მაკა რაზმაძე: ,,მეგონა, ერთადერთი ოჯახი მექნებოდა და ერთი მამაკაცი მეყოლებოდა, მაგრამ…”

მაკა რაზმაძე: ,,მეგონა, ერთადერთი ოჯახი მექნებოდა და ერთი მამაკაცი მეყოლებოდა, მაგრამ..."ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე წლების წინ სრულიად შემთხვევით მოხვდა პირდაპირ ეთერში და აღმოაჩინა, რომ სწორედ ეს იყო მისი საქმე. მისთვის ცხელ წერტილებში, ომში, ტყვიების ზუზუნში რეპორტაჟების კეთებაც ბუნებრივი იყო. ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიჭრა კიდეც. თავის ჟურნალისტურ გზასა და პირადზე ის ,,სარკეს” უამბობს.

– ქალბატონო მაკა, როგორია თქვენი ჟურნალისტური გზა?

– ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის დაწყება ყველაზე ცხელ და მძიმე პერიოდში მოხდა. გასული საუკუნის 80-იან წლებში ეროვნულ მოძრაობას შევუერთდი, ყველანი ახალგაზრდები და გულანთებულები ვიყავით, სულ სხვა ფასეულობები გვქონდა.

ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდი იყო, როდესაც ტელევიზიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა არჩილ გოგელიამ გადაწყვიტა, ალტერნატიული რედაქცია გაეკეთებინა და გადაცემა “კვირიაკეს” წამყვანად მე დამსვეს. ცხინვალში, სოხუმში ჩავდიოდით, თბილისში თუ რაიმე აქცია იმართებოდა, ყველგან მივდიოდით და ვაშუქებდით, მილიცია ამას როგორ დევნიდა.

– მაშინ რამდენი წლის იყავით?

– პატარა გოგო ვიყავი.

– და ასეთ სერიოზულ თემებზე მუშაობა არ გიჭირდათ?

– ჩემთან ერთად ძალიან სერიოზული გუნდი მუშაობდა. აბსოლუტურად გამოუცდელი პატარა გოგო პირდაპირ ეთერში შემაგდეს. სხვა თანამშრომლებმა გადაცემა “კვირიაკეს” წამყვანობა ვერ აიღეს თავის თავზე, ჩემთვის კი ეს პრობლემა არ იყო. რისიც მჯეროდა, იმას ვაცხადებდი. კამერასთან მუშაობა არ ვიცოდი, მეგონა, მიკროფონში ჩემი ხმა არ ისმოდა და ჩანაწერი რომ ვნახე, ფაქტობრივად, მაგიდაზე დაწოლილი ვლაპარაკობდი. ჟურნალისტიკაში ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები.

– რა პროფესიის ხართ?

– სამსახიობო მაქვს დამთავრებული, ლილი იოსელიანის მოსწავლე ვიყავი. ამის გამო მშობლები კარგა ხანს არ მელაპარაკებოდნენ.  მეათე კლასის მოსწავლე ვიყავი, როდესაც მიხეილ თუმანიშვილის თეატრში უშტატო თანამშრომლად დავიწყე მუშაობა.

დიდ მსახიობებთან ერთად სცენაზე ვიდექი. რადგან ჩემი მშობლები კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ თეატრალურში სწავლის, გავიპარე და ჩუმად მაინც ჩავაბარე. ყველამ იცის, რომ იმ პერიოდში ჩაწყობები იყო, მაგრამ ლილი იოსელიანი გახლდათ შეუვალი ადამიანი, რომელთანაც ჩაწყობა არ ჭრიდა.

– თეატრალურის დამთავრების შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?

– თემურ ჩხეიძემ მარჯანიშვილის თეატრში წამიყვანა. ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში ყოველთვის საინტერესო ადამიანები მხვდებოდნენ. იღბალი მწყალობს და, იმედია, ასევე გაგრძელდება.

შემდეგ დაიწყო ეროვნული მოძრაობა, გავიცანი მერაბ კოსტავა, რომელიც ციხიდან ახალი გამოსული იყო. ძალიან დავმეგობრდით, ის თავის პატარა მეგობარს მეძახდა. ძალიან სუფთა პიროვნება იყო.

თავით გადავეშვი ეროვნულ მოძრაობაში, მოვხვდი ტელევიზიაში და იქიდან აღარსად წავსულვარ, თუ არ ჩავთვლი იმ პერიოდს, როდესაც ჟურნალისტების გარკვეული კატეგორია დაბლოკილები ვიყავით. საუკეთესო წლები დავკარგე. არ მინდა, ჩვენი საუბარი პოლიტიკაში გადავიდეს, მაგრამ ჩემი დაბლოკვა ხელისუფლებაში გარკვეული ძალების ყოფნის დროს მოხდა.

მანამდე ვმუშაობდი “ვიდეო პატრულში”, “კრიმინალურ დეტექტივში”, “აკრძალულ ზონაში”, რომელიც უპრეცედენტო პროექტი იყო. მოვიარე საქართველოში არსებული ყველა ციხე და იქიდან გავაკეთე გადაცემები.

