უსინათლო მკვლელი

უსინათლო მკვლელიხმელი ფოთლების კორიანტელმა ბინდმორეულ ქუჩას რამდენჯერმე გადაუარა. ქარი გაბრაზებული ეხეთქებოდა ხის დარაბებს და ფერდაკარგულ კარს გზიდან ახვეტილ მტვერს აყრიდა. ქუჩაში მხოლოდ ერთი, ხელგაწვდილი მამაკაცი იდგა. შავი სათვალე ნახევრად უფარავდა სახეს, თითქოს ვერც ქარს გრძნობდა და ვერც წვიმით გალუმპულ ქურთუკს. კაცი შორიდან ქანდაკებას ჰგავდა.

დიდი დრო გავიდა, სანამ ქუჩაში ადამიანი გამოჩნდა. გოგონა იყო. მამაკაცი წელში ოდნავ მოიხარა, უმწეოდ გაიშვირა ხელები წინ და ვედრებით სავსე ხმით წამოიძახა:

– შეგიძლიათ, დამეხმაროთ, ჯოხს ვეღარ ვპოულობ.

გოგონამ ჯერ კაცს შეხედა, შემდეგ მის გარშემო ასფალტი მოათვალიერა, ხელჯოხი დაინახა, დაიხარა, აიღო და უცნობს გაუწოდა. კაცმა ისევ უმწეოდ მოსინჯა სივრცე ხელებით და როცა გოგონამ მას ხელჯოხი შეაგება, სახეზე ღიმილი გადაეფინა.

– დიდი მადლობა, თქვენ მე გადამარჩინეთ!

– არა, რას ბრძანებთ, – ახალგაზრდამ მკლავზე ჩამოცურებული ჩანთა შეისწორა, – თითქოს მეცნობით, ალბათ სხვა დროსაც შევხვედრივართ ერთმანეთს, – თანაგრძნობით გაიღიმა გოგონამ.

– ასეც რომ იყოს, მე ვერ გიცნობდით, – სევდიანად უპასუხა მამაკაცმა და ჰკითხა, – ამ ქუჩის 28 ნომერი მინდა, აქედან მესამე სახლია, ხომ?

გოგონამ ქუჩას თვალი მოავლო, სველ თმაზე ხელი გადაისვა და წვიმით ჩამოწუწულ აბრებს დააკვირდა.

– არ ვიცი, თუ გნებავთ, პოვნაში დაგეხმარებით.

მამაკაცმა თანხმობის ნიშნად გაიღიმა და ჯოხის ცეცებით ფრთხილად გადადგა პირველი ნაბიჯი.

ნომერი 28 პატარა ქუჩის ბოლო სახლი იყო. აქა-იქ ჩამტვრეული საფეხურები ფრთხილად აიარა უსინათლომ. გოგონამ სცადა, კარის გაღებაშიც დახმარებოდა კაცს, მაგრამ გასაღები ვერაფრით მოარგო საკეტს.

– ვფიქრობ, სხვა გასაღები მომეცით, – უხერხულად შეიშმუშნა, მაგრამ, სანამ უსინათლოსკენ მიბრუნდებოდა კისრის არეში ისეთი ტკივილი იგრძნო, თითქოს უშველებელი ნემსი ჩაარჭესო. გოგონას წამიერად თვალთ დაუბნელდა და კარის ზღურბლთან გონდაკარგული დაეცა.

გამომძიებელი ტატო ტყეშელაშვილი პათანატომს თავზე წამოსდგომოდა და გაფითრებული დასჩერებოდა ოცდაათიოდე წლის ქალის ცხედარს, რომელიც რამდენიმე დღის წინ პოლიციამ იპოვა.

– დაახლოებით ერთი კვირის გარდაცვლილია, – გულგრილი იყო ექსპერტი, – რბილი ქსოვილები მღრღნელებისგანაა დაზიანებული, ამიტომ სიკვდილის მიზეზის დადგენას დამატებითი დრო დასჭირდება. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სექსუალური ძალადობის კვალი არ არის. ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი, ღრმა ჭრილობების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მკვლელებს ან შურისძიება უნდოდათ, ან ჩვეულებრივი სოციოპათები არიან, ერექციული დისფუნქციით.

