ნანა გეგეჭკორი: “უყოყმანოდ გავცვლიდი ამერიკის ულტრათანამედროვე მედიცინას გალში დაბრუნებაზე” – რაზე ოცნებობს ნიუ იორკში წარმატებული ქართველი კარდიოლოგი

ნანა გეგეჭკორი: "უყოყმანოდ გავცვლიდი ამერიკის ულტრათანამედროვე მედიცინას გალში დაბრუნებაზე" -  რაზე ოცნებობს ნიუ იორკში წარმატებული ქართველი კარდიოლოგიქართველი კარდიოლოგი, 38 წლის ნანა გეგეჭკორი, უკვე 16 წელია, რაც ემიგრაციაშია. ჯერ იყო მოსკოვში, 7 წლის წინ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და ამჟამად ნიუ იორკის ყველაზე წარმატებულ ჰოსპიტალში მუშაობს. ამერიკაში დაიბადა მისი ორი შვილი, 7 წლის ნინო და 6 წლის ანა-მარია, რომლებიც ქართულ გარემოში იზრდებიან და ქართულიც კარგად იციან.

წარმატებული კარიერის მიუხედავად, ახალგაზრდა ექიმი ამბობს, რომ ყველაფერს დათმობს, თუკი ოდესმე შანსი მიეცემა, რომ თავის მშობლიურ მხარეში, აფხაზეთში, დაბრუნდეს.

– ქალბატონო ნანა, როდის ჩახვედით ამერიკაში და როგორ დაიწყო თქვენი ემიგრანტული ცხოვრება?

– თავდაპირველად, 2002 წელს, მოსკოვში წავედი და იქ ვცხოვრობდი. რუსეთიდან ამერიკაში გამგზავრება ჩემთვის იოლი გადაწყვეტილება არ იყო. ოჯახურმა გარემოებამ მოიტანა გადასვლის აუცილებლობა, რადგან მე რუსეთში ვიყავი, ჩემი საქმრო კი – ამერიკაში. რთული იყო ვირტუალური ურთიერთობა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. არადა მოსკოვში კარდიოლოგის ძალიან წარმატებული კარიერა მქონდა. ყველაფერს მივაღწიე, რაც კი ჩემს ასაკში იყო შესაძლებელი.

– უცხო ქვეყანაში კი ყველაფერი თავიდან უნდა დაგეწყოთ.

– დიახ, ამერიკაში ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო. აქ უცხოურ დიპლომსა და ხარისხს არ აქვს შესაბამისი სტატუსი, ყველაფერი თავიდან უნდა ჩააბარო, მე კი ინგლისური ენაც არ ვიცოდი. ორი მცირეწლოვანი შვილის გაზრდის პარალელურად ვსწავლობდი ინგლისურ ენას და სამედიცინო სალიცენზიო გამოცდებისთვის ვემზადებოდი.

ამერიკის სამედიცინო უნივერსიტეტის მთელი პროგრამა წელიწადნახევარში გადავაბარე. დღეში 16 საათი ვმეცადინეობდი. მხოლოდ ახალ წელსა და ბავშვების დაბადების დღეს ვაძლევდი თავს უფლებას, წიგნები გვერდზე გადამედო. ოჯახის წევრებმა ძალიან შემიწყვეს ხელი, განსაკუთრებით კი – ჩემი მეუღლის მშობლებმა.

– გვიამბეთ იმ სამედიცინო ცენტრის შესახებ, სადაც თქვენ მუშაობთ.

– ვმუშაობ ნიუ იორკის საუკეთესო კლინიკაში, სადაც ყველა ასაკის და დაავადების მქონე ადამიანს ემსახურებიან. ჰოსპიტალი უკვე მერვე წელია, პირველია ნიუ იორკის შტატში ინტერვენციულ კარდიოლოგიაში. ასევე აქვთ ყველაზე დაბალი სიკვდილიანობა გულის სარქვლოვან ქირურგიაში.

ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა აქ მუშაობა. ძალიან საინტერესო მულტიკულტურული გარემოა როგორც ექიმების, ასევე პაციენტების თვალსაზრისით. ასე მგონია, გეოგრაფიას ვსწავლობ ხოლმე, იმდენი ქვეყნიდან მყავს პაციენტები და იმდენ ენაზე საუბრობენ ისინი.

პირველი კითხვა, რითიც პაციენტთან ურთიერთობას ვიწყებ, არის: “რა ენაზე შემიძლია ვესაუბრო?”. მე ოთხ ენაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი პაციენტების ჯგუფს ხშირად ეს არ ჰყოფნის.

– თქვენი სამუშაო დღის გრაფიკი როგორია?

– ჩემი სამუშაო დღე დილის 6 საათზე იწყება და ოფიციალურად 7-ზე მთავრდება. დღის განმავლობაში ამოსუნთქვის საშუალება არ მაქვს, იმდენად დატვირთული ვარ.

– ქართველი პაციენტები თუ გყავთ და რითი განსხვავდებიან ისინი დანარჩენებისგან?

– დიახ, მყავს და არც ისე ცოტა. ბევრი მპოულობს სოციალური ქსელით და დახმარებას მთხოვს. ერთხელ ამერიკაში პაციენტი მოვიდა, რომელსაც მეგრულადაც კი ვესაუბრე, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. კილოზე მივხვდი, რომ მეგრული უნდა სცოდნოდა. ჩემთან ერთად იყო ემერჯენსის ექიმი და გაოცებულმა მკითხა, ასეთი რა უთხარი, რომ სახე შეეცვალაო. სხვათა შორის, ძალიან ეფექტური იყო სტრესის მოსახსნელად. იმ წამსვე გაშინაურდა და განიმუხტა.

ხშირია შემთხვევები, როცა ქართველი ემიგრანტები თვითმკურნალობას ეწევიან, სანამ მართლა ცუდად არ იგრძნობენ თავს, მაგრამ ძალიან თბილები არიან და ამერიკელ პაციენტებზე უფრო ენდობიან ექიმს.

– ხომ არ აპირებთ, ამერიკული პროფესიული გამოცდილება საქართველოშიც გაუზიაროთ ქართველ კოლეგებს?

– მე მართლაც დამიგროვდა საინტერესო კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილება. მაქვს კონკრეტული იდეებიც, როგორი მინდა იყოს ჩემი კონტაქტები ქართულ სამედიცინო წრეებთან, მაგრამ მომდევნო 2 წელი ძალიან დატვირთული ვიქნები. ექიმის ცხოვრება წარმოუდგენლად დიდ დატვირთვას მოიცავს, ძილისთვისაც კი არ მრჩება დრო.

– ახლა ოჯახზეც გვიამბეთ, ქმარზე, შვილებზე.

– ჩემი მეუღლე ქართველია, ჩემსავით დევნილია აფხაზეთიდან. ის სოხუმიდანაა, მე – გალიდან. ჩვენი ორივე ქალიშვილი ამერიკაში დაიბადა. საოცრად გამიმართლა ოჯახში. მეუღლე ჩემი საუკეთესო მეგობარია, მის მშობლებს კი ბიოლოგიური დედ-მამისგან არაფრით ვასხვავებ. ისინიც ამერიკაში ცხოვრობენ. მე მამა ძალიან პატარას დამეღუპა და ახლა გიორგის მამა მიწევს ნამდვილ მამობას.

ყველას ძალიან დატვირთული ცხოვრება გვაქვს. ბებია და ბაბუა მიწევენ ფასდაუდებელ დახმარებას ბავშვების გაზრდაში. სულ ვხუმრობ, რომ ჩემს შვილებს სამი დედა ჰყავთ – მე, ბებია და ბაბუა.

– თქვენს შვილებს ქართულად საუბარი ხომ არ უჭირთ?

– ბავშვები სახლში მხოლოდ ქართულად საუბრობენ. ყველა სიტყვას, რაც არ იციან, მათარგმნინებენ ხოლმე და აუცილებლად ქართულად გამოთქვამენ. ოჯახი ქართულად ვცხოვრობთ. მეგობრები და სტუმრები გამუდმებით მიდი-მოდიან. იშვიათად ვართ მარტო. ხან სტუმარი გვყავს, ხან ახალჩამოსული ემიგრანტი – შეფარებული და ასე შემდეგ.

