თბილისში ავარიაში დაღუპული კაცის შვილი 2 წლის შემდეგ დაიბადა – ,,ეს იყო შანსი, ქმრის თვალებში ისევ ჩამეხედა და მისი სისხლი და ხორცი გამეჩინა”

თბილისში ავარიაში დაღუპული კაცის შვილი 2 წლის შემდეგ დაიბადა - ,,ეს იყო შანსი, ქმრის თვალებში ისევ ჩამეხედა და მისი სისხლი და ხორცი გამეჩინა"თბილისში 2 წლის წინ გარდაცვლილი მამაკაცის შვილი დაიბადა. 36 წლის გიორგი ფიფიასთვის 2017 წლის 7 თებერვალი საბედისწერო აღმოჩნდა – ავტოკატასტროფაში მოყვა. მანქანით ჯერ გზის ნაპირზე მდგომ რკინის ბოძებს დაჯახა, შემდეგ – ხიდს. მისი სიცოცხლე იქ დასრულდა, მაგრამ დაახლოებით 2 წლის შემდეგ გაგრძელდა, ოღონდ სხვა ფორმით – ცოტა ხნის წინ გიორგი ფიფიას შვილი, მისი გოგონა დაიბადა.

გიორგი ფიფია და ნათია მესხია, 10 წლის დაქორწინებულები იყვნენ, ბავშვის ხელოვნური განაყოფიერების გზით გაჩენა რომ გადაწყვიტეს. ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორიაში წყვილისგან სხვადასხვა დროს ორი ემბრიონი მიიღეს. ექიმებმა გადაწყვიტეს, კიდევ ერთი ემბრიონი ჩაესახათ და დედის საშვილოსნოში სამი ემბრიონი გადაეტანათ. მალე ცოლ-ქმარს შვილით უნდა ეხარათ, მაგრამ საშინელი ტრაგედია დატრიალდა.

ნათია მესხიას მდგომარეობიდან გამოსასვლელად და იმისთვის, რომ სიცოცხლის გასაგრძელებლად მზად ყოფილიყო, წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა.  ექიმებმა გარდაცვლილი კაცისა და ქვრივად დარჩენილი ახალგაზრდა ქალის გენეტიკური მასალით მიღებული ემბრიონები გაყინეს. წელიწადზე მეტი დრო იყო გასული, როცა ისინი დედის საშვილოსნოში მოათავსეს. 9 თვეში კი პატარა მარიამი მოევლინა ქვეყანას. მის დაბადებაში ექიმმა მანანა ქოჩიაშვილმა დიდი როლი ითამაშა.

ნათია მესხიამ თავის დიდ სიყვარულზე, ტრაგედიასა და პატარა გოგონაზე გვიამბო, რომელმაც სიცოცხლის გაგრძელება შეაძლებინა:

– სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმას, რასაც ახლა განვიცდი… მე და ჩემი მეუღლე 10 წელი ვცხოვრობდით ერთად და უსაზღვროდ ბედნიერები ვიყავით. ერთადერთი, რაც გვაკლდა, ბავშვი იყო. 10 წლის განმავლობაში სად არ ვიყავით, რამდენ კლინიკას არ მივაკითხეთ, ვმკურნალობდით, მაგრამ უშედეგოდ.

ბოლოს მივმართეთ ექიმ რეპროდუქტოლოგ მანანა ქოჩიაშვილს, რომელმაც დეტალურად აგვიხსნა ყველაფერი, როგორი გზით შეგვეძლო შვილი გვყოლოდა. ჯერ ერთი ემბრიონი მივიღეთ, მერე – მეორე. მესამეც უნდა მიეღოთ, რომ სამი ემბრიონი გადაეტანათ. მის მისაღებად ვემზადებოდით და…

მეორე ემბრიონის მიღებიდან ერთ კვირაში საშინელება დაგვატყდა თავს… გარშემო ჩამობნელდა, ენით გამოუთქმელ ტკივილს ვგრძნობდი. ჩემი ერთადერთი იმედი სწორედ ის ემბრიონები იყო, რომლებიც შენახული გვქონდა. იმის იმედი მაცოცხლებდა, რომ შეიძლებოდა გიორგის შვილი მყოლოდა.

მარიამი ჩემი და გიორგის შეუღლებიდან მე-13 წელს გაჩნდა. ეს კი სწორედ მანანა ექიმის დამსახურებაა. არც კი ვიცი, მის მიმართ მადლიერება როგორ გამოვხატო. 2018 წლის ივლისში ორი ემბრიონი გადაიტანეს ჩემს საშვილოსნოში. ერთი გადარჩა და დაიბადა. ეს იყო ნამდვილი სასწაული, რომელიც ღმერთმა და მანანა ექიმმა მომივლინა.

