,,ჩემი მეუღლეც დიდი ოტელო აღმოჩნდა” – მანანა მაჩაბელი 81 წლის ასაკშიც როლებსა და ეკრანზე ოცნებობდა

,,ჩემი მეუღლეც დიდი ოტელო აღმოჩნდა" - მანანა მაჩაბელი 81 წლის ასაკშიც როლებსა და ეკრანზე ოცნებობდა,,სარკე”, ირინე მჭედლიძე

გასული აგვისტოსთვე საქართველოსთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. კორონავირუსით დღეში 50-80 ადამიანს ვკარგავდით. ამ სტატისტიკაში, ამდენი გარდაცვლილის გვარ-სახელებში თითქოს ჩაიკარგა ერთ დროს ძალიან კაშკაშა სახელი და გვარი – მანანა მაჩაბელი. ცნობილი ტელედიქტორი, 70-80-იანების პატარა ტელემაყურებლებისთვის საყვარელი ,,დეიდა მანანა”, მსახიობი და თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. უკანასკნელი დღეები მან თავის ერთადერთ შვილთან ამერიკაში გაატარა.

დეიდა მანანა, ფისო და ყურშა – ,,ცეროდენას ეკრანიდან” ამ სამი პერსონაჟის დანახვას ყველა ბავშვი ელოდა. თაობები შეიცვალა, მაგრამ მანანა მაჩაბელი ბევრისთვის დეიდა მანანად დარჩა, რომელსაც ყველაზე სათუთ ოცნებებსა თუ დარდს თავიანთ ბარათებში ანდობდნენ.

– თეატრი ჩემთვის პირველი ტაძარია, მეორე არის ტელევიზია, მესამე – ჩემი ინსტიტუტი, რომელიც ახლა უნივერსიტეტია. ჩემი მშობლებიც მსახიობები იყვნენ. მე თეატრიდან არასოდეს წამოვიდოდი, თეატრს შევაბერდებოდი, მაგრამ ბავშვი პატარა მყავდა, დედა გარდამეცვალა და ოჯახის ბურჯი მე ვიყავი. შვილს მარტო ვზრდიდი. 5 წლის ბავშვს სახლში მარტო ვერ დავტოვებდი, ამიტომ დავწერე განცხადება და თეატრიდან წამოვედი, – ყვებოდა ქალბატონი მანანა ერთ-ერთ ტელეინტერვიუში.

ამ დროს ტელევიზიაში გამოცხადდა კონკურსი, რომელიც გაიარა და ასე დაიწყო მისი 30 წლიანი ტელეკარიერა. ,,ცეროდენას ეკრანს” სხვა ბევრი გადაცემა მოჰყვა და საქართველოს ერთადერთი ტელევიზიის უცვლელ სახედ იქცა.

– მძიმე დღეში ვარ. დღეს თუ არა ხვალ მე უნდა წავიდე ჩემს შვილთან, ამერიკაში. ალბათ ყველა გამიგებს, რომ სამშობლო კი სამშობლოა, მაგრამ შვილი პირველ რიგშია. 2003 წლიდან ფაქტობროვად მარტო ვარ… მეგობრები სულ მეუბნებიან, რომ მოგონებები დავწერო. მოგონებებს აქ დავწერ თუ ამერიკაში, მე მაინც თბილისში ვიქნები. გარდა იმისა, რომ იქ მემუარების წერას ვაპირებ, ამერიკაში თურმე კომპიუტერით და ტელევიზიით კასტინგები ცხადდება მასობრივ სცენებსა და ეპიზოდურ როლებში მონაწილეობისთვის… ასე რომ, იქ უსაქმოდ არ ვიქნები, – ამბობდა ქალბატონი მანანა ერთ-ერთ სიუჟეტში.

ცნობილი დიქტორი თავისი წარმომავლობით ძალიან ამაყობდა. ამბობდა, რომ გვარი მას ბევრ რამეს ავალდებულებდა, მათ შორის – ტრადიციების დაცვასაც. “სარკის” არქივში ინახება ინტერვიუ, რომელშიც მანანა მაჩაბელი თავის წინაპრებსა და ოჯახის ადათ-წესებზე საუბრობს:

– ტრადიციებში აისახება ერის შეხედულებები სამყაროზე. არის ადათ-წესები, რაც გვაბრკოლებს ცხოვრებაში. ეს თემა ყოველთვის მაინტერესებდა. ახალგაზრდებთან მაქვს შეხება და მათგან ვიგებ, რა დამოკიდებულება აქვთ ტრადიციების მიმართ. აზრი გაიყო: ერთი ნაწილი თვლის, რომ ტრადიციები ბოლომდე უნდა შენარჩუნდეს, მეორე კი ხელისშემშლელად მიიჩნევს. ახალშექმნილი ოჯახების რღვევა ხშირად სწორედ გარკვეული ტრადიციების მიუღებლობით არის განპირობებული.