ბავშვები ისე შეეჩვივნენ ქართულ სტუმრიანობას, თუ მარტონი ვართ, სულ წუწუნებენ, მოწყენილები ვართო.

– საქართველოში თუ ჩამოგყავთ შვილები?

– ძალიან უყვართ საქართველო. ყოველ ზაფხულს საქართველოში მომყავს და დიდი ბრძოლის შემდეგ მიმყავს უკან. არაფრით უნდათ ხოლმე წამოსვლა. განსაკუთრებით უყვართ ანაკლია. იქ ვისვენებდით ორჯერ და ისე მოეწონათ უსაზღვრო სითბო, რასაც ყველა გამვლელ-გამომვლელი ავლენდა მათდამი, დღე არ გავა, იქ წასვლა არ მომთხოვონ. მათი ყველა ოცნება ჯერჯერობით საქართველოში დასვენებას უკავშირდება.

ნინო და ანა-მარია ნიჭიერ ბავშვთა სკოლაში სწავლობენ. ამ სკოლაში მოსახვედრად საკმაოდ რთული გამოცდაა ჩასაბარებელი, რომელიც 4-5 წლის ასაკში ბარდება. ორივემ უმაღლეს ქულაზე დაძლია გამოცდები. 4 წლის ასაკიდან ფორტეპიანოზე დაკვრას ეუფლებიან.

– თქვენი სამედიცინო კარიერა როგორ გრძელდება, რაიმე ცვლილება ხომ არ იგეგმება?

– ჩემი გეგმები ისევ მეცნიერებას და კლინიკურ საქმიანობას უკავშირდება. კლინიკურ საქმიანობასთან ერთად რამდენიმე სამეცნიერო პროექტში ვარ ჩართული. აქ თუ ექიმი ხარ, სულ სწავლობ, სულ გამოცდებს აბარებ. ცოდნას მუდმივი განახლება სჭირდება. სამედიცინო სფერო საოცარი სისწრაფით ვითარდება და ცვლილებებს ფეხი თუ ვერ აუწყვე, კლინიკურ საქმიანობაში ვერ დარჩები. ოდესმე კი ძალიან მინდა, საქართველოში ვიცხოვრო თუ, რა თქმა უნდა, სიტუაცია ამის საშუალებას მომცემს.

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

– ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, ოდესმე იქ დავბრუნდე, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვიგრძნობ. აფხაზეთის მერე საკუთარ სახლში ყოფნის განცდა პირველად მას მერე გამიჩნდა, რაც სახლში ჩემი შვილები მხვდებიან. უცხო ქალაქში გადასვლა და ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს მიჭირდა, რადგან ვერც ერთ გარემოს აღვიქვამდი საკუთარ სახლად.

ისეთი მშობლიური განცდა არც ერთი ქალაქის მიმართ მაქვს, როგორიც გალის მიმართ. ხვალაც რომ დამრთონ ნება, იქ ქართველად დავბრუნდე, უყოყმანოდ გავცვლიდი ულტრათანამედროვე მედიცინას იქაურობაზე.

– თქვენს ქმარსაც იგივე განცდები აქვს სამშობლოსადმი?

– მეუღლე სოხუმიდანაა, როგორც უკვე ვახსენე. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, სტუდენტი იყო უკრაინაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ სწავლა დროებით შეწყვიტა და მამასთან ერთად იბრძოლა ბოლო დღემდე. ომის დასრულებიდან რამდენიმე დღის მერე კოდორის ჯოჯოხეთი გაიარა და სასწაულად გადაურჩა სიკვდილს.

ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვობის ფოტოებია. თუ ვინმეს ჰქონდა შემორჩენილი, ყველას მოაქვს. ომის გამო ყველამ ყველაფერი დავკარგეთ.

ირაკლი ვაჩიბერაძე, ჟურნალი სარკე