,,მწერი საწოლებსა და ტანისამოსზე იყო შესეული, სხეულის ქავილისგან სისხლი მდიოდა” – პატიმრობის რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

,,მწერი საწოლებსა და ტანისამოსზე იყო შესეული, სხეულის ქავილისგან სისხლი მდიოდა" - პატიმრობის რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა,,კედლებზე ტარაკნები თავისუფლად მოძრაობდნენ. საკანი, სადაც პატიმრები ვისხედით, სავსე იყო მკბენარა მწერებით, რის გამოც სხეულის ყველა ნაწილი, ქავილის გამო, ლამის მოგლეჯილი გვქონდა”, – ასე აღწერს ყოფილი პატიმარი, გიორგი მიქავა, ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ პირობებს. მან საპატიმრო რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

ყოფილი მსჯვარდებულის თქმით, საკნებში არსებული ჰიგიენური ნორმები დაცული არ არის და იქ შექმნილი გარემო კრიტიკას ვერ უძლებს.

გიორგი მიქავა:

– 4 წელი და რამდენიმე თვე ვიჯექი ქუთაისის ციხეში. ყველასთვის დიდი სტრესი და დისკომფორტია, როდესაც მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ჩაიდენ დანაშაულს და სასჯელს იხდი, მაგრამ ამაზე რთული საყოფაცხოვრებო პირობები იყო. მერე რა, რომ პატიმრები ვართ, მერე რა, რომ დანაშაული ჩავიდინეთ, იმ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს ვიხდით, ელემენტარული ჰიგიენური ნორმები დაცული ხომ უნდა იყოს?! ზოგჯერ ადმინისტრაციას ვეუბნებოდით, საქონლის სადგომში უფრო სისუფთავეა, ვიდრე ჩვენს ციხეში-თქო.

– შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითებით აგვიწეროთ ციხეში ჰიგიენის მხრივ არსებული მდგომარეობა?

– ტარაკნებზე ლაპარაკი აღარ არის, მას ხედავ მაინც და ფეხს არ დააბიჯებ, კედელზე თუ მიღოღავს, ხელს გაკრავ, ძირს ჩააგდებ და მოკლავ. ყველაზე ცუდი იყო რაღაც მკბენარა მწერები, რომლებსაც ვერანაირად ვიშორებდით. საწოლებსა და ტანისამოსზე იყო შესეული და სხეულის ქავილისგან სისხლი მდიოდა. მწერები იმდენად გვაწუხებდნენ, ღამით არ გვეძინა.

ციხეებში არსებულ ანტისანიტარიაზე ადამიანის უფლებადამცველებიც საუბრობენ. ადვოკატი ლედი ტუკვაძეც ადასტურებს, რომ პატიმრები მასთან ხშირად ჩივიან საკნებში მოდებულ მწერებზე, რომლებიც მათ ყოფას გაუსაძლისს ხდიან.

– როდესაც პატიმრებთან შევდივარ ციხეში, ისინი ამბობენ, რომ საკნებში გაუსაძლისი მდგომარეობაა. გაურკვეველი მწერები და მკბენარები პატიმრების ფსიქიკაზეც მოქმედებს, რადგან ისინი ღამითაც კი ვერ იძინებენ. აუცილებლია მეტი ყურადღება და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რომ პრობლემები მოგვარდეს, – ამბობს ლედი ტუკვაძე.

საკნებში არსებული მდგომარეობა პატიმრებმა გააპროტესტეს. ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათ უკიდურეს ფორმას მიმართეს – მსჯავრდებულებმა მავთული ხელსა და ყელის არეში გაიყარეს და ერთმანეთს გადაებნენ. ციხეში არსებული მძიმე ვითარებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ კი წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მთავარ პროკურატურას.

წერილში დეტალურადაა აღწერილი, რა პირობებში უწევთ ყოფნა. ისინი სასმელი წყლის, სუფთა ჰაერისა და ჰიგიენური საშუალებების არარსებობაზე, ტუალეტებში დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებზე, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე წერენ.

,,ამ დაწესებულებაში წლების განმავლობაში ყოველდღიურად, უკლებლივ ყველა საცხოვრებელ საკანში გვიკეტავენ წყალს ღამის 3 საათზე, დილის 8-ის ნახევრამდე. წყლის გადაკეტვის პერიოდში ჩვენ განვიცდით მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას – ამ საათებში ვერ ვიკმაყოფილებთ წყურვილს, რაც იწვევს ჩვენი ჯანმრთელობის მოსპობასა და განადგურებას.

ამ დაწესებულებაში წლების განმავლობაში, დღემდე ჰაერის გამწოვი საშუალება მუდმივად ითიშება ღამის 3 საათზე და ირთვება დილის 8-ის ნახევარზე. ჩვენ მიმართ ხორციელდება მუდმივი აგრესია. ყველა გზით ცდილობენ, გამოგვიყვანონ მდგომარეობიდან და დაგვიმატონ სასჯელი. უკანონოდ გვიკრძალავენ სატელეფონო საუბრებსა და პაემნებს ოჯახთან. ასევე – უკანონოდ გვათავსებენ ვანდალურ საკნებსა და კარცერებში”, – წერენ ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრები.

პენიტენციურ დაწესებულებებში მათ მძიმე და საგანგაშო საყოფაცხოვრებო პრობლემებზე საუბრობს სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, ციხეებში განხორციელებული ვიზიტების დროს მისი აპარატის მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა თავად იხილეს ტარაკნები და ბაღლინჯოები ფსიქოლოგების სამუშაო ოთახებში, საცხოვრებელსა და სამარტოო საკნებში.

ომბუდსმენის შეფასებით, 2018 წელს პრობლემური იყო ვენტილაცია, განათება და ყველა მსჯავრდებულისთვის პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლით დადგენილი 4 კვ.მ მინიმალური პირადი ფართით უზრუნველყოფის საკითხი – სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში წარდგენილი წინადადება.

პენიტენციურ სამსახურში ,,სარკეს” განუცხადეს, რომ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად უწყება მუდმივ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს.

– სამსახურმა გასულ წელს სადეზინფექციო, სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ჯამური ღირებულება 35 800 ლარი იყო. სადეზინფექციო სამუშაოები ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში გეგმურად, თვეში ერთხელ ტარდება. გამონაკლისია მე-8 პენიტენციური დაწესებულება, სადაც აღნიშნული სამუშაოები გეგმურად – თვეში ორჯერ ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ პენიტენციური დაწესებულებების უმეტესობაში პატიმრები საკნებში იღებენ საკვებს, რაც მწერების გაჩენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა მხოლოდ ადმინისტრაციისა და პატიმრების ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

ევროსაბჭომ გამოაქვეყნა ახალი სტატისტიკა ევროპის ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე, პატიმრების რაოდენობაზე. ანგარიშის თანახმად, პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ციხეებში იმყოფება 9407 პირი, თითქმის იგივე რაოდენობა, რაც 2016-ში იყო. პატიმრების განსაკუთრებით მაღალი რაოდენობით ლიდერობს რუსეთი, მეორე ადგილზე საქართველოა, შემდეგ ადგილებს კი აზერბაიჯანი და მოლდოვა იკავებენ.

 ირაკლი ვაჩიბერაძე, ჟურნალი ,,სარკე”