– ქალბატონო მანანა, მაჩაბელთა რომელ შტოს განეკუთვნებით?

– წარმოშობით ქურთადან ვართ. მაჩაბლებს ორი შტო გვაქვს, ერთი შტო თამარაშენიდან არის, მეორე -ქურთადან. ივანე მაჩაბელი თამარაშენის შტოა, მე ქაიხოსრო მაჩაბლის შთამომავალი გახლავართ.

– როცა თქვენს გვარს იგებენ, ალბათ ივანე მაჩაბელზე გეკითხებიან.

– კი, ასეა. ივანე მაჩაბელს აღმატებით ხარისხში იხსენიებენ. ჩვენი გვარი მცირერიცხოვანია, ამიტომ ბუნებრივია, ამ მოღვაწესთან რომ ავლებენ პარალელს. ჩვენი გვარის წარმომადგენლები ინტელექტით და დაუმორჩილებელი სულით გამოირჩეოდნენ. ისინი ბრბოს ნაწილი არასოდეს გამხდარან. ცოდნისკენ იყვნენ მიდრეკილნი და სულით რევოლუციონერები გახლდნენ. როგორც ამბობენ, კეთილშობილებით გამოირჩეოდნენ. პაპაჩემი, გიორგი მაჩაბელი, კარგი მოქეიფე და თამადა იყო.

– თქვენს ოჯახში წინაპრების ადათებიდან რა იყო მკაცრად დაცული?

– ჩემს ოჯახში ყოველთვის იცავდნენ მცნებას – “არა იცრუო” და ტრადიციას, რომელიც დედამ დაამკვიდრა – ლიტერატურის კარგად გაცნობა. თამაში გვქონდა, რომლის წესების თანახმადაც, წიგნი და მისი ავტორი სრულიად არაფრისმთქმელი წინადადებით უნდა გამოგვეცნო, რომელსაც დედა წიგნიდან კითხულობდა. ეს ტრადიცია ჩემს შვილთან ურთიერთობაშიც დავნერგე.

ოჯახში ასევე წესად გვქონდა საღამოობით წიგნის კითხვა. ეს ტრადიცია ადრე თავად-აზნაურთა ოჯახებში იყო. მსოფლიო ლიტერატურას ერთად ვკითხულობდით და შემდეგ წაკითხულის შინაარსს ვარჩევდით.

– თქვენი შტოდან თავი ვინ გამოიჩინა საქართველოს ისტორიაში?

– გიორგი მაჩაბელმა, რომელიც 1924 წელს ბოლშევიკებმა მოკლეს. ბრძოლებში 27 იარა ჰქონდა მიღებული. მამაჩემი, ზაალ მაჩაბელი, სანდრო ახმეტელის დროს მსახიობი გახლდათ…

– საგვარეულო ნივთები თუ შემოგრჩათ?

– აღარაფერი გვაქვს. სამაჩაბლოს ომის დროს ჩემი მამიდები რომ გამოიქცნენ ქურთადან, ყველაფერი იქ დატოვეს. დედაჩემი გვარად კედიაა, ტახტის აზნაური. ბაბუაჩემი, გრიგორი, დასავლეთ საქართველოს მაზრის უფროსი იყო. 44 წლის ასაკში კომუნისტებმა მოკლეს. გადმოცემით ვიცი, რომ ბევრი სამკაული, უზანგი, იარაღი გვქონდა, მაგრამ ერთი ბეჭედიც არ შემოგვრჩა.

– იმ დროში რომ გეცხოვრათ, როგორი კნეინა იქნებოდით?

– ტელევიზიაში რომ ვმუშაობდი, განვადებით ,,ზაპოროჟეცი” გამოვიყვანე და ქურთაში მიმიპატიჟეს. რომ ჩავედი, ჩემი შვილი კვდებოდა სიცილით, ვისაც ახსოვდა ბებიაჩემი, პაპაჩემი, მამაჩემი და ა.შ. გამორბოდნენ და ამბობდნენ, პატარა კნეინა ჩამოვიდაო. მოხუცებულობაში ბებიაჩემს სკლეროზი დაემართა და დრო ერეოდა. უცებ შემოკრავდა ტაშს და გასცემდა ბრძანებას, ისეთი კერძი შემოეტანათ, რომელიც ჩვენს ოჯახში უკვე აღარ მზადდებოდა.

