ზაფხულის საშიში დაავადება – ,,ტანი კარგად დაათვალიერეთ, თუ სადმე ტკიპაა, ძალიან ფრთხილად მოიცილეთ”

ზაფხულის საშიში დაავადება - ,,ტანი კარგად დაათვალიერეთ, თუ სადმე ტკიპაა, ძალიან ფრთხილად მოიცილეთ"ზაფხულის სეზონზე ტკიპა, რომელიც უმძიმესი დაავადების – „ყირიმ-კონგოს ცხელების“ – გადამტანია, განსაკუთრებით აქტიურია. ტკიპა გვხვდება ყველგან – მცენარეებზე, ბალახებში, ცხოველებთან, შესაბამისად, რისკი, რომ დაავადება ადამიანზე გადავიდეს, საკმაოდ დიდია.

როგორ მოვიშოროთ ტკიპა და რამდენად საშიშია ის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

-ყველა ტკიპა არ არის დაავადების გადამტანი. ეს არის გარკვეული სახეობის ტკიპა, რომლიც ინფიცირებულია. პანიკური შიშია ამ ტკიპების მიმართ, რა თქმა უნდა, ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ ბავშვი იქნება თუ დიდი, გარედან დაბრუნდება, ბალახებში იარა, უნდა დავათვალიეროთ, რომ ტანზე სადმე ტკიპა არ ჰქონდეს მიკრული.

თუ სადმე ვნახავთ ტკიპას, ის საკმაოდ დიდი სიფრთხილით უნდა მოშორდეს, რომ საცეცები ადამიანის სხეულში არ ჩატოვოს. მისი მოშორება ხელით არ შეიძლება. არც ცხოველებიდან შეიძლება ხელით ტკიპის მოშორება, – აღნიშნა პაატა იმნაძემ (ნიუპოსტი).

ადამიანის დასნებოვნების ძირითადი გზა დავადების გამომწვევი ვირუსის მატარებელი ტკიპის კბენაა. დასნებოვნების მაღალი რისკის ქვეშ არიან უმთავრესად სოფლად მცხოვრები ზრდასრული პირები, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ შინაურ ცხოველებთან.

დასნებოვნება შესაძლებელია ინფიცირებული საქონლის ხორცთან კონტაქტითაც, თუმცა ამ გზით ინფიცირება იშვიათია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ყირიმ-კონგოს ცხელება განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა რიცხვში შედის, არის ის, რომ დაავადებული ადამიანიც ინფექციის წყაროა. იგი განსაკუთრებით გადამდებია დაავადების შორს წასულ შემთხვევებში.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების სიმპტომები
დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1-3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას – 5-6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი – 13-14 დღე. ამ პერიოდში უეცრად იწყება ცხელება, კუნთებისა და თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, პირღებინება, გამონაყარი, სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენა სხვადასხვა ღრუდან (ცხვირიდან, ღრძილებიდან, საშვილოსნოდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), ჩაწითლებული თვალები.

მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!