– მკვლელებს?

– დიახ, ჭრილობების ფორმით თუ ვიმსჯელებთ, ორი ადამიანის ნამოქმედარს ჰგავს. ამ ტიპის მოძალადეს არასოდეს ეყოფა გამბედაობა, გოგონა ვახშამზე დაპატიჟოს. ისინი ჯერ მსხვერპლს ირჩევენ, შემდეგ კი მოტყუებით იტაცებენ. რაც უფრო მეტი სისასტიკის გამოვლენა შეუძლია ადამიანს საკუთარი კომფორტის ზონაში, მით მეტად ჩაკეტილი და დათრგუნული ჩანს საზოგადოებაში. ხშირად დევნილის და უბედურის როლს თამაშობს, – პათანატომმა სამედიცინო ხელთათმანი გაიძრო, ფინჯნიდან ყავა მოხვრიპა, რომელიც ცხედრის ახლოს იდგა, მეორე ხელით კი შოკოლადს წაეპოტინა.

გამომძიებელმა წარბები შეკრა, მოეჩვენა, რომ ექსპერტს ხელი ჯერ ისევ გარდაცვლილის სისხლით ჰქონდა მოსვრილი, ის კი არაფერს იმჩნევდა და შოკოლადის ფილას გემრიელად აკნატუნებდა.

– არაყს დალევ? – შოკოლადით მოსვრილი თითი პირში გამოისვა ექსპერტმა და კარადისკენ წავიდა, – სამი ჭიქა დღეში წამალია.

– არა, არ მინდა, – უკან დაიხია გამომძიებელმა, – სამუშაო მაქვს.

პათანატომმა ნაწყენივით გააქნია თავი, არაყი ჩამოასხა ჭიქაში და წამში გამოსცალა.

– ეს რომ არა, ჩემი სამუშაო აუტანელი იქნებოდა, – არყის ბოთლს მადლიერებით დახედა ექსპერტმა.

– მესმის, ძნელია ყოველდღე ამის ყურება, – ტყეშელაშვილმა მიცვალებულისკენ გააპარა თვალი.

– სიმართლე გითხრა, გამომძიებლებს, ადვოკატებს, პროკურორებს ვგულისხმობ, თორემ ესენი, – სიყვარულით გადახედა პათანატომმა ცხედარს, – ესენი არასოდეს ტყუიან. ერთ საიდუმლოს გაგიმხელ: თუ ცხადში სამხილს ვერ მივაკვლიე, მსხვერპლი ღამით მესიზმრება და მითითებებს მაძლევს.

“ეს კარგად ვერაა”, – გაიფიქრა გამომძიებელმა და ჯიბისკენ წაიღო ხელი. მობილური ურეკავდა.

– კიდევ ერთი ცხედარია, ქალაქის მეორე ბოლოში, ნაგავსაყრელზე, – გამომძიებელს თანაშემწე ურეკავდა.

– რამე საგულისხმო დეტალი ხომ არ შეგიმჩნევია? – ტატო ტყეშელაშვილი შემკრთალი უყურებდა ექსპერტს.

– სახე დაზიანებულია, მხოლოდ სვირინგს ვამჩნევ მხარზე. მსხვერპლს მექანიკური საათი აქვს გამოსახული, ციფერბლატზე არეული რიცხვებით, – მძიმედ სუნთქავდა თანაშემწე.

გამომძიებელმა ექსპერტს თვალი აარიდა, რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა და ცხედარს მიუახლოვდა. ქალს, რომელიც პროზექტურაში ესვენა, მხარზე მსგავსი სვირინგი ჰქონდა.

– გასაგებია, სანამ არ მოვალ, გვამს ხელი არავინ ახლოს, – ბრძანება გასცა გამომძიებელმა და როცა ტელეფონი გათიშა, პათანატომს მიუბრუნდა.

– უკვე მეორე ცხედარი, ერთი გოგონა კი დაკარგულია. დამნაშავის დნმ გვჭირდება. დააჩქარეთ კვლევები ან დაიძინეთ მაინც.

