეძლო.

ალბათ ყველა უიმედოდ ჩათვლიდა ამ საქმეს, მაგრამ მიშა გიორგაძე შეუპოვარი ხასიათისაა და მითხრა, გიორგი, ყველანაირად ეცადე, შეუძლებელია, რაიმე ტექნოლოგია არ არსებობდესო.

დავით საყვარელიძემ, რომელიც ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, მითხრა, არსებობს შვედურ-გერმანული ფირმა “გერეესი”, რომელსაც შემუშავებული აქვს ტილოზე ბეჭდვის (დაპრინტვის) ტექნოლოგია და აქვს ძალიან დიდი ზომის ბარაბნები, სადაც შეიძლება ჩვენი ფარდის გატარებაო.

მართლაც აღმოჩნდა, რომ შესაძლებელი იყო, ამ კომპანიაში განგვეხორციელებინა ჩვენი ოცნება. საჭირო იყო მაღალი ხარისხის რეზოლუცია (მოხატულობის ელექტრონული ვერსია). ერთადერთი ნიმუში, რომელიც ხელოვნების სასახლეში არსებობდა, უხარისხო იყო. გიორგი კალანდიამ ივაჟკაცა და ბევრი ძებნის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ტატიშვილის ოჯახში, რომელიც სერგო ქობულაძის ასისტენტი იყო, ინახებოდა ესკიზი ქობულაძის ფარდისთვის.

აკადემიაში შეიქმნა ჯგუფი პროფესორ ნანა იაშვილისა და მისი სტუდენტების მონაწილეობით და შესაბამისი რეზოლუცია ორ თვეში დამზადდა. შემდეგ მე, ოპერის დირექტორი ალეკო მოწონელიძე და ქალბატონი ნანა იაშვილი ჩავფრინდით ბერლინში, სადაც “გერეესის” წარმომადგენელი დაგვხვდა.

23 ნოემბერი იყო, ჩემი დაბადების დღე. მასპინძელმა ეს რომ გაიგო, რაიხსტაგში წაგვიყვანა. იქ შესვლა კი იმდენად წარმოუდგენელია, 2-3 თვით ადრე უნდა გააკეთო განაცხადი. დაგვათვალიერებინა გერმანიის პარლამენტი და ბოლოს აგვიყვანა გუმბათში, რესტორანში, რომელიც ზუსტად იმ ნაწილში მდებარეობს, სადაც მელიტონ ქანთარიამ გამარჯვების დროშა დაარჭო.

შეკვეთა ძალიან სწრაფად შეგვისრულეს და 11 დეკემბერს ფარდა თბილისში ჩამოვიდა. მინისტრი მეორე დღეს აპირებდა მოსვლას ოპერაში და მისი თანდასწრებით უნდა გაგვეხსნა შეფუთული გზავნილი. რა მომათმენინებდა! იქნებ ადოლფ ჰიტლერის სურათი გამომიგზავნეს, ახლავე უნდა ვნახო-მეთქი. გავხსენი… ეს იყო სიტყვებით გამოუთქმელი წუთები!

მოგეხსენებათ, ოპერის თეატრის რემონტი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა ფონდმა “ქართუმ” განახორციელა. ბოლო აკორდი, რამაც დასრულებული სახე მისცა მთელ ამ შენობას და რომანტიკულ საბურველში გახვია, იყო კულტურის სამინისტროს მიერ აღდგენილი ფარდა. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესის შუაგულში ვიყავი.

– თქვენ ხართ თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე. ამის შესახებაც მოგვიყევით.

