,,ეს ბაბუ რიონის მცველის მამაა, აიძულებენ, დატოვოს ნამოხვანი, სადაც ცოლი და ერთი შვილი დაასაფლავა” – თოფურია

,,ეს ბაბუ რიონის მცველის მამაა, აიძულებენ, დატოვოს ნამოხვანი, სადაც ცოლი და ერთი შვილი დაასაფლავა'' - თოფურიაეკატერინე თოფურია სოციალურ ქსელში 88 წლის ვაჯა ბაბუზე წერს, რომელიც რიონის მცველის, მაკა სულაძის მამაა და ის მარტოა ნამოხვანში.

,,მეგობრებო, ალბათ ყველას გახსოვთ ჩემი დადებული პოსტი მოხუც ბაბუაზე, რომელმაც 2019 წელს სოციალური ქსელი ააფეთქა. მაშინ ვწერდი: ,,ეს მოხუცი კოხტად ჩაცმული, მშვიდი სახით, სევდიანი თვალებით და ხელში ყვავილებით ყოველდღე ერთი და იგივე გზას გადის…. თუ შეეკითხებით, სად მიდის, გიპასუხებთ; „საფლავზე მივდივარ, ჩემს ცოლთან, ყვავილები უნდა ვაჩუქო”.

ახლა მინდა, გაგიმხილოთ, ეს უსაყვარლესი მოხუცი რიონის ხეობის მცველის, მაკა სულაძის მამაა. მოხუცი დაიბადა და გაიზარდა ნამოხვანში, დაოჯახდა და აღზარდა შვილები მამაპაპისეულ მიწაზე. მთელი ცხოვრება ნამოხვანში გაატარა, რამდენიმე წლის წინ ცოლი და ერთი შვილი ნამოხვანში დაასაფლავა და დღეს ამ მოხუცს, რომელიც სრულიად მარტო დარჩა სოფელში ( ჩაკეტილია ნამოხვანის ხეობა) ვერ აწვდიან მედიკამენტებს, საკვებს, აუცილებელ ნივთებს და ასე აიძულებენ, დატოვოს მისი კერა…

საკვებს და მედიკამენტებს ვინ დაეძებს, ეუბნებიან, წადი, დატოვე საფლავებიო. 88 წლის მოხუცს ყველა პირობა შეუქმნეს, რომ იძულებული გახდეს, დატოვოს ყველაფერი, რომ შეეგუოს ოჯახის წევრების საფლავების, სოფლის და გარშემო ყველაფრის განადგურებას.

დღეს თუ ვინმეს გვერდით უნდა იდგეს მთელი საქართველო, 88 წლის ვაჟა ბაბუა, რომელიც ყოველ დღეს შიშში და მოლოდინში ატარებს. ვაჟა ბაბუს შვილს და შვილიშვილებს ,,ნამოხვანის საზღვარზე” გადაპარვა სჭირდებათ, რომ მედიკამენტები და საკვები მიაწოდონ! აი, ეს არის ნამოხვანში დარჩენილი მარტოკაცის ამბავი. დაგვეხმარეთ ამ სიბოროტის წინააღმდეგ ბრძოლაში”.