ქადა-გასტეხილის და ხავიწის ქადის რეცეპტები – მთაში ქალები ყოველ რელიგიურ დღესასწაულზე ამზადებენ

ქადა-გასტეხილის და ხავიწის ქადის რეცეპტები - მთაში ქალები ყოველ რელიგიურ დღესასწაულზე ამზადებენქადა-გასტეხილს მთაში ხატის დღეებში, ანუ რელიგიურ დღესასწაულებზე ამზადებენ. ის ასე მზადდება:

,,ზოგი საფუარიანი ცომით აკეთებს, ზოგს მაწვნიანი ცომი უყვარს და ხაჭაპურის პრინციპით მზადდება, მხოლოდ გულსართი ასეთია: 500 გრამ ერბოს უნდა დაუმატოთ მარილიანი გემრიელი გახეხილი ყველი იმდენი რომ, როცა გასინჯავთ, გემრიელი იყოს და მარილის დამატება არ დასჭირდეს. ასევე უნდა დაუმატოთ პურის ფქვილი, ხაჭოსავით მასა უნდა მიიღოთ. შემდეგ ამ ერბოიან გულს ჩადებთ ცომში, თავზე გადაუსვით კვერცხის გული და რამდენიმე ადგილას ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ. გამოაცხობთ ხაჭაპურივით ღუმელში”.

მთის ხალხისთვის ხავიწის ქადაც განსაკუთრებული კერძია და ის მთაში ორი მიზეზით ცხვება: ერთი მიზეზი ხატობაა, დღესასწაულები, რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს – გიორგობას, მარიამობას, ლომისობას, ქაშვეთობას, ზეგარდობას – იმართება. ხატობისთვის გამომცხვარ ხავიწს ღამის სათევს ეძახიან.

მეორე მიზეზი კი, რის გამოც ხავიწის ქადას მთის ქალები აცხობენ, მათი მიცვალებულებია. ის აღდგომის ღამეს, მიცვალებულის სახელზე ცხვება და ტაბლა ჰქვია. ,,რადიო თავისუფლებამ” მთიულ ქალს, ოლა ბუჩუკურს სთხოვა ხავიწის ქადის რეცეპტი.

-ხავიწის ქადის ცხობას თავისი რიტუალი აქვს: თუ ქადას მკვდრისთვის აცხობ, მარილს რომ მააყრი, მკვდარს უნდა უთხრა შანდობა, შაიწყალოსა. აღდგომას, შენი მტრისა და დუშმნის, გულსატკენი მკვდრისთვის აუცილებლად უნდა ამოაცხო ტაბლა. თუ ხატისთვის აცხობ ტაბლას, მარილს რომ მააყრი უნდა თქვა, გაადიდოს დიდი ლომისა, ძლიერება მისცას და გვიშველოს და შეგვეწიოს, – ამბობს ქალბატონი ოლა.

ხავიწის ქადა რომ გამოაცხო, წყალი გჭირდება, მარილი, ფქვილი და ერბო. ოღონდ, როგორც ოლა ბუჩუკური ყვება, ხავიწის დასამზადებელი ერბო ადრე თურმე სპეციალურად გამოჰყავდათ და მას ჯორისთავადი, ანუ ჯვარისთავადი, ერქვა და მისი გამოყენება სხვა საჭმელში აკრძალული იყო:

-ერთ კილო ერბოს, რომელსაც ჯორისთავადს ეძახოდნენ, სპეციალურად ინახავდნენ ხოლმე. აი, ერბოს რომ გამაარჩევდნენ კარაქისგან, პირველად ჯორისთავადს გადასწურავდნენ და აავსებდნენ ქილებს ლომისისთვის, ქაშუეთისთვის… და არ შაიძლებოდა იმ ერბოს სხვა საჭმელში გამოყენება. აი, ამ ჯვარისთავადს მალავდიან კე, ბალღებს რომ არ მოგვექექა, – იხსენებს ოლა ბუჩუკური.

ქადის გულის მომზადებისთვის გახურებულ ტაფაზე კოვზით ერბოს დებთ, მერე მარილს აყრით, შავ ფქვილს და წყალს ამატებთ:
-ცოტა წყალი, რომ ძალიან ფიცხი არ მოგვივიდეს… ახლა შავი ფქვილი… მარილი და მოვურიოთ. აი, ესა და ეს არის ხავიწის გულის გაკეთება. ახლა ხავიწი უნდა გაცივდეს, რომ ცომში გულად ჩაიდოს და გამოცხვეს. ცომის მოზელას რაღა უნდა – ფქვილი, წყალი და მარილი, ოღონდ მარილის მოყრისას იმის ხსენება არ დაგავიწყდეთ, ვისთვისაც ქადას აცხობთ, – ამბობს ქალბატონი ოლა.