პათანატომმა უხერხულად გაიღიმა, მიხვდა, გამომძიებელს მისი სიზმრების არ სჯეროდა. გულდაწყვეტილმა დახედა არყის ბოთლს და როცა ტატო ოთახიდან გავიდა, კიდევ ერთი ჭიქა ჩამოისხა.

წინასწარი მოკვლევის მიხედვით, გარდაცვლილებს საერთო არაფერი ჰქონდათ – არც წარმომავლობა, არც სამეგობრო წრე და სამსახური. გარდაცვლილთა ოჯახის წევრების გამოკითხვის შემდეგ გამომძიებელმა ქალაქის რამდენიმე სალონი შემოიარა, რომ ის მხატვარი ეპოვა, რომელმაც გარდაცვალებამდე გოგონებს სვირინგი გაუკეთა.

– კი, ჩემი ნახელავია, – ტყავის გულამოღებული მაისური ეცვა ახალგაზრდა კაცს. ძარღვიანი მკლავები ჰქონდა, ათასგვარი ნახატით აჭრელებული.

– ამ გოგონებსაც გაიხსენებთ ალბათ, – ტატო ტყეშელაშვილმა გარდაცვლილთა ფოტოები სალონის მეპატრონეს გაუწოდა.

– ვერ ვიხსენებ, აქ იმდენი ადამიანი მოდის… – ცხვირს იჭყლეტდა სვირინგების სპეციალისტი და პერიოდულად სალონის ღია ვიტრინისკენ აპარებდა თვალს. იქ შავსათვალიანი მამაკაცი იდგა, ცალი ხელით ჯოხს ეყრდნობოდა და უმისამართოდ გასცქეროდა სივრცეს.

– უნდა გაიხსენოთ. თქვენი გაკეთებული სვირინგების გარდა, გოგონებს საერთო არაფერი აქვთ, მცირე დეტალიც დაგვეხმარება.

– არაფერი ვიცი, გითხარით უკვე, – ფეხზე წამოდგა სალონის მეპატრონე. აშკარა იყო, ღელავდა.

– თანამშრომლების სია მჭირდება. მათთან ერთად იმ ადამიანების, ვინც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ სალონის მომსახურებით ისარგებლა.

– ძველ ჩანაწერებში მოვიძიებ. პრობლემები არ მჭირდება. ისედაც სულს ღაფავს ჩემი ბიზნესი.

– შევთანხმდით, – ფეხზე წამოდგა გამომძიებელი. შემდეგ ხან ერთ ჯიბეში ჩაიყო ხელი, ხან – მეორეში, კარისკენ მიმავალი ისე იქცეოდა, თითქოს რაღაც დაეკარგა და ეძებსო.

გარეთ გასული კართან ერთ წამს შეყოვნდა. საფულე პიჯაკიდან ამოიღო, შიგ ჩაიხედა და შარვლის უკანა ჯიბისკენ წაიღო. საფულე ჯიბეს ასცდა, ჩასრიალდა და უხმაუროდ დაეცა ძირს. გამომძიებელმა არაფერი შეიმჩნია, უსინათლოს გვერდით ჩაუარა და გზა გააგრძელა.

“ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი…”, – გულში საკუთარი ნაბიჯები გადაითვალა ტყეშელაშვილმა და უცებ მკვეთრი მოძრაობით ზურგსუკან შეტრიალდა. საფულე მიწაზე აღარ იყო. გამომძიებელი მანქანაში ჩაჯდა, თანაშემწეს, რომელიც ავტომობილში ელოდა, დავალება მისცა, თვითონ კი ძრავი ჩართო და განყოფილებაში დაბრუნდა.

სანამ ტატო ტყეშელაშვილი სამუშაო კაბინეტამდე მიაღწევდა, სალონიდან ინფორმაცია უკვე მის ელფოსტაში იყო ატვირთული. გამომძიებელმა ყველა კლიენტისა და თანამშრომლის მონაცემები გადაამოწმა, მხოლოდ ერთს ჰქონდა პრობლემები სამართალდამცველებთან და ისიც წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით. გამომძიებელმა ტელეფონი ამოიღო და ისევ სალონის მფლობელს დაურეკა.

