ქართველი ემიგრანტი დოდო დევიძე ეძებს ადამიანს, ვისმა იდუმალმა ზარმა სიკვდილს გადაარჩინა

ქართველი ემიგრანტი დოდო დევიძე ეძებს ადამიანს, ვისმა იდუმალმა ზარმა სიკვდილს გადაარჩინა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალის, 52 წლის დოდო დევიძის, პოსტი, სადაც ის ყვებოდა, შემთხვევით როგორ გადაურჩა სიკვდილს ან ძალიან სერიოზულ ტრავმას და ეს ბედნიერი შემთხვევა სატელეფონო ზარი იყო.

“სიკვდილს გადავრჩი. 5 წუთის წინ აქ ვიდექი. მთელი ჭერი ჩამოინგრა. ამ დღეებში ვინც ილოცეთ, ჩემთვის გილოციათ. სასწაული მოხდა. აბაზანაში ვიყავი. რეკავს ტელეფონი. არ გამოვდივარ. ვფიქრობ, მერე გადავურეკავ-თქო. არ გაჩერდა. ჩვეულებრივად, როცა არ პასუხობ, ხუთი ზარის შემდეგ ჩერდება. ვიფიქრე, საქართველოდანაა ალბათ-მეთქი და გამოვედი. ვუპასუხე, გრძელი ნომერი იყო. საქართველოდან ალბათ. არავინ მეხმიანება. ის იყო, უკან უნდა შევსულიყავი და მოზვავდა საშინელი ხმაურით. ეს რა იყო, არ ვიცი. მერე მეორედ კიდევ სულ მთლიანად ჩამოინგრა. რა ძალამ გადამარჩინა, ვერ ვხვდები. ბეწვზე ვარ გადარჩენილი”, – დაწერა 2 მაისს სოციალურ ქსელში დოდო დევიძემ.

გაირკვა, რომ იმ დღეს დოდო დევიძეს საქართველოდან არ ურეკავდნენ. დღემდე არკვევს, ვინ გადაარჩინა სიკვდილს, ვის ეკუთვნოდა სასწაულებრივი ზარი, მაგრამ ვერ მიაგნო.

ქალბატონ დოდოს “სარკე” ამერიკაში დაუკავშირდა. ის, როგორც ჩანს, იღბლიანი ადამიანია, რადგან მის ცხოვრებაში კიდევ იყო ბედნიერი შემთხვევა, რომლის წყალობითაც ამერიკაში მოხვდა.

– ქალბატონო დოდო, გაარკვიეთ, ვინ გირეკავდათ იმ დღეს?

– ვერ გავარკვიე, ვინ მირეკავდა. ახალი აღებული მქონდა სამუშაო. მოხუცი შევიდა დილით სააბაზანოში, მოწესრიგდა. მერე მე შევედი. ამ დროს გაისმა ჩემს მობილურზე ზარი. როცა ამერიკის ზარია, 5 ზარის მერე ჩერდება. ჩემი ტელეფონი კი აღარ გაჩერდა. როცა არ ჩერდება, ესე იგი, საქართველოდან გირეკავენ. ვიფიქრე, ჩემი მეუღლე მირეკავს-მეთქი და გავიქეცი. ჩემთვის ვფიქრობდი, ხომ ხვდება, რომ არ მცალია, კი არ დამაცდის-მეთქი…

ვერ მივუსწარი, გათიშული იყო უკვე. მივბრუნდი, რომ ისევ სააბაზანოში შევსულიყავი და გამაყრუებელი ხმა გაისმა, მთელი კედლები გადმოცვივდა. ვერც მივხვდით, რომ ეს სააბაზანოში ხდებოდა. ფანჯარას მივცვივდით, გვეგონა, ქუჩაში მოხდა რაღაც. ისე ჩამოინგრა ყველაფერი, გაყვანილობის მილებიღა ჩანდა.