– თეატრალური საზოგადოება უძველესია საქართველოში არსებულ საზოგადოებათა შორის. იგი 1881 წელს ილია ჭავჭავაძემ დააარსა. ამას წინ უძღოდა წესდების შემუშავება, რომელიც 1880 წელს შექმნა ნიკო ნიკოლაძემ და ხელმწიფე-იმპერატორთან გააგზავნა ხელმოსაწერად. იმპერატორი ერთი წელი არ აწერდა ხელს, რადგან იცოდა, რა ძლიერი იარაღი იქნებოდა ასეთი საზოგადოება იმპერიასთან საბრძოლველად. ბოლოს მაინც მოაწერა ხელი და 1881 წლის 18 იანვარი, დამფუძნებელი კრების შეკრების დრო, გახდა ამ საზოგადოების დაბადების თარიღი.

ილია ჭავჭავაძემ კარგად უწყოდა, რომ სცენიდან ნათქვამი ქართული სიტყვა ხანჯალზე უფრო ბასრი იარაღი იქნებოდა. თეატრს კი დაცვა სჭირდებოდა და ეს მისია ამ საზოგადოებას უნდა ეკისრა.

ყველაზე ეროვნული და დიდი საქმე იყო “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დადგენაზე მუშაობა. სათავადაზნაურო ბანკში შეკრებილ საზოგადოებას ქართულ-ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა ასულები ლანგრებით მოართმევდნენ სხვადასხვა დროს გამოცემულ “ვეფხისტყაოსნის” გამოცემებს და იწყებოდა მუშაობა.

იყო ასეთი ვინმე, შეძლებული მეწარმე გიორგი ქართველიშვილი, რომელიც ვანო მაჩაბელთან მივიდა და უთხრა, ფული მაქვს, მინდა, ქვეყნისთვის კარგი საქმე გავაკეთო და მირჩიეთ, რა ვქნაო. ივანემ უთხრა, ჩამოსულია მხატვარი მიხაილ ზიჩი, იგი ლერმონტოვის შემოქმედებაზე მუშაობს, გადაუხადეთ ფული და სთხოვეთ, “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციები დახატოსო.

სულ ორი კვირა იყო დრო. მხატვარმა მოითხოვა “ვეფხისტყაოსნის” გმირების სამოსში გამოწყობილი ცოცხალი სურათები დაედგათ და ასე პირდაპირ ნატურიდან დაეხატა ილუსტრაციები. რაც მოასწრო, საქართველოში დახატა, ხოლო დანარჩენი მეხსიერებით დახატა და გამოგზავნა.

2 წლის წინ, როცა კენჭისყრაში მონაწილეობა შემომთავაზეს, ბევრი არ მიფიქრია. მოგეხსენებათ, თეატრი უცხო არ იყო ჩემთვის, მშობლების პროფესიიდან გამომდინარე, ლამის თეატრში გავიზარდე. იყო პერიოდი, როცა აქ ვმუშაობდი კიდეც ბატონი გიგა ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობის დროს. მინდა გითხრათ, რომ მე და ჩემი მოადგილეები აქ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვმუშაობთ. ძალზე რთული მდგომარეობა დამხვდა, ეს უმდიდრესი ორგანიზაცია ფაქტობრივად განადგურებული იყო.

ბევრი რამ გავაკეთეთ. აღვადგინეთ მეგობრობის თეატრი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დავდეთ ხელშეკრულებები თეატრალური დასების გაცვლითი გასტროლების შესახებ. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ რეგიონულ თეატრებს. სამი რეგიონული ერთეული შევქმენით – გურია-სამეგრელოს, იმერეთის და ქართლ-კახეთის.

გვინდა, გაგვაკეთოთ ამ შენობის კაპიტალური რემონტი, რომ ყველა რაიონის თეატრმა წელიწადში ერთხელ თავისი საუკეთესო სპექტაკლი ჩამოიტანოს და დედაქალაქის მაყურებელს აჩვენოს. ასევე გვჭირდება და გავაკეთებთ სასტუმროს 10 ნომერს მაინც, რომ ფესტივალზე ან გასტროლზე ჩამოსულ მსახიობებს უფასოდ ჰქონდეთ კომფორტული გარემო. დახმარებაზე განაცხადი შეტანილია “ქართუ” ფონდში და იმედია, უყურადღებოდ არ დავრჩებით. ძალიან გვეხმარება ბიზნესასოციაცია.

