დიმიტრი გაბუნია: ,,ბევრი ვიბრძოლე ოჯახის შესანარჩუნებლად, მაგრამ არ გამომივიდა” – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ახალი სიყვარული ეწვია

დიმიტრი გაბუნია: ,,ბევრი ვიბრძოლე ოჯახის შესანარჩუნებლად, მაგრამ არ გამომივიდა" - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ახალი სიყვარული ეწვია

????????????????????????????????????

ხმაურიანი პროცესებით ცნობილი ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა. სალომე ზურაბიშვილმა ის 2013 წელს გაიცნო. მაშინ მასზე ურჩიეს, კარგი ადვოკატიაო. მას მერე ისე დაახლოვდნენ, რომ ქალბატონი სალომე ყველა იურიდიული საკითხის მოგვარებას მას სთხოვდა.

დიმიტრი გაბუნია 41 წლისაა. აფხაზეთიდანაა. აქამდე საკუთარი საადვოკატო ფირმა ჰქონდა – ,,გაბუნია და პარტნიორები”. თავისი კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, 2006 წელს კი წლის ადვოკატად დასახელდა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოსტზე მისი დანიშვნა ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გააპროტესტეს, რადგან მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს ადამიანი, რომელიც ,,გენდერულად არამგრძნობიარეა” და ქალთა სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად წარმოგვიჩინა.

საქმე ის არის, რომ დიმიტრი გაბუნია სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანის უფლებების დამცველი გახლდათ და სწორედ მაშინ დაუპირისპირდნენ მას ხსენებული ორგანიზაციები.

დიმიტრი გაბუნია 18 წლის ვაჟის მამაა. ცოლს 5 წლის წინ გაშორდა. ამჟამად ახალი რჩეული ჰყავს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ,,სარკეს” თავის საქმიან და პირად ცხოვრებაზე უამბობს.

დიმიტრი გაბუნია: ზუსტად 20 წელი ვიყავი ადვოკატი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თითქმის ყველა გახმაურებულ საქმეში დიდწილად მე მიწევდა ხოლმე ამა თუ იმ სუბიექტის წარმომადგენლობა. თაბუკაშვილის სახლის დანგრევა, ქიბარ ხალვაშზე განხორციელებული ბიზნესტერორი, ტელეკომპანია ,,მაესტროს” ამბავი, მაკა ასათიანის ინტერესები და სხვა ბევრი საქმე მებარა. სულ მიწევდა საჯაროდ გამოსვლა და სულ გავდიოდი იმ წითელ ზღვარზე, რომელსაც პოლიტიკა და კლიენტის ინტერესების წარმოდგენა ჰქვია.

ნებსით თუ უნებლიეთ, პოლიტიკურ კორიანტელში მოვყევი და მწვავე განცხადებების გაკეთება მიწევდა. მითქვამს: ,,თუ ხელისუფლებას უნდა ომი, მიიღებს ომს” და ა.შ. დღევანდელი გადასახედიდან სარისკო იყო ასეთი განცხადებების გაკეთება იმ რეალობაში, რომელში ყოფნაც გვიწევდა 2012 წლამდე. მაშინ არც ადვოკატებს ინდობდნენ და არც არავის.

– როგორ დაიწყო თქვენი და ქალბატონი სალომეს ურთიერთობა?

– მისი ადვოკატი ვიყავი 2013 წლიდან – ჩემი თავი ურჩიეს. 2013 წელს მას სურდა კენჭისყრა საპრეზიდენტო არჩევნებში, საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა და ვერ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ამის მერე სულ გვქონდა კონტაქტი და პერიოდულად სამართლებრივ კონსულტაციებს ვუწევდი.

– რომ არა ეგ პრობლემა, 2013 წელსაც დაუჭერდა მხარს ბიძინა ივანიშვილი ქალბატონ სალომეს?

– არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და უნდოდა, დამოუკიდებელ კანდიდატად ეყარა კენჭი და არც ,,ოცნებიდან” ჰქონია რაიმე სახის მხარდაჭერა. ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა და კონსტიტუციით დაუშვებელი იყო მისი პრეზიდენტობა.

ჩემი და ქალბატონი სალომეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვეთა მოხდა 2016 წელს, როდესაც მან მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, როგორც მთაწმინდის მაჟორიტარმა კანდიდატმა. მაშინ ჩვენი მოწინააღმდეგე გახლდათ აწ გარდაცვლილი ნიკა რურუა და საკმაოდ მწვავე დაპირისპირება იყო. მაშინაც მეორე ტური შედგა და ის არჩევნები მეორე ტურში მოვიგეთ.