,,იბერიამდე” ირმა ინაშვილმა შემომთავაზა, ტელეკომპანია “ობიექტივში” მემუშავა. თავიდან უარი ვთქვი, რადგან ვფიქრობდი, ჩემთვის გვიანი იყო პირდაპირ ეთერში დაჯდომა, მაგრამ იმდენი ქნა, მაინც მიმიყვანა. 5 წლის განმავლობაში მიმყავდა გადაცემა, სადაც ძალიან ბევრი დარტყმა მივიღე. მაყურებელი პირდაპირ ეთერში რეკავდა და მახსენებდნენ იმ პერიოდს, როდესაც ომში, ცხელ წერტილებში მიწევდა მუშაობა.

ჩემი კატეგორიის ჟურნალისტები ომის ვეტერანებად ვითვლებით. მომიტინგეებს რომ ხვრეტდნენ, იქ ვიყავი და კამერით ვიღებდი, პირდაპირ ეთერში ვუშვებდი. სამწუხაროდ, ბევრს არ ახსოვს, რომ მე ვიყავი ის, ვინც ამ ყველაფერს აშუქებდა. ხალხისგან უკურეაქცია მივიღე, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აგრესია გაუჩნდათ, ამ კადრებს ეთერში რატომ ვუშვებდი.

დღემდე მიკვირს, მაშინდელი სამხედრო საბჭო ამის უფლებას როგორ მაძლევდა. შეიძლება არც უყურებდნენ და არ იცოდნენ, რომ კადრები ეთერში გადიოდა. შემდეგ იყო აფხაზეთის ომი, სადაც პირველივე დღეს წავედი. ჯარი წავიდა და მე გავყევი, მათთან ერთად სოხუმში შევედი. ჩემი მასალები დღემდე ტრიალებს სხვადასხვა ტელეარხებზე.

– იმაზე არ ფიქრობდით, რომ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდით, არ გეშინოდათ?

– კამერა მე მეჭირა და ოპერატორის ნაცვლად ვიღებდი, ობიექტივში რასაც ვხედავდი, ის ჩემთვის ირეალური სამყარო იყო, ირგვლივ რა ხდებოდა, არ მაინტერესებდა, ჩემთვის მთავარი იყო, კადრები მომეპოვებინა და ქართველი ბიჭების გმირობის ამბავი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გამეგებინებინა.

ასეთ წუთებში ჩემი თავი სულ არ იყო მნიშვნელოვანი. დიდხანს ვერც ვხვდებოდი, ვიღაცები რატომ მაქებდნენ იმის გამო, რომ ომში მივდიოდი. ამას ჩემი საქმის ნაწილად აღვიქვამდი.

– ანუ არ ფიქრობდით, რომ შეიძლებოდა ტყვია მოგხვედროდათ?

– არ ვფიქრობდი, მაგრამ მომხვდა კიდეც. ერთ-ერთ ომში ხერხემალში დავიჭერი, მაგრამ არც მითქვამს ხმამაღლა, რომ ტყვია მომხვდა. შემდეგ ჩემმა ექიმმა თქვა, ომში რომ დაიჭრა, ჩემთან იმკურნალაო და მისგან გაიგეს.

– საკუთარ თავზე თუ არა, ოჯახის წევრებზე მაინც არ ფიქრობდით, როგორ განიცდიდნენ თქვენს ამბავს?

– სამწუხაროდ, არ ვფიქრობდი, რის გამოც ახლა ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი. მათ არც ვეუბნებოდი, ომში ისე ვიპარებოდი. ჩემი 18 წლის ძმაც ასე გაიპარა, მაგრამ ის ვეღარ დაბრუნდა.

ჩემი ძმა ომში რომ გაიპარა, ავტობუსში საშკა იოსელიანი შეხვედრია. მან ბიჭებს ვიდეო გადაუღო. თურმე ახალგაზრდები ეუბნებოდნენ, ნუ გვიღებ, ეგ კადრები არ გავრცელდეს, სახლებიდან გამოპარულები ვართო. ჩემი ძმა რომ ვეღარ დაბრუნდა, საშკამ ვიდეოჩანაწერი მომიტანა. თავად საშკაც მალევე დაიღუპა იმ ომში.

– სანამ ტელეკომპანია “ობიექტივში” მიხვიდოდით, რას საქმიანობდით?

– მქონდა პერიოდები, როდესაც სამსახურში მეძახდნენ, მეორე დღეს ეთერში უნდა შევსულიყავი, მაგრამ სამსახურში მისულს მეუბნებოდნენ, ბოდიში, მერე დაგირეკავთო. ის ადამიანები დღეს ისე მემეგობრებიან, ვითომ არაფერი მომხდარა. მეც არაფერს ვიმჩნევ, ბოღმით არ ვცხოვრობ, მაგრამ მართლაც უმძიმესი წლები გამოვიარე, ძალიან მიჭირდა.

“ინვალიდთა ლიგა” დააარსეს ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ეტლებში ისხდნენ. მათ მთხოვეს, დავხმარებოდი. მაშინ ქალაქში პანდუსები არ არსებობდა. როდესაც ვთქვით, რომ ქალაქში პანდუსები გაკეთებულიყო, ვერავინ მიხვდა, რას ვამბობდით, მათ შორის – ვერც მაღალჩინოსნები. პირველად ბულდოზერი რომ მივიყვანე და თხრა დავიწყეთ, ხალხი გვიჩიოდა, გზას აფუჭებენო.