მანამდე ძალიან რთული და გრძელი გზა გავიარე. მანანა ექიმთან და ენდოკრინოლოგ თამარ ხასაიასთან კლინიკაში რომ მივდიოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ძალიან ახლობლები, ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ და ცდილობდნენ, გადავერჩინე. წელიწადზე მეტი დამჭირდა სტრესიდან გამოსასვლელად.

– სიკვდილის მერე ქმრის შვილი გააჩინო, ეს მართლაც ზღაპრულ ამბავს ჰგავს. ალბათ ძალიან დიდი სიყვარული გაკავშირებდათ ერთმანეთთან.

– რა თქმა უნდა, ეს იყო დიდი სიყვარული. ეს იყო შანსი, რომ გიორგის თვალებში ისევ ჩამეხედა და მისი სისხლი და ხორცი გამეჩინა. ვიღაცას შეიძლება გაუკვირდეს ეს ამბავი, მაგრამ ვისაც უყვარს, ალბათ ნებისმიერი ასე მოიქცეოდა.

22 წლის ვიყავი, როცა შევუღლდით და 31 წლისას მთელი სამყარო თავზე დამემხო. უსაზღვროდ ბედნიერები ვიყავით და არასდროს დაგვიკარგავს იმედი, რომ შვილი გვეყოლებოდა.

ჩვენი საოცრება, მარიამი, 26 მარტს დაიბადა. ბუნებრივი მშობიარობით გავაჩინე. რომ მეკითხებოდნენ, ასეთი გადაწყვეტილება როგორ მიიღეო… დასაფიქრებელი არაფერი იყო, ეს იყო იმის გაგრძელება, რაც მე და გიორგის ერთად გვინდოდა.

თავიდანვე ვიცოდი, რომ შენახული ემბრიონით ბავშვის დაბადება უნდა მეცადა. ამან მომიყვანა აქამდე და თვალები გამახელინა. ამისთვის ძალა მჭირდებოდა და ფსიქოლოგიური მზაობა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო და პრობლემა არ შემქმნოდა. ოჯახი, ახლობლები, მეგობრები, ექიმები – ყველანი გვერდით მედგნენ. ექიმებთან 24 საათიანი ურთიერთობის რეჟიმში ვიყავი – ახლა როგორ ხართ, ეს არ გამოგვეპაროსო და ა.შ.

– ბავშვი მამას ჰგავს?

– კი, უფრო მამას ჰგავს, ვიდრე – მე. მთავარია, კარგი გოგო გაიზარდოს.

– მარტომ უნდა გაზარდოთ პატარა, უმამოდ. თქვენ მუშაობთ?

– ეს ისეთი საჩუქარია… გიორგი დაგვეხმარება იქიდან. კოლეჯში ვმუშაობ, ინგლისური ენის პედაგოგი ვარ.

– რა შეემთხვა თქვენს მეუღლეს?

– ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. ეს ტრაგედია 2017 წლის 7 თებერვალს დატრიალდა. ავარიის დროს მარტო იყო. სახლში მოდიოდა გვიან საღამოს. ხიდთან ბოძებს შეეჯახა, მერე ხიდსაც. დიდი რკინის ბოძები გადაღუნული იყო, რომ ვნახე. არავის ვურჩევ, ის გამოსცადოს, რაც მე გამოვიარე. ყველას ვურჩევ, ნელა იარონ.

– სწრაფად ატარებდა გიორგი მანქანას?

– სამწუხაროდ, სწრაფად ტარება ყველას უყვარს…

მარიამ ფიფია კლინიკა “კარაპს მედლაინში” ჩაისახა. ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა ქოჩიაშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილი მამაკაცის შვილის დაბადებამ იმხელა მადლი მოუტანა, რომ თავადაც გადაურჩა დიდ განსაცდელს.

მანანა ქოჩიაშვილი: მახსოვს, თავიდან ამ ბიჭის დედა მოვიდა ჩვენთან და მითხრა, შეშინებულები ვართ, რადგან გვითხრეს, რომ ჩვენს შვილს შვილი არ ეყოლებაო. გამოცდილი თურქი ემბრიოლოგი გვყავს და როდესაც სპერმა შეამოწმა, თქვა, ბავშვის ბუნებრივი გზით დაბადება გაჭირდება, მაგრამ ხელოვნური განაყოფიერებით ჩვეულებრივად მიიღებენ მათივე ბიოლოგიურ შვილსო.