გარდა იმისა, რომ მაშინ ქალბატონი სალომეს იურიდიული წარმომადგენელი გახლდით, პრესსპიკერობაც გავწიე, რადგან გარკვეული განცხადებები იყო გასაკეთებელი. ჩვენ შორის ჩამოყალიბდა საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა. 2018 წელს, როდესაც მან გადაწყვიტა საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავის დასახელება, კვლავ დასჭირდა სამართლებრივი მხარდაჭერა და ისევ მე დამიძახა. მაშინ დაიბადა იდეა, გუნდად გავერთიანებულიყავით და მითხრა, რომ უნდოდა, მისი საპარლამენტო მდივანი ვყოფილიყავი.

ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა და დიდი ნდობაც. მანამდე არც მქონდა სურვილი, საჯარო სამსახურში მემუშავა. ახლა მომიწია თავისუფლების დათმობა, რადგან ადვოკატობა თავისუფალი პროფესიაა და შენს თავზე ხარ დამოკიდებული. შესაბამისად, დილემის წინაშე ვიდექი. ახლა მზად ვარ, საქართველოს პრეზიდენტის ღირსეული საპარლამენტო მდივანი ვიყო და ვიმუშაო ყველაზე ცხელ წერტილში, რომელსაც პარლამენტი ჰქვია.

ძალიან ხისტი და კონფლიქტურიაო, ასე ამბობენ სალომე ზურაბიშვილის ოპონენტები მასზე. თქვენ რა აზრის ხართ მის ხასიათზე?

– არ ვიცი, ასე ვინ ახასიათებს, მაგრამ იმ 6 წლის განმავლობაში, რაც მასთან ურთიერთობა მაქვს, არანაირი კონფლიქტის შემსწრე არ ვყოფილვარ. ხისტი და მომთხოვნი ნამდვილად არის, რაც ლიდერის დამახასიათებელი თვისებაა. უხეშობა კი არ შემიმჩნევია. ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელ მაინც იჩენდა თავს, მას რომ უხეში და კონფლიქტური ხასიათი ჰქონდეს.

– რაიმე ისეთი ნაბიჯი რომ გადადგას, რაც თქვენს მორალსა თუ შეხედულებებს შეეწინააღმდეგება, მაინც დაიცავთ?

– მე გუნდის წევრი ვარ და მომწონს ის პოლიტიკა და მიზნები, რომლებიც პრეზიდენტს აქვს დასახული. ეს რომ ჩემთვის მიუღებელი იყოს, ამ გუნდში არ ვიქნებოდი. მერწმუნეთ, სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული პრეზიდენტი იქნება.

სიტყვის თავისუფლების აკრძალვის მომხრე კი არ ვართ, პირიქით, სასურველია, ვითმინოთ კრიტიკული შენიშვნები და გამონათქვამები, მაგრამ ეს კრიტიკა პირად შეურაცხყოფაში არ უნდა გადავიდეს. მე, როგორც თავისუფალი პროფესიის ადამიანი, არასოდეს დავუშვებ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იქნეს შეზღუდული, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ წამყვანი ევროპული და განვითარებული ქვეყნების მაგალითი საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით.

მე ვარ პრინციპული, დამოუკიდებელი ადამიანი და ამას ნახავთ. ჩემი და ამ გუნდის ღირებულებები თუ ოდესმე აცდება ერთმანეთს, ჩემს სიტყვას აუცილებლად ვიტყვი. ქალბატონი სალომესთვის გუნდური გადაწყვეტილებაა პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს დიდი კომფორტი მასთან ურთიერთობაში, რადგან დიპლომატიურ სფეროსა და საჯარო სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. აბსოლუტურად უბრალო და ღია ადამიანია. ვახშამზეც ვყოფილვართ ერთად და სხვა ადგილებშიც და ყველგან ნამდვილი მეგობარია.

– როგორც კი თქვენმა სახელმა და გვარმა გაიჟღერა, რომ ამ თანამდებობაზე გნიშნავდნენ, ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები აგიმხედრდნენ. რა თქვა ამის შესახებ ქალბატონმა სალომემ, როგორც ქალმა?