გერმანიიდან სერიოზული აპარატურა ჩამოვიტანეთ და ამ ადამიანებს მონტაჟს ვასწავლიდი. მერე სახელმწიფომ დაფინანსება შეწყვიტა და პროგრამები შეწყდა.

– პროფესია თქვენი ცხოვრების სხვა მხარეებს, მაგალითად პირადს, იწირავს?

– ჟურნალისტებმა ვიცით, რომ ჩვენს საქმეს, სამწუხაროდ, ოჯახები ეწირება. საქართველში ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვისაც უნდა, მისი მეუღლე ეკრანზე ჩანდეს, აქებდნენ, კომპლიმენტებს უძღვნიდნენ, ყვავილებს ჩუქნიდნენ, ვიღაცები ლანძღავდნენ კიდეც… ამ ყველაფერს ძალიან ცოტა უძლებს და ჩვენც გარკვეული არჩევანის გაკეთება გვიწევს.

– თქვენც მოგიწიათ არჩევანის გაკეთება?

– პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს და საჯაროდ არც არასოდეს მილაპარაკია. თქვენი ჟურნალი ძალიან მიყვარს, პატივს გცემთ, არასოდეს შემიმჩნევია, რომ ოდესმე ადამიანისთვის ზედმეტი რაღაც მიგეკერებინოთ, ამიტომ ჩემს ცხოვრებაში პირველად რასაც შევძლებ, იმას გეტყვით პირადზე.

ჩემი პირადი ცხოვრება რადიკალურად განსხვავდება იმ იმიჯისა და ჭორებისგან, რაც მთელი ცხოვრება მომყვება. შეყვარებულები არასოდეს მყოლია და ვინც მიცნობს, მან ეს კარგად იცის.

ყოველთვის ჩემს საქმეში ვიყავი გადართული. ომებში რომ მივდიოდი, ბევრ იარაღიან მამაკაცთან მიწევდა ურთიერთობა, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ქალად ვერავის აღვექვი. მინდოდა, მათთვის უბრალოდ თანამებრძოლი ვყოფილიყავი.

როდესაც უკვე უხერხული იყო ჩემი მარტო ყოფნა, გვიან ასაკში გადავწყვიტე, გვერდით საყვარელი ადამიანი მყოლოდა, მაგრამ ის ურთიერთობა, სამწუხაროდ, დამთავრდა.

მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ერთადერთი ოჯახი მექნებოდა და ერთი მამაკაცი მეყოლებოდა, მაგრამ თურმე ცხოვრება ხშირად დაგვცინის. ამ ფაქტს წელგამართული შევხვდი, ცხოვრებას ვაგრძელებ.

– ეს რთული პერიოდი, ტკივილი, რომელიც აუცილებლად დაგრჩებოდათ, როგორ დაძლიეთ?

– მე მაქვს ასეთი თვისება: თუ ვიგრძნობ, რომ ადამიანს არ ვუნდივარ, გამოტირება არ ვიცი. ჯობს, იქ წავიდეს, სადაც უხარია. ყველას გვაქვს უფლება, იქ ვიყოთ, სადაც ბედნიერები ვართ. გადასატანი არაფერი მაქვს, ურთიერთობა დამთავრდა და დარჩენილი ცხოვრების მოთქმა-გოდებაში გატარებას არ ვაპირებ. დიდი მადლობა იმ ბედნიერებისთვის, რაც იყო.

– თქვენმა პროფესიულმა საქმიანობამ იმოქმედა თქვენს ურთიერთობაზე?

– როდესაც ორ ადამიანს შორის რაღაც ხდება, სხვა რამეზე გადაბრალება არ მიყვარს. სიყვარული, ერთად ყოფნის სურვილი და დაშორების სურვილი მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანის ბრალია. დამთავრდა და დეტალებს რაღა მნიშვნელობა აქვს? როდესაც ორ ადამიანს უნდა, ერთად იყვნენ, ისინი ამისთვის მიზეზს აუცილებლად გამონახავენ, თუ ერთად ყოფნა არ უნდათ, ამისთვისაც მიზეზი მოიძებნება.

– ქალურ საკითხებზე რას გვეტყვით, შოპინგი, კულინარია, გარეგნობაზე ზრუნვა?..

– ძალიან გადაყოლილი არაფერზე ვარ. კულინარია მეხერხება, ვერც წარმომიდგენია, ქალმა საჭმლის გაკეთება რატომ არ უნდა იცოდეს, მაგრამ სხვა თემაა, რამდენად მაქვს დრო, რომ სამზარეულოში ვიტრიალო.

რაც შეეხება საკუთარ თავზე ზრუნვას, ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად ვუვლი. ჩვეულებრივად მოწესრიგებული ვარ, ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, ეკრანზე ხარ თუ სამტრედიის ბაზარში.

 ქეთი დინოშვილი, სარკე