– რა იყო ეს კერძები?

– ნიორში ჩადებული ქათამი, მწვადი, მუჟუჟი და ა.შ. ჩემი გვარი ბევრ რამეში მაჩერებს, ბევრ რამეს მავალდებულებს. ამ გვარის წარმომადგენელი დაბალ საფეხურზე არ უნდა ჩამოვიდეს, თუნდაც მორალის მხრივ.

– დღევანდელი ტრადიციებიდან რომელია თქვენთვის მისაღები?

– მიცვალებულის ხსენების დღე. უნდა გვახსოვდეს, რომ წუთია წუთისოფელი და მიცვალებულები არ უნდა დავივიწყოთ. ჩემთვის ისე არ გავა დღე, კვირა, რომ დედა არ ვახსენო… ძალიან მომწონს, რომ ეკლესიამ აღადგინა სადღესასწაულო მსვლელობები. მიდიხარ და გგონია, რომ ღმერთი ჩამოდის შენთან. ყველას ბედნიერი სახე აქვს.

არ მომწონს, როცა 500 კაციან ქელეხს იხდიან. ამით აჩვენებენ ხალხს, რომ მიცვალებულს და სტუმრებს პატივს სცემენ. ადამიანები კი ისეთები ვართ, პანაშვიდზე მისულ დიდი ხნის ნაცნობს რომ დავინახავთ, ერთმანეთის მოკითხვას ვიწყებთ და მიცვალებული გვავიწყდება…

არ მომწონს ის წესი, რომელიც ახლა დაამკვიდრეს და ლამის ტრადიციად აქციეს – ვარსკვლავთცვენა ტროტუარებზე. ამდენი ვარსკვლავი რა ამბავია, რა ყველას ვარსკვლავი გაუხსნეს?! ვისაც ვარსკვლავი აქვს, არ ვამბობ, რომ ღირსი არ არის, მაგრამ, როცა ვერიკო ანჯაფარიძეს, სესილია თაყაიშვილს, ვასო გოძიაშვილს, კოტე მარჯანიშვილს, სანდრო ახმეტელს, აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძეს, თამარ ჭავჭავაძეს და სხვა უამრავ მართლაც ვარსკვლავს ვარსკვლავი არ აქვს, სხვებისთვის არ უნდა გაეხსნათ. თან კედელზე მაინც ხსნიდნენ ვარსკვლავებს. სულ გვერდიდან ვუვლი, ფეხის დაბიჯება არ მინდა. არის სახელები, გავა დრო და ყოველთვის რომ ემახსოვრებათ, მაგრამ არის სახელები, რომლებსაც დახედავენ და იკითხავენ, ეს ვინ იყოო.

– ყველაზე მეტად რა გენატრებათ განვლილი დროიდან?

– ცისკრის ლოცვა აღარ არის. ლოცვა, რომელიც დილის 7 საათზე იწყებოდა, აღარ ტარდება. კომუნისტების დროს მე და დედა დავდიოდით ცისკრის ლოცვაზე და არავის არასოდეს დავუჭერივართ. არ იფიქროთ, რომ ხალხმა ახლა დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. ახლა არის ეკლესიები, რომლებიც 8 საათზე ღიაა, მაგრამ არის ეკლესიები, რომელთა კარი დახურული გვხვდება.

– ქმარს გაშორებული ხართ. იმ პერიოდში განსაკუთრებულად რთული იყო ქალის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა და ალბათ თქვენც გაგიჭირდათ.

ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს. მე არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას იმას, ხალხი რას იტყოდა. დედას როცა ვეკითხებოდი, როგორ მოვქცეულიყავი, ის სულ მარიგებდა, ისე უნდა მოიქცე, როცა შენ თავთან მარტო დარჩები, საკუთარი თავის არ შეგრცხვესო. ამ ნაბიჯის გადადგმა რთული იყო, ბევრი ნერვიულობა გადავიტანე, მაგრამ ასეთი სირთულეები ხასიათს უფრო აწრთობს.

– რა იყო მიზეზი, რამაც ეს ნაბიჯი გადაგადგმევინათ?

– იმ პერიოდში თუ სიგარეტს ეწეოდი და თან მსახიობი იყავი, უკვე ცუდ ტონად ითვლებოდა. ჩემი მეუღლეც დიდი ოტელო აღმოჩნდა… ოჯახს კარიერა ვამჯობინე. მუშაობის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.