– დეტალურად შევისწავლეთ ის 17 ორგანიზაცია, რომლებიც ხელს აწერდნენ ამ მიმართვას ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის სახელზე. იმდენად აბსურდულია ბაია-ბაბუცა პატარაიას და მისი თანამეინახეების კომენტარები და თემის აწევა, რომ არც ვთვლით საჭიროდ, რაიმე განცხადება გავაკეთოთ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მათ უსაგნო განცხადებებს საკმაოდ კვალიფიციური პასუხი გასცა.

ადვოკატის მოვალეობა მისი კლიენტის ინტერესების დაცვაა. თან, რატომ ვარღვევთ ზვიად დევდარიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას? ჯერ არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია მისი ბრალეულობა. მხოლოდ სახალხო დამცველის რეკომენდაცია არსებობს და ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გარკვეული გადაცდენები იყო დევდარიანის საქმიანობაში.

– ქალები ყვებოდნენ დევდარიანის შესახებ. თქვენ კი თქვით, რას აკეთებდა ისეთს, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთო. რას გულისხმობდით, რას აკეთებს დიმიტრი გაბუნია ქალებთან მიმართებაში?

– ესემეს-ებს ვგულისხმობდი. ეს ამოჭრილი ფრაზა დაიხვიეს ხელზე და ამბობენ, რომ მე თურმე ზვიად დევდარიანის იდეოლოგიური ძმა ვარ. ამ ლოგიკით, ადვოკატი, რომელიც მკვლელს, თაღლითსა თუ დამნაშავეს იცავს, იმავეს აკეთებს? ადვოკატის კლიენტთან გაიგივება დაუშვებელია.

დევდარიანის ძირითადი ბრალი იყო ის, რომ ესემეს-ებით ამყარებდა კომუნიკაციას ქალებთან. ეუბნებიან, რომ ეს იყო სექსუალური ძალადობა. ისე არ აღმოჩნდეს, რომ დევდარიანი გამოდგეს მსხვერპლი. ,,იმედში” მისი 11 წლის შვილი სახის დაფარვის გარეშე აჩვენეს, ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებდნენ მის ოჯახზე. სად იყვნენ მანამდე, სანამ მის კანდიდატურას საზოგადოებრივი არხის ბორდის წევრად დაასახელებდნენ?! მანამდე ყველა ემეგობრებოდა და ყველა ჩუმად იყო.

თქვენზეც ახლა დაიწყო საუბარი, რადგან ითვლება, რომ საჯარო სამსახურში არ უნდა მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც ქალებს ავიწროებენ და მათზე ძალადობენ.

– ბევრმა ჩემმა კოლეგამ უთხრა დევდარიანს უარი ადვოკატობაზე, მაგრამ მე უფლება არ მქონდა, იმ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ დამეცვა და მეთქვა, არა რა, ზვიად, ბაია პატარაია და სხვები ერთ ამბავს ატეხენ-მეთქი. მაშინვე დავუშვი, რომ ეს შემოსევა იქნებოდა ჩემზე. პრიორიტეტი ჩემს პროფესიულ ვალდებულებას მივანიჭე.

დღესაც იმავეს გავიმეორებდი, რადგან ეს პროცესი ძალიან საინტერესოა. მაინტერესებს, რას დაადგენს სასამართლო, სად გადის ზღვარი სექსუალურ შევიწროებას, ფლირტსა და ჩვეულებრივ ურთიერთობას შორის.

ალბათ თქვენც გქონიათ ფლირტი. ხომ არავინ შემოგედავათ ახლა ამის გამო, მავიწროვებდითო?

– ცუდს ვერაფერს ვხედავ, როცა ორი ადამიანი ერთმანეთთან ურთიერთობას ამყარებს. თუ მეორე ადამიანს არ უნდა და ეტყვის, არ მინდა, მაწუხებო და ამის მერე მაინც გრძელდება, ეს არის დაუშვებელი.

როგორ შეიძლება პირად ურთიერთობებში სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერიოს?! მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდნილ ზვიად დევდარიანს ვუშველე. როგორც ვიცი, ოჯახიც შეინარჩუნა.

– როცა ოჯახს ღალატობ, ვიღაცაზე ძალადობ, ავიწროებ, პასუხი არ უნდა აგო?

– ოჯახის ღალატი ამორალური საქციელია და მიუღებელია, მაგრამ ორი ადამიანის გადასაწყვეტია. ძალადობა კი აბსოლუტურად მიუღებელია და ეს თუ დადგინდა, ყველა უნდა დაისაჯოს.

– თქვენი მრავალწლიანი ოჯახი რატომ დაინგრა?