რეზერვი რადგან არ იყო მაღალი, გადავწყვიტეთ, პაციენტი დაგვეზოგა და დაგროვებით მეთოდს მივმართეთ. პროცედურა სამ ნაწილად იყოფა. პირველად რომ მივიღებთ ემბრიონს, ვყინავთ. მერე ვასვენებთ ერთი თვე და მიღებულ ემბრიონს ისევ ვყინავთ. მესამე ემბრიონის მიღების შემდეგ დანარჩენს გამოვალღობთ და საშვილოსნოს ღრუში გადაგვაქვს. ამ შემთხვევაში ორი პროცედურით ორი ემბრიონი მივიღეთ. მესამე პროცედურაზე წყვილი აღარ გამოცხადდა. ვიფიქრეთ, ეკონომიკური პრობლემა იყო და იმიტომ არ მოვიდნენ.

ერთ დღეს ბიჭის მამა მოვიდა. მოსაცდელში იჯდა და ყველა პაციენტი გაატარა. ბოლოს შემოვიდა და გვითხრა, გიორგის მამა ვარ, დავიღუპეთ, ავარიით გარდაიცვალა და ახლა თქვენი იმედი გვაქვსო. იმდენად ცოტა ბიოლოგიური მასალა გვქონდა, არ გვინდოდა, ოქროს კოშკები აგვეშენებინა და ვცადეთ, ფსიქოლოგიურად შეგვემზადებინა, რომ ეს არ იყო 100%-იანი გარანტია იმისა, რომ მათი შვილიშვილი დაიბადებოდა. ერთი ემბრიონი საშუალო ხარისხის გვქონდა და მეორე – უმაღლესი ხარისხის.

იმ ბიჭის წლისთავი გავიდა. გოგო ფსიქოლოგიურად დათრგუნული იყო… მერე მოვიდა და თქვა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ბავშვი დაიბადოს და მაინც თუ არ გამოვა, ვიფიქრებ, რომ ეს ყველაფერი ღვთის ნება იყოო. ჩვენი პასუხისმგებლობაც ძალიან დიდი იყო. საუბარი არ იყო ცოცხალ ადამიანზე, საიდანაც კვლავ შეგვეძლო ბიოლოგიური მასალის აღება.

ნათიას თავიდან, სტრესის გამო, დაუკომპენსირებელი ჰორმონული სტატუსი ჰქონდა. ენდოკრინოლოგთან გადავამისამართეთ და ამ პროცესმა ნელ-ნელა დარეგულირება დაიწყო. ემბრიონი რომ გადავიტანეთ, გიორგის გარდაცვალებიდან წელიწადი და 8 თვე იყო გასული.

ნათიას ყველა სახის გამოკვლევა ჩავუტარეთ და ყველა მაჩვენებელი ძალიან კარგი ჰქონდა. ყველა ნიუანსის გათვალისწინება გვინდოდა. ჩვენს თურქ ემბრიოლოგსაც ვუთხარით, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო და ამ ემბრიონს ყველაზე ფაქიზად უნდა მოქცეოდა. ამის მერე ოქროსხელება ემბრიოლოგს ვეძახი. მე შეიძლება ყველაფერი ვიღონო, მაგრამ ემბრიონი თუ არ ვარგა, არაფერი გამოდის. მთელი გუნდი ძალიან ცდილობდა, ყველაფერი კარგად გამოსულიყო.

ემბრიონის გადატანიდან 12 დღეში ვაკეთებთ შემოწმებას, მაგრამ ნათიამ ვერ მოითმინა და 10 დღეში ჩვენთან დადებითი ტესტით ხელში მოვიდა. სიხარულისგან ტიროდა. რადგან დაორსულდა, ახლა ნაყოფის შენარჩუნებაზე უნდა გვეზრუნა, რადგან, მოგეხსენებათ, მსოფლიოში ძალიან არის გაზრდილი შეწყვეტილი ორსულობების რიცხვი. 3 თვე ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მერე გავუშვით სამეგრელოში.

5 თვის ორსული იყო, მცირე მენჯის ღრუში ზეწოლა რომ დაეწყო. ზუგდიდში მივიდა ექიმთან, რომელმაც უთხრა, ორსულობის შეწყვეტის საშიშროება გაქვსო. არც სახელი ვიცი იმ ექიმის და არც გვარი, მაგრამ მინდა, მადლობა ვუთხრა, რადგან დიაგნოზი სწორად დასვა. სასწრაფოდ ჩამოვიყვანეთ და კლინიკაში დავაწვინეთ. როცა გავწერეთ, კვირაში ერთხელ ვნახულობდი და ვამოწმებდი. ასე მივაღწიეთ ბოლომდე.

“ჰერაში” თეონა ბაღათურიამ ამშობიარა და არაჩვეულებრივი გოგონა დაიბადა. სულ პატარა, ერთი კვირის დაბადებული ბავშვი მოიყვანა ნათიამ ჩვენთან. ეს იყო სიყვარულის საოცარი ამბავი – ბოლომდე უერთგულა თავის მეუღლეს. ზოგი იტყოდა, შვილი არ მყავს და სხვა გზას დავადგებიო.

– რამდენ ხანს არის მიზანშეწონილი გაყინული ემბრიონის შენახვა?

