რევაზ ლაღიძე საყვარელ ქალს გალაკტიონის ლექსით სამუდამოდ დაემშვიდობა
,,იმ წუთებში თითქოს სიკვდილს ეჯიბრებოდა და წარმავლობას უარყოფდა..."

რევაზ ლაღიძე საყვარელ ქალს გალაკტიონის ლექსით სამუდამოდ დაემშვიდობა,,სარკე”, ნანა კობახიძე

ადამიანი, რომლის გარეშეც ქართული მუსიკა უბრალოდ წარმოუდგენელია, ზუსტად 100 წლის წინ, 2021 წელს დაიბადა. დღეს კი კულტურის სფეროში ერთმანეთთან მოქიშპე ადამიანებს არც კი გახსენებიათ, რომ როგორღაც აღენიშნათ საიუბილეო თარიღი რევაზ ლაღიძისა, რომელიც სიცოცხლეშივე ქართული სიმღერის კლასიკოსად აღიარეს, გარდაცვალების შემდეგ – საუკუნის კომპოზიტორად.

ნეტა ამ ონავრისაგან კაცი თუ დადგებაო – შიშობდა თურმე მამა. ის ცელქი ბიჭი გაიზარდა და მრავალი ადამიანისთვის კაცობის ეტალონი გახდა. მისმა სიმღერებმა, დაუვიწყარმა კინომუსიკამ ხალხის გულში დაივანა.

“რევაზ ლაღიძეს მინდიას სმენაც ჰქონდა, სხვათა ყურისათვის მიუწვდომელი ხმები და ჰანგები ესმოდა”, – წერდა პოეტი გრიგოლ აბაშიძე.

“სიმღერა ნოტებით არასდროს მისწავლია. ნოტით ვერ ისწავლი ხალხურ სიმღერას. ბევრი უნდა იწანწალო, უნდა შეგესოს შენი მიწა-წყლის ეკალი”, – ამბობდა თავად კომპოზიტორი.

რევაზ ლაღიძის ცხოვრების საინტერესო დეტალებზე ,,სარკის” მკითხველებს მუსიკოსი ნათელა პაიკიძე უამბობს.

გადარჩენილი ჩვილი

– რევაზ ლაღიძე 1921 წლის 10 ივლისს დაიბადა, ბაღდათში. იმ ზაფხულს თბილისში საშინლად ცხელოდა. მისი დედა, ოლია ჯაფარიძე, დასასვენებლად ბაღდათში, თავის მშობლებთან ჩავიდა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ბედად, იქ პროფესორი ნიკოლოზ კახიანი იმყოფებოდა, რომელმაც საკეისრო კვეთით დედა-შვილს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

ბიჭუნა ჭიპლარშემოხვეული დაიბადა. ბებიას ეშინოდა, ბავშვს სამშობიარო ტრავმა არ დარჩესო. პროფესორმა დაამშვიდა, ნუ გეშინიათ, ეს ბიჭი არა მარტო ბაღდათის, მთელი საქართველოს საამაყო შვილი იქნებაო.

“სკრიპაჩ-ტრიპაჩ!”

– ბიძამ პატარა რეზოს თავისი ვიოლინო აჩუქა. თბილისში, კალინინის ქუჩაზე მუსიკალურ სკოლაში მიაბარეს, ვიოლინოზე დაკვრა უნდა ესწავლა. ფეხბურთით გატაცებულ ყმაწვილს მუსიკის გაკვეთილები წამებად ეჩვენებოდა. მასწავლებელიც პედანტი შეხვდა. ვიოლინოთი სიარულიც ეთაკილებოდა, თან მეტსახელსაც ვერ ასცდა – “სკრიპაჩ-ტრიპაჩ!”. ამის გამო მუსიკას თავი დაანება.

ერთ დღეს სკოლაში თვითშემოქმედებითი კონცერტი მოეწყო. რეზო ძველი შლაპით, მოხეტიალე მუსიკოსივით გავიდა სცენაზე და ვიოლინოზე დაუკრა მაშინდელი მოდური სიმღერა: “პარახოდი მოდის, აღარ ჩერდება…”. აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. ეგონა, კონცერტის შემდეგ დირექტორი და მასწავლებლები შეაქებდნენ, მათ კი მხოლოდ ეს უთხრეს, თანაც კატეგორიულად, ერთი ქალი გიბარებსო. ის ქალბატონი ცნობილი პიანისტი ლარისა ქუთათელაძე აღმოჩნდა, რომელიც თბილისის მე-4 სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი იყო. რეზო იქ ლუარსაბ იაშვილის კლასში ჩარიცხეს.