– ძალიან ცუდია, როცა ოჯახი ინგრევა. როცა დავქორწინდით, ძალიან პატარები, 19-20 წლისები ვიყავით. 18 წლის შვილი გვყავს, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს.

5 წლის წინ დაგვენგრა ოჯახი. 15 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ჩემს საადვოკატო პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, ნაადრევ ასაკში შექმნილი ოჯახი დასანგრევადაა განწირული. დროთა განმავლობაში სხვა ადამიანად ყალიბდები. ჩვენი ინტერესები არ ემთხვეოდა ერთმანეთს და კონფლიქტური სიტუაციები გვქონდა. ამ გაუგებრობაში ყოფნას ვარჩიეთ, ცალ-ცალკე გვეცხოვრა.

ეს გაშორება ჩემთვის მარტივი არ იყო. სტუდენტები ვიყავით და ბევრი გაჭირვება ერთად გამოვიარეთ. მეგონა, ეს არასოდეს დაგვემართებოდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ბევრი ვეცადე, რომ ეს არ მომხდარიყო, თუნდაც ჩვენი შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, მაგრამ ვერ მოხერხდა ოჯახის შენარჩუნება და არც ჩვენს შვილს გადაუტანია ეს ამბავი მარტივად, რომელიც მაშინ 13 წლის იყო, თუმცა გაუმკლავდა ყველაფერს და ჩვენც შევუწყეთ ხელი – არ გვქონია ხმამაღალი კონფლიქტი, სასამართლო, ცილისწამება და ა.შ.

უამრავი განქორწინების საქმე მქონია, როგორც ადვოკატს და ვიცი, როგორ განიცდიან ამას შვილები. ამიტომაც ვიბრძოლე ოჯახის შესანარჩუნებლად. დღევანდელი გადასახედიდან კი ვთვლი, რომ კარგია, ასე რომ მოხდა, რადგან ჩვენი შვილი არაჯანსაღ გარემოში შეიძლებოდა უფრო ტრავმირებული ყოფილიყო.

მუდამ გადარეული მამა ვიყავი და ვარ. ბავშვი სრულყოფილ ადამიანად ვერ ჩამოყალიბდება, თუ მის აღზრდაში ორივე მშობელი არ მონაწილეობს. დღემდე მეც და დედამისიც ვცდილობთ, მშობლებისგან მაქსიმალური მიიღოს, განვითარდეს ბოლომდე და იყოს წარმატებული ადამიანი.

– ახლა კი სხვაზე ხართ შეყვარებული…

– დიახ, არსებობს ადამიანი, ვისთანაც მაქვს ურთიერთობა და ყველაფერი თუ კარგად იქნა… ჩემთვის მთავარია, ერთ ენაზე ვსაუბრობდეთ და ჩემს მსოფლმხედველობას გარკვეულწილად იზიარებდეს.

– ერთ-ერთი პირველი ადვოკატი იყავით, ვინც საქორწინო კონტრაქტებზე მუშაობდა. თავად გქონდათ ასეთი კონტრაქტი დადებული?

– არა და არც ვაპირებ, მსგავსი კონტრაქტი გავაფორმო. განქორწინების დროს ისეთ რამეებს აკადრებენ ხოლმე მხარეები, ჯობია, თავიდანვე იყოს დადგენილი, განქორწინების შემთხვევაში ქონებრივი დავა როგორ გადაწყვიტონ. “მე ის ლეიბი მოვიტანე”, “ის საყურე დედაჩემმა მოგცა” – ისეთი რამეები ითქმება ხოლმე სასამართლოში, ჯობია, არსებობდეს კონტრაქტი და ასეთ შეურაცხყოფამდე არ მივიდეს საქმე.

ოფიციალურად გავიყარეთ სასამართლოსა და დავის გარეშე. ქონებაც ისე გავიყავით, როგორც უნდა გაგვეყო და არც ჩვენს შვილს და არც ჩვენს ურთიერთობას არ ვაკადრეთ, რომ უმართავი სიტუაცია გვქონოდა.

– ახლა მარტო ცხოვრობთ?

– დედასთან და ჩემს შვილთან ერთად ვარ, როცა საქართველოში ჩამოდის.

– კიდევ გინდათ შვილები?

– აუცილებლად! მინდა, რაც შეიძლება ბევრი შვილი მყავდეს.

 რუსუდან ადვაძე, ჟურნალი ,,სარკე”, 2019 წლის იანვარი