– 5 წელი. მერე ემბრიონის ხარისხი იკლებს. როგორ პირობებში ინახება ემბრიონი, იმასაც მნიშვნელობა აქვს და ამ დროს ემბრიოლოგის როლი დიდია.

– მსგავსი შემთხვევა კიდევ გქონიათ?

– ერთი შემთხვევა გვქონდა. ონკოლოგიურმა პაციენტმა მიზანმიმართულად, წინასწარ გაყინა სპერმა. როცა გარდაიცვალა, მისმა მშობლებმა გამოიყენეს და ბავშვი სუროგაციის მეთოდით დაიბადა. ის ბავშვი თევზაძეა. ჩემი შვილებიც (ოთხი შვილი მყავს) თევზაძეები არიან. ნათესავები არ ვართ. ჩემთან შემთხვევით მოვიდნენ და ტრაგიკულ ამბავის მომიყვნენ. როდესაც მათი ისტორიის წერა დავიწყე, აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილების მოგვარეზე იყო ლაპარაკი.

იმ ბავშვს ბებია და ბაბუა ზრდიან და ეხმარებათ იმ ბიჭის მეგობარი ბიჭი, რომელმაც იცოდა, რომ დაავადებულმა ბიჭმა სპერმა გაყინა. მოყვა, რომ თავად წაჰყვა სპერმის შესანახად, რადგან ონკოლოგმა ურჩია, ასე მოიქეციო. ბიჭს ხელშეკრულებაში ეწერა, ეს სპერმა ჩემი გარდაცვალების შემდეგ ჩემმა მშობლებმა გამოიყენონო. ეს პუნქტი რომ არ ჩაეწერა, მშობლები ვერაფერს გახდებოდნენ. ხელშეკრულებაში ჩადებულ იურიდიულ საკითხებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ნათიას კონტრაქტს რომ გადავხედეთ, აღმოჩნდა, რომ ეწერა ასეთი რამ – ერთ-ერთის გარდაცვალების შემთხვევაში მეორეს შეეძლო ემბრიონის გამოყენება. სხვა კონტრაქტში მსგავსი რამ არც მინახავს. ნათიას რომ მოსვლოდა რამე, გიორგისაც შეეძლო, ის ბავშვი სუროგატ დედას გაეჩინა. ბედნიერები ვიყავით, ეს პუნქტი რომ წავიკითხეთ. მქონია შემთხვევა, როდესაც წყვილი დაშორდა ერთმანეთს და გოგოს უნდოდა ემბრიონის გამოყენება, მაგრამ ვერ მოახერხა და სასამართლო სასამართლოზე იმართებოდა. კონტრაქტში არ ეწერა, რომ ასეთ დროს რომელიმეს ჰქონდა ემბრიონის გამოყენების უფლება.

ეს ამბავი როცა გახმაურდა, ბევრი ადამიანი ისეთ სისულელეს წერს სოციალურ ქსელში… წერენ, რადგან ბავშვი ბიჭის გარდაცვალებიდან 2 წლის მერე დაიბადა, გენეტიკური ანალიზი ხომ არ გაგვეკეთებინაო, წმინდა მარიამი ხომ არ იყოო… ერთმა დამირეკა და მთხოვდა, შვილი გარდამეცვალა ავარიით და მიშველეთ, იქნებ მისი შვილის გაჩენაში დამეხმაროთო. ფიქრობდა, რომ გენეტიკური მასალის წინასწარი შენახვის გარეშე შეიძლებოდა შვილის გაჩენა.

მე, პირადად, ონკოლოგიური დაავადება დამიდგინდა. ძალიან რთული პერიოდი მქონდა და, როდესაც ნათიას ორსულობა დადგა, ამ მომენტმა იმდენად გამაძლიერა, რომ სწორედ ამან და კიდევ მსგავსმა შემთხვევებმა გადამარჩინა – 18-19 წლის უშვილო დედები დაორსულდნენ.

დღეს ექიმები მეუბნებიან, რომ არც მეტასტაზია ჩემს ორგანიზმში და გადავრჩი. ქიმიოთერაპიას ვიკეთებდი, ძალიან მძიმედ ვიყავი და ნათიას ამბავმა გამაძლიერა. მინიშნება იყო, რომ, რადგან ეს ორსულობა ჩემი ხელით დადგა, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ხომ შეიძლებოდა, სხვისთვის მიემართა და იქაც დადებითი შედეგი დამდგარიყო. ვფიქრობდი, რადგან ღმერთმა ჩემთან მოიყვანა, უნდა გადავრჩე-მეთქი. ჰოდა, გამოვძვერი და კარგად ვარ.

 რუსუდან ადვაძე, ჟურნალი სარკე (ფოტოზე ექიმი ჩვილთან ერთად)