ცოტა ხნის შემდეგ რეზომ მოსწავლეების სიმებიანი კვარტეტისთვის დაწერა სამი მინიატურა: “მგზავრული”, “იავნანა” და “აღმოსავლური ცეკვა”. კვარტეტში თავად პირველ ვიოლინოზე უკრავდა. კომპოზიტორმა დიმიტრი არაყიშვილმა, რომელიც იმ სასწავლებლის კონსულტანტი იყო და თეორეტიკოსმა შალვა ასლანიშვილმა მისი ნაწარმოებები მოიწონეს. არაყიშვილმა ურჩია, სწავლა კონსერვატორიაში გაეგრძელებინა. იქ პროფესორ ანდრია ბალანჩივაძის კლასში მოხვდა.

“საჭიდაო” – ბედისწერა

– დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი წერდა: ,,რევაზ ლაღიძის “საჭიდაო” – ეს ცეცხლოვანი ნაწარმოები, ჩემი საშემსრულებლო რეპერტუარის უცვლელი ნომერია. აუწერელი წარმატებით შესრულდა იგი ათენში, ბუქარესტში, ჰავანაში, სოფიაში, დრეზდენში, მადრიდში, მონრეალში, ნიუ იორკში… ის ყველგან ბისზე სრულდება თავბრუდამხვევი წარმატებით”.

ეს ნაწარმოები რევაზ ლაღიძემ კონსერვატორიაში სწავლის დროს შექმნა. ანდრია ბალანჩივაძეს მიუტანა და თავისი “ბაჯაჯა” თითებით როიალზე შეასრულა. ანდრიას ძალიან მოეწონა და რჩევებიც მისცა. ასე შეიქმნა სიმფონიური მინიატურა-შედევრი “საჭიდაო”, რომელიც დარბაზში დღემდე საოცარ რეაქციას იწვევს.

“საჭიდაო” საოცარი ბედისწერისაა, მან ავტორს დაკარგული სიყვარული დაუბრუნა. რევაზ ლაღიძეს თავისი მომავალი მეუღლე, მშვენიერი თინათინ შატბერაშვილი, სიყმაწვილიდანვე უყვარდა. თინა მის გრძნობას არ სწყალობდა.

14 წლის იყო, როდესაც რეზომ თავისი პირველი ნაწარმოები “მე შენ გიმღერ” მიუძღვნა. ეს სიმღერა არასოდეს შესრულებულა და დღემდე სათუთად ინახება მათ საოჯახო არქივში. შემდეგ თინა გათხოვდა, ორი შვილი შეეძინა… 1953 წელს კი რეზომ იგი მეგობრებთან ერთად დაპატიჟა სიმფონიური პოემის “საჭიდაოს” პრემიერაზე, რომელსაც შალვა აზმაიფარაშვილი დირიჟორობდა. აღფრთოვანებული დარბაზის თხოვნით, ნაწარმოები რამდენჯერმე შეასრულეს.

“არ დაგიმალავთ, მაშინ ვიგრძენი, რომ ამ დღემ გააცისკროვნა ჩემი მომავალი ცხოვრება”, – აღიარა ქალბატონმა თინამ. საქმე ისაა, რომ რეზომ ეს ნაწარმოები მიუძღვნა მას, როგორც თავის ერთადერთ და განუმეორებელ სიყვარულს. ამ კონცერტმა ისეთი ანდამატური ძალა იქონია, რომ რეზოს საყვარელი ქალი დაუბრუნა. თინა რეზოს ცხოვრების უცვლელ თანამგზავრად იქცა. მასთან შეეძინა ლელა.

იოვანას სულის სიმღერა

– 1962 წლის 15 აგვისტოს ახალგაზრდა, ნიჭიერმა მომღერალმა საბერძნეთიდან, იოვანამ, ანსამბლთან ერთად თბილისში, სპორტის სასახლის სცენაზე რევაზ ლაღიძის “სიმღერა თბილისზე” შეასრულა. კონცერტის დასასრულს კი ქართულად წარმოთქვა: “მადლობა, დიდი მადლობა!”.

