თუ ფრინველმა ბავშვი დაკორტნა, საჭიროა თუ არა აცრა

თუ ფრინველმა ბავშვი დაკორტნა, საჭიროა თუ არა აცრა,,სარკე”, ნათია ტოტიკაშვილი 

ბავშვები შეიძლება ნებისმიერ ჩიტს, ბარტყს, წიწილს ან სხვა ფრინველს გადაეყარონ. ხშირად კრუხი ან მამალიც ერჩის ხოლმე პატარებს. ბევრ დედიკოს დააინტერესებს, უნდა გაუკეთდეს ამ დროს ბავშვს აცრა თუ არა.

ფრინველებში ცოფი არ არის, ამიტომ ცოფზე აცრა არ კეთდება, მაგრამ, თუ ბავშვმა ჭრილობა მიიღო, ტეტანუსის აცრა საჭიროა. რაც მალე მიმართავთ რაბიოლოგს, უკეთესია.

გარდა ამისა, გაითვილისწინეთ, რომ წიწილებს, იხვებს, ბატებს, ინდაურებს სალმონელას ბაქტერიები შეიძლება ჰქონდეთ არა მარტო ნაწლავებში, არამედ ბუმბულში, ნისკარტში, ფეხებში მაშინაც კი, როდესაც ისინი სუფთები გეჩვენებიან. მიკრობები მრავლდება გარემოში, სადაც ისინი ცხოვრობენ: საქათმე, ბუდე, ნიადაგი, თივა, ამიტომ ბავშვი (უფროსიც) შეიძლება დაინფიცირდეს არა მხოლოდ შინაურ ფრინველთან კონტაქტით, არამედ იმ გარემოსთან კონტაქტით, სადაც იმყოფება ფრინველი.

სალმონელამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად, მძიმედ და დასრულდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი შედეგითაც. პატარა ბავშვები რისკის ქვეშ არიან სალმონელოზით დაავადების მხრივ, რადგან მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. ხშირად ბავშვები დაუბანელ ხელებში პირში იდებენ, ამიტომ:

შინაური ფრინველი უნდა იყოს ღია ეზოში ან სპეციალურ შენობაში. ნუ დაუშვებთ ფრინველის თქვენს საცხოვრებელ ფართში ყოფნას.

უფროსებო, დაიბანეთ ხელები საპნით შინაურ ფრინველთან, მის კვერცხთან კონტაქტის შემდეგ. მშობლები უნდა აკონტროლებდნენ შვილების ხელების დაბანის პროცესს. გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალება, თუ იმ წუთში ხელთ არ გაქვთ, მაშინ – წყალი და საპონი.

შვილი მკაცრად გააფრთხილეთ, რომ არ ჩაიხუტოს, სახესთან ახლოს არ მიიყვანოს, არ აკოცოს შინაურ ფრინველს.

კვერცხი ხარშეთ მანამ, სანამ ცილაც და გულიც არ გამაგრდება.

გარეცხეთ ნებისმიერი ხელსაწყო და ნივთი, რითიც შეხება გექნებათ ფრინველთან.

გამოყავით ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, რომელთაც იხმართ ფრინველებთან შენობაში ყოფნის დროს.

ბავშვებმა 5 წლამდე და უფროსებმა 65 წლის ზევით, რომელთაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, არ უნდა მოკიდონ ხელი ცოცხალ ფრინველს.