შიშისგან ვკანკალებდი. ბებიაც ძალიან შეშინდა. ტელეფონს რომ არ დაერეკა, აგური თავში მომხვდებოდა და თუ არ მომკლავდა, ძალიან დამაზიანებდა. რომ დავწყნარდი, მაშინვე დავრეკე, მაგრამ ვერ გავედი, რადგან არ მაქვს ჩართული მომსახურება, რომ ამერიკის გარდა სხვაგან დავრეკო. ვერ გავარკვიე, საქართველოდან რეკავდნენ თუ არა. ჩემს მეუღლეს არ დაურეკავს და არც საქართველოს ზარს ჰგავს, სხვა ციფრებია.

ველოდები, რომ კიდევ დამირეკავს ეს ნომერი და მე მადლობას ვეტყვი, რადგან ჩემი გადამრჩენელია. ისეთი ნომერია, არც ვიცი, საიდან შეიძლება იყოს. თან, იცით, რა მოხდა? მე ხომ დავრეკე, მაგრამ ახლა ტელეფონში, შემოსულ ზარებში აღარ მიფიქსირდება, მხოლოდ ჩემი დარეკილი ჩანს. დიდი რუდუნებით ვინახავ ამ ნომერს.

– მთლად “ზემოდან” ხომ არ დაგირეკეს?

– ასეთი რამეების ნაკლებად მჯერა, მაგრამ მართლა სასწაული მოხდა. ფაქტია, ამ ტელეფონის ზარმა გადამარჩინა. ისე კი ძალიან მინდოდა, ჩემი მეუღლის ზარი ყოფილიყო და მეთქვა, რომ მან გადამარჩინა, მაგრამ ასე არ არის. იმდენი მასალაა ჩამოყრილი, ვერ მოვერიე, რომ ამეწია. ძველი შენობებია.

– როდის წახვედით საქართველოდან?

– მე, ჩემი მეუღლე და უმცროსი შვილი 2 წლის წინ ბრუკლინში ჩამოვედით. გრინ ქარდი მოვიგეთ მოულოდნელად, ისე, რომ აღარც მახსოვდა, რომ ვითამაშე. ჩემი უფროსი ქალიშვილის მეგობარი ცხოვრობს ნიუ იორკში და მას უთქვამს ჩემი გოგოსთვის, 2 დღეა დარჩენილი და გამომიგზავნე შენი მონაცემები, შეგივსებ და იქნებ მოიგო გრინ ქარდიო. ვუთხარი, მიდი, ჩემიც გადააგზავნე-მეთქი. ჩემმა შვილმა ვერ მოიგო, მაგრამ მე – კი. რომ დამირეკეს, ვერც მივხვდი, რას მეუბნებოდნენ.

– ამერიკაში რამ წაგიყვანათ, გაჭირვებამ თუ სხვა მიზეზი იყო?

– არასოდეს მიფიქრია საზღვარგარეთ წასვლასა და იქ მუშაობაზე, თუმცა ეს ზუსტად რომ დროული იყო ჩვენთვის. ოჯახი გაიზარდა, ბიჭმა ცოლი მოიყვანა, გოგონა გათხოვდა. სამი შვილიშვილი მყავს…

ჩვენი პატარა ქალიშვილი უკვე სტუდენტი იყო, აქ რომ ჩამოვედით. პატარა ოჯახური ბიზნესი ჰქონდა ჩემს მეუღლეს საქართველოში, მაგრამ უკან-უკან წავიდა საქმე, აღარაფერი გამოდიოდა. გადასახადებსაც ვეღარ იხდიდა. როცა ეს ბარათი მოვიგეთ, ძალიან გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ბევრი ვიფიქრეთ. იქნებ სულაც არ წავიდეთ-თქო, ვამბობდით. ადვილი არ იყო 3 შვილიშვილის დატოვება ისეთ ასაკში, ძალიან საყვარლები რომ არიან…

სამნი ჩამოვედით ერთდროულად ძალიან ცოტა ფულით და საშინლად გაგვიჭირდა თავიდან.

