თამუნა მუსერიძე: ,,სულ რომ 20 წელი დამჭირდეს, დედას მაინც ვიპოვი”

თამუნა მუსერიძე: ,,სულ რომ 20 წელი დამჭირდეს, დედას მაინც ვიპოვი"ყოფილი ტელე და რადიოწამყვანი, თამუნა მუსერიძე, რამდენიმე თვის წინ მეორე შვილის, მარიანას დედა გახდა, მაგრამ ცხოვრების რიტმი მაინც არ შეუცვლია. ისევ დატვირთული გრაფიკი აქვს, საღამოები მიჰყავს, საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო და აქტიურად ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობაში, რომელიც ადამიანებს ბიოლოგიური მშობლების პოვნაში ეხმარება.

თამუნასთვის ეს თემა ძალიან მტკივნეულია. 2 წლის წინ, დედის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ აყვანილი იყო და მას შემდეგ ეძებს ბიოლოგიურ დედას. თუ რა გაარკვია ამ პერიოდის განმავლობაში ან რა ხდება მისი და მსახიობ სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის ოჯახურ ცხოვრებაში, თამუნამ “სარკეს” უამბო.

– თამუნა, მარიანას დაბადებამ რა შეცვალა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში?

– ბავშვის დაბადებას ურთიერთობაში არაფერი შეუცვლია, მანამდე როგორც ვიყავით, ახლაც ისე ვართ.

– ურთიერთობის რაღაც ეტაპზე იჩხუბეთ და დაშორდით. ახლა როგორ გახსენდებათ ის პერიოდი და რა შეცდომები დაინახეთ საკუთარ თავში?

– ამ თემაზე აღარ ვლაპარაკობთ, არ ვიხსენებთ. ყველა წყვილის ურთიერთობაში ხდება უთანხმოება, ჩვენ უბრალოდ დიდხანს გაგვიგრძელდა. მერე დავლაგდით.

– როდის იწერთ ჯვარს ან ხელს როდის აწერთ?

– ახლა, 10 ოქტომბერს უნდა გვქონოდა ჯვრისწერა, მაგრამ სანდროს გასტროლი ჰქონდა და ვერ მოხერხდა. 10 ოქტომბერს ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავდი, მაგრამ მერე აღმოჩნდა, ამ დღეს არ ვარ დაბადებული. მინდოდა, 10 ოქტომბერი მნიშვნელოვან თარიღად დარჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში და ჯვრისწერა ამ დღეს ამიტომ გადავწყვიტე. სამწუხაროდ, არ მოხერხდა, სხვა დღეს კი არ მინდა.

– ანუ კიდევ 1 წლით გადაიდო?

– ასე გამოდის.

– ქორწილს გეგმავთ, გინდათ, რომ თეთრი კაბა ჩაიცვათ?

– კი, როგორ არა. ქორწილი არასდროს მქონია და არც თეთრი კაბა მცმია. სანდროს უნდა, საბერძნეთში გავფრინდეთ და იქ დავიწეროთ ჯვარი, მე კი აქ მინდა. რაღაცებში ვერ ვთანხმდებით.

– როგორ ფიქრობთ, რომელი დათმობთ, რომელი გაიმარჯვებთ?

– რა კითხვაა?! რა თქმა უნდა, მე გავიმარჯვებ.

– დაბადების დღის თარიღი თუ გაარკვიეთ ან ბიოლოგიურ მშობლებზე თუ გაიგეთ რამე?

– ვერც თარიღი გავარკვიე და დედასაც ისევ ვეძებ. ერთი წელია, რაც არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ, გაშვილებულ ბავშვებს მშობლების მოძებნაში ვეხმარებით.

– საკმაოდ რთულ საქმეს შეჭიდებიხართ. როგორ ცდილობთ მოძებნას?

– ორნაირი სიტუაციაა ხოლმე. ერთ შემთხვევაში ადამიანებმა იციან ბიოლოგიური დედების სახელები, გვარები, მისამართები, მაგრამ არ მიდიან, უნდათ, რომ ჩვენ მივიდეთ და დავეხმაროთ. მეორე შემთხვევაში არც სახელები იციან, არც გვარები და ასეთ დროს ძალიან გვიჭირს მოძებნა. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან სიმართლე, მაგრამ არ ამბობენ. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ნათესავებმა სიმართლე თქვან.