– ზვიად, მადლობა თანამშრომლობისთვის. თუ შეიძლება, კიდევ ერთი სამსახური გამიწიე და ვიდეოკამერის დღევანდელი ჩანაწერი გადმომიგზავნე.

– ზედმეტად ხომ არ ერევით ჩემი სალონის საქმიანობაში? იქნებ, ორდერი მოვითხოვო.

– მისმინე, მეგობარო, ვფიქრობ, სვირინგების მოხატვა იმიტომ ისწავლე, რომ ქალის შიშველ სხეულს შეეხო, რადგან ამის მეტი არაფერი შეგიძლია, ხოლო მას, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონება, იმახსოვრებ, უთვალთვალებ, იტაცებ და კლავ, ხომ ასეა? – მოულოდნელად ტელეფონში ჩასძახა ტყეშელაშვილმა.

– სისულელეა, ქალებთან პრობლემა არ მაქვს, – სალონის მეპატრონესთან ერთად მისმა სვირინგებმაც დაკარგეს ფერი.

– მაშინ დღევანდელი ვიდეოჩანაწერი გადმომიგზავნე, შევთანხმდით?

‘’’

ღამის 12 საათი სრულდებოდა, ტატო ტყეშელაშვილი ისევ სამუშაო კაბინეტში იჯდა და ალბათ მეათედ უყურებდა სილამაზის სალონიდან ამოღებულ ვიდეომასალას. ამ დროს თანაშემწემ დარეკა.

– მგონი, მკვლელების სამალავი ვიპოვეთ, თუ სწორ გზას ვადგავართ, ერთი გოგონას გადარჩენას მაინც შევძლებთ.

– მშვენიერია, მისამართი გადმომიგზავნე, მეც მოვდივარ, – გამომძიებელს ტელეფონი არც კი გაუთიშავს, მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი და კაბინეტიდან გავარდა.

სამართალდამცველები ორხევის გზაზე მდებარე მიტოვებული სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგნენ და შორიდან უთვალთვალებდნენ შენობას, როცა გამომძიებლის მანქანა ჩამქრალი ფარებით მიუახლოვდა.

– ტატუებიანი კაცი ნახევარი საათის წინ მოვიდა, – ანგარიში ჩააბარა თანაშემწემ ტატო ტყეშელაშვილს.

– უსინათლო?

– ის ერთ საათზე მეტია ნივთებს ალაგებს, კამათის ხმაც ისმოდა.

– გასაგებია, შევდივართ, – ბრძანება გასცა პოლიციის ზემდგომმა.

ტატო ტყეშელაშვილმა თავი დაუქნია.

მიტოვებული სახლის კარის შემტვრევის ხმას მამაკაცის ყვირილი მოჰყვა.

– რა ხდება? ვერაფერს ვხედავ, ახლავე პოლიციას გამოვიძახებ!

– საფულეს ხომ ხედავ? – გამომძიებელი “უსინათლოს” წინ იდგა და იღიმებოდა, – სათვალთვალო კამერაზეა აღბეჭდილი, ჩემი საფულე როგორ აიღე და ჩაიტენე ჯიბეში.

– რა სისულელეა, დამეხმარეთ ვინმე! – ყვიროდა “უსინათლო”.

ტატუებიანი ზვიადი კი ტატოსკენ ცდილობდა გზის გაკვალვას.

– გამოძიებასთან ვითანამშრომლებ, ოღონდ პირობა მომეცით, რომ სასჯელს შემიმსუბუქებთ.

– დაგაგვიანდა.

პოლიციელებმა სარდაფიდან გოგონა ამოიყვანეს, სასტიკად ნაწამები, მაგრამ ცოცხალი…

– გილოცავთ, საქმე გახსენით, – გამომძიებელს თანაშემწე გვერდით ამოსდგომოდა, მაგრამ ემოციებით გადაღლილ ტატოს მისი სიტყვები არც გაუგია, ტყეშელაშვილი პათანატომზე ფიქრობდა.

“მკვლელების ზუსტი აღწერა მომცა, ალბათ სიზმარში ნახა”, – გაიღიმა გამომძიებელმა და გადარჩენილ გოგონას კმაყოფილი მზერა გააყოლა.

ხათუნა მაღრაძე, სარკე