– როცა ასე მიდიან, მთელ ქონებას ყიდიან ხოლმე საქართველოში.

– არა, არაფერი გაგვიყიდია. ბინა ჩავდეთ იპოთეკაში. იმდენი თანხა ავიღეთ, რაც საბუთების მოწესრიგებისთვის იყო საჭირო. ეს იმ თანხასთან შედარებით, რასაც ისინი იხდიან, აქ არალეგალებად რომ მოდიან, კაპიკები იყო, თუმცა ჩვენთვის ეს ძალიან დიდი თანხა გახლდათ.

1.800 დოლარით ჩამოვედით სამი ადამიანი ამერიკაში ისე, რომ აქ არავინ გვყავდა. მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბიძაშვილის ცოლის მამიდაშვილი, ნათია ჩლაიძე, დაგვეხმარა. ამერიკაში ცხოვრობს და იმ პერიოდში საქართველოში იყო ჩამოსული.

ჩიყვის ოპერაცია გაიკეთა და საავადმყოფოში დავადექი თავზე. ბილეთი გვქონდა უკვე აღებული და სად მოვდიოდით, არ ვიცოდით. არ ვიცი, ასე რატომ დაგვემართა, აჟიტირებულები ვიყავით, რომ ამერიკაში მოვდიოდით. ამ ქალბატონმა მოგვცა იმ ქალის ნომერი, სადაც თვითონ ცხოვრობდა ადრე. ის აქირავებდა ადგილებს. იქ მოვხვდით. ჩემი მეუღლე მამაკაცების კორპუსში ცხოვრობდა და ჩვენ – ცალკე.

– როცა გრინ ქარდს (მწვანე ბარათს) იგებ, მაშინაც შენ უნდა იშოვო ამერიკაში საცხოვრებელი?

– ასეთ დროს გთხოვენ, ვინმე სპონსორი მოძებნო და ის მიუთითო, რომელიც, სანამ იმუშავებ, მანამდე იზრუნებს შენზე. იმან კი უნდა დაადასტუროს თავისი შემოსავლებით, რომ შენს უზრუნველყოფას შეძლებს. ესეც ნათია ჩლაიძემ მოგვიგვარა. მართლა მას ხომ არ შევუსახლდებოდით სახლში?! შენ თვითონ უნდა შეძლო შენი თავის უზრუნველყოფა მანამდეც, სანამ სამსახურს დაიწყებ, მაგრამ მე ამდენი არ ვიცოდი.

ნათია იმ სააგენტოში მუშაობდა, სადაც გრინ ქარდიანებს ასაქმებენ. მან გაგვიკვალა გზა. აქ უნდა გაიარო შესაბამისი კურსები.

– რა პროფესიის ხართ?

– ეკონომისტი ვარ და მეორე პროფესიაც მაქვს, ფსიქოლოგი ვარ, თუმცა არასოდეს მიმუშავია ამ კუთხით. გაჭირვების პერიოდში მასაჟისტის კურსებიც გავიარე, 14 წელი ბავშვებს ვუკეთებდი მასაჟებს. ჩემი მთელი დიპლომები კი დიდი ამბით წამოვიღე, მაგრამ აქ გადამზადება ყველაფერში გინდა.

მასაჟისტობა აქ ძალიან კარგად ანაზღაურებადი პროფესიაა, მაგრამ ვერ ვმუშაობ ამ კუთხით. აქ გავიარე კურსები, სადაც იმ დონეზე გამზადებენ სამედიცინო განხრით, რომ თავისუფლად იმუშავებ ჩვენთან მედდად.

– მედდად მუშაობთ?

– არა, ავადმყოფებთან დავდივარ სახლში და, რაც სჭირდებათ, ვუკეთებ. საათობრივი ანაზღაურება მაქვს. მოხუცებთანაც დავდივარ და ახალგაზრდებთანაც, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

– თქვენი ქმარი რას საქმიანობს?

