თბილისში ტრანსგენდერი ქალი დაჭრეს – რას აბრალებენ ნიუ ჰოსპიტალს?

თბილისში ტრანსგენდერი ქალი დაჭრეს - რას აბრალებენ ნიუ ჰოსპიტალს?თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. შემთხვევა ორთაჭალაში მოხდა. დაზარალებულის მეგობარი „კურიერს“ უყვება, რომ ტრანსგენდერ ქალს რამდენიმე მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა გენდერული იდენტობის გამო მიაყენა.

ნაცემს სახეზე 7 ნაკერი ადევს. მას პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს. დაზარალებულის მეგობარი უყურადღებობაში ადანაშაულებს კლინიკა ნიუ ჰოსპიტალის ექიმებს, სადაც მოხდა ტრანსგენდერი ქალის გადაყვანა. ამ ბრალდებას კი უარყოფენ ნიუ ჰოსპიტალის წარმომადგენლები. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

„ვნახე, რომ იყო უმოწყალოდ ნაცემი. შვიდი ჭრილობა ჰქონდა. საავადმყოფოში ორი ფოტოს გადაღება მოვასწარი, რაზეც ექიმმა საკმაოდ უხეშად მომმართა,“-ამბობს დაზარალებულის მეგობარი.

”ნიუ ჰოსპიტალის” საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი ანა გოგიჩაძე კი ამბობს, რომ პაციენტის თანმხლებ პირს სთხოვეს შეეწყვიტა ფოტო-ვიდეო გადაღება, რადგან ჰოსპიტალში ეს აკრძალულია.

„სამწუხაროდ, მათ ჰქონდათ არაადექვატური რეაქცია, პაციენტმა თავის თანმხლებ პირთან ერთად საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ერთად დატოვა ტერიტორია. ნიუ ჰოსპიტალი ემიჯნება ჰომოფობიას“-ამბობს გოგიჩაძე.