საფრანგეთის ქართველი ემიგრაცია 30 წლის ბარბარა დავრიშაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ შოკში ჩააგდო. როგორც ახალგაზრდა ქალის ახლობლები ამბობენ, ბარბარა რამდენიმე თვის წინ ქალაქ მაიამიში ძმასთან ჩავიდა და მუშაობა დაიწყო. იმ საბედისწერო დილას გარდაცვლილი ძმამ და რძალმა საძინებელში ნახეს.
ჯერჯერობით გარდაცვალების დეტალები უცნობია. ახლობლები ექსპერტიზის შედეგს ელოდებიან.
ბარბარა საფრანგეთში არსებული წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა არჩილ დავრიშაშვილის ქალიშვილია. სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით, საფრანგეთის ტაძრის მრევლი, იქ მცხოვრები ქართველები, მამა არჩილს უსამძიმრებენ ამ უდიდეს ტრაგედიას. ბარბარეს გარდაცვალებას სოციალური ქსელით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა.
ფეისბუქის პირად გვერდზე მან ბარბარესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ინაუგურაციის დღეს არის გადაღებული და მიაწერა: ,,რა სისასტიკეს იჩენს ხოლმე ცხოვრება, რა უკუღმართია ხოლმე ბედი ან რატომ უნდა ასე უდროოდ ბარბარას ღიმილი გაქრეს”.
მამა არჩილს და მის ოჯახს ზურაბიშვილების ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. როგორც საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა კვირის პალიტრა.ჯი-ს უთხრა, საფრანგეთში არსებული წმინდა ნინოს ქართული ტაძარი ზურაბიშვილების ოჯახის აშენებულია და სწორედ იმ ტაძრის წინამძღვარი გახლავთ მამა არჩილი. ზურაბიშვილებს ამ ოჯახთან ნათელ-მირონობაც აკავშირებთ. მამა არჩილის ვაჟი, ვახტანგი, სალომე ზურაბიშვილის ნათლულია.
– ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია ბარბარას, წარმოუდგენელია გული არ სტკიოდეს. საოცრად მხიარული, მოსიყვარულე, სიცოცხლით სავსე გოგო იყო. ყველანი ვიცნობდით მას, ვინც ტაძარში დავდიოდით. ყველას გვტკივა გული მისი ასეთი უეცარი სიკვდილით. ჯერ არ არის გარკვეული სიკვდილის მიზეზი, მამა არჩილი საფრანგეთიდან მიფრინავს მაიამიში და ალბათ გაირკვევა ყველაფერი.
ბარბარას ძმა ვახტანგი მაიამიში ცხოვრობს, მეუღლეც იქაური ჰყავს. ბარბარა ხშირად დადიოდა ძმასთან. საოცარი და-ძმობა ჰქონდათ. რამდენიმე თვის წინ კი ჩავიდა და იქვე დარჩა. ყველაფერი კარგად ჰქონდა აწყობილი – არომათერაპიის მაღაზიაში მუშაობდა. დილით რომ არ გამოსულა ოთახიდან, შესულან მის საძინებელში და ეს საშინელი სურათი დახვდათ. სასწრაფო გამოუძახებიათ, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. ვერაფერი უშველეს.
10 აპრილს, საფრანგეთში, ტაძარში პანაშვიდი ცხედრის გარეშე გადაუხადა შვილს მამა არჩილმა. ვერც ვიფიქრებდით, რომ ამას შეძლებდა. სხვა ეკლესიების მოძღვრებიც იყვნენ მოსული, მამამ დაიწყო შვილისთვის პანაშვიდის გადახდა, მაგრამ ვერ გაუძლო, ატირდა… მერე სხვა მოძღვრებმა განაგრძეს. სავსე იყო ეკლესია, ტევა არ იყო, ყველა ტიროდა…
კვირის პალიტრა