32 წლის შემდეგ იოვანამ ფილარმონიაში კვლავ შეასრულა რევაზ ლაღიძის “სიმღერა თბილისზე”. სიმფონიურ ორკესტრს ჯანსუღ კახიძე უძღვებოდა. ბატონი რეზო უკვე ცოცხალი აღარ იყო.

“იოვანას სასტუმროში ულამაზესი ქართული ვარდებით ვეწვიეთ. მომღერალს სევდიანი თვალები აუცრემლიანდა, თითქოს წამოფრინდა და ისე წაიმღერა: “თბილისო, მზის და ვარდების მხარეო”. ვარდები გულში ჩაიკრა, შემდეგ ყავაზე დაგვაპატიჟა და გვითხრა, ამ სიმღერამ ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. იგი ჩემია, მუდამ თან მდევს. დღესაც ხშირად გულში ვღიღინებ. ჩემი სულის სიმღერააო.

დიდი სიყვარულის დამტევი გული

თინათინ შატბერაშვილის მოგონებაში ვკითხულობთ:

“რეზო არასდროს იყო ჩემთვის განცალკევებული, როგორც მეუღლე და როგორც გამოჩენილი კომპოზიტორი. ის იყო რაინდი, შემოქმედი, მონადირე, მებადური, თამადა, სპეტაკი, გულისხმიერი, ხან ბობოქარი, ხან ბავშვივით გულუბრყვილო, ნაზი… ძალიან უყვარდა ოჯახი, ტკბებოდა შვილებითა და შვილიშვილებით, მათთან ყოველთვის სახეგაბრწყინებული და ბედნიერი იყო, ესიყვარულებოდა და ანებივრებდა მათ.

ვერ იტანდა სიმარტოვეს. ბედნიერი იყო ადამიანთა გარემოცვაში. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა, დილიდან უკვე წკრიალებდა ტელეფონის ზარი. რეკავდა ნაცნობი თუ უცნობი, სთხოვდნენ დახმარებას. მას უარის თქმა არ სჩვეოდა.

რეზო გაუნელებლად განიცდიდა პაოლო იაშვილის ტრაგიკულ აღსასრულს. ხშირად იხსენებდა – მხოლოდ კოლაუ ნადირაძე მიჰყვებოდა მის კუბოსო!..

გიორგი ლეონიძე იხსენებს: “პაოლო თავის პოეტურ დროსა და ენერგიას სხვისი გულისათვის ძალაუნებურად ხარჯავდა ათას წვრილმანში. ყველას მზრუნველი, შუამავალი და მოფუსფუსე, ყველას საქმეზე მორბენალი და შუამდგომელი, ხშირად თვეობით ვერ ეკარებოდა თავის საწერ მაგიდას. შემოტევები კი ძალზე შეუბრალებელი და მომაბეზრებელი იყო, უფრო ხშირად ისეთი ადამიანებისაგან, რომელთაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ მწერლობაზე, მით უმეტეს, პაოლოს პოეზიაზე, პაოლოს კეთილშობილებას ისინი ბოროტად იყენებდნენ”.

გოგლა ლეონიძის ეს სიტყვები სრულიად ესადაგებოდა რეზოს ცხოვრების წესს. ამიტომ ეს წერილი ამოვწერე და მაგიდაზე დავუდე… მაინც ვერაფერს გავხდი… აი, ასე იხარჯებოდა შემოქმედებისათვის განკუთვნილი დრო.

მისი სიმღერების დიდი ნაწილი ბუნების წიაღში იქმნებოდა. ზოგი მელოდია სახლში იბადებოდა. რეზო სრულიად განსხვავებული იყო მუსიკის ძიების პერიოდში. გუნება უფუჭდებოდა, დუმდა, ჩუმად ღიღინებდა მელოდიას. ამასთან, არ უყვარდა კარებგამოკეტილ ოთახში მუშაობა… საკმარისი იყო, მიზნისთვის მიეღწია, ოჯახის წევრებს, მეზობლებს შემოიკრებდა და პომპეზურად ასრულებდა თავის ნაწარმოებებს…”.

კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე იხსენებს: “ყველა ადამიანის გამარჯვება უხაროდა, არავისი შურდა, თუნდაც იგი მისთვის მაინცდამაინც სასიამოვნო კაცი არ ყოფილიყო. ერთხელ სწორედ ამ თემაზე ჩამოვუგდე საუბარი: ,,რეზო, ნუთუ ყველა ადამიანი ასე ერთნაირად გიყვარს, ამდენ სიკეთეს რომ არიგებ გარშემო? ნუთუ არავინ გაწყენინა, რამე ტკივილი არავინ დაგიტოვა გულში?”.

რეზომ ბევრი იცინა და მიპასუხა: “როგორ არა, ბევრი ცუდიც მახსოვს. განა ასეთი გულმავიწყი ვარ, მაგრამ თუ ქრისტიანი ხარ, ისიც უნდა იცოდე: ავს ავით არასდროს უნდა უპასუხო!”.

სიჩუმის მუსიკა

– ერთხელ კითხვაზე – ბუნების მოტრფიალე კაცი ალბათ ხშირად გჩუქნიდათ ულამაზეს ყვავილებს-მეთქი, თინამ სიცილით მიპასუხა: “არასოდეს… სიამაყით მომართმევდა ხოლმე თავის დაჭერილ თევზებს ბადით”.

ნადირობა და თევზაობა მისი გატაცება იყო. ამავე დროს ქართული სუფრის დიდი მოყვარული და განთქმული თამადაც გახლდათ. ერთ წელს სოხუმის კომპოზიტორთა სახლში ისვენებდა. ნაავადმყოფარი იყო. ერთბაშად მოსწყდა მუსიკას, სუფრას… მარცხენა ხელი აღარ ემორჩილებოდა, მაგრამ მანქანას ჩვეული სიმარჯვით მაინც მართავდა. სულიერად არ ტყდებოდა. ჯიუტად სწამდა, რომ ბუნების შვილი ბუნებაშივე განიკურნებოდა.

იმ დღეებში იქ დასასვენებლად კომპოზიტორი როდიონ შჩედრინი, მისი მეუღლე მაია პლისეცკაია და ერთი გარდაცვლილი მუსიკოსის ქვრივი ჩავიდნენ. მათი ჩასვლის პირველივე დღიდან რეზომ დაიჟინა, ჩვენებური პურმარილი უნდა გავუმართოო. მეორე დილით მეგობრებთან ერთად სათევზაოდ წავიდა. საჭეს თავად მართავდა, არავის დაანება. მერხეულისაკენ წავიდნენ.

ხეობაში უჩვეულო სიჩუმე სუფევდა. დრამატურგი გიორგი ხუხაშვილი, რომელიც იმ დღეს მისი თანამგზავრი იყო, იხსენებს:

,,რეზო თითქოს ამ სიჩუმეს უსმენდა, რაღაც ბავშვური სიხარულითა და ბუნებასთან იდუმალი კავშირით თითქოს მარადისობაში შედიოდა…

ორიოდ საათში კარგა ძალი თევზი დავიჭირეთ, სველ ფოთლებში შევახვიეთ და მანქანის საბარგულში სველ ტილოზე გავშალეთ. თითქოს უთვალავი ოქრო-ვერცხლი მოგვეპოვებინოს, ისე ხარობდა; თითქოს სხვაგან არსად ყოფილიყოს ასეთი კამკამა დილა ხეობისა, არც ასეთი მდინარე, რომელმაც უხვი თევზი იცის და არც ასე მოჭარბებულად განეცადოს სიცოცხლე. მართავდა მანქანას და ისეთი იერი დაჰკრავდა, თითქოს ავადმყოფობა დაამარცხა. რაღაც მეგრულ თუ აფხაზურ სიმღერის მოტივს ღიღინებდა…

მერე გაშლილ სუფრასთან თავად ითამადა, თუმცა არ სვამდა, ერთხელ ავსებული ჭიქით ილოცებოდა… იმ წუთებში რეზო ლაღიძე თითქოს სიკვდილს ეჯიბრებოდა და ადამიანებთან ყოფნის სიხარულითა და სიცოცხლის უსაზღვრო სიყვარულით წარმავლობას უარყოფდა…

არ ვიცი, საიდან გამახსენდა დიკენსის ფრაზა: “ისეთი გახსოვდე, როცა მშვენიერი გეჩვენებოდი”. ვუყურებდი და სამუდამოდ ვიმახსოვრებდი. მეგონა, ეს ლამაზი სიცოცხლე მის არსებაში არასოდეს ჩაქრებოდა”.