– ძალიან გაუჭირდა აქაურობასთან შეგუება და ძალიან ხშირად დადის საქართველოში. ახლაც საქართველოშია. მოხუცი მშობლები ჰყავს, 92 და 82 წლის და ვერ ტოვებს. დიდი ვენახები გვაქვს. ჩამოვა მანდ, მიხედავს მშობლებს, ვენახს და ისევ ბრუნდება.

აქ კი მშენებლობაზეც იმუშავა. პროფესიით ელექტროინჟინერია და ცდილობს, ელექტრიკოსად მაინც მოეწყოს. აქ რუსების მაღაზიაშიც მუშაობდა, ავეჯის გადაზიდვის სერვისშიც. ერთ ადგილას ვერ ჩერდება, რადგან საქართველოში მოდის ხშირად. მე კი 2 წელია არც ჩამოვსულვარ. ჩვენს გოგონას ვერ ვტოვებ, აქ სწავლობს.

– თქვენს გოგონაზე წერდით “ფეისბუქში”, ამერიკულ კერძო საწარმოში პატარა, ნაზი თითებით ჭრიდა მთელი დღის განმავლობაში ფეხზე მდგომი ბოსტნეულს და ალაგებდა ქილებში დასამწნილებლად, რომ თავისი ფული ჰქონოდაო…

– დიახ, ასე იყო. ბანკში შემთხვევით გავიცანით უკრაინელი გოგონა, რომელმაც შეგვატყო, რომ დაბნეულები ვიყავით და კარგად დაგვაკვალიანა. მერე დაგვირეკა, რომ საწარმოში, რომელიც მწნილებს აწარმოებდა, კადრი სჭირდებოდათ. სიხარულით წავიდა. 1 საათში 100 დოლარს უხდიდნენ. ჭრიდა ბოსტნეულს, ალაგებდა ქილებში, დილიდან საღამომდე ფეხზე იდგა და ძალიან წვალობდა. სუსტი გოგოა ფიზიკურად. შეძლო, რომ საკუთარი ფული ჰქონოდა. პირველად მან დაიწყო მუშაობა.

18 წლის იყო, აქ რომ ჩამოვედით. თბილისში, უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებებზე სწავლობდა. პირველი კურსი დახურა და წამოვედით.

– ქართველი ემიგრანტები გაიცანით, მათთან როგორი ურთიერთობა დაამყარეთ?

– ქართველებიც გვეხმარებოდნენ. ქართულს რომ გავიგონებდით ქუჩაში, სახლამდე მივდევდით. ისეთ ადგილას მოვხვდი, სადაც 80% ქართველები ცხოვრობენ. ერთმა ქალბატონმა, მანანა ახალაიამ, რომ შემატყო, დეპრესიაში ვიყავი, ყველანაირად ცდილობდა, გაექარწყლებინა ჩემთვის ნოსტალგია და ქართულ საჭმელებს ამზადებდა, მოჰქონდა ჩვენთან… ღმერთი გაახარებს!

პირველად პური რომ ვიყიდე, 4 დოლარი გადავიხადე. გადამყავდა ჩვენს ფულზე და 10 ლარი გამოდიოდა. ლამის გავგიჟდი, პირიც ვერ დავაკარე. მერე კი, მუშაობა რომ დავიწყე, კრედიტისტორია კარგი მქონდა და მოგვეცა საშუალება, ბინა გვექირავებინა. ასეთს ჩვენთან ოროთახიანი ბინა ჰქვია, მაგრამ აქ ერთოთახიანს ეძახიან, რადგან ოთახად საძინებელი ითვლება და არა – მისაღები.

ამერიკა ისეთი ტემპის ქვეყანაა, ვერ გაჩერდები, სულ უნდა იმუშაო. თავიდან ძალიან გამიჭირდა. დილის 6 საათზე ვდგებოდი, საათნახევარი ვმგზავრობდი. დაგვიანება არაფრით შეიძლება. მოუსვენარი ტემპია, მაგრამ საინტერესო, რადგან იცი, რომ დაგიფასდება.