– თქვენს შემოქმედებას დავუბრუნდეთ. როგორ შექმენით ქართველ მეფეთა ისტორიული პორტრეტების სერია და ახლა რაზე მუშაობთ?

– ისტორია ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის საგანი. ჩვენი ისტორია კი სხვა არაფერია, თუ არა მეფეთა ისტორია. ხშირად მიფიქრია, როგორები იყვნენ ჩვენი ლომგული წინაპრები, რა ეცვათ, როგორი მზერა ჰქონდათ… არადა მწირი მასალა არსებობდა, მხოლოდ ფრესკებზე შემორჩენილი ხატები. ქრისტიანულ მხატვრობას თავისი კანონიკა აქვს და სრულ სურათს ვერ იძლეოდა.

ბევრი რამის სწავლა მომიხდა. ძიება და ჩხრეკა არ დამზარებია. ჩვენი ისტორიკოსები მეხმარებოდნენ, განსაკუთრებით – ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე. ეპოქებს ვსწავლობდი, სამუზეუმო ექსპონატებს ვეცნობოდი. პირველად ერეკლე მეფე დავხატე. შემდეგ დაიბადა სხვა პორტრეტები – დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ლაშა-გიორგი, გიორგი ბრწყინვალე, ბაგრატ III და სხვები. ნამუშევართა უმრავლესობა საქართველოს პარლამენტის “მეფეთა დარბაზის” საკუთრებაა.

გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს იმერეთის გუბერნატორმა, თეიმურაზ შაშიაშვილმა, შემიკვეთა ბაგრატ III-ის პორტრეტი. სიცივესა და უშუქობაში დავხატე და ქუთაისში ჩავიტანე. საღამოს რამდენიმე მეგობარი და ეკლესიის მოძღვარი დავსხედით და დიდი მეფის შესანდობარი ავწიეთ. მოძღვარმა გვითხრა, ეს სურათი ისეთი ძალის და მადლის მატარებელია, ჩვენც გვიცავს და საკუთარ თავსაცო.

გამოხდა ხანი და ისეთი რაღაც მოხდა, მისი სიტყვები გამახსენდა. გამოფენა მქონდა თბილისში. რადგან სურათების უმეტესობა სხვადასხვა უწყების და გალერეის კუთვნილებაა, ვითხოვე და შევკრიბე. ქუთაისიდანაც ჩამოვიტანე ბაგრატ III-ის პორტრეტი. უკან დაბრუნების დროს წეროვანთან მანქანის სახურავზე დამაგრებული საბარგული მოწყდა და სურათიანად გადავარდა. მე და ჩემმა ნათესავმა პორტრეტი კი ვიპოვეთ, მაგრამ იმხელა იყო, არც ერთ მანქანაში მოთავსდებოდა.

ვდგავარ შუა ტრასაზე უიმედოდ და ვხედავ, მოდის “იკარუსი”, წარწერით “ქუთაისი”. გავაჩერე. ვეკითხები: “ქუთაისში მიდიხარ?”. “არა, ბათუმში”, – მპასუხობს. “აბა, ტრაფარეტზე ქუთაისი გიწერია”, – ვუთხარი. გაირკვა, რომ მის მეუღლეს სრულიად შემთხვევით მიუმაგრებია. შევიხედე ავტობუსში და სულ ოთხი სკამი იყო, დანარჩენი ამოღებული დამხვდა. იდეალური იყო სურათის გადასატანად. მოკლედ რომ გითხრათ, გამახსენდა მოძღვრის სიტყვები – დიდმა მეფემ თავად უპატრონა საკუთარ თავს!

ერთ დიდ პროექტზე ვმუშაობ. მინდა, “ვეფხისტყაოსნის” გმირების პორტრეტები ახლებურად დავხატო და, უფლის შეწევნით, ალბათ კეთილად დავასრულებ.