– თქვენ რატომ ვერ შეძელით ეს?

– უფრო რთული შემთხვევაა და იმიტომ. ერთი მეუბნება, რომ დედაჩემი გურული იყო, მეორე ამბობს, სამტრედიიდანო, მესამე – იმერეთიდანო. ბოლო ორი კვირაა, გამოიკვეთა, რომ სამტრედიიდან არის. იქნებ ვინმემ იცოდეს ეს ისტორია და შემეხმიანოს.

– არ გიცდიათ, სამტრედიაში ჩასულიყავით და თავად მოგეძებნათ?

– დასავლეთ საქართველოს სოფლები ფეხით შემოვიარე და სამტრედიაშიც ვაპირებ ჩასვლას. ბოლომდე ვიბრძოლებ, სულ რომ 20 წელი დამჭირდეს, მაინც ვიპოვი.

– წარმატებებს გისურვებთ. თქვენს საქმიანობაში რაიმე სიახლე ხომ არ არის?

– შარდენზე მეგობართან ერთად გავხსენი ობიექტი, გარეთ დიჯეი უკრავს, შიდა ტერიტორიაზე ლაუნჯი-კარაოკეა, ძალიან მისაღები ფასებია, რადგან სულ ჩვენი მეგობრები დადიან. წამყვანს ვეძებ. მინდა, ჩემნაირი ვიპოვო.

– ანუ როგორი?

– კარგი. ჩემი საქმიანობა დღეს სამად არის გაყოფილი – ბავშვები, ობიექტი და არასამთავრობო ორგანიზაცია.

– ამდენს რომ მუშაობთ, ბავშვებთან ურთიერთობას როგორ ასწრებთ?

– ღამით რომ ვმუშაობ, ძიძასთან ვტოვებ, სხვა შემთხვევაში ყველგან თან დამყავს.

– ეს არ გიქმნით დისკომფორტს?

– პირიქით, დიდი კომფორტია. ჩემი შვილი, სანდრო, ისე გავზარდე, ერთი წუთი არ ყოფილა უჩემოდ, კონცერტებზე დამყავდა, კულისებში ეძინა. ბავშვი დედასთან უნდა იყოს და სად იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

– ქმარი გეხმარებათ ბავშვის მოვლაში?

– სანდრო ყურადღებიანი, დაფეთებული მამაა. ბავშვმა რომ დააცემინოს, პედიატრს ურეკავს და ექიმთან მიარბენინებს. რაიონიდან სოფლის კვერცხები ჩამოატანინა, რომ ბავშვი ჯანსაღად იკვებოს.

– ორ სანდროს, თქვენს ქმარს და შვილს, როგორი ურთიერთობა აქვთ?

– გადასარევი. მათ შუა ვდგავარ. ისე ჩხუბობენ ერთმანეთში, როგორც ბავშვები. ვერ იყოფენ ფლეისთეიშენს, ტელევიზორს. სახლში ორი ტელევიზორი გვაქვს, მაგრამ ორივეს ერთი და იმავე ტელევიზორის ყურება უნდა, ოღონდ სხვადასხვა არხზე. სანდრო ჩემი შვილის მიმართ ყურადღებიანი და მზრუნველია. რაგბიზე დაჰყავს, გაკვეთილების მომზადებაში ეხმარება, დილით საუზმეს უმზადებს, აცმევს, სკოლაში უშვებს.

– ცხოვრება 30 წლის შემდეგ – რას ნიშნავს ეს ქალისთვის?

– ბევრი რამ გამოვტოვე, ბევრად სხვანაირად უნდა მეცხოვრა და ბევრი შანსი უნდა გამომეყენებინა. ბევრ რამეს ვნანობ, მაგალითად, 20 წლის ასაკში რატომ არ მქონდა ამდენი ჭკუა და გამოცდილება, რომ რაღაცები სხვანაირად წამემართა.

 ლანა კიკნაძე, ჟურნალი ,,სარკე”