რომ ჩამოვედით, დაცემინების მეშინოდა, ავად არ გავხდე-მეთქი. როგორც მერე გავარკვიე, ასეთ დროს, არალეგალიც რომ იყო, ყველანაირ დახმარებას აღმოგიჩენენ, გაგიხსნიან სპეციალურ დაზღვევას, რომელიც იმ ემიგრანტებისთვისაა, შემოსავალი რომ არ აქვთ.

თუ ლეგალურად ხარ ქვეყანაში, უმუშევარი რომ რჩები, მაშინ სახელმწიფო გინიშნავს ხელფასს. აქაურ მოხუცებს ვერც შეედრებიან ჩვენები. ყველაფრით უზრუნველყოფილები არიან. დედაჩემს მე გავუგზავნე მკურნალობისთვის ფული, თორემ დღეს ცოცხალი არ იქნებოდა.

აქ სამგზავრო და ტელეფონის თანხას გირიცხავენ. ჩემი შვილიც დააფინანსეს წიგნებით, უფასო მგზავრობით… ყველაფრის შანსი გაქვს ამ ქვეყანაში.

– სიცოცხლის ბოლომდე მანდ ყოფნას აპირებთ?

– არა, აუცილებლად დავბრუნდებით. ჩვენი საქართველო ყველაფერს გვირჩევნია.

– ხომ არ ინანეთ წასვლა?

– სინანულით არ გვინანია. პირველი თვეები არ ითვლება, რადგან გაურკვევლობაში ხარ, გაქცევა გინდა… ჩემი ქმარი რომ დაინახავდა, სადღაც თვითმფრინავის ბილეთები იყიდებოდა, გარბოდა, რომ დაბრუნებულიყო. ისეთი სტრესი მქონდა, ერთ თვეში 8 კილო დავიკელი. ჩემი მეუღლეც ძალიან დასუსტდა. გვეგონა, ვერ დავსაქმდებოდით, მაგრამ ეს ისეთი ქვეყანა არაა, რომ სამსახური ვერ იშოვო.

მე ისეთ ასაკში ჩამოვედი, აქ რა გამაჩერებს, მაგრამ ახალგაზრდები რომ ჩამოდიან, ალბათ ისინი ნაკლებად იფიქრებენ უკან დაბრუნებაზე. მე კი ერთი სული მაქვს, სწავლა დაამთავროს ბავშვმა, რომ წამოსვლა შევძლო.

– თქვენს შვილს უნდა წამოსვლა?

– არ ვიცი. თუ სამსახური დაიწყო, მერე ალბათ უფრო გაუჭირდება. მეც პირდაპირ ვერ ავდგები და წამოვალ. აქ ვარ, როგორც ფაქტობრივად ამერიკის მოქალაქე. 4 წლის გასვლის შემდეგ მოქალაქეც გავხდები. სტაჟი მეწერება, პენსიაში რომ გავალ, ამათი პენსია დამენიშნება… ალბათ მერე ვივლი კიდეც საქართველოში და აქაც ვიქნები და იქაც.

ბრუკლინში ყველა ნაბიჯზე ქართული ლაპარაკი მესმის. მართლა დაცლილია ჩვენი ქვეყანა. არც ვიცი, უნდა მიხაროდეს თუ უნდა მწყინდეს.

“ზემოდან” რომ მირეკავდნენ, ამის – არა, მაგრამ ბედისწერის კი მჯერა. ამხელა ამერიკაშიც ვგრძნობ, რომ ღმერთი არ მტოვებს. სამსახურებშიც მიმართლებს, კარგი ბებიები მხვდებიან. ვმუშაობდი ქალთან, რომელიც ქართველი ებრაელია და საქართველოს ხსენებაზე ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები – ანიკო ხანანაშვილი, სოლოლაკში ცხოვრობდა თურმე. ძალიან ენატრება თბილისი და სულ ამბობს, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამერიკაში ვიცხოვრებდი და აქ მოვკვდებოდიო.

 რუსუდან ადვაძე, სარკე