დამშვიდობება

– ოპერა “ლელა” მისი შემოქმედების გვირგვინი იყო. როგორც მომღერალი მედეა ამირანაშვილი იხსენებს, თეატრში რეპეტიციები არ აკმაყოფილებდა და ხშირად მსახიობები სახლში მიჰყავდა. იქ აგრძელებდნენ ოპერის ყველა წვრილმანის განხილვას.

1975 წლის 25 იანვარს “ლელას” პრემიერა შედგა. ლაღიძეს სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. იმ პერიოდში ეროვნული სულისკვეთების ნაწარმოებებს გასაქანს არ აძლევდნენ, რევაზ ლაღიძის მუსიკა კი თავისი სიდიდით ყველა ზღვარს გასცდა. ეს ბატონი რეზოს სიცოცხლის ბოლო წლები იყო. მაშინ ის უკვე ავად გახლდათ.

ერთ საღამოს გალაკტიონის ლექსი “დაიძინე” წაუკითხა მეუღლეს. სადღაც სივრცეში იმზირებოდა, მის თვალებში ცრემლი კიაფობდა. მეორე დილით, 1981 წლის 18 ოქტომბერს, ის უკვე ცოცხალი აღარ იყო. 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაბოლოს

– რევაზ ლაღიძის თაოსნობით უნივერსიტეტში 1966 წელს დაარსდა მუსიკის კათედრა, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობდა. კომპოზიტორის ქალიშვილი ლელა იხსენებს: “მამას ძალიან უყვარდა თავისი კათედრა. ხშირად ხუმრობით ამბობდა, წავედი კათედრაზე, თქვენ აქ ვერ მაფასებთ, იქ კი ბეთჰოვენად მთვლიანო”.

მართლაც, უჩვეულოდ თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ბატონ რეზოს კათედრის წევრებთან და მათ ოჯახებთან. ბავშვებს განსაკუთრებით უყვარდათ. ერთ ზამთარს რევაზ ლაღიძის ოჯახი და კათედრის წევრები შვილებთან ერთად ვისვენებდით წყნეთში, მინისტრთა საბჭოს აგარაკებზე.

ყოველ საღამოს ბატონი რეზოს მანქანა გაბმული საყვირით გვამცნობდა მოსვლას. უკვე ვიცოდით, რომ მანქანაში დიდი ქვაბით ხინკალი ედგა. ბავშვები ჟივილ-ხივილით ეგებებოდნენ. განსაკუთრებით პატარა ნიკო გომელაური აქტიურობდა (ნიკოს დედა კათედრის წევრი იყო, ავტ.), ბატონ რეზოს ის გამორჩეულად უყვარდა.

ალბათ ამიტომაც მის შესახებ დაწერილი წიგნის წარდგინების, ამ მნიშვნელოვანი დღის წაყვანა ნიკო გომელაურს ვთხოვე. პრეზენტაციაზე ის ჯერ საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს მიესალმა, შემდეგ – პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს და სტუმრებს. შენიშვნა მისცეს, პირველად პრეზიდენტს უნდა მისალმებოდიო. ნიკომ უპასუხა, მე კი ვთვლი, რომ სწორად მოვიქეციო.

დაბოლოს, ამ მოგონებებს კომპოზიტორ გია ყანჩელის სიტყვებით დავასრულებ: “არიან შემოქმედნი, რომელთა შემდეგ არაფერი რჩება; არიან შემოქმედნი, რომლებიც ტოვებენ კვალს; არიან შემოქმედნი, რომლებიც ტოვებენ გზას… ჩემი ღრმა რწმენით, ყველაფერი, რასაც რევაზ ლაღიძის მაღალი ნიჭის მადლი შეეხო, წარმოადგენს გზას, რომელიც უსასრულოა”.