იუნა შაფათავა: ,,მე ვიყავი გაუპატიურებული, მაგრამ კაციშვილს ხმა არ ამოუღია, არც იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც მივმართე”

იუნა შაფათავა: ,,მე ვიყავი გაუპატიურებული, მაგრამ კაციშვილს ხმა არ ამოუღია, არც იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც მივმართე"მსახიობმა და ყოფილმა ტელეწამყვანმა, სკანდალური გულახდილობით განთქმულმა იუნა შაფათავამ, საქართველო დატოვა და ბედის საძიებლად ამერიკაში გაემგზავრა. ამჟამად ნიუ იორკში თარჯიმნად მუშაობს, პარალელურად დადის სამსახიობო კასტინგებზე, ესწრება სხვადასხვა მასტერკლასებს.

ოკეანის გაღმიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს და კომენტარებსაც სოციალური ქსელით აქტიურად აქვეყნებს.

– პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რადგან ამერიკაში ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს არ ვადევნებ, – გვითხრა იუნამ, – აქედან ეს ყველაფერი სატირულად ჩანს.

საერთოდ “ქართული მარში” რა არის, ვერ ვხვდები. შეიკრიბებიან ლუდის მსმელები, მჭამელი კაცები, ამბობენ, ქართულ ტრადიციებს ვიცავთო და ისეთი ცხოვრების სტილი აქვთ, რომ ნორმალურ ტრადიციასთან ახლოს სულ არ არის. ყველაზე სიმახინჯე, რაც კი არის, ამის სახეა “ქართული მარში”. ვერ გავიგე, რა საჭიროა ასეთი ორგანიზაციის არსებობა. დაერქმიათ “მეზურნეები” და მორჩა.

– დღეს რომ საქართველოში ყოფილიყავით, თქვენ წინააღმდეგაც გამოვიდოდნენ “ქართული მარშის” წევრები?

– მაგათთვის მე არაწესიერი ქალი ვარ, რომელიც საზოგადოებისთვის სამარცხვინოა. თუმცა მე პასუხი მაქვს. არ ვიცი მათი შემადგენლობა, მაგრამ ორი ისეთი კაცი მომხვდა თვალში, მათი ამორალური ქცევა ჩემ თვალწინ რომ ხდებოდა. წარმოიდგინეთ, ტრადიციების დასაცავად გამოდიან და ჩემთან, ლოგინში იწვნენ. ჩემს ლოგინში ხან ისეთი ადამიანები ხვდებიან, რომ ზოგჯერ მიკვირს, რა უნდოდათ.

– თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ დღევანდელი ხელისუფლების მომხრე ხართ. თუ ყველაფერი კარგადაა აქ, მაშინ რატომ წახვედით საქართველოდან?

– მე ვარ სამართლიანობის მომხმრე – “ქართული ოცნება” იქნება თუ სხვა, არ აქვს მნიშვნელობა. მე წინააღმდეგი ვარ ფაშისტების და იმის, რომ ნაციონალები დაუსჯელები დარჩნენ. საქართველოში ასეთი დესტაბილიზაცია სწორედ ამ კოაბიტაციის გამოა. ამან გამოიწვია ის, რომ ხალხი სხვადასხვა დონეზე მავნებლობს.

რაც შეეხება ჩემს წასვლას, ყველა ამბობს, რომ იუნა ნაწყენი იყოო. კი, იუნა რეპრესიებშია. ჩემი ტყუპისცალი, დეა, “ქართუში” მუშაობს და ამიტომ ჩემთვის ყველგან დაიკეტა კარი. ჩემი შესაძლებლობების მქონე ადამიანი მენეჯმენტში ტოპ პოზიციას დაიკავებდა.

შიდა სამზარეულოში არავინ ჩამახედებდა, რადგან უსამართლობას, ღალატს ვერ ავიტანდი. ამიტომ არავის სურდა ჩემთან მუშაობა. ასე რომ არ იყოს, მე არც ერთი ნაციონალური უწყება დამბლოკავდა. მბლოკავენ იმიტომ, რომ პირდაპირ ვამბობ იმას, რაც მათ არ მოსწონთ.

ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ვიყავი, მოვიარე ისტორიული ქუჩები, თბილისში ამ ყველაფერს სად ვნახავდი? სად დაველაპარაკებოდი ექსპერტებს?სად ვნახავდი შერონ სტოუნს, რობერტ დე ნიროს?.. სად ვირბენდი კასტინგზე კვირაში სამჯერ? საქართველოში ასეთი შესაძლებლობა სად არის? მთელი ჩემი ფული განათლებაში მიდის, ამიტომ წამოვედი ამერიკაში.

– საქართველოში აქტუალური თემაა ქალთა სექსუალური შევიწროება. ეს თქვენთვის ნაცნობი მოვლენაა, ასეთ სიტუაციაში თქვენც ყოფილხართ?

– რომელმა ქალებმა ამოიღეს ხმა? მაგათ არ ვთვლი ქალებად. ბაია პატარაიების ორგანიზაციების მიზანი მხოლოდ მოგებაა.

სექსუალური შევიწროების მსხვერპლი სულ ვიყავი. ჩემი პირველი სამსახური ორ დღეში დასრულდა. მაშინ 21 წლის ვიყავი და კომპანიის დირექტორმა მითხრა, არაფერი აკეთო, მე მიყვარს ქერა ქალებიო. შემდეგ ამას მოჰყვა დიდი ამბავი, დედაჩემი გადაირია. მე ვიყავი გაუპატიურებული, მაგრამ კაციშვილს ხმა არ ამოუღია, არც იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც მივმართე.

ასეთ ორგანიზაციებში არიან პოლიტიკური გარემოთი გამოკვებილი ადამიანები. ადამიანი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს, პოლიტიკასთან დაკავშირებული არ უნდა იყოს. ამან ჩაძირა საქართველო. იგივე ჩემი ჩოგბურთელი და, სოფია, აიღეთ. მისთვის თანხა არასდროს ყოფილა გამოყოფილი. ყველა უწყებაში ასეთ პასუხს ვიღებდი, შენი და ივანიშვილთან მუშაობს და საკმარისი თანხები გაქვთო.

სპორტის სამინისტროში ერთ-ერთი ჩინოსანი ხელით მწვდა და მითხრა, შენს საყვარლებს უთხარი, რა გაგვიხურე საქმე შენი დის ჩოგბურთით-თქო. კაცები ისხდნენ, ღრიალებდნენ და შეურაცხოფას მაყენებდნენ. ეს ყველაფერი დავწერე, მივმართე პარლამენტს, ოლიმპიურ კომიტეტს, გენინსპექციას, მაგრამ პასუხი არავისგან იყო.

-რას საქმიანობთ ნიუ იორკში?

– ამბობდნენ, რომ იუნა სტრიპტიზის კლუბში ცეკვავსო, მაგრამ ასე არ არის. ახლა ვარ თარჯიმანი, დიდ კომპანიასთან ვთანამშრომლობ. ხუთი ენა ვიცი – ქართული, რუსული, ინგლისური და ფრანგული. ასევე დავდივარ სამსახიობო სტუდიებში. მინდა, ჩემს შემოქმედებით კარიერას მივხედო.

ლევან კოღუაშვილმა გადაიღო ფილმი “ბრაიტონ 4”. ბრუკლინში არის ბრაიტონის ცნობილი ქუჩა, სადაც ძირითადად ემიგრანტები ცხოვრობენ. ამ ფილმში ბევრი ცნობილი ქართველი მსახიობი თამაშობს. მართალია, მე ეპიზოდური როლი მაქვს, მაგრამ ძალიან გამიხარდა.

-არ აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას?

– საქართველოში ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. როდესაც მწყუროდა, მშიოდა, ფულს ვერ ვაკეთებდი. ვერ ნახულობ ასეთ ხალხს… წელიწადში ერთხელ ჯემ ფესტი და ფეშენ ვიკი რომ გაიმართება… მე ცოტა ბევრი მჭირდება.

42 წლის ვხდები და ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა მქონდეს იმის საშუალება, რომ ლა სკალაში ვნახო კარგი ოპერა. მინდა, ეს ყველაფერი ჩემი შესაძლებლობებით გავაკეთო და არა – საყვარლებით.

საქართველოში ჩამოსვლა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აქ ყოველდღე რაღაც სიახლეა, რასაც ვერ გამოვტოვებ.

მარი მგალობლიშვილი, სარკე